2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს რუსეთის კურსკის ოლქის საზღვარი და შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე ათეული დასახლება ქალაქ სუჯის ჩათვლით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 დღეში მოახერხეს იმაზე დიდ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესება, ვიდრე რუსეთმა მოახერხა ჩაეგდო ხელში მთელი 2023 წლის განმავლობაში. მაშინ კურსკის ოლქში ათობით რუსი ახალწვეული დაიკარგა. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით ტყვეობაში იპოვეს, მაგრამ ბევრი დაიღუპა. ნათესავების თქმით, ახალწვეულები სრულიად მარტო დატოვეს უკრაინის საზღვარზე.
კურსკის ოლქის მრავალი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა ის მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარები ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ. ხალხი დღემდე ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას. როგორ ცხოვრობენ ისინი და დაღუპული ახალწვეულების ოჯახები?
„შვილის მოლოდინში“
45 წლის ოლგამ ვოლოგდიდან უფროსი ვაჟი 2024 წლის 7 აგვისტოს დაკარგა. ახალწვეული დანიილ რუბცოვი 18 წლის იყო, როცა კურსკის მახლობლად დაიღუპა.
ახალწვეული დანიილ რუბცოვი
– მხოლოდ 13-ში დარეკეს იმის შესატყობინებლად, რომ დაიღუპა. დაკრძალვა უკვე 20 აგვისტოს იყო. სამხედროებმა აგვიკრძალეს კუბოს გახსნა. თქვეს, რომ „ბევრი დროა გასული, გაიხრწნა“. როდესაც ოჯახმა დაჟინებით მოვითხოვეთ, მეორე სულელური მიზეზი მოიფიქრეს: „ის მოწმეების თანდასწრებით დაიღუპა“. თითქოს, ვაჟმა სხვა ახალწვეულის გადასარჩენად სანგარში უბიძგა მას, თვითონ კი ვერ მოასწრო. თითქოს, ორმა მეთაურმა დაინახა, რომ ის ნამსხვრევებით დაიღუპა - ოლგას ერთი წლის შემდეგაც კი უჭირს ცრემლების გარეშე ამის გახსენება. – მაშინ არ ვიკამათე, უბრალოდ ჭკუაზე არ ვიყავი. ქმარს ვთხოვე: „[კუბოს] სარკმელში შეიხედე, მე თვითონ არ შემიძლია ამის გაკეთება“. მოგვიანებით გამომიტყდა - იქ არაფერიც არ ჩანდა, მთელი სარკმელი საღებავით იყო გადაღებილიო.
სამედიცინო ექსპერტიზის ნაცვლად რუბცოვებმა სიკვდილის მოწმობა მიიღეს. სამხედრო ბილეთისა და ჟეტონის ნაცვლად - დანიილის პასპორტი სულ რამდენიმე წუთით.
- პასპორტი დამაჭერინეს ხელში და სულ ეს იყო, სხვა არავითარი პირადი ნივთი, არაფერი. როსტოვის მორგს ტელეფონით ვერ ვუკავშირდები. ასეთ შემთხვევაში როგორ დავიჯერო [ჩემი შვილის სიკვდილი]? არც მჯერა, ველოდები. ჩემი [მეორე] ვაჟიც და ქალიშვილიც ელოდებიან დანიას, - იმეორებს ოლგა.
ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე სცადა აჟიოტაჟის ატეხა, როდესაც ახალწვეულები წვრთნის შემდეგ ვორონეჟის ოლქში დაპირებული სამხედრო სამსახურის ნაცვლად კურსკის ოლქში გადაისროლეს.
