ვისთვის „დადგა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დრო“? - გაიგეთ მეტი მათ შესახებ

რა აკავშირებთ ერთმანეთთან, ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთის ხელისუფლებასთან ქართველებს, რომლებიც რუსულ-ქართული ბიზნეს და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის იბრძვიან?

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი”, - ასე ახსნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის სანქციები, რომლებიც მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, დაუწესა, თბილისში ანტისახელისუფლებო და პროევროპული დემონსტრაციების დარბევის შემდეგ.

ერთი წლით ადრე, 2023 წელს, აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესაც. ვაშინგტონმა ფარცხალაძეს „ქართველი-რუსი ოლიგარქი“ უწოდა და სანქცირებისას არგუმენტად ის მოიყვანა, რომ მას რუსული ФСБ (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ფარცხალაძემ ამის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რუსი მონარქების დინასტიის გვარი დაიმატა - რომანოვ-ფარცხალაძე გახდა - და 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმსაც დაესწრო.

ამ სტატიაში გიყვებით, ვინ და როგორ აქტიურობს რუსულ-ქართული ბიზნეს და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან, ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთის ხელისუფლებასთან.


იმპერია საინფორმაციო ველზე

9-10 ივნისს მოსკოვში ულტრაკონსერვატორული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - მომავალი 2050. ორდღიან ფორუმზე, რომელზეც განიხილებოდა, როგორ გარდაიქმნებოდა რუსეთი სუპერიმპერიად და სუპერცივილიზაციად 2050 წლისთვის, სპიკერებს შორის იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის და ინოვაციური მეწარმის, ელონ მასკის მამა, ეროლ მასკი, რუსეთის "პირველი არხის" წამყვანი და პუტინის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე ეკატერინა ანდრეევა, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი და რუსული მედიისა და ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი. ნაწილი ამ ფორუმში მონაწილე საკამათო ექსპერტებისა და პოლიტიკის კომენტატორებისა, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეჭვის თვალით უყურებენ და ხშირად იზიარებენ რუსული წარმომავლობის შეთქმულების თეორიებს, ქართულენოვანი სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ხშირი სტუმარია. მათ კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე საქართველოში ავრცელებენ, როგორც დასავლელი ექსპერტების ხედვას.

რუსულ ფორუმებსა და ქართულ პროსამთავრობო საინფორმაციო ველზე მსგავსი პოპულარობით სარგებლობენ, მაგალითად:

  • ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი - ის, ფაქტობრივად, უგულებელყოფს უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნებას დასავლური კურსის არჩევისას.
  • CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი - ხშირად ჩნდება კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ეთერში; ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ევროპა და შეერთებული შტატები არიან დამნაშავენი.
  • კონსპირაციების თეორიებით ცნობილი ამერიკელი რადიოწამყვანი ალექს ჯონსი, რომელიც 2022 წელს ამერიკულმა სასამართლომ 49 მილიონი დოლარით დააჯარიმა 2012 წელს კონექტიკუტის შტატის სკოლაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
ასევე ნახეთ მასკის მამა და რუსეთის ახალი იმპერია 2050 წლისთვის

რუსეთთან ქართული საინფორმაციო ველის სიახლოვის კიდევ ერთი მაგალითია 2025 წლის მაისში თბილისში კრემლისტურ პარტიასთან, “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, დაკავშირებული ორგანიზაციის, “სოციალისტური პლატფორმის” ინიციატივით გამართულ კონფერენციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, ახალი ამბების ბლოკის ყოფილი დირექტორის და ამჟამად გადაცემა „42° პარალელის“ წამყვან გიორგი გვიმრაძისა და ამავე არხის ანალიტიკოს ნინო ხელაიას მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეები ლიბერალური სისტემის კრიზისზე, კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებასა და დასავლურ იმპერიალიზმზე მსჯელობდნენ - მათი აღქმით, ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთნაირად საშიში იდეოლოგიებია და მათ წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებებია საჭირო.

გიორგი გვიმრაძე და ნინო ხელაია კრემლისტურ პარტიასთან, “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, დაკავშირებული ორგანიზაციების ღონისძიებაზე

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და პირდაპირი დიალოგი რუსეთთან

“დაიწყოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან“ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვდა, აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლით, - ითხოვს "თავისუფალი ტრიბუნა" და 100 000 მხარდამჭერის შეგროვებას ისახავს მიზნად. 13 მაისს გამოქვეყნებულ პეტიციაზე დაახლოებით ერთ თვეში 55 000- ზე მეტი ხელმოწერაა.

