„სხვების ცხოვრება“(2006, გერმანია, რეჟისორი ფლორიან ჰენკელ ვონ დონერსმარკი)
ფლორიან დონერსმარკის „სხვების ცხოვრება“, გერმანელი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, 40 საერთაშორისო პრიზით აღინიშნა. „სხვების ცხოვრებამ“ გაიმარჯვა „ოსკარის“ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაში და მოიპოვა ევროპის კინოაკადემიის პრემია. უფრო მეტიც, 2013 წელს The Europe List -ის მიერ მოწყობილმა გამოკითხვამ “სხვების ცხოვრება” ყველა დროის საუკეთესო ევროპული ფილმების სამეულში შეიყვანა. კინოს ისტორიაში იშვიათია დებიუტანტის ასეთი წარმატება.
ტოტალიტარულ მართვაზე, კომუნისტურ გერმანიაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე უფრო ორიგინალური ფილმებიც გადაუღიათ, დონერსმარკს თითქოს არც არაფერი არ უთქვამს ახალი „სხვების ცხოვრებაში“, მაგრამ ამ ფილმს ევროპული „საავტორო კინოსგან“ მაინც გამოარჩევს გამორჩეული სისადავე, მაყურებლის მიმართ ნდობა და, რაც მთავარია, რეჟიმის ანატომიის საფუძვლიანი ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ ფლორიან დონერსმარკი დასავლეთ გერმანიაში დაიბადა და თავად არ ყოფილა რეპრესიული მმართველობის მსხვერპლი.
თუმცა სადისტური რეჟიმის ძალადობა საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი მთავარი როლის შემსრულებელს, ულრიხ მიუჰეს - აღმოსავლეთგერმანელ მსახიობს, რომელიც „სხვების ცხოვრების“ ტრიუმფს მოესწრო, მაგრამ პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ როგორ გვამცირებდნენრეჟიმი თუ „რეჟიმები“ უკვე ძალიან კარგად გავიცანით სხვადასხვა თაობის ქართველებმაც. ულრიხ მიუჰესი არ იყოს, ჩვენც გავიგეთ, როგორ კლავს სისტემა მორალურად ადამიანს, როგორ უნგრევს მას ცხოვრებას. ჩვენში ახლა უკვე ყველა თაობის მაყურებელს ექნება თანაგანცდა ამ გერმანული ფილმის პერსონაჟებთან, რომელთა ცხოვრებას გასული საუკუნის 80-იანი წლების კომუნისტურ გერმანიაში იქაური საიდუმლო სამსახური, „შტაზი“ განსაზღვრავს.
გერდ ვისლერი, ულრიხ მიუჰეს გმირი, სახელმწიფო ინკვიზიციის თავისებური იარაღი, სწორედ „შტაზის“ ის ოფიცერია, რომელსაც ევალება უთვალთვალოს დრამატურგ გეორგ დრაიმანს. ვისლერი თავისი საქმის პროფესიონალია (1984 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში 300 000 ადამიანი იყო დასაქმებული სხვების თვალთვალით), თუმცა თანდათან დისიდენტი მწერლის მხარდამჭერი ხდება - კაცი, რომლის სამსახური „სხვების ცხოვრებით“ არსებობაა, უნებურად იზიარებს უცნობი ხალხის ტკივილს და სიხარულს.
ფილმის ავტორებს სჯერათ, რომ "შტაზის" ოფიცერშიც კი შეიძლება გაიღვიძოს ადამიანობამ და ამ რწმენას საკმაოდ დამაჯერებლად „ასაბუთებენ“ შესანიშნავი მსახიობებით, ნიუანსებზე აწყობილი სცენარით და ტრილერის ჟანრის ვირტუოზული ფლობით. არსებითად სასპენსი და შიშის ატმოსფერო აქ ნამდვილი იმიტომაცაა, რომ მის შექმნას დამატებითი ძალისხმევა არ სჭირდება. ეს ატმოსფერო რეჟიმის მიერაა შექმნილი, კინოს გამოსახულება და მსახიობები მხოლოდ გამოხატავენ მას, ჩვენამდე მოაქვთ. დეკორაციების განტვირთულობა, სიმკაცრე (ექსტერიერების, ინტერიერების, დაკითხვების ოთახების) და დაბალ ხმაზე, ხანდახან უბრალოდ ჩურჩულით საუბარი ხიფათის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. ნათელია, რომ ფილმის სიუჟეტი არაჩვეულებრივად მოერგო კინოს ენას. თვალთვალი, ვუაიერიზმი და დევნა ხომ კინოს ბუნებას განსაზღვრავს. „სხვების ცხოვრებას“ არა აქვს პრეტენზია მაინც და მაინც ზუსტად აღბეჭდოს აღმოსავლეთ გერმანელების ყოფა ბერლინის კედლის დანგრევამდე. ავტორებს სხვა მიზანი აქვთ, მათ სურთ, გამოხატონ პარანოიდული რეჟიმის ბუნება, რომელიც ყველა ეპოქაში შეიძლება გამოვლინდეს, ყველა პოლიციურ სახელმწიფოში.
საქართველოში, მაგალითად.
ასევე ნახეთ „ფილმი-მიტინგი“შეგახსენებთ სუსიდან გამოჟონილ ათასობით დოკუმენტს, რომელთა არსებობა ამტკიცებს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების უკანონოდ მიყურადებას, ინფორმაციის შენახვას და შესაძლებელია, მათ გამოყენებას შანტაჟის მიზნით.
ის, ვინც სისტემას უპირისპირდება, მზად უნდა იყოს საფასურის გადასახდელად თავისი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების საზიანოდ. ამას ემატება კიდევ ერთი ასოციაცია, რომელსაც ბადებს გერმანული ფილმი - ფლორიან დონერსმარკი გვახსენებს, რომ ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი სამიზნე ყოველთვის შემოქმედებაა, ამ შემთხვევაში ლიტერატურა და თეატრი. არტისტი საშიშია სისტემისთვის, რადგანაც გაყინულობა, ჩაკეტილობა, კონფორმიზმი ეწინააღმდეგება მისი არსებობის წესს, მისი ცხოვრების შინაარსს. არტისტი დესტრუქციული, დამანგრეველი ძალაა რეჟიმისთვის. არტისტი, თუკი მართლა ნიჭიერია, მორჩილებაზე ყოველთვის უარს ამბობს, თავისუფლებას ირჩევს და ცდილობს სხვასაც აუხილოს თვალი, სინამდვილე დაანახოს.
80-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური ბლოკის ორ ქვეყანაში, უნგრეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითმკვლელობების სტატისტიკა. კადარის უნგრეთში ეს ინფორმაცია ღია იყო, ამიტომ ტელევიზიით დებატებიც კი გაიმართა - ხალხი მსჯელობდა, რატომ შეიძლებოდა კომუნისტური ბლოკის ქვეყანაში, სადაც ადამიანი სოციალურად დაცული იყო, თვითმკვლელობის სტატისტიკა გაზრდილიყო. კომუნისტურმა გერმანიამ სხვა გზა აირჩია - სტატისტიკის გამოქვეყნება აიკრძალა, რათა არავის ეკითხა, როგორ შეიძლება თავს იკლავდეს ადამიანი იქ, სადაც მშვიდობა და კეთილდღეობაა, სადაც პარტია თითოეული მოქალაქის ბედნიერებისთვის ზრუნავს. მაგრამ ჰონეკერის კარგა მაგრად დაბერებული ხელისუფლება ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეს ვეღარ დამალავდა. მითუმეტეს იქ, სადაც ტელევიზია ქვეყნის დასავლეთიდან ხალხს სიმართლეს აწვდიდა… ვერ დამალავდა მაშინაც კი, როცა 300 000 ადამიანი ემსახურებოდა.
ბერლინის კედელი დაინგრა, კომუნისტური სისტემა შეირყა, მაგრამ „სხვების ცხოვრებას“ აქტუალურობა არ დაუკარგავს. ჩვენ ხომ დღეს ყველაფერთან ერთად ვცხოვრობთ „ციფრული“ თუ „ტექნოლოგიური“ ტოტალიტარიზმის პირობებში, რეჟიმში, რომელიც სათვალთვალო კამერებით მკაცრად აკონტროლებს ადამიანების პირად ცხოვრებას და აღბეჭდავს მის ყველა ნაბიჯს... აფიქსირებს და აჯარიმებს აქტივისტებს.
გჯერათ, რომ ადამიანობამ შეიძლება იმ ჯალათებშიც გაიღვიძოს, რომლებიც ახალგაზრდებს თავისუფლების სიყვარულის გამო იჭერენ და ასამართლებენ?