თემურ ქათამაძეს შეკითხვები საპატიმროში 21 მარტს გავუგზავნეთ, შიმშილობის 48-ე დღეს. მისგან მიღებული პასუხები 16 აპრილით არის დათარიღებული. ამ შუალედში მან 4 დღე კიდევ იშიმშილა, ხოლო 15 აპრილს, თბილისის სასამართლომ, საიმიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. დაცვის მხარე ამბობს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო.
მუჰაჯირების შთამომავალმა, 56 წლის თემურ ქათამაძემ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობისთვის 13 წელია იბრძვის, 18 მარტს კიდევ ერთი უარი მიიღო - ამჯერად სასამართლოსგან, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნაზე. სააპელაციო სასამართლოს პასუხს ის საიმიგრაციო პატიმრობაში ელოდება. შემდეგ კი, შესაძლოა - ქვეყნიდან გაძევებაც.
ქათამაძე იანვარში ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ პასუხებში “ბათუმელი მედროშე” იხსენებს თურქეთის სოფელში გატარებულ წლებს, ბებიასა და ბაბუას, რომლებსაც დღემდე უმადლის, რომ თავს ქართველად აღიქვამს.
“შიმშილობით ბრძოლის გარდამავალი დროშა"
რადიო თავისუფლება: პირველ რიგში ჯანმრთელობაზე გკითხავთ, როგორ ხართ? ხანგრძლივმა შიმშილობამ რა კვალი დატოვა თქვენზე?
თემურ ქათამაძე: ფაქტობრივად, 3 თვის განმავლობაში 52 დღის შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობა კარგად მაქვს, მადლობა ღმერთს. მიუხედავად არასათანადო მკურნალობისა კლინიკა „ვივამედში“, დღეს არავითარი პრობლემა არ მაქვს. შიმშილობის დაწყების დროს 85 კილოგრამს ვიწონიდი, შემდეგ 28 კგ დავიკელი, ახლა კი 75 კგ-ს ვიწონი. ხანგრძლივმა შიმშილობამ მხოლოდ წონა დამაკლო. ფიზიკურად და მენტალურად ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე შიმშილობამდე. შიმშილობა ჩემთვის იყო უნიკალური და განუმეორებელი გამოცდილება, რომელმაც ისეთი შედეგი გამოიღო, რომელსაც სხვა გზით ვერ მივაღწევდი.
დღეს ისევ ყოველდღიური ბრძოლის რეჟიმში ვარ, ვინაიდან მიგრაციის ადმინისტრაცია აგრძელებს ჩემი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, პროცესების შეფერხებას.
დღეს ჩემი იზოლატორში მოთავსების 3 თვის თავია [16.04.2025 წელი -რ.თ.]. ზუსტად ამ დღეს, ჩემს მიმართ დღემდე განხორციელებული ზეწოლის გასაპროტესტებლად სიმბოლურად გამოვაცხადე 1-დღიანი შიმშილობა. ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ციხეში გამოკეტილი ოპოზიციონერის ერთადერთი ძლიერი და ეფექტური ბრძოლის ფორმა არის შიმშილობა. ჩემი აზრით, თუ პოლიტპატიმარი არ აიღებს ხელში “შიმშილობით ბრძოლის გარდამავალი დროშას”, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ის უკვე დანებდა და რეჟიმს ჩაბარდა.
რადიო თავისუფლება: გჭირდებათ ახლა რაიმე? თუ კი, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
თემურ ქათამაძე: არა. არაფერი მჭირდება. ზოგადად, ყველაფერს, რაც მჭირდება, ჩემი ახლობლები და თანამებრძოლები მაწვდიან ამანათის მიღების დღეებში, აქტივისტ ქეთი წულუკიძის მეშვეობით. თუმცა, სამწუხაროდ, მიგრაციის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად, ჩემთვის მოტანილ ზოგიერთ პროდუქტს, არაკანონიერად, თვითნებურად არ იღებს და უკან აბრუნებს. ეს სასამართლო დავის საგანია ჩემთვის. უახლოეს დღეებში ვაპირებ გავასაჩივრო სასამართლოში.
სანიე ბებიას ღვაწლი
რადიო თავისუფლება: დაახლოებით 13 წელია თქვენი დიდი მიზნისთვის - საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის იბრძვით და როგორც თქვენი მონათხრობიდან ვიცით, მუდმივად ბარიერები გხვდებოდათ. რომ გვითხრათ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობა.
