​​კლაუდია კარდინალე - ქალი „კატისებრთა ოჯახიდან“​

იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე. 1962 წელი.

2 დღე გავიდა კლაუდია კარდინალეს გარდაცვალებიდან, მაგრამ ინტერნეტში უწყვეტად ჩნდებიან დიდი მსახიობის ახალი და ახალი სურათები. გეგონება, რომ ფოტოს გადაღება მისი მთავარი გატაცება იყო ცხოვრებაში.

რატომაც არა? კამერას ყოველთვის უყვარდა კლაუდია კარდინალე - აგერ სულ ახალგაზრდა, 16 წლისა, როცა ტუნისში, სადაც გაიზარდა და სკოლა დაამთავრა, რომელიღაც სარეკლამო ფილმში გადაიღეს, ჩადრშიგახვეული. აგერ კარდინალე ვენეციის ფესტივალზე, „ლეოპარდის“ პრემიერაზე. კარდინალე შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. კარდინალე ქალების საპროტესტიო აქციაზე პარიზში... კლაუდია კარდინალე, უკვე ასაკში, სიგარეტით ხელში. სადღაც წავიკითხე, რომ 2-2 კოლოფს ეწეოდა და სიგარეტს მხოლოდ შარშან დაანება თავი. თუმცა გარდაცვალებამდე მხნედ იყო და, რაც მთავარია, ისევ ისეთი ლამაზი იყო - განუმეორებელი, განსხვავებული, შეიძლება ერთ-ერთი უკანასკნელი ვარსკვლავი კლასიკური ევროპული კინემატოგრაფისა.​

იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე, 2009 წელი

სხვათა შორის ვენეციის ფესტივალზე სწორედ ტუნისიდან გაუშვეს მას შემდეგ რაც პრიზი მოიგო, როგორც „ტუნისის ყველაზე ლამაზმა იტალიელმა გოგომ“. ვენეციაში მიაქცია ყურადღება პროდიუსერმა ფრანკო კრისტალდიმ, რომელმაც არა მარტო დიდ იტალიურ კინოში მიიყვანა, არამედ ახალგაზრდა ქალის პირადი ცხოვრების „აწყობაც“ გადაწყვიტა. კლაუდია კარდინალეს უნდა დაემალა, რომ ორსულად იყო ტუნისელი ფრანგისგან, რომელმაც მასზე იძალადა. კრისტალდის მითითებით ლონდონში გაემგზავრა და საიდუმლოდ იმშობიარა. მერე კი წლები დასჭირდა უფროსი შვილისთვის, პატრიციოსთვის სიმართლე რომ ეთქვა.​

კი, კრისტალდიმ გარკვეული თვალსაზრისით „გამოძერწა“ კლაუდია კარდინალე, მსახიობი, რომელსაც „სექსი-ღვთაება“ უწოდეს პირველივე ფილმებში გადაღების შემდეგ. აიძულა ესწავლა იტალიური (ოჯახში მშობლები ფრანგულად საუბრობდნენ), გაუღო კარი იტალიური კინოელიტის სივრცეში, გააცნო დიდ რეჟისორებს... მაგრამ კლაუდია კარდინალე დიდი არტისტი მაინც უფრო ამ განსაცდელმა შექმნა.