პეტიციის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, "თავისუფალმა ტრიბუნამ" სასტუმრო "ამბასადორში" კონფერენცია გამართა. „სამეზობლო პოლიტიკაზე“ სასაუბროდ შეკრებილებს შორის იყვნენ "პრიმაკოვის ფონდის" ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია, თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი პაატა აბულაძე, "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული ორგანიზაციის, "ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, პრორუსული ტელეკომპანია "სეზონის" წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, 2008 წლის ომის დროს რუსეთის ჯაშუშობისა და მტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის გასამართლებული და 2013 წელს “პოლიტპატიმრის” სტატუსით გათავისუფლებული ტრისტან წითელაშვილი, „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელია. კონფერენციის დასასრულს, მათ ხელი მოაწერეს კონფერენციაზე შემუშავებულ რეზოლუციას.

“ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო ვერ შეძლებს მასშტაბური სიძნელეების დაძლევას… დადგა რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის დროც”, - წერია ამ რეზოლუციაში, რომელშიც რუსეთი დახასიათებულია, როგორც “საქართველოს ყველაზე დიდი და ძლევამოსილი მეზობელი.” იქვე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის 200 წელი ქვეყნისთვის სასარგებლო პერიოდად არის მიჩნეული.

“ერთად ცხოვრებისა და ერთად შენების ორასწლოვანი ისტორია შეწყდა, რამაც საქართველოს ბევრად მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სხვას”, - წერია რეზოლუციაში.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენისთვის მებრძოლი "თავისუფალი ტრიბუნა" ორგანიზაციად რეგისტრირებული არ არის - მისი წევრების აღწერით, ეს არის პლატფორმა ყველასთვის, ვისაც რუსეთთან კეთილმეზობლობა უნდა.


საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათი რიცხვი კი, ვინც თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, 2023 წლის მონაცემებით, 7 %-ია. "ებერტის ფონდის" 2021 წლის კვლევით, მოსახლეობის 30 პროცენტისთვის შეუძლებელია საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, სანამ არ შეიცვლება მოსკოვის განზრახვა, კვლავ თავისი გავლენის სფეროში დააბრუნოს საქართველო.


“ხელმოწერების შეგროვება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენი საწყისი მიზანი 100-150 ათასი ხელმოწერის შეგროვება არის. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ საზოგადოებაში კონსოლიდაციაა რუსეთთან დიალოგის აღდგენის იდეის გარშემო.

როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, ხელისუფლებას ვთხოვთ, დაიწყონ მოძრაობა. თუ 150 ათასი ხელმოწერა საკმარისი არ იქნება, გავაგრძელებთ. შევაგროვებთ მანამ, სანამ ეს რაოდენობა არ გახდება არგუმენტი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია”, - ასე აღწერს მამუკა ფიფია, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვისა და ქართველი პარლამენტარის, ვასილ ჩიგოგიძის მეგობარი, რეზოლუციის მიზნებს.

მამუკა ფიფიამ, სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და “ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის” დასადებად წამოიწყებდა მოძრაობას, 2021 წელს დაარეგისტრირა ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, რომელმაც ორ წელიწადში სტატუსი შეიცვალა და პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა.

სხვებთან ერთად ამ პარტიის წევრები არიან კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი თემურ ფიფია, მერაბ ჭიქაშვილი "პატრიოტთა ალიანსიდან", "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თემურ მაისურაძე, "პატრიოტი TV-ის" დამფუძნებელი გიორგი ირემაძე.

2023 წელსვე მამუკა ფიფიამ თანამოაზრეებთან ერთად რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მნიშვნელობაზე დაიწყო საუბარი და 2024 წლის ივნისში პუტინს მიმართა, „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მოგმართავთ თხოვნით, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის"-ო. 2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი გა­ფარ­თო­ვა.

