“ქართული ოცნების” ხელისუფლების კონფრონტაციული რიტორიკა და სამართლებრივად დაუსაბუთებელი მძიმე ბრალდებები საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების გაგრძელების იმედს არავის უტოვებს.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების უმრავლესობისთვის საერთაშორისო გრანტების მიღება დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა. ეს უკვე მეოთხე საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
სადავო პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავენ - “სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე”.
“ახლა ხდება იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რომელიც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, არაკეთილსინდისიერ აქტორებს აძლევდა საშუალებას, კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება წამოსულიყო პოლიტიკურ პარტიებზე და საგარეო დახმარება მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს”, - განაცხადა უზბეკეთში მყოფმა ნიკოლოზ სამხარაძემ, სადავო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
რა იგეგმება?
“გრანტების შესახებ” კანონს ემატება ოთხი მუხლი: 51, 61, 62 , 63 და 64 - მთელი რიგი რეგულაციებით.
- გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
- პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
- გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
- თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
- თანხმობის მისაღებად, გრანტის გამცემმა მთავრობას [ან მის უფლებამოსილ პირს/ორგანოს] უნდა წარუდგინოს გრანტის გამცემსა და მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პროექტი [რომელშიც გაწერილია ყველა დეტალი - ვადებისა და მიზნობრიობის ჩათვლით].
- უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი დაევალა ანტიკორუფციულ ბიუროს [რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს].
ეს წესები შეეხება გრანტის ყველა მიმღებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
მთავრობისგან თანხმობა არ სჭირდებათ საერთაშორისო სპორტულ ასოციაციას, ფედერაციასა და კომიტეტს; ინდივიდუალურ სტიპენდიატს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად და სამეცნიერო მუშაობისთვის; საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
რა შეუძლია ანტიკორუფციულ ბიუროს?
ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია:
- გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს “დასაბუთებული ვარაუდი” კანონის დარღვევაზე;
- გამოჰკითხოს ფიზიკური პირი - “რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია” [ეს გამოკითხვა ნებაყოფლობითია];
- დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
- საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისა თუ “სხვა სუბიექტისგან” გამოითხოვოს “საჭირო ინფორმაცია” - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის ჩათვლით.
კანონპროექტში მითითებულია, რომ ცნობებს, რომლებიც “საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება”, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს “დასაბუთებული” მიმართვის წარდგენიდან 48 საათში.
ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია მიაწოდოს.
კანონპროექტის თანახმად, გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია, გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ შეიძლება იგი მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარონ დასაკითხად.
ასევე ნახეთ ზოგს მილიონები, ზოგს სასჯელი - "ოცნებამ" იცის, როგორ განასხვაოს არასამთავრობო ორგანიზაციებიიგეგმება ყადაღა, ჯარიმები, სანქციები
- უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - “საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით”.
- ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოკითხული ან სასამართლოში დაკითხული ფიზიკური პირი „ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის“ დაჯარიმდება 2 000 ლარით.
ორივე შემთხვევაში, დარღვევის განმეორება ჯარიმის გაორმაგებას იწვევს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი და ეს ოქმი „დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს“.
- ანტიკორუფციული ბიუროს შეუძლია ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა - “შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად”;
- “ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება” და ოქმთან ერთად წარედგინება სასამართლოს;
- გადაწყვეტილებისთვის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს 15 დღე აქვს;
- 15-დღიანი ვადა უწესდება სააპელაციო სასამართლოსაც, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
- წინასაარჩევნო პერიოდში ვადები მნიშვნელოვნად შემცირებულია;
- ყადაღის საკითხის განსახილველად ორივე ინსტანციის სასამართლოებს მაქსიმუმ 48-48 საათი აქვთ;
- გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას.
სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
რა შედეგს მოიტანს?
ექსპერტების შეფასებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, არასამთავრობო სექტორთან ერთად, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგაც არის მიმართული, რადგან საერთაშორისო გრანტები ხშირად ძირითადი საარსებო საშუალებაა მედიაორგანიზაციებისთვისაც. ბევრისთვის წინასწარვე ცხადია, რომ მთავრობისგან თანხმობის მიღების პროცედურა უარით დასრულდება.
"გრანტების კანონის" შეცვლა უკვე მეოთხე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელსაც ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ მექანიზმად განიხილავენ.
