28 სექტემბერს მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს წინ ფრთხილი, ზოგჯერ შიშნარევი ოპტიმიზმი უძღოდა. ექსპერტები პროდასავლურ ძალებს მხოლოდ მცირედ უპირატესობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია ახალ პარლამენტში უმრავლესობით [55 მანდატით] იქნება წარმოდგენილი.
არჩევნების შემდეგ ექსპერტები თანხმდებიან, რომ მოლდოვა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ევროინტეგრაციის უფრო მკაფიო, სწრაფი პერსპექტივით.
"იყოჩაღა მოლდოვამ! დიდებული ამბავია", "ყოჩაღ მაია [სანდუ] და მოლდოველი ხალხი! ნამდვილად იმსახურებენ ევროკავშირში გაწევრიანებას", "ეს არის დემოკრატიის გამარჯვება ოლიგარქიაზე", "მოლდოვა ევროპას ირჩევს! მოლდოვა გახდება ევროკავშირის წევრი"... - მოლდოვაში ევროპული ძალების გამარჯვებას სიხარულით შეხვდა საზოგადოების პროევროპული ნაწილი და იგივე ისურვა საქართველოში. ეს შედეგი მათთვის რუსეთის მარცხის ნიშანი და იმის დასტური გახდა, რომ თავისუფალი არჩევანისას ამომრჩეველი თავისუფლებას ირჩევს.
“ეს არის საბოლოოდ უარის თქმა წარსულზე, უარის თქმა რუსეთის იმპერიისთვის… მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უამრავი უკანონობა ჩაიდინა [მოლდოვაში], მათ შორის - ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი; ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ინსტრუმენტიც გამოიყენა - კიბერთავდასხმები და ასე შემდეგ; ასეულობით მილიონი დოლარი დახარჯა [რუსეთმა], მაგრამ მაინც ვერ შეძლო მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობის ყიდვა და დამარცხდა ამ ფრონტზე”,- ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ის მიგვითითებს კანონზომიერებაზეც, რომ - “იქ, სადაც თავისუფალი არჩევნები ტარდება, ხალხი ხმას აძლევს თავისუფლებას” და მხოლოდ გაყალბების შემთხვევაში - “აღწევენ და იწერენ იმ შედეგს, რაც რუსეთს აწყობს”.
მოლდოვაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებენ “ქართული ოცნების” მომხრე ანალიტიკოსები. მათ საჯარო პოსტებში თუ სახელისუფლებო მედიასივრცეში ჭარბობდა ინფორმაცია კენჭისყრისას აღმოჩენილი დარღვევებისა თუ პრორუსული ოპოზიციის უკმაყოფილების შესახებ, მკაფიო მინიშნებით, რომ მოლდოვაში არჩევნები გაყალბდა.
სანდუს პარტიის გამარჯვებაში „ოცნების“ მომხრეები ხედავენ გამოწვევას - მოლდოვაში პროევროპული ძალების ზეიმმა შესაძლოა წაახალისოს ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე აპირებენ მისვლას. შესაბამისად, ძალოვან სტრუქტურებს ისინი უფრო გააზრებული მოქმედებებისკენ მოუწოდებენ.
„თუ ჯერ შევხედავთ, თუ რა ისტერიაა რუსულ მედიაში, პუტინის მედიაში ატეხილი და მერე შევხედავთ ქართულ პროსამთავრობო მედიებს, დავინახავთ პრაქტიკულად გადათარგმნილ ტექსტებს, ერთი და იმავე შინაარსის, ერთი და იმავე სიტყვებით გამოხატულ ზიზღს მოლდოვის და ზოგადად ევროპის თავისუფლების მიმართ“, - გვეუბნება ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსი რუსულ პროპაგანდად განიხილავს ბრალდებებს მოლდოვის ხელისუფლების მიმართ, რომ კიშინიოვმა ოპონენტები უკანონოდ დაბლოკა.
ბატიაშვილის თქმით, მოლდოვას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ჰქონდა სრული უფლება, რომ აეკრძალა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული ორგანიზაციები - "კრემლის პროექტები", რომლებიც ძირს უთხრიან დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალს.
ასევე ნახეთ მოლდოვაში არჩევნების დღეს 3 ადამიანი დააკავეს „მასობრივი დესტაბილიზაციის დაგეგმვისთვის“ ასევე ნახეთ მოლდოვაში კიდევ ერთ პრორუსულ პარტიას აეკრძალა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობამოლდოვის ცესკო ხმებს მთელი ღამის განმავლობაში ითვლიდა. 29 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, როცა უკვე ნათელი იყო, რომ მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 101-წევრიან პარლამენტში მანდატების უმრავლესობას აგროვებდა [55 დეპუტატი], რუსეთის ხელისუფლების საინფორმაციო საშუალებები კვლავ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქვეყნის შიგნით, ჯამში, ოპოზიციური ძალები იმარჯვებდნენ.