საპროტესტო აქცია თბილისის აეროპორტთან მოსკოვიდან თბილისში მომავალი პირველი ავიარეისის პარალელურად. 19 მაისი, 2023 წელი

აფხაზეთიდან დევნილმა ფიფიამ, 2024 წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქში, რომლის ნაწილი უკრაინის ჯარებს ჰქონდათ დაკავებული, “რუსეთში მცხოვრები ქართველების სახელით" დახმარება ჩაიტანა. 2025 წლის იანვარში ის ბელარუსში იყო ლუკაშენკას არჩევნებზე “საერთაშორისო დამკვირვებლად”. 2025 წლის მაისში მისი თანაგუნდელები უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკსა და მარიუპოლში, ჩავიდნენ. ეს ვიზიტი რუსული პროპაგანდისტული მედიის ფოკუსშიც მოხვდა.

„სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და ამ საქმეში ჩვენი, ხალხის ხმა და მოთხოვნა გადამწყვეტი იქნება”, - პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრი მიხეილ ჟღენტი ოკუპირებულ მარიუპოლში

ფიფია ხშირად ხვდება პუტინის დიდი ხნის მეგობარს, რუს პოლიტიკოს სერგეი გლაზევს. გლაზევი 10 წელზე მეტია, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მოხელეთა სიაშია, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.

მამუკა ფიფია სერგეი გლაზევთან ერთად, რუსი პოლიტიკოსის კაბინეტში. 2025 წლის 5 მაისი

2024 წლის 22 ივლისს მამუკა ფიფია დაესწრო რუსეთის მმართველი პარტიის მიერ შექმნილ “რუსეთის მეგობრების კლუბის” საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც სერგეი ლავროვის მიმართვით გაიხსნა. 2025 წლის მაისში ის რუსული “სახალხო ერთობის კლუბის” პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს - ამავე კლუბის წევრია კრემლის იდეოლოგი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი.

ამ ორგანიზაციის წევრია ასევე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი

დუგინი, რომელიც 2008 წელს თბილისის აღებას ითხოვდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი აღფრთოვანებული იყო საქართველოს ხელისუფლებით და მას აგენტების კანონის მიღების გამო აქებდა, როგორც რუსეთის გზის გამგრძელებელს ლიბერალური აგენტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„საქართველო სუვერენული დერჟავა გახდა. ეს მოძმე მართლმადიდებელი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ქვეყანა გლობალისტების ზეგავლენისგან გათავისუფლდა და სუვერენული განვითარების ახალ გზას დაადგა. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ საქართველო დასავლეთისგან საკუთარ სუვერენიტეტს იცავს”.

"სახალხო ერთობის კლუბი", რომელიც ქართველ პრორუსებს და შოვინისტ რუს პროპაგანდისტებს აერთიანებს, პერიოდულად კონფერენციებს მართავს. 2025 წლის მარტის კონფერენციას - “ერებს შორის სახალხო დიპლომატია” - მამუკა ფიფიასთან ერთად ესწრებოდნენ ფიფიას თანაგუნდელი მიხეილ ჟღენტი და პაატა აბულაძე, თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი, მკვეთრად პრორუსული განწყობებით.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთანაც ფიფია მეგობრობს, პუტინის მხარდამჭერი რუსეთის მოტოკლუბი “ღამის მგლებია” - 26 აპრილს მოტოსპორტის სეზონის გახსნის ცერემონიალზე ფიფიამ და ამ კლუბის ლიდერმა, ალექსანდრ ზალდასტანოვმა საქართველოსა და რუსეთის დროშები გაცვალეს მეგობრობის ნიშნად და თანამოაზრეებს მიმართეს - “ღამის მგლების” ქართული ფილიალის გახსნა შორს არ არისო”.

„რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიღაც ადგილობრივმა მუსიკოსმა რუსეთის დროშა შებღალა. გუშინ საქართველოს პრემიერმა დაგმო ეს ოქროს წვიმის მოყვარული, უწოდა რა მის ჩადენილ სისაძაგლეს „უკულტურობის გამოვლენა“, - შეაქო ზალდასტანოვმა რუსულ სოციალურ ქსელ VKONTAKTE-ში ირაკლი კობახიძე და ასე გამოეხმაურა Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს - რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაციას.


