ოფიციალური ინფორმაციით, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში“ მკურნალობას განაგრძობს 2 პოლიციელი, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში შეყვანისას, საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა 5 ოქტომბერს, დილის საათებში უკვე დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.
„გუშინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტთან გამოვლინდა: ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, კერძოდ - სისხლჩაქცევა, მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ”, - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის თქმით, 6 ოქტომბერს პოლიციელს უკვე პალატაში გადაიყვანენ. ის “კონტაქტური და ადეკვატურია”.
ექიმის თქმით, ასევე, აქციიდან კლინიკაში სულ ხუთი დაშავებული შეიყვანეს, აქედან - „სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე“. კლინიკაში მყოფი კიდევ ერთი პაციენტი "მსუბუქი ტვინის შერყევით" განაგრძობს მკურნალობას.
ასევე ნახეთ 21 პოლიციელი და 6 დემონსტრანტი კლინიკაში გადაიყვანეს - ჯანდაცვის სამინისტროპოლიციელები, რომლებიც 4 ოქტომბერს დემონსტრანტებთან დაპირისპირების დროს დაშავდნენ, 5 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა, გელა (გეკა) გელაძემ მოინახულა. მან პოლიციელებს მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.
“ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი სამართალდამცველი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს კი შედარებით სტაბილურობა გვაქვს. ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება”, - უთხრა მედიას გელაძემ.
რამდენიმე საათით ადრე, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავდა 60-მდე ადამიანი; ხოლო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა აქციის 6 მონაწილესა და 21 სამართალდამცველს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
4 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის დაშლის დროს, წყლის ჭავლის გარდა, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის ტრავმის გარდა, კანის დამწვრობაც მიიღეს.
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
დაიკარგა და დაზიანდა მათი პროფესიული ტექნიკა. რუსთაველის გამზირზე მუშაობის დროს, დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64-მა”, “ნეტგაზეთმა” და “მაყურებელმა”. მათ დრონები ამ დრომდე არ უპოვიათ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ქარტიამ შეკრიბა არაერთი ფაქტი:
- ორჯერ დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია. ვიდეოში ჩანს, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოპერატორმა მუშაობა გააგრძელა, რა დროსაც მას ფეხზე, სავარაუდოდ, გაზის კაფსული მოხვდა.
- “ტვ პირველის” ჟურნალისტს ირაკლი ბახტაძეს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დამიზნებით ესროლეს, სავარაუდოდ, გაზის კაფსული. ჟურნალისტი მძიმე დაზიანებისგან ჩაფხუტმა იხსნა.
- დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. მან „მედიაჩეკერს“ უთხრა: „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”.
- პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს - "ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ჟურნალისტს აგინებენ, ხელს ჰკრავენ და ტერიტორიიდან აგდებენ. გიორგი დიასამიძეს ჰქონდა პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და ის პოლიციელებს ეუბნება კიდეც, რომ მედიას წარმოადგენს".
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად, "აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, შეასხეს „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს - შალვა სუმბაძეს, ნიკა ცირიკიძეს და ვახო ლეკიაშვილს". ჟურნალისტ შალვა სუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მათგან გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ. ის პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა და დამცავი საშუალება - აირწინაღი, მოიხსნა, რითაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს.
აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მათ მანამდე ხელითაც შეეხნენ. წამყვანის თქმით, დაზიანდა ტექნიკაც.
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფსაც.
ქარტიის ინფორმაციით, პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს.