ევროსაბჭოს “ოცნებამ” ისევ “წითელ ხაზებზე” მიუთითა

PACE-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები 11 ნოემბერს გამართეს.

მოკლედ

  • PACE-ს დელეგაციასთან, თბილისში გამართულ შეხვედრებზე, იმსჯელეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროტესტის წინააღმდეგ მიღებულ კანონებზე, ადამიანის უფლებებზე, ევროინტეგრაციის შეჩერებულ პროცესზე.
  • PACE-ს რეზოლუციები მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმასა თუ ადამიანის უფლებების შეზღუდვას.
  • „ქართული ოცნება“ უარს ამბობს PACE-ს რეკომენდაციების შესრულებაზე და ვენეციის კომისიის დასკვნებს მიუღებელ მოსაზრებებს უწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ საქართველო ბრიფინგის გარეშე დატოვა. “ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ მათ “წითელი ხაზებისკენ” მიუთითეს.

PACE-ს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე - ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC), საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) და მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე, ბას კლეინი.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, თბილისში გამართული შეხვედრების მთავარ თემებს შორის იყო - საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასვე პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ მიღებული კანონები, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა, დაპატიმრებულთა ბედი, ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესი.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თბილისის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასე დაძაბული იმ 26 წლის მანძილზე, რაც ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა.
  • ბოლო წელს PACE-ს მიღებული აქვს არაერთი მწვავედ კრიტიკული რეზოლუცია - საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შესახებ.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე “ქართულმა ოცნებამ” უარი გაზაფხულზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დაიწყო ლაპარაკი. აგვისტოში, ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებაც.


სადავო პარლამენტში შეხვედრები PACE-ს წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს გამართეს. 12 ნოემბერს კი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არავის დარწმუნება არ უცდიათ, სტუმრებს ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკებოდნენ:

„კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში. ქართველ ხალხს, რომელმაც ბრძოლით მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა; ქართველი ხალხი, რომელმაც სისხლით მოიპოვა საკუთარი უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამ უფლებას არავის არ დაუთმობს”.

სადავო პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პაპუაშვილმა PACE-ს წარმომადგენლებს უთხრა, რომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს, წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით, მაშინ, როცა “ადგილობრივი არჩევნები იმავე პირობებში ჩატარდა, როგორც საპარლამენტო არჩევნები”. იმ ფაქტს, რომ “ორმა ოპოზიციურმა პარტიამ შეწყვიტა ბოიკოტი და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო”, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს “არაპირდაპირ” მტკიცებულებად, რომ “საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განზრახ ცრუ ბრალდებები” ვრცელდებოდა.

PACE-ს წარმომადგენლებს, სადავო პარლამენტში ახლახან შესული პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმაც დაუდასტურეს, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილება „დამაზიანებელი“ იყო და პარლამენტში დაბრუნებით - „ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი“ დააბრუნეს პოლიტიკაში. „მათთანაც ვაღიარეთ, რომ ეს [ბოიკოტი] იყო შეცდომა“ - თქვა პარტიის სახელით პარლამენტში შესულმა გიორგი შარაშიძემ.

  • სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს უთხრა, რომ ახალი კანონმდებლობა “სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან” და ეს ცვლილებები “გაცილებით მსუბუქიც კი არის, ვიდრე ეს არის სხვა ქვეყნებში”.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებით, “ოცნების” მიერ დამტკიცებული ახალი კანონები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ხელყოფს.

  • სადავო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კი, მათ განუცხადა, რომ “დროებითი დაძაბულობის” მიუხედავად, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და იმედოვნებს, რომ “უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და დიალოგი აღდგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის”.


ასოცირების შეთანხმება გაწევრიანების პროცესში სახელმძღვანელო დოკუმენტი არ არის.

შალვა პაპუაშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ, ხალხმა აირჩია და მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

ვენეციის კომისიის შესახებ კი, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებენ სხვადასხვა კანონთან დაკავშირებით მათი უარყოფითი რეკომენდაციების გათვალისწინებას. სადავო პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნები მხოლოდ “მოსაზრებას” წარმოადგენს.

ჩვენ ამ მოსაზრებებს, რომლებიც მოვისმინეთ, არ ვიზიარებთ, ვიღაცა შეიძლება იზიარებს. ეს არ არის კანონი”, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მანამდე შეხვდნენ სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციას

სადავო პარლამენტში შეხვედრების გამართვამდე, PACE-ს წარმომადგენლები ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიაექსპერტებს შეხვდნენ, როდესაც საქართველოში შექმნილი კრიზისის შესახებ ისაუბრეს.

„ვიმსჯელეთ იმ საკითხების გარშემო, რაც ჩვენი შესწავლის საგანია. ეს არის, მაგალითად - სასამართლოში არსებული მდგომარეობა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობა, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული რეგულაციები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები და ყველა ის საკითხი, რომელიც ქართული დემოკრატიის კუთხით უკუსვლას იწვევს - ეს ინფორმაცია მათ ჰქონდათ, ჩვენ სხვადასხვა დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო -ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს. ამ პოლიტიკურ ძალებს აკრძალვას უპირებს “ქართული ოცნება”, საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით.

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისაუბრეს პარტიების გაუქმებაზე, როგორც - “დიქტატურის კონსოლიდაციის” ნიშანზე, “პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე” და ევროსაბჭოს ქოლგის ქვეშ არსებული “სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე” - “რუსული რეჟიმის” რეპრესიული ნაბიჯების შეჩერების მიზნით. ბოკუჩავამ ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა “სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში”.

ასევე ნახეთ დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს - PACE-ს თანამომხსენებლები

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტს წინ უსწრებდა მათი ერთობლივი, კრიტიკული განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ჩანაფიქრთან დაკავშირებით.

„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება“, - ნათქვამია ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ერთობლივ განცხადებაში. ტექსტი მოიცავს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, რომ “გადახედოს [საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ] სარჩელს და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა შეაჩეროს“.

კიდევ უფრო ადრე, 2 ოქტომბერს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კიდევ ერთი მკაცრი რეზოლუცია დაამტკიცა, ედიტ ესტრელამ განაცხადა, რომ „ეს რეზოლუცია პასუხობს კრიზისს, რომლის იგნორირებაც უკვე შეუძლებელია” და “საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია“.

რეზოლუციაში სახელწოდებით - „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ - აღნიშნულია, რომ - „დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".

კომიტეტის თანამომხსენებელმა საბინა ჩუდიჩმა იმ დღეს საქართველოში ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაზე ილაპარაკა და თქვა, რომ - „ჟურნალისტებზე თავდასხმები გრძელდება. მზია ამაღლობელი კვლავაც ციხეშია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“.

„ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი“ - ასეთი იყო “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასება PACE-ს მორიგ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე “ქართულმა ოცნებამ” უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო. აგვისტოში, ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვასთან დაკავშირებით; თუმცა ასეთი პროცედურები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წელს გახდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანა ამ ორგანიზაციაში მსგავსი კრიზისის წინაშე არასოდეს მდგარა.

მეორე დღეს, რაც PACE-ს დელეგაციამ თბილისი დატოვა, გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტიის - "გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს "გავრილოვის ღამეს“ განვითარებულ მოვლენებთან და "ჩორჩანის საგუშაგოს" გახსნასთან დაკავშირებით.

გახარიას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, როგორც ითქვა, მოამზადებენ მორიგ ანგარიშს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.