„ფილმი-მიტინგი“

გოგი გვახარია გვირჩევს იტალიელი რეჟისორის, ფრანჩესკო როზის ფილმს, „ხელები ქალაქზე“.

„ხელები ქალაქზე“(იტალია, 1963, რეჟისორი ფრანჩესკო როზი)

1963 წელს, იტალიური კინოს აღორძინების პერიოდში, დიდმა მაესტრომ და მისმა საუკეთესო მოსწავლემ თავიანთ ახალ ფილმებში მთავარი როლების შესასრულებლად ამერიკული კინოს ვარსკვლავები მიიწვიეს: ლუკინო ვისკონტიმ „ლეოპარდში“ გადასაღებად - ბერტ ლანკასტერი, ფრანჩესკო როზიმ ფილმში „ხელები ქალაქზე“ - როდ სტაიგერი. სხვა მხრივ ამ ორ მოვლენას არაფერი აკავშირებს. „ლეოპარდი“ კოსტიუმირებული, დეკორატიული კინორომანია, „ხელები ქალაქზე“ კი „საგამომძიებლო კინო“, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ წამყვანი ჟანრი გახდება იტალიურ კინემატოგრაფში. როზის სტილს ხშირად უწოდებენ „კვაზიდოკუმენტურს“, რაც მთლად სწორი არაა. ესაა ალბათ უფრო საზოგადოების კვლევა შესანიშნავად კონსტრუირებული „დოკუმენტური წარმოდგენით“, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, „გამოგონილი დოკუმენტალიზმით“, კორუმპირებული სისტემის სრული გაშიშვლების მიზნით.

14 აპრილს როდ სტაიგერს 100 წელი შეუსრულდებოდა. დიდი მსახიობი შეიძლებოდა გაგვეხსენებინა მისი ყველაზე უფრო პოპულარული როლებით „ნავსადგურში“, „მევახშეში“, „ვატერლოოში“, მაგრამ სტაიგერის მონაწილეობით გადაღებული არცერთი ფილმი არ აირეკლავს დღევანდელ ჩვენს ამბებს, ჩვენს ტკივილებს ისე ზუსტად, როგორც „ხელები ქალაქზე“. როდ სტაიგერის არცერთი პერსონაჟი არაა ისეთი ნაცნობი, ისეთი გასაგები ჩვენთვის, როგორც ბიზნესმენი ედუარდო ნოტოლა. ზუსტად ისაა, რასაც 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან „ახალ ქართველებს“ ვეძახდით - ელეგანტური, გემოვნებით ჩაცმული ახალი ტიპის განგსტერი.

ფრანჩესკო როზის ფილმს თავიდან „ქალაქის დაპყრობა“ ერქვა. რეჟისორს სურდა, სათაურშივე გამოეხატა თავისი დამოკიდებულება სამშენებლო ბუმის მიმართ 60-იანი წლების დასაწყისის იტალიაში. როზი ხედავდა, რომ ქალაქთმშენებლობაში ისეთი ტემპია აღებული, ქალაქების „გაბეტონების“ პროცესში იმდენი ადამიანია ჩართული, რომ ეკოლოგიის, რელიეფის, გარემოს სახის გათვალისწინებისთვის დრო არ რჩება. მით უმეტეს, რომ „დრო ფულია“ და სამშენებლო ბიზნესი სწრაფად გამდიდრების საუკეთესო საშუალება. მაგრამ ასეთი სათაური ავტორის ცალმხრივ პოზიციას გამოხატავდა, იმას, რასაც ყოველთვის ებრძოდა ფრანჩესკო როზის მასწავლებელი, დიდი მაესტრო ლუკინო ვისკონტი და რაც მისმა მოწაფემ აიტაცა... აიტაცა ისტორიული პროცესების მრავალმხრივი გააზრების ვნება, მთავარი, რაც აერთიანებს ამ ორ განსხვავებულ ავტორს.

ასევე ნახეთ რადიო, როგორც იარაღი

ორი წელი ესწრებოდა როზი ნეაპოლის მუნიციპალიტეტის სხდომებს და აკვირდებოდა დეპუტატების ჟესტებს, მიმიკას, საუბრის სტილს. როგორ ეცვლებოდათ გამომეტყველება კამათის დროს, როდის იყო აშკარა, რომ ტყუოდნენ. მერე კი გადაიღო ფილმი, რომელსაც „ხელები ქალაქზე“ დაარქვა - მხატვრული ნაწარმოები და ამავე დროს კვლევა ადამიანებისა, რომელთა ხელშია ძალაუფლება.

„ხელები ქალაქზე“ ეხება ძალიან მძიმე და სრულიად არაკინემატოგრაფიულ თემებს, რომლებიც გულისხმობენ პოლიტიკურ დებატებს, ხანგრძლივ, ზოგჯერ საკმაოდ მოსაწყენ მონოლოგებს, სიტყვების თამაშს და რაც მთავარია, ყოველგვარ ქარიზმას მოკლებულ პერსონაჟებს - ამ შემთხვევაში 60-იანი წლების ნეაპოლის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკებს, დეპუტატებს, პოლიტიკური პარტიების წევრებს. მაგრამ როზის რისკის არ შეეშინდა. მის ფილმში ვერ ნახავთ სისხლიან გარჩევებს, რასაც მიგვაჩვია იტალიურმა პოლიტიკურმა კინომ. არა, აქ გვაქვს მხოლოდ ფაქტები, გამოხატული „cinema verite-ს" ესთეტიკაში, აბსოლუტური შეგრძნებით, რომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებთ.