- დანიილმა მაშინვე იკითხა სამხედრო კომისარიატში, სად აგზავნიდნენ. ვალდაიზეო, უთხრეს. შემდეგ ვორონეჟის ოლქში უკრეს თავი. იქ რაღაც ნანგრევებზე „წვრთნიდნენ“, ვიდეო გამოგვიგზავნა. შემდეგ მათთან გაგზავნეს ვაგნერელები [კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები] - საწვრთნელად. აღვშფოთდი - ესენი კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცები ხომ არ არიან, რატომ გაუგზავნეს ეს დამთხვეულები?! - ამბობს ოლგა. - დანიილმა გაჩუმება მთხოვა: „დედა, თორემ გამაქრობენ და გააფორმებენ, რომ თავი მოვიკალი“. შვილი ასეთ სიტყვებს ტყუილად არ გაიძახის, არ ხუმრობს. გავჩუმდი. შემდეგ აიღეს და ისინი საზღვრისკენ გადაისროლეს. სოფელი პლეხოვო, სუჯის რაიონი [კურსკის ოლქი].
ასევე ნახეთ რა ხდება რუსეთის ჩრდილოვან ბატალიონებშიოლგას თქმით, დანიილი მთელი სამსახურის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა კონტრაქტზე იძულებით ხელმოწერას.
- არ გამოვრიცხავ, რომ გაქრობის სწორედ იმიტომ ეშინოდა, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მთელი სამსახურის განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ და კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებდნენ. მტკიცედ იდგა, ომში არ აპირებდა წასვლას. ის ოჯახის მარჩენალია - სკოლის შემდეგ სამშენებლო საწყობში დაიწყო მუშაობა, სწავლის პერიოდშიც კი შაბათ-კვირას მუშაობდა. სამი ქალიშვილი გვყავს, ორი ვაჟი - ის მხოლოდ დამხმარე კი არა, მარჩენალი იყო. ის ჯარის დასრულებას და სახლში დაბრუნებას ელოდა. „ვიმუშავებ, დაგეხმარები მაინც, დედა“, - იხსენებს ოლგა.
მისი კითხვები „რატომ აგზავნიან ახალწვეულებს საზღვრისპირა რეგიონებში? რატომ იყო იქ ჩემი ვაჟი?“ დღემდე, ერთი წლის შემდეგაც, პასუხგაუცემელია.
დანიილ რუბცოვის საფლავი
- ვინმემ მაინც გვიპასუხოს! არავის აინტერესებს. ჩვენმა პრეზიდენტმა პირდაპირ ასე განაცხადა, რომ ახალწვეულები იქ არ უნდა იმყოფებოდნენ, არ უნდა იბრძოდნენ. მაშ, რატომ დაიღუპა ჩემი ვაჟი? ის არ იყო კონტრაქტორი ჯარისკაცი, არაფერზე არ მოუწერია ხელი! - აღშფოთებულია დედა. - რატომ დაიღუპნენ სხვა ბიჭები?
ოლგას კავშირი აქვს სხვა ახალწვეულების დედებთან. ბევრ მათგანს ურჩევნია, რომ მათი შვილები ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიონ და უარს ამბობენ დაღუპულად აღიარებაზე.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპირების თანახმად, ახალწვეულებს „არ გამოიყენებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“. მაგრამ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ დაღუპულ ახალწვეულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. BBC-ის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დაიღუპა რუსეთის არმიის, სულ მცირე, 159 ახალწვეული. ცნობილია, რომ ასეულიდან, რომელშიც რუბცოვი მსახურობდა, კურსკის ოლქში ასევე დაიღუპნენ 22 წლის ნიკიტა დობრინინი და 22 წლის არტიომ დობროდუმსკი. ასევე აგვისტოში დაიღუპა კურსკის ოლქში ზახარ სოსნინი. იმიერბაიკალელი ჯარისკაცის ნათესავებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ზახარმა ოჯახისთვის გაურკვეველ ვითარებაში მოაწერა ხელი კონტრაქტს. მისი მეგობრები იუწყებიან, რომ ზახარს კონტრაქტზე ხელის მოწერა მუქარით აიძულეს. 2024 წლის მარტში სოსნინი 19 წლის გახდა. ის ჯარში 2023 წლის დეკემბერში გაიწვიეს.
