„საბრძოლველად ემზადება, მე ასე ვხედავ“ - ერეკლე მეფის ძეგლის მოქანდაკე

ერეკლე მეორის ძეგლი თბილისში

მოკლედ

  • თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „სამგორის პარკში“ ერეკლე მეორის ძეგლი დადგეს
  • ძეგლის ესკიზი მერაბ მერაბიშვილის მიერაა შექმნილი, ხოლო მონუმენტზე რამდენიმე მოქანდაკე მუშაობდა
  • ძეგლი ბევრს არ მოეწონა - ზოგი მეფის ნაკვთებს აკრიტიკებდა, ზოგიც კი იმას, რომ მას ხმალი შემართული არ ჰქონდა
  • რადიო თავისუფლება ერთ-ერთ არქიტექტორს ძეგლის შექმნის შესახებ ესაუბრა
ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც 24 სექტემბერს „ქართული ოცნებების“ მთავრობამ გახსნა, საკამათო თემად იქცა. ბევრი ამბობს, რომ ძეგლი ერეკლეს არ ჰგავს, ბევრიც იმის გამო აკრიტიკებს ქანდაკებას, რომ მეფეს ხმალი არ აქვს შემართული.

თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა რომ იყო გადაწყვეტილი, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ეს განზრახვა მაშინვე არ მოეწონა საზოგადოების ნაწილს, რომელმაც ამ ძეგლში მმართველი ძალის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი დაინახა - მეფე ერეკლემ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, დღეს კი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველო სულ უფრო სცილდება დასავლეთს და რუსეთის გავლენის ქვეშ ბრუნდება.

ასევე ნახეთ გეორგიევსკის „ლეღვის ფოთოლი“

ქანდაკება კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ძეგლი კახეთის გზატკეცილზე, „სამგორის პარკში“ დადგეს. 24 სექტემბერს ის ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.


ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა

ძეგლის ესკიზის ავტორი აწ გარდაცვლილი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილია. მისივე გაკეთებულია ერეკლე მეორის ძეგლი თელავში. მონუმენტზე მოქანდაკეებმა - მალხაზ ცისკაძემ და ჯონი გოგაბერაშვილმა იმუშავეს. ქანდაკების შექმნაში ასევე მონაწილეობდნენ: ვახტანგ ვარდოსანიძე, უშანგი ჭიჭიაშვილი, თემურ კიკნაველიძე, თემურ ქოქიაშვილი და ავთანდილ კბილცეცხლაშვილი.

ძეგლი ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან, პიედესტალს ზემოთ მისი სიმაღლე 5 მეტრია. ცხენზე შემჯდარ მეფე ერეკლეს თავზე მუზარადი ახურავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საბრძოლველად არის გამზადებული. მარცხენა ხელით ხმალი და აღვირი უჭირავს, მარჯვენა მაღლა აქვს შემართული, თითქოსდა ჯარს რაღაცას ანიშნებსო.

თბილისელების ნაწილს ის არ მოეწონა, რომ ერეკლე მეფე თელავში დადგმული ძეგლისგან განსხვავებით ხმალშემართული არაა. ბევრი წერდა, რომ აქ ერეკლე მონღოლ ხანებს უფრო ჰგავს, ვიდრე თავის თავს.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა ვახტანგ ვარდოსანიძეს, რომელიც ქანდაკებაზე მუშაობდა. ის ამბობს, რომ ესკიზი მოქანდაკეებს კულტურის სამინისტრომ გადასცა და მათაც ზედმიწევნით შეასრულეს შეკვეთა.

„ესკიზი თაბაშირში გაკეთებული, გადიდებული მოვიდა ჩვენამდე. პატარა ორიგინალი რაც იყო, იგივე იყო გადიდებულიც. არაფერი შეცვლილა და ამის მიხედვით გავაკეთეთ". - ამბობს ვახტანგ ვარდოსანიძე, - "ეს ძეგლი განასახიერებს სილამაზეს, ვაჟკაცობას, ხმალი ქარქაშიდან აქვს ამოღებული, ბავშვობიდან რომ ამოიღო ხმალი ქარქაშიდან იმის მსგავსად, განრისხებული სახე აქვს, საბრძოლველად ემზადება... მე ასე ვხედავ ამ ძეგლს. მე ვამგვანებ ერეკლეს, ჰგავს, მაგრამ მთავარი მაინც არსია“.

საქართველოსა და საზღვარგარეთ დგას მერაბ მერაბიშვილის სხვა სკულპტურებიც: ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, ერეკლე მეორის ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლი თბილისში და გიორგი დიმიტროვის ძეგლი მოსკოვში - გიორგი დიმიტროვი იყო ბულგარელი რევოლუციონერი და კომუნისტი, რომელსაც მეტსახელად ბულგარელ ლენინსაც ეძახდნენ.

ასევე ნახეთ უცხოელი დიპლომატები ჩვენთან საუბარში ლანძღავდნენ ერეკლე II-ს - კობახიძე ძეგლის გახსნის შემდეგ