დიქტატორი და მისი ქალიშვილი. რის მისაცემადაა მზად კიმ ჩენ ინი პუტინისა და საკუთარი ოჯახისთვის?

კიმ ჩენ ინი დგას კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცების ფოტოებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მთავარი დარბაზი ფხენიანში. 2025 წლის 22 აგვისტო

მოკლედ

  • ჩრდილოეთ კორეა ღიად უჭერს მხარს რუსეთს უკრაინასთან ომში, ეხმარება სამხედრო ძალით და საბრძოლო მასალებით.
  • სავარაუდოდ, ქვეყნის ლიდერი მემკვიდრედ თავის ახალგაზრდა ქალიშვილს, კიმ ჯუ ეს ამზადებს.
  • ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდიან, თუმცა საბრძოლო გამოცდილებასაც იღებენ.

ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ერთადერთია, რომელმაც ოფიციალურად გაგზავნა ჯარები პუტინის დასახმარებლად.

კიმ ჩენ ინი, კიმების დინასტიის მესამე მემკვიდრეობითი დიქტატორი, კიმ ჩენ ირის ვაჟი და კიმ ირ სენის შვილიშვილი, მართავს სახელმწიფოს, სადაც ყველაფერი საიდუმლოებითაა მოცული: არავინ იცის ზუსტად, რამდენი წლისაა ის, ასევე თითქმის არაფერია ცნობილი მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის შესახებ. და საერთოდ, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს მმართველობას კიმ ჩენ ინი?

ბოლო თვეების განმავლობაში ექსპერტები სულ უფრო ხშირად განიხილავენ იმ ფაქტს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებისა და სხვა მიზეზების გამო, ის უკვე ამზადებს თავის მემკვიდრეს - საუბარია მის ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ქალიშვილზე, კიმ ჯუ ეზე, რომელიც 12 ან 13 წლისაა.

ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში ყველაზე საიდუმლო და იზოლირებულ სახელმწიფოდ რჩება. კიმ ჩენ ინი დიდ საერთაშორისო ყურადღებას არ არის მიჩვეული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსოფლიო კიდევ ერთხელ დაგმობს ხოლმე მის ბირთვულ და ბალისტიკურ რაკეტებს. მაგრამ რუსეთის რთულმა მდგომარეობამ, რომელმაც ვერა და ვერ მიაღწია რაიმე ხელშესახებ წარმატებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, მას შესანიშნავი შესაძლებლობები მისცა.

ივლისის დასაწყისში, კიმ ჩენ ინი კვლავ დაჰპირდა ვლადიმირ პუტინს „უპირობო მხარდაჭერას“ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ჯერ ფხენიანში მორიგი ვიზიტის დროს, შემდეგ კი მოსკოვში, განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ ორი ნამდვილი სამხედრო მოკავშირე ჰყავს - დასავლეთით ბელარუსი და აღმოსავლეთით ჩრდილოეთი კორეა.

კიმ ჩენ ინი მიესალმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ვონსანში. ჩრდილოეთ კორეა, 2025 წლის 12 ივლისი

კიმ ჩენ ინი ერთ-ერთი პირველი იყო უცხოელი სახელმწიფოების მეთაურთაგან, რომელსაც დაურეკა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან ალასკაში მოლაპარაკებების წინ და, როგორც კრემლის პრესსამსახური 12 აგვისტოს იტყობინებოდა, „მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა“.

ასევე, კიმთან საუბრისას, პუტინმა „მაღალი შეფასება მისცა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გაწეულ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიის კიევის რეჟიმის დამპყრობელი ძალებისგან განთავისუფლების დროს, და ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ გამბედაობას, გმირობას და თავგანწირვას“.

22 აგვისტოს, კიმ ჩენ ინმა საზეიმოდ დააჯილდოვა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებმა „მთელ მსოფლიოს აჩვენეს ურყევი და გამორჩეული იდეოლოგიური და სულიერი უპირატესობა და საბრძოლო გამჭრიახობა, რომლის შედარებაც შეუძლებელია ნებისმიერ სხვა არმიასთან, და ასევე კორეელების ურყევი სული სასიკვდილო, სისხლიან ბრძოლებში“.