16 ივნისს რუსეთმა რუსეთის დროშის “შეურაცხყოფისთვის” ირაკლი გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსული მედიის ცნობით, გამოძიება "რუსეთის მამების საბჭოს” თავმჯდომარის, ანდრეი ზგონნიკოვის მიერ გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

ასევე ნახეთ გავრილოვმა კობახიძეს საქციელი მოუწონა ერეკლე გეწაძის პერფორმანსის დაგმობისთვის

“[საქართველოს პატრიარქმა] ჩვენს ჯგუფს საუბრისას უთხრა: „რუსულმა და ქართულმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური ურთიერთობა - ეს არის ჩვენი კავშირების ერთადერთი გზა დღეს. ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნა სიყვარული რუსების მიმართ; ვერავინ დაგვაშორებს და ვერ დაგვაპირისპირებს“. ილია მეორის ნათქვამი დღეს პირდაპირ დასტურდება და პირდაპირ გვეხება”, - დაწერა 28 მაისს პუტინის მეგობარმა ვეტერანმა მოტოციკლეტისტმა რუსულ სოციალურ ქსელში. "ღამის მგლებს" საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში 2013 წელს უმასპინძლა.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებისა და დე ფაქტო რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

მეტი ეკონომიკური სიახლოვე

2025 წლის 28 იანვარს, ორი თვის თავზე იმ დღიდან, როცა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა, საჯარო რეესტრში ქართულ-რუსული ბიზნესასოციაცია დარეგისტრირდა. რეგისტრაციას წინ უძღოდა კონფერენცია, რომელშიც 60-მდე ქართული და რუსული კომპანია მონაწილეობდა.

„ჩვენ ყველა ველით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა იმ პრობლემების, რომლებიც ამ ბიზნესმენებს აკავშირებთ საზღვარს იქით და აქეთ, გადაიჭრება დაარსებული ორგანიზაციის მიერ. ძალიან დიდი ხანი იყო საჭიროება ასეთი ორგანიზაციის შექმნის და როგორც იქნა, ის შეიქმნა“, - თქვა კონფერენციაზე ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა, საქართველო-რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, მარად შაიდაევმა.

შაიდაევის გარდა, ეს ასოციაცია რუსეთთან ხანგრძლივად დაკავშირებულ არაერთ ადამიანს აერთიანებს - თითქმის ყველა მათგანს აქვს ორმაგი - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით:

  • ასოციაციის თავმჯდომარეა ზაზა ნიშნიანიძე - მსხვილი ქართული უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანია "მეიდან ჯგუფის" მფლობელი. ისიც ორმაგი მოქალაქეა. ნიშნიანიძეს წილები აქვს "ალადაშვილის კლინიკაში", "დოიჩეს დიაგნოსტიკუმში", "ჩაინა თაუნში" და ათზე მეტ სხვა კომპანიაში. არის თბილისის ღვინის მუზეუმის დამფუძნებელი. მისი უძრავი ქონებებიდან ერთ-ერთია 92 365 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კიკეთში, რომელიც “კიკეთის ფერმა პარკსა” და “კიკეთის ფერმის მარანს” აქვთ იჯარით აღებული.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მუსხელიშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან“ - რამდენიმე კომპანიის მეწილე და ხელმძღვანელი. საჯარო რეესტრის მიხედვით, ის მართავს საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციას, ქართულ-ჩინური მეგობრობისა და ურთიერთობის ასოციაციას, აქვს წილები "ქართულ ჩაისა" და "გეობილდში".
  • გამგეობის წევრები არიან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ბადრი კაკაბაძე, დავით ხარაიძე და ვახტანგ კარიჭაშვილი. კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. კარიჭაშვილი და მამაცაშვილი თანამფლობელები არიან კომპანიისა "მელიქიშვილი ინნ", რომელიც ფილარმონიის უკან ფლობს ათსართულიან სასტუმროს 116 ნომრით.

ასოციაციის წესდებაში ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები ასეა განსაზღვრული:

  • საქართველო-რუსეთის სავაჭრო კავშირების განხილვისთვის, ერთი მხრივ შექმნას მაღალი დონე, მეორე მხრივ კი დღის წესრიგი და უზრუნველყოს სამართლებრივი შესაძლებლობები ამ ურთიერთობებისთვის. ასევე გაჩნდეს სამართლებრივი შესაძლებლობის ფანჯარა არსებულ გამოწვევებში კაპიტალისა და სერვისების ტრანსფორმაციისთვის.
  • ასოციაცია შეასრულებს პლატფორმის ფუნქციას, ერთის მხრივ წარმოაჩინოს საქართველოს ბიზნეს ინფრასტრუქტურის კონკრეტული შესაძლებლობები და მეორე მხრივ გამოკვეთოს მის მიმართ დაინტერესება რუსეთის ბიზნეს წრეებში.
  • რუსეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება, შენარჩუნება, მისი ერთგვარი გარანტირებულობა და დინამიკურად განვითარების ხელშეწყობა. ამ მხრივ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევის “სამომხმარებლო კალათის” გაძვირებისგან თავის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელი, შეუქცევადი პროცესების არდაშვება.


ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის შექმნა მოიწონა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა - სახელმწიფოსთვის ორგანიზებულ ბიზნესთან შეთანხმება უფრო ადვილიაო. მისი ეს ფრაზა რუსული პროპაგანდის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ქართულ-რუსულმა ბიზნესასოციაციამ მეორე შეხვედრა მალევე, 14 მაისს, უკვე მოსკოვში გამართა. თემა - სავაჭრო ბრუნვის გაფართოება. ქართულ მხარეს ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე წარმოადგენდა. “იზვესტიის” ცნობით, რუსულმა მხარემ ისურვა რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა და რუბლის გამოყენების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე.

"იზვესტია" წერს, რომ ამ შეხვედრაზე რუსმა მეწარმეებმა ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხიც გააკრიტიკეს. როგორც აღმოჩნდა, მაღაზიებში უკვე შეტანილი ქართული ბრენდის მთელი პარტია დაიწუნეს უხარისხობის გამო.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ხელმძღვანელობას გადასცემთ", - უთქვამს ვლადისლავ რეზნიკს, ასოციაცია "ანტიფალსიფიკაციის" პრეზიდენტსა და კონიაკის, სპირტიანი სასმელებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარეს.

ასევე ნახეთ IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და დამოკიდებულება რუსეთზე. რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ათასობით ბიზნესი დაარეგისტრირეს, აღდგა პირდაპირი ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორის, გაიზარდა ელექტროენერგიისა და ნავთობროდუქტების იმპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი ინვესტიციები, რუსი ტურისტების რაოდენობაც.

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა, მეზობელი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. საქართველო ჩრდილოელი მეზობლისგან 2,7-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. ძირითად, საქართველოდან რუსეთში ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები მიაქვთ.

ასევე ნახეთ გადმორიცხვები სანქცირებული რუსული ბანკებიდან - აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია


უგამოცდოდ - რუსეთის უნივერსიტეტებში


25 მაისს ფეისბუკზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, რუსული წარწერებით. ქართული ეკლესიის ეზოში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ქართველი სტუდენტები ხელს აწერენ პეტიციას, რომელიც ითხოვს რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენას. ვიდეოში სტიქაროსნის სამოსელში ჩანს ბიზნესმენი ლევან ვასაძეც.

ინფორმაცია რუსეთში სწავლის მსურველი ქართველი ახალგაზრდებისთვის გამოქვეყნებულია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ვებსაიტზე.

რუსეთში სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტებზე ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე რუსული სამთავრობო მედიაც. 2024 წლის აგვისტოში ითქვა, რომ 200-ზე მეტი სტუდენტი საქართველოდან იმ წელს “რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლიდა.” 2023 წელს საქართველოდან წასული სტუდენტების რიცხვი 100-ს არ აჭარბებდა.

ყველა, ვინც რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებას ითხოვს, იოლად ირიცხება, რუსული ენის ცოდნაც კი არ არის საჭირო, მათ დამატებით ენის კურსები შეუძლიათ მოითხოვონ.

„საუკეთესო რუსული უნივერსიტეტები კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე მზად არიან, მიიღონ სტუდენტები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტით. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ უფასოდ სხვადასხვა მიმართულებით - მათემატიკური მეცნიერებებიდან მსახიობის ხელოვნებამდე. სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას და იცხოვრებენ საერთო საცხოვრებლებში“, - რუსეთის მთავრობა ქართველ ახალგაზრდებს ჰპირდება, რომ 2025 წლიდან აამოქმედებს პროგრამას, რომლის მონაწილეებსაც მისაღები გამოცდების ჩაბარებაც არ დაჭირდებათ.