- შარშან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მოკავშირეებმა მეორე ცდაზე, ხმაურიანი აქციების ფონზე დაამტკიცეს “აგენტების კანონი”, რომელსაც საზოგადოებამ “რუსული კანონი” უწოდა;
- რამდენიმე დღის წინათ მიიღეს ამერიკული FARA-ს ქართული თარგმანიც, რომლისგანაც, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ასევე რეპრესიებს მოელიან.
- მაუწყებლებისთვის უცხოური დახმარება ცალკე კანონით აიკრძალა და დაწესდა სხვა შეზღუდვებიც.
სადავო პარლამენტის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა 8 აპრილს თქვა, რომ დაფინანსება არ უნდა მიეცეთ “არასასურველ ორგანიზაციებს - კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს”.
“[დონორები] მისცემენ ფულს, შემდეგ ამ ფულით ხდება "მოლოტოვის კოქტეილის" რეკლამირება, ხდება ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ხდება ძალადობრივი აქტები. რომ ეკითხები დონორებს, ისინი ხელს იბანენ, პასუხისმგებლობა მათი თითქოს არ არის. ასე, რა თქმა უნდა, არ გამოვა და არც შეიძლება”, - კანონის შეცვლის აუცილებლობას ცნობილი ბრალდებებით განმარტავდა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 8 აპრილს, უზბეკეთში ყოფნისას. ცნობილ ბრალდებებს შორის არის ასევე დონორების ფულით პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.
ასევე ნახეთ ბრიუსელი "ქართულ ოცნებას" მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების შეჩერებისკენ მოუწოდებსკონფრონტაციული რიტორიკა და სამართლებრივად დაუსაბუთებელი მძიმე ბრალდებები არავის უტოვებს იმედს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დათანხმდება გრანტებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავიანთი ანგარიშებითა თუ შეფასებებით აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკასა და მეთვალყურეობენ კორუფციასა თუ სხვა მანკიერებებს.
ხოლო თუკი ქვეყანაში კრიტიკის ფხიზელი თვალი დაიხუჭება, "კორუფციის მაღალი რისკები გაჩნდება და შესაძლოა, დონორებმა თავადაც თქვან უარი პროექტების დაფინანსებაზე", - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი და გრანტების დახმარებით არსებული სერვისების რამდენიმე მიმართულებას ჩამოთვლის:
- ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული გაძლიერება - შემოსავლისთვის მცირე ბიზნესის დაფინანსებით;
- ფსიქო-სოციალური დახმარება;
- უფასო სამართლებრივი დახმარება, ადვოკატირება;
- ინფრასტრუქტურული პროექტები - საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების მშენებლობა;
- განათლება, ჯანდაცვა - ძვირადღირებული აღჭურვილობის, მათ შორის ტომოგრაფიის აპარატების შეძენა.
“დღეს რომ ეს ყველაფერი დაიხუროს, ჩაიკეტოს ადამიანები, ჩვენ, ყველანი, დავრჩებით გამოწვევების პირისპირ… მიღებული კანონები ყველანაირად, ყველა მხრიდან, ყველა პერსპექტივით ზღუდავს [სამოქალაქო საზოგადოების] საქმიანობის განხორციელების უფლებას. შენ შეიძლება არ დარეგისტრირდე, მაგრამ ხვალ უკვე თანხმობის გარეშე საერთოდ ვეღარ მიიღებ გრანტს და ვეღარ გააგრძელებ საქმიანობას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირმა პავლიაშვილი.
ასევე ნახეთ არასამთავრობოები: არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას„ქართველი ხალხის დევნის აქტი“ - ასე უწოდეს „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მესამე სექტორში. მიზნად სახელდება “მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვება” და “საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვა”.
“არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს - ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე”, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების 8 აპრილის ერთობლივ განცხადებაში.
ტექსტის თანახმად, “ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც "ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა”.
“ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს”, - კიდევ ერთი ჩანაწერი განცხადების ტექსტიდან.
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ინიციირებული ცვლილებები “აზერბაიჯანული და თურქმენული კანონების ანალოგიაა” და რომ, მაგალითად, აზერბაიჯანში მსგავსი კანონი ემსახურებოდა “სამოქალაქო სივრცის დაკეტვას, რომელმაც აიძულა სამოქალაქო აქტივისტების და საექსპერტო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დაეტოვებინათ ქვეყანა”.
საჯარო წყაროებით, მსგავსი კანონები მოქმედებს მხოლოდ არადემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის - ცენტრალურ აზიასა და ინდოეთში.
ასევე ნახეთ ამერიკული FARA-ს ქართული ვერსია - რა წერია კანონპროექტში, მარტივად