29 სექტემბერს, დილით, საქართველოში პროსახელისუფლებო “იმედი”კვლავ ავრცელებდა პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტი იგორ დოდონის სიტყვებს, რომ - არჩევნები, ჯამში, ოპოზიციამ მოიგო და რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ძალები უნდა გააერთიანონ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივი ძალებით უნდა შექმნან. დოდონის მიერ წინა ღამით გაკეთებულ განცხადებებს ავრცელებდა ასევე “რუსთავი 2”.
დღის მეორე ნახევრიდან, რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ვიდეომასალებს, რომლებზეც, თითქოს, არჩევნების გაყალბების უტყუარი ფაქტებია აღბეჭდილი. მსგავსი ვიდეომასალები საქართველოში პროსახელისუფლებო მედიის საინფორმაციო პროგრამებშიც მოხვდა.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, საერთაშორისო დამკვირვებლები - საარჩევნო პროცესში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევაზე მიუთითებენ. საერთაშორისო მისიამ, რომელიც ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს, 29 სექტემბერს განაცხადა, რომ არჩევნები დაძაბულ, “პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში” ჩატარდა, თუმცა იყო “კონკურენტული” და პროცესი ამომრჩეველს არჩევანის შესაძლებლობას აძლევდა.
ასევე ნახეთ პრორუსულმა ბლოკმა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხანმოკლე და მცირერიცხოვან აქციაზე გააპროტესტაოფიციალური მონაცემებით, ოპოზიციური პარტიების მაჩვენებლების ჯამი არ აღემატება მმართველი პარტიის მაჩვენებელს. თავად დოდონის „პატრიოტული ბლოკი” მეორე ადგილზე გავიდა. ხმების თითქმის სრულად დათვლის შედეგად: მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი 50,2%-ს, ხოლო დოდონის „პატრიოტული ბლოკის“ მაჩვენებელი - 24,17%-ს შეადგენს.
- 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ ყურადღება დიდი იყო. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ სწორედ ეს არჩევნები განსაზღვრავდა მოლდოვის მომავალს - გააგრძელებდა გზას ევროკავშირისკენ თუ დაუბრუნდებოდა რუსეთის ორბიტას.
- არჩევნების შემდეგ კი, მოლდოვას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებენ - გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა თავის ერთბაშად გახსნასა და 2029 წლისთვის მომზადებას, როცა ევროკავშირში სავარაუდოდ ახალ წევრებს მიიღებენ.
ევროპელი ლიდერები მოლდოველი ხალხს ისტორიულ, გარდამტეხ გამარჯვებას ულოცავენ.
“მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის დათესვისა და დაყოფის მცდელობები ვერ გატეხს შენს გადაწყვეტილებას. შენი არჩევანი ნათელია: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ ვიქნებით შენთან ერთად ამ გზაზე ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. მომავალი შენია“, - დაწერა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოლდოველების არჩევანს „დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზაზე“ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი უწოდა. „მათ ევროპა აირჩიეს. ევროპა მოლდოვაა. მოლდოვა ევროპაა“- დაწერა მან X-ზე.
მოლდოველების სიხარულს უერთდება სხვა არაერთი ლიდერი. გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ “რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის მიუხედავად” მოლდოვამ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება შეძლო.
“მხარს ვუჭერთ ევროპას ევროკავშირისკენ გზაზე” - წერს მერცი X-ზე.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ კრემლი ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები 29 სექტემბერს, დღის განმავლობაში დუმდნენ. „ოცნების“ პრემიერ-მინისტრისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტები არ იძებნებოდა პლატფორმა X-ზე [რადიო თავისუფლებამ ბოლოს 20:00 საათისთვის შეამოწმა].
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება ვარშავის უსაფრთხოების ფორუმიდან მიულოცამოლდოვას ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა - ვარშავიდან, სადაც ის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის.
“ეს არის იმედის სიგნალი და გზავნილი, რომ დავრჩეთ მტკიცენი ჩვენს ბრძოლაში, კვლავ დავბრუნდეთ ევროპის გზაზე, რომელიც ერთად წამოვიწყეთ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ”, - ზურაბიშვილი ამბობს, რომ დამთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის აგრესია და შეტევები “სამი ასოცირებული ქვეყნის” მიმართულებით ხორციელდება“.