ზვიად რატიანის ომი და ბოჭკოვანი კაბელები

ზვიად რატიანი, 2013 წელი.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, როდესაც გორს რუსული ავიაცია ბომბავდა, სხვა ბევრ რამესთან ერთად კავშირგაბმულობაც დაზიანდა.

თეონა ბექიშვილი, პოეტ ზვიად რატიანის ყოფილი მეუღლე იხსენებს, რომ მაშინ ბევრი არ დათანხმდა ბრძოლის ველზე ოპტიკური კაბელების გადასაბმელად წასულიყო. ვინც დათანხმდა იმ ორიოდე კაცს შორის იყვნენ ზვიად რატიანი და კახა ჭელიძე.

ზვიად რატიანს, პოეტს და მთარგმნელს, ტექნიკური განათლება აქვს. 90-იან წლებში, როდესაც პურის ფული არათუ ლექსით, სხვა ბევრად უფრო პრაგმატული რამითაც არ იშოვებოდა, გამოცდები ჩააბარა და კავშირგაბმულობის ინჟინრად დაიწყო მუშაობა. ეს იშვიათი და რთული პროფესიაა, მუდმივად ველზე უნდა იყო, ხან ჰაერში ბოძზე ჩამოკიდებული, ხან კი პირიქით - მიწაში ჩამძვრალი.

„ერთხელ ჟვანიამ (ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია - რ.თ.) ზვიადს, როგორც მწერალს პრემია გადასცა. მერე იხსენებდა, მეორე დღეს ქუთაისის საკანალიზაციო ჭაში რომ ვიჯექი, გავიხედე და ადგილობრივი ქურდი მადგას თავზე: ზვიადიე, თლა ვაჟა-ფშაველა თუ დეიარებოდი აქანა, ვერ გვითხარიო“, - ჰყვება თეონა ბექიშვილი.

რუსეთ-საქართველოს ომი, 11 აგვისტო, 2008 წელი.

თეონა იხსენებს, რომ აგვისტოს ომის დროს ზვიადი მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ მთავარი ინჟინერი იყო. როცა გორს ბომბავდნენ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და საერთაშორისო ხაზები ფეთქდებოდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე რჩებოდა. თეონა იხსენებს - ერთგან რომ შეაკეთებდნენ კაბელს, მალევე სხვაგან წყდებოდა.

„მთელი ომის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ სძინებია, რომ ვურეკავდით, აფეთქებების ხმა ისმოდა, ერთხელ, ეტყობა, ბევრი მომივიდა რეკვა და მითხრა, ან სიცოცხლე მაცალე, ან - სიკვდილიო. მერე რომ ვკითხე, ამდენი როგორ გაქაჩე-მეთქი, რას ამბობ, ასე საჭირო ქვეყნისთვის არასდროს ვყოფილვარო, მიპასუხა. იმ ავბედით დღეებში ოჯახის წევრებს თუ უკავშირდებოდი, ჯარისკაცების ამბებს თუ იგებდი, ტელევიზორს თუ უყურებდი, იცოდე, ზვიად რატიანის დამსახურებით იყო“, - დაწერა თეონა ბექიშვილმა ფეისბუკზე, კომენტარებში ერთმა ისიც გაიხსენა, რუსი ჯარისკაცები ზვიადს სიგარეტს რომ სთხოვდნენ, ეს ეუბნებოდა: „არ ვეწევი“, ამ დროს კი პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილიო.

„რთულ ამბებს მერეც არ ჰყვებოდა. მხოლოდ ერთხელ იტირა სიმთვრალეში. ცხედრები ეყარა და ვერცერთი ვერ წამოვუსვენე ჭირისუფალსო. ეს ტირილი იყო ამ ომიდან და კიდევ ლექსი: „აი, ისიც ცუდი დღეები, მთელი ღამე ბომბავდნენ ქალაქს“, - ჰყვება თეონა ბექიშვილი რადიო თავისუფლებასთან, - „ეს ამბავი რომ გახმაურდა ავსტრიელი მილიონერი დაგვიკავშირდა. ის ქალი ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორია. წამოდითო, სახლს, სამსახურს გვთავაზობდა, თან ზვიადის პროფესია საერთაშორისოა, მაგრამ არ წავედით“.

მეორე ადამიანი, ვინც მაშინ ზვიად რატიანთან ერთად ოპტიკური კაბელების აღდგენაზე მუშაობადა კახა ჭელიძეა. ის მაშინ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელის „ჰოფნეტის“ თანამშრომელი იყო.

კახა ჭელიძე

„დაზიანებაზე რომ მივდიოდით, პური და სანოვაგეც მიგვქონდა იქაურებისთვის, რადგან არაფერი არ იყო. გზაზე გორისკენ მხოლოდ ჩვენ გვქონდა გეზი, ყველა აქეთ გამორბოდა, ურმებით, ურიკებით მოდიოდნენ, ვისაც როგორც შეეძლო. ცენტრალურ მოედანზე მიცვალებულები რომ ეყარა, მაშინაც გორში ვმუშაობდით, მერე სამხედროებმა გამოგვიყვანეს, დროზე მორჩითო“, - ჰყვება კახა ჭელიძე, - „შიშზე არ ვფიქრობდით, ის კაბელი ხშირად ზიანდებოდა და როგორც მორიგ დაზიანებას ისე ვუყურებდით. ბოლოს ჯარისკაცებმა, წადით ახლა აქედან, ხომ ხედავთ იბომბებითო“.

ზვიად რატიანი პროევროპული აქციების დროს ორჯერ დააკავეს, პირველად 2024 წლის 2 დეკემბერს მას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მეორედ ის 2025 წლის 23 ივნისს დააკავა პოლიციამ მას შემდეგ, რაც პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელს სილა გააწნა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ ზვიად რატიანის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები

უფრო ადრე 2018 წლის დეკემბერში ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. თავად დაკავებული სამართალდამცავებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ამის შემდეგ რატიანი მცირე ხნით ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ მოგვიანებით ისევ საქართველოში დაბრუნდა. პროევროპული აქციების დროს რატიანს რამდენჯერმე დაესხნენ თავს.

ზვიად რატიანი არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. თარგმნილი აქვს ინგლისური და გერმანულენოვანი პოეზია. არის ლიტერატურული პრემიის, მათ შორის „საბასა“ და „ლიტერას“ ლაურეატი.