„სახლი დაიწვა, ანაზღაურება არ იქნება“
დანიილ რუბცოვი კურსკის ოლქის სუჯის რაიონში დაიღუპა. „ოკნოს“ რედაქციის მიერ გამოკითხული სამი ათეული ადგილობრივი მოსახლიდან ამჟამად არავინ ცხოვრობს საკუთარ სახლში. უმეტესობა კურსკში გადავიდა.
- სახლი დაიწვა, - ლაკონიურად ხსნის მაქსიმ კუპრიანოვი სუჯიდან წასვლას. - სუჯიდან გარღვევამდე თვე-ნახევრით ადრე ამოვეწერე. ამიტომაც არ ვიღებ არანაირ კომპენსაციას.
მაქსიმი ამ უსამართლობაზე თავშეკავებით რეაგირებს - მათ, ვისაც სუჯის რაიონში ერთადერთი სახლი ჰქონდა და იქ იყო რეგისტრირებული, დანგრეული სახლებისთვის კომპენსაცია არ მიუღიათ.
მაისის ბოლოს კურსკის ოლქის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც სახლები დატოვეს, გადაიღეს ვიდეო, რომელშიც კომპენსაციის გაუთავებელ ლოდინს უჩიოდნენ. ახლახან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც სახელმწიფოს მეთაურისადმი მიმართვას შეიცავს. ავტორები, რომლებიც შარშან ზაფხულში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის გამო გაიქცნენ რეგიონიდან, ვიდეოში საუბრობენ ბიუროკრატიაზე და ამბობენ, რომ ოფიციალური ინსტანციების წერილობით პასუხებში მათ თავიდან იშორებდნენ.
ჩატების მონაწილეები, სადაც ომიდან გაქცეული კურსკის მაცხოვრებლები ურთიერთობენ, წერენ, რომ ხელისუფლება ფულის ნაკლებობას იმიზეზებს. ასევე მოჰყავთ ათობით მაგალითი დაუდევრობისა, რასაც აწყდებიან.
„სამი შვილის დედა ოლგა კოვინევა ამბობს, რომ მისმა ოჯახმა შარშან 25 დეკემბერს სერტიფიკატი მოითხოვა და სამ-ნახევარი თვის შემდეგ უთხრეს, რომ „მშენებლობის სამინისტრომ დოკუმენტები დაკარგა“. ოლგას ყველაფრის ხელახლა შეგროვება მოუწია: „სრული საგიჟეთი. ხალხის დაცინვა“.
„რატომ გვიშორებს ჩვენს რეგიონში ყველა ხელისუფლება, როგორც აბეზარ ბუზებს? პასუხები შაბლონურია: ვფიქრობთ. მოიცადეთ. სასამართლოში გვაგზავნიან, მაგრამ სასამართლოები ვერ იღებენ ჩვენზე გადაწყვეტილებას და უბრალოდ დროს აჭიანურებენ. რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? წლები?“
ივნისში კურსკის ოლქის კორენევის რაიონის სოფელ კომაროვკის მცხოვრებმა ერთ სულ მოსახლეზე 65 ათასის გადახდას „კაპიკები“ უწოდა და კურსკის გუბერნატორ ხინშტეინს მიმართა:
„ისეთი სახლი მქონდა, ფერმა, ეზო, მანქანები! სახლი ახლა ნაწილობრივ დანგრეულია. სერტიფიკატისთვის არ შემიტანია განცხადება და არც ვაპირებ. მინდა უკან დავბრუნდე, მაგრამ ყველაფერი დანგრეულია! თქვენ 65 ათასზე საუბრობთ და ეს კაპიკებია იმასთან შედარებით, რაც ხალხმა დაკარგა! ეს გადასახადები არ დაფარავს იმას, რაც აღსადგენია და ამჟამინდელი ტარიფებით სახელმწიფო დახმარება საერთოდ უმნიშვნელოა!“
ამის შესახებ „VKontakte“-ში გამოქვეყნებული ცნობის ქვეშ ათასზე მეტი კომენტარია. ძირითადად, ხალხი საერთოდ არ თანაუგრძნობს კომაროვკელ დაზარალებულს:
ტატიანა ბოევა
20 ათასად მუშაობა არ გიცდია
ელენა სტრატონი
მალე დათანხმდით, საერთოდ უშარვლოდ დაგტოვებენ, ფინანსური დახმარების გარეშე
ბევრს აქამდე ასეთი ფული ხელშიც კი არასოდეს სჭერია
პირის გაღების ნაცვლად მადლობას უნდა ამბობდეთ
ალექსანდრ სეგოდნია
ადამიანურ სიხარბეს საზღვარი არა აქვს. ზის დროებითი განთავსების ცენტრში. ყოველთვიურად 65 ათასი. და ეცოტავება. ნამდვილად უკრაინული ფესვები აქვს!!!