მისი პირველი ბრწყინვალე როლი ვალერიო ძურლინის ფილმში „ქალიშვილი ჩემოდნით“ (1961) ნაწილობრივ იმეორებს მისსავე ისტორიას - მოტყუებული ახალგაზრდა ქალის ისტორიას, კარდინალე აქ ფაქტობრივად საკუთარ თავს განასახიერებს. მოგვიანებით, როცა კრისტალდის ტყვეობიდანაც განთავისუფლდება, ცოლად გაჰყვება იტალიური პოლიტიკური კინოს ერთ-ერთ ლიდერს, რეჟისორ პასკუალე სკიტიერის, კლაუდია კარდინალე ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლას უკვე კინოს გარეთ იწყებს. 1994 წელს პარიზის სინემატეკამ მასთან, სწორედ როგორც აქტივისტთან მოაწყო შეხვედრა. საღამო დასასრულს უახლოვდებოდა. ვემზადებოდით სკიტიერის რომელიღაც პოლიტიკური ფილმის სანახავად, კარდინალეთი მთავარ როლში, როცა მსახიობმა მიკროფონი აიღო ხელში და თქვა: „მიხარია ჩემს აქტიურობას რომ აფასებთ, მაგრამ არ ჯობდა დღეს „ლეოპარდი“ გვენახა, ანდა ფელინის „რვანახევარი“?​

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო (მარჯვნივ) და იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე (მარცხნივ) ფილმ „Les Petroleuses“-ის პრემიერაზე პარიზში, 1971 წელი

უცნაური დამთხვევაა. ორივე ეს ფილმი - ლუკინო ვისკონტის „ლეოპარდი“ და ფედერიკო ფელინის „რვანახევარი“ ერთი და იგივე დროს, 1963 წელსაა გადაღებული. კლაუდია კარდინალემ ნეორეალიზმიდან მოდერნიზმისკენ გადასვლის ტვირთი ატარა და ორი, 60-იანი წლების იტალიურ კინოში დაპირისპირებული სკოლა, ფედერიკო ფელინის და ლუკინო ვისკონტის სკოლა, შეიძლება არ შეარიგა, მაგრამ მათი მშვიდობიანი თანაარსებობა უზრუნველყო.

კარდინალეს სოფია ლორენის “გლამურობა”, ვამპირული ტემპერამენტი და იტალიური ეროტიზმი არასდროს ახასიათებდა, თუმცა ერთფეროვნებას გაურბოდა. უნიკალური თვისება ჰქონდა: ერთდროულად იყო ძალიან „მიწიერი“ (ვნებით სავსე, სენსუალური) და ასევე თითქოს უწონო, სიზმრის ხატი. მისი მინიატურული ფიგურა (მახსოვს სიცოცხლეში როცა ვნახე პირველ რიგში ამან გამაოცა - არ ველოდი რომ ასეთი ტანმორჩილი იქნებოდა) და მისი დაბალი, ოდნავ ბოხი, სიგარეტისგან ჩახლეჩილი ხმა თითქოს რაღაც იდუმალ კონტრასტს ქმნიდნენ.

როლები ფელინისთან და ვისკონტისთან ერთი და იგივე წელს, მის ამ “გაორებულ იმიჯს” გამოხატავს. “რვანახევარში” ის აბსოლუტური სიმშვიდის, ჰარმონიის, არამიწიერების განსახიერებაა. ფელინი მას იღებს რბილ შუქში, ხშირად სიზმრისეული ატმოსფეროთი, კადრის ცენტრში, როგორც ხატს. “ლეოპარდში” კი კლაუდია კარდინალეს ანჯელინა ისტორიული გარდატეხის სიმბოლოა. განსახიერება ბურჟუაზიულ იტალიასა ძველი არისტოკრატიის წინაშე. მისი სახე ისტორიის ძალაა, რომელმაც მთელი სამყარო უნდა შეცვალოს. აქ კლაუდია კარდინალე თავისი ქარიზმით, სიცოცხლის წყურვილით ანაცვლებს ძველი არისტოკრატიის დაღლილობას და სიკვდილისკენ სწრაფვას.

