"დემოკრატიის ფარი" მიზნად ისახავს ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების დაცვას უცხოური ჩარევისა და პოლიტიკური მანიპულაციისგან. დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი რჩება როგორც ევროკავშირის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის პირდაპირ საფრთხედ.
„მათ სურთ დაასუსტონ დემოკრატიული სისტემებისადმი ნდობა - ცრუ ნარატივების გავრცელებით, ზოგჯერ ისტორიული ფაქტების გაყალბებითა და მანიპულაციით“, - წერია 30-გვერდიან ტექსტში, სადაც პირდაპირ საფრთხედ რუსეთის გარდა სხვა არცერთი ქვეყანა არ არის ნახსენები. ევროკავშირი მანამდე გამოხატავდა შეშფოთებას ჩინეთის პოლიტიკური გავლენის მცდელობებზე კონტინენტზე.
დეზინფორმაციის ეპოქა
დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა სადავო თემად რჩება როგორც ბრიუსელში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ევროკავშირი ჯერ არ დავიწყებიათ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კრიტიკა, რომელმაც 2025 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ ევროკავშირის მთავარი საფრთხე ჩინეთიდან ან რუსეთიდან კი არა, შიდა ცენზურიდან და განსხვავებული მოსაზრებების დათრგუნვიდან მოდისო.
ეს განცხადება ერთგვარი რეაქცია იყო რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.
ასევე ნახეთ რუმინეთში ჯორჯესკუს გამარჯვება ტიკტოკერმა ბოგდან პეშირმა მოაწყო - გამომძიებელი ჟურნალისტებისასამართლომ მაშინ დაადგინა, რომ ონლაინკამპანია ნაციონალისტი კანდიდატის, კალინ გიორგესკუს მხარდასაჭერად, რომელიც პირველ ტურში ლიდერობდა, კრემლმა აწარმოვა. ბევრმა კრიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჩარევად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა.
ამიტომ ევროკომისია ახლა ფრთხილობს.
ერთი მხრივ, ეს სიფრთხილე უკავშირდება იმას, რომ ამ დეზინფორმაციის შეკავება, ნაწილობრივ მაინც წევრი ქვეყნების კომპეტენციაა; მეორე მხრივ კი, ბრიუსელი ერიდება ურთიერთობების (კიდევ უფრო) გაუარესებას დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთან - განსაკუთრებით ამერიკულებთან, როგორებიცაა Google, Microsoft და Meta, მაშინ, როცა ატლანტიკური ურთიერთობები დაძაბულია სავაჭრო ომებისა და აშშ-ის ევროპიდან სამხედრო ძალების შესაძლო გაყვანის შიშის გამო.
ასევე ნახეთ ათასობით ყალბი მასალა - როგორ ცდილობს რუსეთი ევროპაში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას?დოკუმენტი მიუთითებს, რომ ევროკავშირს მოუწევს თანამშრომლობა ამ კომპანიებთან. მათი უმეტესობა (განსაკუთრებით Facebook და TikTok) უკვე შეუერთდა ევროკავშირის დეზინფორმაციის შესახებ ქცევის კოდექსს და რეგულარულად აწვდის კომისიას ანგარიშებს პრობლემასთან გამკლავების თაობაზე. გამონაკლისი მხოლოდ ილონ მასკის X-ია (ყოფილი Twitter).
ხელოვნური ინტელექტის მხილება
დოკუმენტი მოუწოდებს ევროკომისიას, კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა ტექნოლოგიურ კომპანიებზე „დეზინფორმაციის დემონეტიზაციისთვის"და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ან შეცვლილი შინაარსის იდენტიფიცირებისა და მონიშვნის მეთოდების გასაუმჯობესებლად.
„დემოკრატიის ფარის“ ძირითადი მიმართულებებია სიტუაციური ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.
ძირითადი სიახლე კი ევროპული ცენტრის შექმნაა დემოკრატიული მედეგობისთვის, იმ ქსელებისა და სტრუქტურების დასაკავშირებლად, რომლებიც ინფორმაციულ სივრცეში საფრთხეების პრევენციაზე, გამოვლენასა და ანალიზზე მუშაობენ. ცენტრმა მონაცემებისა და გამოცდილების გაცვლა უნდა უზრუნველყოს.
ასევე ნახეთ ყალბი რუსული Pravda, რომელიც სოციალური ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის მოწამვლას ცდილობსევროკავშირს მსგავსი მცდელობა ერთხელ უკვე ჰქონდა, თუმცა 2019 წლის "მყისიერი შეტყობინების სისტემამ" (Rapid Alert System) ვერ გაამართლა. ახლა, მეორე ცდისას ჩაერთვებიან როგორც ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები, ისე კანდიდატები - მოლდოვა, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები. დოკუმენტი ცალკე არ ახსენებს საქართველოს.
ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ მედეგობის ცენტრი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ერთგვარი „სიმართლის სამინისტრო“ - იმუშავებს ევროკავშირის და ეროვნული კომპეტენციების პატივისცემით, მონაწილეობა იქნება ნებაყოფლობითი.
არჩევნებზე დაკვირვება და მედიის მხარდაჭერა
სხვა იდეებს შორისაა ევროკავშირის ციფრული იდენტობის საფულეს ამოქმედება 2026 წლიდან, ევროპის მასშტაბით ფაქტჩეკერების ქსელის შექმნა, ასევე „ინფლუენსერების ნებაყოფლობითი ქსელის“ ჩამოყალიბება ევროკავშირის წესების და საუკეთესო პრაქტიკის გასავრცელებლად.
დოკუმენტი ახსენებს მოლდოვაში გამართულ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც რუსეთმა აქტიურად სცადა შედეგებზე გავლენა; რეკომენდაციას იძლევა, ევროკავშირმა გააძლიეროს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის სომხეთში მომავალი წლის არჩევნების წინ.
ასევე ნახეთ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის - რა აჩვენა მოლდოვის არჩევნებმა?გარდა ამისა, იგეგმება ევროპული ციფრული მედიის ობსერვატორიის მანდატის გაფართოება, რათა ორგანიზაციამ უფრო აქტიურად იმუშაოს დეზინფორმაციის კამპანიების ანალიზზე როგორც ევროკავშირში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში.
დოკუმენტი ახსენებს დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტიკის ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირის მეზობელ რეგიონებში, მათ შორის ბელარუსსა და რუსეთში.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თანხები არ არის მითითებული, „დემოკრატიის ფარის“ ფარგლებში შემოთავაზებული პროგრამები შევა ევროკომისიის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის (2028 წლიდან) 2 ტრილიონი ევროს მოცულობის პროექტში.