Forbes-ის მილიარდერების ინდექსში ივანიშვილის ქონება $2,7 მილიარდამდე შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება, გამოცემა Forbes-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 2,7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ (Forbes) მილიარდერების ინდექსში, 2025 წლის 1 აპრილს განახლებული ცნობების თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონება წინა წლის $4,9 მილიარდიდან $2,7 მილიარდამდეა შემცირებული.

2024 წელს „ფორბსს“ ივანიშვილის ქონების ღირებულებად $4,9 მილიარდი ჰქონდა მითითებული, წელს, 2025 წლის 1 აპრილს ასახული ცვლილებების შემდეგ კი - $2,7 მილიარდს უთითებს.

გამოცემა ამ ცვლილების მიზეზებს არ განმარტავს - რედაქტორი მხოლოდ მიუთითებს ზოგად ცნობებს ივანიშვილის შესახებ, - რუსეთში გამდიდრებას, პოლიტიკურ კარიერას საქართველოში და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ სასამართლო დავას.

ამ რაოდენობის თანხით, მსოფლიოს მასშტაბის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი 1299-ე ადგილზეა.

მეორე გავლენიან გამოცემას, „ბლუმბერგს“, რომელიც ასევე აწარმოებს მილიარდერების ინდექსს, ბიძინა ივანიშვილის ქონება გაცილებით მეტად აქვს შეფასებული.

კერძოდ, „ბლუმბერგის“ თანახმად, ივანიშვილის ქონება $7,35 მილიარდად არის შეფასებული. თებერვალში, „ბლუმბერგის“ გამოთვლებით, ივანიშვილის ქონებამ მისთვის რეკორდულ $7,8 მილიარდს მიაღწია.

გამოცემები სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლიან ქონებას და სხვა მილიარდერების მაგალითზეც ჩანს განსხვავებები.

მაგალითად, უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებას ამჟამად ფორბსი $340 მილიარდად აფასებს, „ბლუმბერგი“ კი - $316 მილიარდად.