ასევე ნახეთ მარჩელო მასტროიანის თეთრი ღამეები

მაგრამ კარდინალეს შემოქმედებითი ბიოგრაფია 1963 წლის ფურორით არ სრულდება. ტუნისში დაბადებული სიცილიელი, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთში გადასახლდა - თითქოს აერთიანებს ხმელთაშუაზღვის მრავალფეროვან კულტურას და ცდილობს რაც შეიძლება განსხვავებული როლები განასახიეროს - შეეჯიბროს, მაგალითად, ბრიჯიდ ბარდოს და ითამაშოს “კარტუშში” ჟან-პოლ ბელმონდოსთნ ერთად, წავიდეს ჰოლივუდში და სერჯიო ლეონეს ვესტერნში “ერთხელ ველურ დასავლეთში” განასახიეროს ძლიერი, ემანსიპირებული ქალი, რომელიც მყარად დგას ფეხზე მამაკაცურ სამყაროში. გადაიქცეს “გლობალური კინოს ვარსკვლავად” - დათანხმდეს მონაწილეობა მიიღოს მიხეილ კალატოზიშვილის საერთაშორისო პროექტში “წითელი კარავი”.​

მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი ფილმოგრაფიისა ჩემთვის კლაუდია კარდინალე დარჩება ლუკინო ვისკონტის მუზად და ვისკონტის ოჯახის უკანასკნელ წევრად. მისი საუკეთესო როლიც ვისკონტის ფილმებში მეგულება - პირველ რიგში “დიდი დათვის ნისლიან ვარსკვლავებში”, რომელშიც კლაუდიას პერსონაჟი იმდენად მნიშვნელოვანია რომ ფრანგებმა ფილმს სათაური შეუცვალეს და კარდინალეს პერსონაჟის სახელი, სანდრა დაარქვეს.​

კლაუდია კარდინალე და მარჩელო მასტროიანი, კანის კინოფესტივალი, 1975 წელი

თუკი ფელინისთვის კინო სიზმარია, კლაუდია კარდინალე კი ხილვა მის ფსიქოანალიტიკურ კინობიოგრაფიაში, ვისკონტი კინოს განიხილავს როგორც ისტორიას… და ისტორიაა მაშინაც კი, როცა ნამდვილი ანტიკური ტრაგედია უნდა გათამაშდეს, როგორც “დიდი დათვის ნისლიან ვარსკვლავებში”, რომელიც “ელექტრას” თანამედროვე ვერსიაა.

კლაუდია კარდინალე აქ თამაშობს სანდრას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც წლების შემდეგ ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რათა გაიხსენოს თავისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია. არსად, არც ერთ სხვა ფილმში არაა კლაუდია კარდინალე ასეთი დამძიმებული, ასეთი ტრავმირებული და სევდიანი… და არც ერთ ფილმში არ უყვარს იგი კამერას ისე, როგორც აქ.​

იმიტომ რომ გაგიჟებით უყვარდა თავად მაესტროს, ლუკინო ვისკონტის. სულ ერთი წუთით გამოჩნდება კლაუდია ვისკონტის ფილმში „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“, გამოჩნდება მთავარი გმირის, სიკვდილის მოლოდინში მყოფი პროფესორის მოგონებებში, მისი ცოლის როლში. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“ ნაწილობრივ ვისკონტის ავტობიოგრაფიული ფილმია, კლაუდია კარდინალეს როლში ჩანს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა დიდი მაესტრო ამ მსახიობს.

1963 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე, “ლეოპარდის”პრემიერის წინ ვისკონტიმ ასე დაახასიათა კლაუდია კარდინალე: „ამ გრაციოზულ ფისუნიას ნუ ეხუმრებით. მას ბრჭყალების ჩვენება შეუძლია. გაიზრდება და მომხიბლავ ვეფხვად გადაიქცევა“​

პარიზის სინემატეკაში შეხვედრის დროს კლაუდიას ვისკონტის ეს სიტყვები გაახსენეს. „კი, მართალია. ასე თქვა. მეფე ლომის სიტყვებია!“ - უპასუხა კლაუდია კარდინალემ და გადაიხარხარა თავისი ბოხი ხმით.​

ასევე ნახეთ შეშლილი მთვარეულის ისტორია


კლაუდია კარდინალე 1965 წელი