თემურ ქათამაძე: საქართველოს, ჩემი სამშობლოს, მოქალაქეობის მიღებას ჩემთვის ერთმანეთისგან განსხვავებული 3 მნიშვნელობა აქვს: ა) საქართველოს მოქალაქეობა ის ერთადერთი გასაღებია, რომლის მეშვეობითაც თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორა შეინარჩუნებს ეროვნული იდენტობას, მშობლიურ ენასა და კულტურას. საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე ამ ქვეყნებში დაახლოებით 30 წლის შემდეგ ქართულის მოლაპარაკე ქართველი ვინმე აღარ დარჩება, გაქრება! ბ) საქართველოს მოქალაქეობა ჩემი წინაპრების მიწა-წყალზე - სამშობლოში - ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი საშუალება, გზა არის ჩემთვის! გ) ასევე საქართველოს მოქალაქეობის მიღება ჩემი 40-წლიანი ქართული საქმიანობის, შრომის, ღვაწლის, შეწირვის [თავგანწირვის - რ.თ.] სიმბოლურად დაჯილდოება, დაგვირგვინება არის ჩემთვის!
რადიო თავისუფლება: როდის, როგორ გააცნობიერეთ, რომ ქართველი ხართ?
თემურ ქათამაძე: მე სტამბოლში დაბადებული ვარ, თუმცა 6-7 წლის ასაკამდე განუწყვეტლად ქალაქ ორდუსთან ახლოს, ყორღანის რაიონის სოფელ სარალიჩში, ჯინჭარაძე ბებია და ქათამაძე ბაბუასთან მაქვს გატარებული. ამიტომაც ქართული სოფლის თითქოს ყველაფერი ნასწავლი მაქვს. განსაკუთრებით, ჯინჭარაძის ქალს - ჩემს უსაყვარლესს და უძვირფასესს “სანიე” ბებიას ყველაზე უფრო დიდი ღვაწლი აქვს, ჩემში ბავშვობაში ქართული სულისკვეთების ჩანერგვაში. ქართველი დიასახლისის ბრწყინვალე მაგალითი იყო “სანიე” ბებია ჩემთვის (ამეტირა კიდეც) და ამიტომ ჯინჭარაძის გვარის ყველა წარმომადგენელი უშუალოდ ჩემს პატივს და სიყვარულს იმსახურებს დღესაც. ნეტავი ცოცხალი ყოფილიყო და მისი გაზრდილი ბადიში - “შვილიშვილი” მასაც დაენახა “ბათუმელ მედროშედ”. უეჭველად ძალიან იამაყებდა და ისევ ჩამეხუტებოდა და მომეფერებოდა! უფალმა ნათელში ამყოფოს მისი წმინდა სული!
"სიკვდილი მელოდება თურქეთში"
რადიო თავისუფლება: რამდენად გაქვთ იმედი, რომ საქართველოში დარჩენას შეძლებთ?
თემურ ქათამაძე: დღესდღეობით, ჩემ გაძევებამდე საქართველოდან, რაიმე ისეთი სასწაული თუ არ მოხდება, ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე, მე საქართველოში ცხოვრების გაგრძელების იმედი არ მაქვს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართულება ამაზე მეტყველებს. თუმცა იმისი სულით და გულით მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მიმდინარე ისტორიულ მოვლენებში “ბათუმელ მედროშედ” [წოდებულ] თემურ ქათამაძეს… ეს ჩემი ბედის დამწერი და შემსრულებელი უფალი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მომცემს ბოლო ამოსუნთქვის სამშობლოსთვის მიცემის საშუალებას! ამას არ დამაკლებს!
რადიო თავისუფლება: თუკი საქართველოდან გაგაძევებენ, რა გელოდებათ? რა გელოდებათ, მაგალითად, თურქეთში მოხვედრის შემთხვევაში?
თემურ ქათამაძე: 2023 წელს, თურქეთის საელჩომ, თბილისში, მაცნობა, რომ 2023 წლიდან თურქეთში გამოცემული იყო ჩემი დაკავების ორდერი და ამიტომ შეზღუდული მქონდა საელჩოს და საკონსულოს მომსახურება, მაგალითად, ახალი პასპორტის აღება. ჩემი აზრით, დაკავების ორდერის გაცემის მიზეზი არის გამოგონებული ცრუ ბრალდება - ფეთულა გიულენის ”ჰიზმეთის” მოძრაობის წევრობა. ამიტომაც თურქეთში შეკერილი საქმით დაპატიმრება და ციხეში ჩასმა მელოდება.