კიმ ჩენ ინი აჯილდოებს კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2025 წლის 22 აგვისტო

თავად კინ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში კორეის სახალხო არმიის საბრძოლო ოპერაციებმა „უზრუნველყო მისი, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერის, სახელი და პოპულარობა“ და „გამარჯვებამდე მიიყვანა“ ის. ფხენიანში გამართულ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ოჯახის წევრები. სცენაზე დამონტაჟდა სტელა, რომელზეც 101 დაღუპული ჯარისკაცის ფოტოა გამოსახული.

კიმ ჩენ ინი და რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მებრძოლი, რომელიც მის მკერდზე ტირის. 2025 წლის 22 აგვისტო

საბრძოლო მოქმედებების დროს ჩრდილოეთ კორეის ჯარების დანაკარგები ოფიციალურად არასდროს გამოქვეყნებულა და მათი შეფასება დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებსაც კი უჭირთ. მხოლოდ აპრილის ბოლოს, სამხრეთკორეელმა დეპუტატებმა, საკუთარი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 15 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და მისი შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგი შეადგენდა „დაახლოებით 4700 ადამიანს, მათ შორის დაახლოებით 600 დაღუპული“ იყო.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, ბრძოლებში მონაწილეობა მიიღო 11 ათასზე მეტმა ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცმა, რომლებმაც „მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს“. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია ზოგჯერ აჩვენებდა კადრებს, სადაც კიმ ჩენ ინი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დაკრძალვას ესწრებოდა.

ის ფაქტი, რომ კიმ ჩენ ინმა თავისი ჯარები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად გაგზავნა, პირველად 2024 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებებმა ეს აპრილში დაადასტურეს, მთავარი ბრძოლების დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები იბრძოდნენ მას შემდეგ, რაც იქ გასული წლის აგვისტოში მოულოდნელად შევიდნენ უკრაინის ჯარები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტს ხელმძღვანელობდნენ უმაღლესი მხედართმთავრები, მათ შორის, გენერალ-პოლკოვნიკი კიმ იონ ბოკი, სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური, - მე-11 კორპუსის ჩათვლით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მოიერიშე კორპუსი“. კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და მისი გენერალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი რი ჩანგ-ჰო და გენერალ-მაიორი სინ გეუმ ჩოლი, კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი. 22 აგვისტოს კიმ იონგ ბოკი და სინ გეუმ ჩოლი ფხენიანში დაბრუნდნენ დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.

არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი, შესაძლოა, ახლა რუსეთში დააბრუნონ, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კიმ ჩენ ინი აჯილდოებს კორეის სახალხო არმიის უმაღლესი რანგის ოფიცრებს, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომში გამოიჩინეს თავი. 2025 წლის 22 აგვისტო

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და ტექნიკის აქტიურად მიწოდებას. 13 ივლისს, სამხრეთ კორეის მედიამ, ამ ქვეყნის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფხენიანმა გასული წლის ოქტომბრიდან მოსკოვს 12 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა ასევე ამარაგებს რუსეთის არმიას მოკლე რადიუსის რაკეტებით, თვითმავალი ჰაუბიცებით და სხვადასხვა სარაკეტო დანადგარით.