ალექსანდრ ფროლოვი
უკიდურესად გათავხედდნენ, მუდამ ეზოში სხედან და სვამენ და რატომაც არა - 65 ათასი სამსულიანი ოჯახისთვის, თვეში 195 ათასი!!!! სამსახურში არ დადიან, სხედან და ტყვრებიან!!! და რატომ უნდა იმუშაონ, 200 ათასს უკაკუნებენ - 10 ათასი, 10 ათასი, 150 ათასი, შემდეგ მუდმივად თითოს 65 ათასი, გაძლევენ საცხოვრებლის სერტიფიკატს, ქირაობ ბინას და კომუნალურ გადასახადებს გიხდიან. კურორტია, რა. მაინც ჰყოფნით თავხედობა, პირი გააღონ და უკმაყოფილება გამოხატონ, შოკირებული ვარ ამ ხალხით.
ამასობაში რუსეთის მთავრობა კიდევ 38,6 მილიარდ რუბლს გამოყოფს 65 ათასი რუბლის ოდენობის ყოველთვიური დახმარებისთვის კურსკის ოლქის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად პირველადი საჭიროების ქონება დაკარგეს. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.
„თანხები, სხვათა შორის, სახელმწიფოს მეთაურის მითითებების შესაბამისად მოხმარდება პირველადი საჭიროების ქონების დაკარგვასთან დაკავშირებული ყოველთვიური გადასახადების გაგრძელებას. მთლიანმა დაფინანსებამ უკვე გადააჭარბა 100 მილიარდ რუბლს“, თქვა მიშუსტინმა. რუსეთის მთავრობის თანახმად, წლის დამდეგიდან ფედერალურმა ხელისუფლებამ დაახლოებით 100 მილიარდი რუბლი გამოყო კურსკის ოლქის მაცხოვრებლებისთვის გადასახდელად და დაახლოებით 2 მილიარდი რუბლი სასაზღვრო რეგიონებში ბიზნესის მხარდასაჭერად, წერს „კომერსანტი“.
ასევე ნახეთ „ძალიან საეჭვო ტერაქტი“ – „კროკუს სიტი ჰოლის“ საქმე- [კურსკში გადასვლას] არანაირი უპირატესობა არა აქვს, მაგრამ ვცხოვრობთ და მადლიერები ვართ ღმერთის, რომ ცოცხლები ვართ. და, რა თქმა უნდა, ველოდებით მშვიდობას, - განმარტავს ინა შუგაევა სუჯის რაიონიდან, რომელიც იძულებული გახდა, ქმართან ერთად კურსკში წასულიყო. - მაშინვე წამოვედით - 2024 წლის 6 აგვისტოს. როგორ ვცხოვრობთ? ვმუშაობთ, ვიხდით ქირას. ქირის კომპენსაციისთვის არ შეგვიტანია განცხადება, რადგან ყველა მესაკუთრე არ ეთანხმება ამას.
