“მძლავრი და ექსტრემალურად დიდი” - კიდევ რა წერია ხარაგაულის მეწყერზე გეოლოგების დასკვნაში?

მეწყერი ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში 2025 წლის მაისში გაჩნდა.

მოკლედ

  • ხარაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესის კვლევა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა;
  • გეოლოგების დასკვნაში მეწყერი შეფასებულია, როგორც „ძალიან ღრმა და ექსტრემალურად დიდი“;
  • მეწყრის არეალი მოიცავს 68 ჰექტარზე მეტს, ხოლო მისი სიღრმე 3-50 მეტრს შორის მერყეობს;
  • პროცესის შეჩერება ბუნებრივად ან ხელოვნურად რთულად წარმოსადგენია;
  • გეოლოგები რეკომენდაციას უწევენ მოსახლეობის დაუყოვნებლივ ევაკუაციას, გზების ჩაკეტვას და ფერდობებზე გადაადგილების აკრძალვას.
ხარაგაულის დამეწყრილ სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ორი თვემდე დასჭირდა. შედეგები გამოქვეყნდა - მასში ნათქვამია, რომ “ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი” მეწყერი ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია და ეს პროცესი შეუქცევადია.

კიდევ რა წერია დასკვნაში, რომელიც ხარაგაულის მერიის დაკვეთით, ქართულმა კომპანია „გეოლოჯიქმა“ მოამზადა?

ეს ტერიტორია, MSK64 სკალის შესაბამისად, 8-ბალიანი სეისმური აქტივობის ზონას მიეკუთვნება.

აქტიური მეწყრული ზონა სოფელ ხემაღლისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიის დასახლებულ და დაუსახლებელ უბნებს მოიცავს - ეს ჯამში 68 ჰექტარზე ოდნავ მეტია და სრულდება მდინარე ყარნების კალაპოტთან ახლოს.

მეწყრის სიგანე 240 მეტრიდან 1070 მეტრამდე იცვლება და საშუალოდ სიგანე 680 მეტრია.

მეწყრის სისქე (სიმძლავრე) სხვადასხვა უბანზე 3 მეტრიდან 50 მეტრამდე იცვლება და საშუალოდ - 43 მეტრია. მთავარი მეწყრული საფეხურის სიმაღლე 1,5 მეტრიდან 25 მეტრამდე მერყეობს.

მეწყრების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ამ მეწყერს გეოლოგები აფასებენ, როგორც „ძალიან ღრმას“, ხოლო მოცულობის მიხედვით „ძალიან მძლავრს - ექსტრემალურად დიდს“.

ასე გამოიყურება მეწყრის კვალი ხარაგაულის სოფლებში.

მეწყერი ახლაც მუდმივად მოძრაობს.

მან რელიეფის ფორმაც საგრძნობლად შეცვალა: დარღვეულია ფერდობის მდგრადობა და მისი “ბუნებრივი სტაბილიზაცია” ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის ანუ პროცესი ვერ გაჩერდება.

გეოლოგების ჯგუფმა გამოკვლეულ ფერდობზე, ახალი მეწყრის გარდა, ძველი მეწყრული (პალეომეწყრული) უბნებიც ნახა - მათი იქ არსებობა კი ამ ფერდობის გეოდინამიკური პირობების სირთულეზე მეტყველებს და იმაზეც მიანიშნებს, რომ ამ ადგილას შესაძლოა ახალი მეწყრებიც გაჩნდეს.

ასევე ნახეთ რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა - ხარაგაულის მერია ორ სოფელში მეწყრულ პროცესებზე

კვლევის ავტორები, ინჟინერ-გეოლოგი მირზა მესხი და გეომორფოლოგი დავით ბახსოლიანი, წერენ, რომ მდინარის კალაპოტი ერთ მონაკვეთში უკვე დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზეა შევსებული - მდინარე შეგუბებულია. ეს პროცესიც გრძელდება და მეწყრისა და ხეობის მორფოლოგიის გათვალისწინებით, ექსპერტების შეფასებით, არსებობს მდინარე ყარნების ხეობის დაახლოებით 70-80 მეტრის სიმაღლეზე ამოვსების საფრთხე.

თუმცა დღეს მდინარე ჩაკეტილი არ არის და შეტბორილი ადგილიდან კალაპოტში წყალი მაინც გადადის.

ფოტო საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევიდან

რა გახდა მიზეზები?

გეოლოგები ასკვნიან, რომ გამოკვლეულ ფერდობზე მეწყრის გამომწვევი თითქმის ყველა ბუნებრივი მიზეზი არსებობს. მათ შორის:

  • კლიმატური ფაქტორები;
  • მიწისქვეშა ბიძგები (მიწისძვრა);
  • ფერდობის დახრილობის ბუნებრივი ზრდა;
  • ფერდობის ამგები ქანების და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ბუნებრივი გაუარესება;
  • ზედაპირული წყლის ნაკადების და მდინარეების მიერ ფერდობებზე გამოწვეული ეროზიები;
  • მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება და ა.შ.

რაც შეეხება ხელოვნურ მიზეზებს (ფერდობის ძირისა თუ სხვადასხვა ნაწილების დამუშავება/ექსკავაცია; მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული ბიძგები, აფეთქება):

დასკვნაში წერია, რომ მეწყრული ფერდობის დასავლეთ ნაწილში ფერდობის ძირი ამოთხრილია, ამ მონაკვეთში გადის სარკინიგზო მაგისტრალი და ფერდობის ძირიც სწორედ ამ მიზნით მოხსნეს. გეოლოგები წერენ, რომ ამ ნაწილში ფერდობის ძირის მოშლისას შედარებით მცირე ზომის მეწყრული მოვლენა წარმოიქმნა, თუმცა დღეს “ფერდობის მდგრადობის შენარჩუნებისთვის საჭირო ღონისძიება გატარებულია“ და აქ გრუნტების დეფორმაციის ნიშნები აღარ ჩანს.

საქართველო, სტიქიური პროცესების განვითარების მასშტაბით და საშიშროების რისკის მიხედვით, მსოფლიოს მთიან მხარეთა ერთ-ერთი რთული რეგიონია, რომლის სივრცის 70% და დასახლებული პუნქტების 60%-მდე საფრთხეების სხვადასხვა კატეგორიის რისკის ქვეშაა - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის შეფასებაში.


სეისმური საშიშროების რუკა, ილუსტრაცია კვლევიდან

ასევე ნახეთ “ამას რაღა გააჩერებს” - მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

დასკვნაში ასევე წერია, რომ აქტიური მეწყერი არ მოიცავს ფერდობის ამოთხრილ ნაწილს და ის მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს.

გეოლოგებმა ამ დასკვნაში გამორიცხეს სარკინიგზო ჭრილის მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფითი როლი ხარაგაულში გააქტიურებულ მეწყერთან კავშირში.

“კიდევ ერთი ხელოვნური ფაქტორი, რომელიც ამავე ფერდობების ძირის ჩამოჭრას უკავშირდება, შესაძლოა, იყოს გრუნტების ექსკავაციის (ამოთხრის) მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ ექსკავაცია განხორციელებულია სანგრევი ჩაქუჩების გამოყენებით ან აფეთქების მეთოდით - ძლიერი მუხტების გამოყენებით, თეორიულად დასაშვებია, რომ მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილ ბიძგებსა და ვიბრაციებს უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა ფერდობის საერთო მდგრადობაზე”, - წერია დასკვნაში.

თუმცა იქვე გეოლოგები უთითებენ, რომ მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა პერიოდში და რა მეთოდებით მოიჭრა მიწა:

"მეწყრის წარმოქმნასთან მათ დაკავშირებას უტყუარად ვერ შევძლებთ. ისინი თეორიული დაშვების დონეზე უნდა იყოს განხილული შესაძლო ხელოვნურ ფაქტორებად და არა მეწყრული მოვლენის გამომწვევ ძირითად მიზეზად”.

