18 ივნისს თეთრ სახლთან დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანთან “საუბარი უკვე დაგვიანებულია” და რომ დიდი განსხვავებაა დღევანდელ და ერთი კვირის წინანდელ სიტუაციებს შორის. მან პასუხი არ გასცა შეკითხვებს ომში ამერიკის შესაძლო ჩართვაზე. “შეიძლება გავაკეთო ეს. შეიძლება არ გავაკეთო… არავინ იცის, რის გაკეთებას ვაპირებ”, - იყო მისი პასუხი და იხუმრა, რომ მედია მას ახლა ირანის ბირთვულ კომპონენტზე თავდასხმის ლამის კონკრეტული საათის დასახელებას სთხოვს.
ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს, ეს ქვეყანა დაუცველია და მას აღარ დარჩა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.
ასევე ნახეთ ტრამპი განიხილავს ირანზე დარტყმის შესაძლებლობას - მედია17 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. საერთაშორისო მედიის თანახმად, სხდომაზე უსაფრთხოების მრჩევლებთან ერთად განიხილებოდა ისრაელის სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის ჩართვის შესაძლებლობები და კონკრეტულად საქმე შეეხებოდა შესაძლო თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ფორდოს ურანის გამამდიდრებელი საწარმოს ჩათვლით. ასევე მედიის თანახმად, ტრამპის გარემოცვაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებებით, ფორდოს საწარმოზე წარმატებულ თავდასხმას ე.წ. ბუნკერის ბომბები ესაჭიროება, რაც მხოლოდ აშშ-ის არსენალშია.
- ლაპარაკია GPU-57-ზე, რომელსაც 60-მეტრიანი სისქის ბეტონის შრის გარღვევა და სიღრმეში აფეთქება შეუძლია.
- ამ მძიმე ბომბების მზიდი სამხედრო თვითმფრინავები აშშ-ს უკვე გაგზავნილი ჰყავს ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით „როიტერსი“ წერს, რომ უკვე ახლო აღმოსავლეთშია ამერიკული გამანადგურებლები F-16, F-22 და F-35.
ABC News-ის თანახმად, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოიკვეთა დასკვნა, რომ “შემდგომი 24-48 საათი გადამწყვეტი იქნება ირანისა და ისრაელის კონფლიქტში”.
“უპირობო დანებება” - ტრამპის პოსტი სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე გააზიარა.
მარკო რუბიოს გაზიარებული აქვს ასევე დონალდ ტრამპის კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ის მიუთითებს, რომ ირანის ცაზე სრული კონტროლია დამყარებული, ხამენეი იოლი სამიზნეა, მის მოკვლას ჯერჯერობით არ გეგმავენ; თუმცა არ სურთ, რომ ირანი რაკეტებს უშენდეს მშვიდობიან ადამიანებსა და ამერიკელ სამხედროებს.
“ჩვენი მოთმინება იწურება”, - წერს ტრამპი ამ პოსტში.
აშშ-ის ადმინისტრაციის კონკრეტული მოქმედებები და განცხადებები ექსპერტებს უჩენს მოლოდინს, რომ ახლო მომავალში აშშ ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთვება და ირანს დაარტყამს.
ეს მოლოდინი კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, 89 წლის აიათოლა ალი ხამენეი დაემუქრა აშშ-ს, რომ სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვის შემთხვევაში, „გამოუსწორებელ ზიანს“ მიაყენებენ.
მუქარა ირანიდან
„ირანელი ხალხი არასოდეს ნებდება“, - ასეთი იყო მისი პასუხი დონალდ ტრამპის მოწოდება-ულტიმატუმზე - უპირობო დანებების შესახებ. როგორც იუწყებიან, ხამენეის წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვა 18 ივნისს ადგილობრივი ტელევიზიით გაუშვეს.
"აუცილებელია გადამჭრელი მოქმედება ტერორისტული სიონისტური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ არ მოვერიდებით სიონისტებს“, - დაწერა ხამენეიმ X-ზე.
ხამენეის პასუხი მეთვალყურეებს არ გაჰკვირვებიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირანი მზად არის, გაუმკლავდეს აშშ-ის დარტყმას ანდა აირიდოს ის თავიდან.
პოლიტიკური ანალიტიკოსი ალბერტ ვულფი BBC 5 Live Breakfast-ის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ტრამპის მიერ შეთავაზებული უპირობო დანებება ბირთვული პროგრამის დასრულებასაც ნიშნავს, ხოლო თეირანი ამ პროგრამას მსოფლიოში “პრესტიჟისა და სტატუსის” მნიშვნელოვან ელემენტად განიხილავს და მის დათმობას - დამცირებად.