მართალია, რეჟისორი წერდა, რომ „ხელები ქალაქზე“ არის „ფილმი-თეორემა“, რომელიც განსხვავებული პოზიციების წარმოდგენას გულისხმობს. ფაქტია, რომ ფილმი აშიშვლებს საეჭვო პოლიტიკურ ალიანსებს, წარმოგვიდგენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სურათებს, კორუფციას, ნეპოტიზმს, ღალატს, სიხარბეს, უსაზღვრო ცინიზმს, ღარიბების ზიზღს - ყველაფერს, რაც ასახავს დაწინაურებული პოლიტიკური კლასისა და ელიტის შემზარავ სურათს. ესაა სამყარო ადამიანებისა, რომლებისთვისაც სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა.

ფილმი იწყება ხედვის ზედა წერტილიდან გადაღებული ქალაქის ხედით, რომელიც უფრო ტურისტებისთვის განკუთვნილ სურათებს მოგაგონებთ. მერე ხდება კატასტროფა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქალაქის ძველ უბანში, ახალი უბნის მშენებლობის გვერდით, სახლი ინგრევა. ოპოზიციური მემარცხენე პარტია მოითხოვს სპეციალური საგამომძიებლო კომისიის შექმნას. არჩევნებზე მემარჯვენეები აგებენ. მოდიან მემარცხენეები. თუმცა წრე ისე იკვრება, რომ არსებითად არც არაფერი იცვლება. იწყება ახალი საცხოვრებელი უბნის გახსნის საზეიმო ცერემონიით, რომელსაც სახელმწიფო ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ესწრებიან და მთავრდება ახალი, სარფიანი ხელშეკრულებით ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალებისა სამშენებლო ბიზნესში ჩართულ საქმოსნებთან. ცვლილება არის მხოლოდ რიცხვებში - თუკი კვადრატული მეტრი მიწა აქამდე 300 000 ლირა ღირდა, ახლა უკვე 700 000 ღირს.

ასევე ნახეთ 9 აპრილი და „კეთილგონიერება“

ფრანჩესკო როზი წერდა, რომ „ხელები ქალაქზე“ უნდა გახდეს ბიძგი დებატებისთვის, რომლებშიც მთელი ქალაქის მოსახლეობა ჩაერთვება. მაგრამ ამისათვის მაყურებელი უნდა დარწმუნებულიყო, რომ ფილმის ავტორები მას არ ატყუებდნენ, რომ კომპრომისზე არ მიდიოდნენ და სინამდვილეს აბსოლუტურად შეულამაზებლად გამოხატავენ. ამ მხრივ ბუნებრივი ფონოგრამის გარდა (ხმის „პირდაპირი ჩაწერით“), მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოპერატორ ჯანი დი ვენანცოს კამერა, რომელიც ზედმიწევნით, დეტალურად ასახავს ფაქტურებს, მტვერს, სიცხეს. არ ვიცი როგორ ახერხებს როზი, თითქოს ჩაურეველი კამერის ბოლომდე დაჭერილი დისტანციის მიუხედავად, არ შენიღბოს ირონია (ზოგჯერ ცინიზმიც) იმის მიმართ, რაც ხდება ეკრანზე. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აღშფოთდა იტალიის მემარჯვენე პრესა ვენეციის 1963 წლის კინოფესტივალის შედეგით. ჟურნალი „ექსპრესო“ წერდა: „ეს სკანდალია. ოქროს ლომით აღნიშნეს ფილმი-მიტინგი“.

მაშ ასე, ბიზნესმენები, რომლებსაც მერია სრულ თავისუფლებას ანიჭებს, ანგრევენ ნეაპოლის ძველ სახლებს და აშენებენ ახლებს, რომლებიც მალე ინგრევა. ხანდახან მგონია, რომ ფრანჩესკო როზიმ ჩვენკენაც გამოიხედა და აღწერა ის, რაც ხდებოდა და ხდება დღეს თბილისში, ბათუმში... სიტყვა „ინვესტორი“, რომელსაც ბიზნესმენი-პოლიტიკოსები ხმარობენ ხოლმე, უბრალოდ, სახალისო იქნებოდა, რომ არა უბედურება, რომელიც ამ სიტყვამ შეიძლება მოუტანოს ქალაქს და ქალაქელებს. როზის სურათმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნეაპოლის მერის არჩევნებზე. პრემიერას რამდენიმე საპროტესტო მანიფესტაცია მოჰყვა იტალიაში ქალაქმშენებლობის პოლიტიკის წინააღმდეგ.

სწორედ ასეთი კინო გვჭირდება დღეს. მით უმეტეს, რომ წინ გველის ადგილობრივი არჩევნები, რომლის ჩატარებას “ქართული ოცნება” აპირებს.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით

ფრანგულად დუბლირებული ვერსია