რუსეთის პრიმორსკის მხარის სკოლის მოსწავლეები ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრებიან იქაურობის გასაცნობად და დასასვენებლად

რადიო თავისუფლების მიმომხილველი, აღმოსავლეთმცოდნე ანდრეი შაროგრადსკი შეგვახსენებს, რომ უცხო სახელმწიფოს ჯარების უშუალო მონაწილეობა რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში - პირველი ასეთი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში:

„კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები მართლაც დიდი იყო. იმიტომ, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, ტაქტიკა, რომელსაც კორეის სახალხო არმია უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე თავდასხმის დროს იყენებდა, ძალიან მოძველებული იყო, ისეთივე, როგორც მეორე ან თუნდაც პირველი მსოფლიო ომის დროს. ისინი თითქოს შუბლს ტყვიას უშვერდნენ ოდნავ გაფანტულები, მაგრამ მაინც მჭიდროდ განლაგებულ რიგებად გადადიოდნენ შეტევაზე პირდაპირ უკრაინული ჯარების პოზიციებზე, რითაც მოწინააღმდეგისთვის იოლ სამიზნეს წარმოადგენდნენ. თუმცა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული და მოტივირებული ჯარისკაცები არიან.

ასეა თუ ისე, ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება დააგროვეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.

ჩემი ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეის არმიის სარდლობა ახლა, ამის საფუძველზე, გადახედავს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ შესაძლო ომის კონცეფციას. ზოგადად, აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში, არა მხოლოდ ფხენიანსა და სეულში, არამედ უპირველეს ყოვლისა, ჩინეთში და ასევე იაპონიაშიც, ხელისუფლება და სამხედროები ახლა ძალიან ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს - როგორც ექსპერიმენტულ პოლიგონს. სწავლობენ, როგორ უნდა იბრძოლონ და განსაკუთრებით იმას - როგორ არ უნდა იბრძოლონ“.

ივნისში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, რუსეთში გაეგზავნათ ათასი მესანგრე კურსკის რეგიონში ტერიტორიის გასანაღმად და ექვსი ათასი სამხედრო ინჟინერი და მშენებელი - იქ დანგრეული ობიექტების აღსადგენად.

ამასთან, აგვისტოს შუა რიცხვებში, გამოაშკარავდა მოსკოვისთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ექცევიან სინამდვილეში რუსი უფროსები ჩრდილოკორეელებს.

ომის დაწყებიდან, რუსეთში მომუშავე ექვსმა ჩრდილოეთკორეელმა BBC-ს 18-საათიანი სამუშაო დღისა და მონური პირობების შესახებ უამბო. ჟურნალისტები მათ მას შემდეგ ესაუბრნენ, რაც ისინი რუსეთიდან სამხრეთ კორეაში გაიქცნენ. ჩრდილოეთ კორეელების თქმით, მათ აიძულებდნენ, სამშენებლო ობიექტებზე მუშაობა დილის 6 საათზე დაეწყოთ და ღამის 2 საათზე დაემთავრებინათ. თუ ვინმე სამუშაო დღის განმავლობაში დაიძინებდა, რუს უფროსს შეიძლებოდა ის ეცემა. ერთ-ერთმა მუშამ განაცხადა, რომ მას საავადმყოფოში წასვლის უფლება არ მისცეს მას შემდეგ, რაც ის 4 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

რუსეთის კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა კიმ ჩენ ინთან საუბრობს თეატრალური წარმოდგენის დაწყებამდე ფხენიანში. 2025 წლის 29 ივნისი

BBC ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში მყოფ ყველა ჩრდილოეთკორეელ მუშას ზედამხედველობენ ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ერთ-ერთი გამოკითხული პირის თქმით, უკვე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩასვლის მომენტიდან, მას თან ახლდა დაზვერვის ასეთი თანამშრომელი, რომელმაც უბრძანა, რომ გარშემო მყოფებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონოდა. კიდევ ერთმა ჩრდილოკორეელმა განაცხადა, რომ მის თანამემამულეებს მშენებლობაზე ფულს უხდიდნენ, თუმცა ისინი ცენტრალური აზიიდან ჩამოსულ მიგრანტ მუშებზე დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებს გამოიმუშავებდნენ.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2024 წელს ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთისგან მოითხოვა ვიზა 8 ათასი ადამიანისთვის და 2025 წელს კიდევ უფრო მეტის მოთხოვნას გეგმავდა. სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეიდან 15 ათასი მუშა უკვე გაემგზავრა რუსეთში „სასწავლო ვიზებით“.