ასევე ნახეთ ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელს „მკაცრი პასუხით" დაემუქრამიუხედავად იმისა, რომ ირანი ისრაელისა და აშშ-ის შესაძლებლობების ფონზე შეუდარებლად სუსტად გამოიყურება და მას უკვე აღარც განიარაღებული ტრადიციული მოკავშირეების დახმარების იმედი არ აქვს ლიბანიდან, სირიიდან თუ ღაზის სექტორიდან, ექსპერტების შეფასებით, თეირანს კვლავ შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
თუკი აშშ პროცესში ჩაერევა, მოელიან, რომ ირანს შეუძლია დაარტყას სპარსეთის ყურეში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს - ბაჰრეინში, ერაყსა თუ ქუვეითში. მისი სამიზნე შეიძლება გახდეს ნავთობქიმიური წარმოება, საექსპორტო ტერმინალები სამეზობლოში ანდა დანაღმოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტე - რითაც ის გადაკეტავს მსოფლიოში გასანაწილებელი ნავთობის 30%-ს.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბესპარალელურად, გრძელდება საომარი მოქმედებები 18 ივნისის გამთენიიდან.
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა [ცახალი] დაადასტურა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა გაუშვა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რაკეტები ჩაცვივდა შარონის რეგიონში და იერუსალიმის მიდამოებში. არ ყოფილა ცნობები დაშავებულების შესახებ.
ისრაელის ინფორმაციით, ირანმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ თითქმის 400 ბალისტიკური რაკეტა და ასეულობით დრონი გაუშვა. დაახლოებით 40 შემთხვევაში რაკეტებმა ანტისაჰაერო თავდაცვის ზღუდე გაარღვიეს. თავდასხმის შედეგად ისრაელში 24 ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი - დაიჭრა. ევაკუაცია დასჭირდა 3800 ადამიანს.
- ისრაელმა დაარტყა სამხედრო უნივერსიტეტს, თეირანის აღმოსავლეთ ნაწილში - ინფორმაცია ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა. სხვა ცნობებით - ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ცენტრიფუგებისა და იარაღის საწარმოებს, ქარხნებს. ისრაელის სამხედროების ცნობით, ცენტრიფუგების მწარმოებელ ობიექტს „ირანი იყენებდა ურანის გამდიდრების მასშტაბებისა და ტემპების გასაზრდელად, ბირთვული იარაღის დამზადების მიზნით“.
ირანელი უფლებადამცველი აქტივისტების არასამთავრობო ორგანიზაციის (HRANA) ინფორმაციით, 18 ივნისის მდგომარეობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანში დაღუპულია 239 მშვიდობიანი მოქალაქე, 126 სამხედრო პირი და 220 დაუდგენელი პირი. დაჭრილთა რიცხვი 1300-ს აღემატება.
ისრაელი ზუსტ კოორდინატებით - წერტილოვანი დარტყმებით ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს გამოჩენილ მოთამაშეებს ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში თუ სამეცნიერო წრეებში - ვინც იარაღის და მათ შორის ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა. მაღალჩინოსანთა სიკვდილის ფაქტებს თეირანი დაგვიანებით ადასტურებს.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, ირანში ლიკვიდირებულია ცენტრალური შტაბის ახალი მეთაურიცირანიდან ხალხი მიდის
საერთაშორისო მედია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მილიონობით ირანელი ტოვებს საცხოვრებელ ადგილს. ნაწილი ირანის სხვადასხვა, შედარებით მშვიდ რეგიონებში გადადის. თუმცა უსაფრთხო ადგილები თანდათან სულ უფრო ცოტავდება. იუწყებიან, რომ ლტოლვილების დიდი ნაკადი მიემართება თურქეთისა და სომხეთისკენ, სადაც ისინი თავშესაფარს ითხოვენ.
„ყველა ღელავს. ღელავს ომის გამო. ღელავს რაკეტების გამო“, - უთხრა ირანელმა ლტოლვილმა ქალმა რადიო თავისუფლებას სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შედეგ.
ხალხი სახმელეთო გზებით მგზავრობს - ირანის საჰაერო სივრცე დახურულია. მაგისტრალებზე მანქანების გრძელი რიგებია. იუწყებიან, რომ თეირანი შემზარავად დაცარიელდა.
- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეიარაღებული სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო. მთავარ მიზნად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და დასრულება.
- ისრაელმა დაარტყა სამხედრო ობიექტებსა და საწარმოებს, სადაც თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა და ურანს ამდიდრებდა.
- პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლია ორივე მხარეს.