წასულთა თქმით, „გაუქირავებელი საცხოვრებლის კომპენსაციის“ ნაცვლად, ისინი არჩევენ, თავად გადაიხადონ ქირა. თუმცა ბევრმა უკვე დანამდვილებით იცის, რომ მათი სახლები განადგურებულია.
სუჯა, კურსკის ოლქი
- ვიცი, რომ 2025 წლის მარტის მდგომარეობით ჩვენი სახლი ნაწილობრივ დანგრეული იყო. დღეს კი არ ვიცი. საავადმყოფოს გვერდით ვცხოვრობდით, ახლა ამბობენ, რომ იქ ყველაფერი განადგურებულია, - ამბობს ინა.
სუჯის ყოფილი მაცხოვრებლები უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებენ - ეს ტერიტორია ახლა რუსეთის ჯარების მიერ არის ჩაკეტილი.
- და ეს სარისკოცაა. რისკზე ვერ წახვალ და იღბლის იმედად ვერ იქნები, შვილს ვერ დააობლებ. და არც არავინ შეგიშვებს, იქ საკონტროლო-გამშვები პუნქტებია, - განმარტავს იანა ზარუდნაია. - ჩვენი ნათესავები მხოლოდ [2025 წლის] აპრილსა და მაისში წამოვიდნენ. დაჭრილები! ეს ძალიან საშიშია...
- ჯერჯერობით კურსკში ვართ. იმ იმედით ვცოცხლობთ, რომ დავბრუნდებით და ფოტოებს მაინც ვიპოვით, მიუხედავად იმისა, რომ სახლებიდან კედლებიღაა შემორჩენილი, – ამბობს იანა. – სასაფლაოს გამოც განვიცდი. მართლაც საშინელებაა – ასე წახვიდე და აღარ დაბრუნდე სახლში. მაშინაც კი, თუ ყველაფერი [სახლი დანგრეულია], მაინც გინდა, საკუთარ ნანგრევებზე იტირო. სანამ ცოცხლად არ ნახავ, ბოლომდე ვერ დაიჯერებ. თავიდან იმედი გვქონდა, რომ დავბრუნდებოდით, მაგრამ ის სულ უფრო შორეული ხდებოდა ყოველ ახალ თვესთან ერთად. მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობები გვქონდა – ერთმანეთს კარზე არასდროს ვუკაკუნებდით, ისე მივდიოდით. ძალიან დასანანი არიან ის ადამიანები, ნაცნობებიც და უცნობებიც, ვინც ქალაქიდან გასვლის მცდელობისას დაიკარგა და დაიღუპა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქუჩა აღარასდროს შეიკრიბება, ყველა სხვადასხვა ქალაქში გაიფანტა და ზოგი დაიღუპა კიდეც...
– [იძულებითი გადაადგილების] სირთულე ის არის, რომ ჩემი პატარა და საყვარელი სამშობლო იქ არის! ჩემი ფესვები, ჩემი ნათესავების საფლავები და მთელი ჩემი ცხოვრება იქ არის, – ამბობს ინა.
სუჯა, 2024 წლის 6 აგვისტო
2024 წლის დეკემბერში უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ შაბათს საღამოს დაარტყა სკოლა-ინტერნატის შენობას კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელიც შარშან აგვისტოდან უკრაინის არმიის კონტროლქვეშაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა. დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.
აპრილის ბოლოსთვის რუსეთის ჯარებმა უკრაინის არმია კურსკის ოლქის ყველა დასახლებული პუნქტიდან განდევნეს ოლეშნიასა და გორნალის გარდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა გერასიმოვმა, მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქიდან ყველა სამხედრო შენაერთი განდევნეს. მაისის ბოლოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალები კვლავაც იმყოფებიან კურსკის ოლქში, მაგრამ „კურსკის ოლქში სხვა მიმართულებით შევიდნენ“.