კიმ ჩენ ინი და რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი იაპონიის კოლონიური მმართველობისგან კორეის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ მხატვრულ წარმოდგენაზე. ფხენიანი, 2025 წლის 14 აგვისტო

ჩრდილოეთ კორეა სახელმწიფოა, საიდანაც პერიოდულად ვრცელდება ცნობები სხვათა შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და მმართველი ოჯახის ნათესავების სიკვდილით სასტიკი დასჯის შემთხვევებზე, იმაზე, თუ როგორ უსწორდებიან მთელ ოჯახურ კლანებს და ასევე, მასობრივი რეპრესიების შესახებ. ცნობების უმეტესობა შემდგომში დასტურდება ხოლმე.

კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეა მთელი ძალით აგრძელებს სარაკეტო და ბირთვული იარაღის განვითარებას, რომლითაც ფხენიანი პერიოდულად ემუქრება თავის მეზობლებს - სამხრეთ კორეას და იაპონიას - და მთელ დასავლეთს, აშშ-ით დაწყებული.

ჩრდილოეთ კორეის ახალ საშუალო რადიუსის ჰიპერბგერით ბალისტიკურ რაკეტის გამოცდა. ადგილი უცნობია. 2025 წლის 6 იანვარი

კორეის მუშათა პარტიის (WPK) მიერ დადგენილი „სონბუნის“ კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მთელი მოსახლეობა სამ ფენად იყოფა: „ძირითად“, „მერყევ“ და „მტრულად განწყობილ“ ჯგუფებად.

ქვეყანას აქვს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა, რომლებიც ორ ტიპად იყოფა: „უფრო რბილ“ რეგულარულ, სადაც ადამიანები იძულებული არიან მძიმე ფიზიკური შრომა შეასრულონ და რომელთა დატოვება ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ, და საშინელ „საგანგებო ობიექტების რაიონებად“.

კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები ვარჯიშის დროს. სპეციალური დანიშნულების რაზმების ბაზაზე. მდებარეობა უცნობია. 2024 წლის 11 სექტემბერი

თავის მხრივ "რაიონები" იყოფა „ხელახალი განათლების რევოლუციონერების ზონებად“, სადაც პატიმრები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ საპყრობილეში ან ყაზარმებში და იძულებული არიან, სასჯელის დასრულებამდე დღეში 12 საათის განმავლობაში მძიმე შრომა გასწიონ, და „სრული კონტროლის ზონებად“, სადაც პატიმრები ოჯახების გარეშე არიან და გათავისუფლების შანსი არ აქვთ. ამ ბანაკებში მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მუშაობს, მათ შორის ისინი, ვინც იქ „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ პრინციპით იგზავნება.


ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის პიროვნების კულტი სულ უფრო მეტად ვითარდება. ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკაში გამოყენებულ ყველა რადიო და ტელევიზორი დაყენებულია კონკრეტულ სიხშირეებზე და მოქალაქეებს ეკრძალებათ მისი შეცვლა, რადგან სხვა შემთხვევაში მათ შეეძლებოდათ უცხოური მაუწყებლობის ყურება და მოსმენა. ამ წესის დარღვევას შეიძლება ყველაზე სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის სიკვდილით საჯაროდ დასჯა და ნათესავების საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ვიზიტად ჩრდილოეთ კორეაში. 2025 წლის 21 მარტი

2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ორი მიზანი ჰქონდა: სრულფასოვანი ბირთვული არსენალის შექმნა და კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის აღორძინება.

თავიდან კიმ ჩენ ინის ყურადღება სამხედრო პროგრამებისკენ იყო მიმართული და რამდენჯერმე გამოცადა მიწისქვეშ ბირთვული იარაღი. თუმცა მისი მცდელობები, ეს ქმედებები შეერთებულ შტატებზე ბერკეტად გამოეყენებინა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციების შესამსუბუქებლად, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფხენიანს ალბათ განსაკუთრებული იმედი ჰქონდა „პირად დიპლომატიისა“, როდესაც 2019 წლის თებერვალში ვიეტნამში შედგა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის მეორე შეხვედრა. როგორც 2018 წლის ივნისში სინგაპურში პირველ შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ვიეტნამშიც სერიოზულად იმსჯელეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პერსპექტივაზე.

სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსებისა და საკუთარი პოლიტიკური მრჩევლების მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოთქვა რწმენა, რომ მათი მოლაპარაკებები „შესანიშნავი“ იქნებოდა და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი „გონივრულ გადაწყვეტილებას“ მიიღებდა და მასთან „საუკუნის გარიგებას“ მიაღწევდა. თუმცა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ტრამპის ყველა გეგმა ვერ განხორციელებულა.

კიმ ჩენ ინი, მისი ცოლი რი სოლ ჯუ (მარცხნივ) და მათი ქალიშვილი კიმ ჯუ ე (მამის გვერდით დგას, შუაში) მაგიდასთან, სამხედრო მეთაურებით გარშემორტყმული კორეის სახალხო არმიის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ბანკეტზე. ფხენიანი, 2023 წლის 7 თებერვალი

2021 წლის ნოემბერში სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მმართველ წრეებში დაიწყეს იდეოლოგიური ტერმინის „კიმჩენინიზმის“ გამოყენება. კიმ ჩენ ინმა ბრძანა, ფხენიანში ადმინისტრაციული შენობებიდან მისი მამის და პაპის პორტრეტები ჩამოეხსნათ, როგორც ჩანს, „წინაპრების ჩრდილიდან გამოსვლის“ მცდელობის მიზნით. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ კიმ ჩენ ინს უწოდა „დიდი ლიდერი“ - ტიტული, რომელიც ადრე მის პაპას, კიმ ირ სენს ეკუთვნოდა.

ამ ზაფხულს მედიამ და ანალიტიკოსებმა მოულოდნელად დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა, თუ რამდენ ხანს შეძლებს კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მართვას - ბევრს ეწევა, ლოთობს და კარგი მჭამელია, ცუდი მემკვიდრეობითობით, რომელიც მრავალი დაავადებით იტანჯება (ბოლო დროს მისი წონა 140 კილოგრამი იყო, სიმაღლე კი 172 სანტიმეტრი, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მან შესამჩნევად დაიკლო წონაში).

შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემების და სხვა მიზეზების გამო, კიმ ჩენ ინი უკვე ამზადებს მემკვიდრეს წინასწარ. ეს მისი სრულიად ახალგაზრდა ქალიშვილია, კიმ ჯუ ე, რომელიც 12 თუ 13 წლისაა. ის მამას მუდამ თან ახლავს ყველა ღონისძიებაზე და მას უჩვეულოდ ხშირად ახსენებს ჩრდილოეთ კორეის მედია.

კიმ ჩენ ინი და მისი ქალიშვილი ჯუ ე (მარცხნივ გვერდით) საბრძოლო ხომალდის „კანგ კონის“ წყალზე მეორე გაშვების ცერემონიაზე ქალაქ რასონის პორტში. გამანადგურებელი ერთი თვით ადრე წარუმატებელი გაშვების დროს დაზიანდა. მეორე გამოცდა წარმატებით დასრულდა. 2025 წლის 12 ივნისი

კიმ ჯუ ე, სავარაუდოდ, 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში დაიბადა. მისი დედა, რი სოლ ჯუ, მთელი 2012 წლის განმავლობაში არც საჯაროდ და არც ჩრდილოეთ კორეის მედიაში არ გამოჩენილა, რაც მოგვიანებით მის ორსულობას დაუკავშირეს. ჯუ ეს სახელი პირველად ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა გაამხილა, რომელიც კიმების ოჯახთან უცნაურად ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს.
კიმ ჯუ ე პირველად საჯაროდ გამოჩნდა 2022 წლის ნოემბერში, როდესაც ის მამამისს ახლდა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის, „ჰუასონგ-17“-ის გამოცდაზე.

