ევროკავშირი: კატეგორიულად ვგმობთ ხელისუფლების დეზინფორმაციას „ომში ჩათრევასა“ და „არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევაზე“

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს „ხელისუფლების დეზინფორმაციას“

ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანუარ ელ ანუნი ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების „დეზინფორმაციაზე“.

„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით“, - წერა 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავს მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს“, - აცხადებს ევროკავშირი.

„რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და [საზოგადოების] გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება“, - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ მკაცრად ვგმობთ ელჩ ჰერჩინსკიზე პერსონალურ თავდასხმებს - ევროკავშირი „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ

კონტექსტი

საქართველოში დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.

ამ საკითხზე ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა 14 ივლისს წერილი გაუგზავნა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.

წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე.

საუბარია რვა რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელთა შორისაც არის:

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
  • კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.

21 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ამ წერილზე პასუხად განაცხადა, რომ:

  • „ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს";
  • „ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას“.
ასევე ნახეთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები "დიდ გაწბილებას იწვევს"

სამოქალაქო ორგანიზაციების სხვადასხვა წარმომადგენელმა საპატრიარქოს ეს განცხადება გააკრიტიკა, რასაც სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 23 ივლისს ასე უპასუხა:

„ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე“.

ასევე ნახეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - გზა "მნიშვნელოვანი მიღწევიდან" "დიპ სტეიტის ბოლო კოზირამდე"

მხარდაჭერა ელჩ ჰერჩისნკის

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე განცხადებების ფონზე, ევროკავშირმა მხარდაჭერა გამოუცხადა ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩისნკის.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“, - წერია ამავე განცხადებაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ ქვეყნის მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის“, - წერია 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.