თუმცა დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღლის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე, მეწყრული მოვლენის წარმოქმნა “უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები გრუნტების წონასწორობის დარღვევას”:

“ფერდობი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვრულ გაწონასწორებულ (მყიფე წონასწორობის) მდგომარეობაში და მიდრეკილი იყო მეწყრული მოვლენის განვითარებისკენ”.

თუმცა, როგორც გეოლოგები წერენ, საბოლოოდ მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად “ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა”.

ასეთ მდგომარეობაშია სახლები ხემაღალსა და ღვერკში. ფოტო გამოკვლევიდან.

როგორ აფასებენ გეოლოგები საერთო ვითარებას?

მათი შეფასებით, მეწყრის არეალში მოქცეული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია - დანგრეული და დაშლილია. საავტომობილო გზები ზოგიერთ უბანზე დეფორმირებულია - ამ გზებზე ავტომობილით მოძრაობა შეუძლებელია.

წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძები.

მეწყერში მოქცეულია 121 შენობა, მათგან ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი თუ სხვა შენობა მთლიანად არის დანგრეული, დიდი ნაწილი კი ძლიერ დეფორმირებულია.

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ვენახები და ხილის ბაღები დამეწყრილია და ყველგან ნაპრალებია.

ხეები ხმება.

ასევე ნახეთ “ლამის ისე დახატონ სურათი, რომ კოლხეთის დაბლობიც წაიღოს” - რამდენად საშიშია მეწყერი ხარაგაულის სოფლებში?

ახლა რა მოხდება?

„აქტიური მეწყრის ხელოვნურად შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია რთულად წარმოსადგენია“, - წერია დასკვნაში. - მის არეალში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა (განადგურება) შეუქცევადი ხასიათის იქნება“.

ამიტომ, ექსპერტების დასკვნით, ამ ტერიტორიაზე სიარულიც კი სიცოცხლისთვის სახიფათოა და იქაურობა საცხოვრებლად არ გამოდგება.

განსაკუთრებით მაღალია საფრთხე მოწყვეტის კიდეებთან ახლოს და ფერდობის ქვედა ნაწილში (მეწყრის გადაადგილების მიმართულებით).

ასეთი 86 შენობაა - იქ ცხოვრება არ შეიძლება.

მიუხედავად ამისა, მდინარე მთლიანად ჩაკეტილი არ არის და შეტბორილი ადგილიდან ქვემოთ წყალი კალაპოტში კვლავ მიედინება, მეწყრის მოძრაობასთან ერთად, ხეობის ფსკერი მაინც ივსება და ეს მნიშვნელოვანი მოცულობის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის რისკს აჩენს:

“ასეთ შემთხვევაში კი, საფრთხის ქვეშ დგება სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე, მდინარე ყარნებასა და ჩხერიმელას ხეობების შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურა: სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები და სხვა”.

ასევე ნახეთ გამოსავალია განჭვრეტა და გაფრთხილება - გეოლოგებმა 2025 წლის სტიქიური მოვლენების სურათი შექმნეს

რა უნდა გაკეთდეს?

მეწყრის მასშტაბის (მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო საშუალო სიღრმე 43 მეტრი) გამო, გეოლოგებს რთულად წარმოუდგენიათ ისეთი ეფექტური საინჟინრო ღონისძიებები, რომლებიც მეწყერს შეაჩერებს. თუმცა, მათი რეკომენდაციით, მთელი რიგი დამცავი თუ შემარბილებელი ღონისძიებები მაინც უნდა გატარდეს. მაგალითად, სხვადასხვა სახის საყრდენი კედლების მოწყობა. მასივები უნდა დამაგრდეს მავთულბადეებით, ლითონის ბაგირებითა და ანკერებით, მიწისქვეშა წყლები უნდა დაიწრიტოს დრენაჟებით.

ვითარება კიდევ უფრო რომ არ გართულდეს, გეოლოგების რეკომენდაციაა:

  • დაუყოვნებლივ გაიყვანონ მეწყრის არეალში დღემდე მცხოვრები მოქალაქეები;
  • სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები ჩაიკეტოს ბარიერებით და იქ მანქანებით მოძრაობა აიკრძალოს;
  • მეწყრულ ხეობასა და ფერდობებზე სიარული უნდა აეკრძალოთ ფეხით მოსიარულეებსაც;
  • გაჩერდეს ფერდობზე სკოლის მუშაობა;
  • რადგან მეწყერი და მასთან დაკავშირებული გარემოებები სარკინიგზო მაგისტრალისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, ამ გარემოებებზე უნდა ეცნობოს „საქართველოს რკინიგზას“ და შესაბამის უწყებებს;
  • პერიოდულად უნდა დააკვირდნენ მდინარე ყარნების კალაპოტში წყალს.

გეოლოგები წერენ, რომ ამ ეტაპზე მდინარე ყარნების ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდა ტექნიკის გამოყენებით უსაფრთხო ვერ იქნება, ამიტომ ამ რეკომენდაციას არ გასცემენ.

რაც შეეხება „ადრეული შეტყობინების სისტემისა“ და „განგაშის სისტემის“ მოწყობის საკითხს, ამაზე გეოლოგები წერენ, რომ განხილვის დაწყება შესაძლებელია, თუმცა, მათი შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი სისტემების მოწყობა „არ ითვლება მიზანშეწონილად, რადგან მეწყრის გავრცელების ადგილიდან დასაცავ ობიექტებამდე მანძილი ძალზე მცირე - მაქსიმუმ 200 მეტრია“.

ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ მეწყრული პროცესები გამოიწვია იმ აფეთქებებმა, რომლებიც მათ ესმოდათ 2019 წლიდან მოყოლებული - თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს. ამის შესახებ ადგილობრივები "მთის ამბების" მიერ მომზადებულ რეპორტაჟებშიც აცხადებდნენ და რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც არაერთმა მოსახლემ გამოთქვა ამის ეჭვი, თუმცა მათი უმრავლესობა მაინც ერიდებოდა ღიად წინასწარი დასკვნების გაკეთებას.

ხოლო საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შოთა ადამია "მთის ამბებთან" საუბარში პირდაპირ ამბობდა, რომ "თუ არა ადამიანის ჩარევა, ერთადერთი, რასაც ღვერკსა და ხემაღალში ასეთი მასშტაბის პროცესების გამოწვევა შეეძლო, ძლიერი მიწისძვრაა. ასეთი მიწისძვრა კი საქართველოში ბოლო 34 წლის განმავლობაში არ მომხდარა".

იმავე "მთის ამბებთან" ინტერვიუში, გეოდეზისტი, საზედამხედველო კომპანია ILF-ის ყოფილი თანამშრომელი აკაკი კიკნაძე აცხადებდა, რომ სარკინიგზო გვირაბები ხარაგაულის სოფლების მიმდებარედ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ ტოტალური დარღვევებით, სამშენებლო და უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენდა.


ხარაგაულის ორ სოფელში, ხემაღალსა და ღვერკში, მეწყერი მაისის ბოლოს გააქტიურდა, ივნისში მოსახლეობამ უკვე მკაფიო ნაპრალები შენიშნა. რამდენიმე უბანზე ცხოვრება საშიში გახდა და მეწყერმა სახლებიც დაანგრია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანეს. მას შემდეგ მეწყრული პროცესი არ შეჩერებულა.

30 სექტემბერს, ამ დასკვნის გასაცნობად ხარაგაულის მერიამ ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობასთან შეხვედრაც დაგეგმა - ამ ხალხის ნაწილი სოფლებიდან გასახლებულია, თუმცა ნაწილი იქ ისევ რჩება.