მიუხედავად ერთი შეხედვით მიმზიდველი პირობებისა, საბუთების მიღების ვადები მუდმივად ხანგრძლივდება, სარეკლამო გვერდებზე კი კანტი-კუნტად ჩნდებიან განათლებამიღებული ახალგაზრდები.

ასევე ნახეთ არძინბა თუ გუნბა - რომელი ურჩევნიათ გალელებს?

2021 წელს "ებერტის ფონდის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებებს სწავლობდა, საქართველოში მცხოვრები ახლგაზრდების უმრავლესობისთვის რუსეთი ასოცირდება ძალადობასთან, ომსა და ოკუპაციასთან.

საქართველოში, სადაც ახალგაზრდებისთვის დასავლური უნივერსიტეტებია მიმზიდველი, 2023 წელს "პრიმაკოვის ფონდის" ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსული უნივერსიტეტის გახსნის პერსპექტივაზე საუბრობდა და მის ასაშენებლად შესაბამის ტერიტორიას ეძებდა.

რუსული უნივერსიტეტის თბილისში გახსნამდე აქ უკვე ფუნქციონირებს ლომონოსოვის უნივერსიტეტის საერთაშორისოსო ცენტრისა და სანქტ-პეტერბურგის სასწავლო საგანმომცემლო ცენტრ “ზლატოუსტის” პარტნიორი სასწავლო ცენტრი რუსული ენის შესწავლის მსურველებისთვის.

2019 წელს ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც კრემლის მოსაზრებების ერთ-ერთი გამხმოვანებელია, საქართველოზე საუბრისას ამბობდა: „ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და არ გა­მოჩ­ნდე­ბა თა­ო­ბა, რო­მელ­საც რუ­სეთ­თან ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რო­გო­რიც მე მაქვს, ექ­სცე­სე­ბი და ომე­ბი მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა. თუ სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რუ­სეთ­ში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა გრან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა და ეს დიდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ როლს შე­ას­რუ­ლებს.“


ასევე ნახეთ ქართველები რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში - ვინ არიან და რა ვიცით მათზე


ეპიზოდური მოთამაშეები

გარდა იმ პრორუსული ჯგუფებისა და აქტიური პერსონებისა, რომელთა საქმიანობასაც აქტიურად აშუქებს რუსული თუ ადგილობრივი პროპაგანდისტული მედია, საჯარო რეესტრში ათობით ორგანიზაცია იძებნება, რომლებიც რუსული და ქართული კულტურების დაახლოებაზე, საერთო ტრადიციების და ერთმორწმუნეობის კავშირის შენარჩუნებაზე ზრუნავენ; მათი საჯარო სივრცეში ჩნდება, ნაწილი უკვე გაჩერებულია, ნაწილი კი უხილავად მუშაობს.

რუსეთთან დაახლოების და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი საჯარო ფიგურების სია პერიოდულად იცვლება - ადამიანების ერთი ნაწილი მუდმივად ჩანს რუსულ-ქართული ურთიერთობების “დალაგების” ბრძოლის ავანგარდში, თუმცა მათ პარალელურად არიან ეპიზოდური მოთამაშეებიც. რაც არ იცვლება, არის ის თემები, რომლებიც გამჭოლად მიჰყვება პრორუსი ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკას - ერთმორწმუნეობა, რუსული კულტურის სიდიადე და უზარმაზარი ბაზარი.

რუსეთის ინტერესების ამრეკლავი ორგანიზაციების დიდი ნაწილი 2012 წლის შემდეგ არის რეგისტრირებული.

“ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა, მოვამზადოთ საზოგადოებრივი აზრი, ავუხსნათ და ვაცნობოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ურთიერთობა აშშ-თან არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამბობდა 2024 წელს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოებათა კავშირის ხელმძღვანელი ნანა წითელაშვილი.

მას რუსეთთან მეგობრობისთვის მეორე ორგანიზაციაც აქვს, 2005 წლის ოქტომბერში რეგისტრირებული საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოება. აქ წითელაშვილთან ერთად გამგეობის წევრები არიან მსახიობი გივი სიხარულიძე, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი მაყვალა გონაშვილი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი, მომღერალი ჯონი ჯანჯალაშვილი და სხვები.


ასევე ნახეთ “ვინც გაიძახის, რომ უკრაინა ომს წააგებს, უკრაინა განწირულია - ცდება” - ოლექსანდრ ხარა