ბოლო დროს კიმ ჯუ ე არა მხოლოდ ყოველთვის მამამისის გვერდითაა - ბევრ ფოტოსა და ვიდეოში ის მის წინ დგას, რაც სრულიად წარმოუდგენელია ჩრდილოეთ კორეისთვის და ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩრდილოეთ კორეის მედია ასეთ მასალას შემთხვევით არ აქვეყნებს და, რა თქმა უნდა, - უზენაესი მმართველის ნებართვის გარეშე. კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) და გაზეთი „როდონგ სინმუნი“, რომლებიც სხვებზე ხშირად აქვეყნებენ ჯუ ეს სურათებს, პროპაგანდისა და კონტროლის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ფხენიანი ყოველთვის იყენებს მოსახლეობისთვის გასაგები პოლიტიკური გზავნილების გასავრცელებლად.

კიმ ჯუ ე სამხედრო აღლუმზე ფხენიანში. 2023 წლის 8 თებერვალი

ბოლო სამი წლის განმავლობაში კიმ ჯუ ეს ოფიციალურმა იმიჯმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თავიდან ის ჩვეულებრივ პატარა გოგონას ჰგავდა, შესაბამისად იყო ჩაცმული და ყველაფერზე გულწრფელად იღიმოდა, რასაც ხედავდა. თუმცა ახლა ის სწრაფად გახდა მამამისის სიმაღლის (რაც ასევე უცნაურია და ბევრ კითხვას ბადებს, იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, 12 წლის გოგონას საშუალო სიმაღლე სამხრეთ კორეაში, სადაც ხალხი გაცილებით უკეთ იკვებება, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში, 155 სანტიმეტრია).

ახლა კიმ ჯუ ე მხოლოდ იმ მკაცრი სტილით იმოსება, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ხელმძღვანელი ქალებისთვისაა მიღებული, მხოლოდ უმაღლესი პარტიული და სამხედრო ხელმძღვანელობის თანდასწრებით ჩნდება (კიმ ჩენ ინის გარდა, რომელიც ყოველთვის ახლოსაა) და იცის, როგორ უპასუხოს ჩვეულებისამებრ ქედმაღლურად ქედის მოხრით მისალმებასა და კომპლიმენტებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან ჩრდილოეთ კორეის გაზეთებმა და ტელევიზიამ ოფიციალურად უწოდეს მას „დიდი მენტორი“. ეს პრაქტიკულად სამეფო ტიტულია, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორისა და მისი სავარაუდო მემკვიდრისთვისაა განკუთვნილი. თავად კიმ ჩენ ინს „დიდ მასწავლებელს“ უწოდებდნენ, როდესაც სასწრაფოდ ემზადებოდა მამამისის, კიმ ჩენ ირის, ადგილის დასაკავებლად, როცა მას ალკოჰოლიზმი და დიაბეტი ნელ-ნელა ბოლოს უღებდა.

კიმ ჩენ ინი და კიმ ჯუ ე სამხედრო ტექნიკის ქარხანაში სტუმრად. 2024 წლის 5 იანვარი

არსებობს მოსაზრება, რომ კიმ ჩენ ინის ქალიშვილისთვის ასეთი საჯარო და საზეიმო იმიჯის შექმნა მხოლოდ მცდელობაა, მთელი კიმების ოჯახის სახე-იმიჯი, აბსოლუტური, პირველი „კომუნისტური მონარქიისა,“ გააძლიერონ, რათა თავიდან აიცილონ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობისთვის შესაძლო კონკურენცია ჩრდილოეთ კორეის სხვა მაღალი თანამდებობის პირებისგან. თუმცა ბევრი სამხრეთკორეელი და დასავლელი ანალიტიკოსი კვლავ დარწმუნებულია, რომ კიმ ჯუ ე მამამისის მემკვიდრედ აირჩიეს - და ადრე თუ გვიან ის შეიძლება ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში პირველი ქალი გახდეს, რომელიც უზენაესი მმართველის თანამდებობას დაიკავებს.