ჩემი შეფასებით, ჩემი დაკავების მიზნის ნამდვილი მიზეზი თურქეთში ჩატარებული 40-წლიანი ქართული ეროვნული საქმიანობა არის, რომლითაც მე ვცდილობდი თურქეთის ეთნიკურ ქართველთა საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების ჩანერგვას, წლების მანძილზე და ვმოღვაწეობდი ქართული იდენტობის, მშობლიური ენისა და კულტურის მომავალ თაობებზე გადაცემისთვის. თურქეთის სახელმწიფო ”ქართველ სეპარატისტად” მთვლის. ამ რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით - შესაძლებელია, რომ მეც “ჩვენებურთა ბელადის” ახმედ მელაშვილის ბედი - სიკვდილი მელოდებოდეს თურქეთში.
"მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენი არ მიტირია"
რადიო თავისუფლება: ვისგან გრძნობთ მხარდაჭერას დღეს და რა სახის მხარდაჭერას გრძნობთ? უცნობი ან ნაცნობი წერილებს თუ გიგზავნიან?
თემურ ქათამაძე: ყველაზე გულწრფელი, ძლიერი და ჩემთვის მნიშვნელოვანი სოლიდარობა და მხარდაჭერა ვიგრძენი და ვნახე უფრო იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და თავისუფლებისთვის, სამშობლოს ერთხელ კიდევ რუსეთისთვის არჩაბარებისთვის, ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე უწყვეტად ქუჩაში [არიან] გამოსული; ჩემი თანამებრძოლებისგან, მათი სატელევიზიო ინტერვიუების და აქ, იზოლატორში მათ მიერ გამოგზავნილი უამრავი წერილების მეშვეობით ვიგრძენი.
მე 56 წლის ადამიანი ვარ და შესანიშნავი მამულიშვილების მიერ გამოგზავნილი პატრიოტული, გულწრფელი, ემოციური წერილების წაკითხვის დროს იმდენი ცრემლი დავღვარე, რომ, მერწმუნეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენი არ მიტირია. ერთი დიდი სამადლობელო წერილის დაწერას და სოციალური ქსელით გავრცელებას ვგეგმავ.
რადიო თავისუფლება: ადვოკატების გარდა ვისთან გაქვთ კომუნიკაცია, ვისთან შეხვედრის შესაძლებლობა გაქვთ?
თემურ ქათამაძე: უფრო მეტად ახლობლებთან და ჩემს თანამებრძოლ აქტივისტებთან მიწევს შეხვედრა. თავიდან მიგრაციაში [მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში - რ.თ.], 25 დღის განმავლობაში, ჩემს ადვოკატთან ყოველ სამუშაო დღეს 4 წუთით დარეკვის უფლება შემიზღუდეს. მაშინ კვირაში 3 დღე 4 წუთით (მთლიანობაში 12 წუთი) დარეკვის უფლებას მაძლევდნენ. ამიტომ ჩემს პირად კომპიუტერში შენახულ მტკიცებულებათა დოკუმენტების მიმდინარე სასამართლო პროცესებზე წარსადგენად შეგროვება ძალიან გამიჭირდა.
მიგრაციის [იზოლატორის] ადმინისტრაცია ყველა ბერკეტს იყენებდა, მტკიცებულებებზე ჩემი წვდომის შესაფერხებლად. თავიდან, თითქმის 2 თვე, სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირებაც შემიზღუდეს.
დღესაც, ჩემს ადვოკატთან, ცალკე ოთახში, კონფიდენციალური შეხვედრის უფლებას ისევ მიზღუდავენ. ასევე აქ განთავსებულ სხვა უცხოელებთან საუბარს კრძალავენ. 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი ჩემი მკურნალობის დროს, კლინიკა „ვივამედში“ მომხდარი სკანდალისთვის, მიგრაციის იზოლატორის ადმინისტრაციის და კლინიკა „ვივამედის“ [წინააღმდეგ] ჩემი ჯანმრთელობის განზრახ საფრთხის წინაშე დაყენების ბრალდებით მთავარ პროკურატურას მივმართე, თუმცა უშედეგოდ.
რადიო თავისუფლება: რაზე გეფიქრებათ ყველაზე ხშირად?
თემურ ქათამაძე: აქ ყველაზე ხშირად მეფიქრება ჩემს 40-წლიან ქართულ საქმიანობაზე, უფლის მიერ საამაყო „ბათუმელი მედროშის“ [წოდებით] დაჯილდოებაზე, რაც ჩემი ცხოვრების უძვირფასესი და ბრწყინვალე შეფასება იყო, ჩემი პატრიოტიზმის და გულწრფელი მამულიშვილობისა, რაც ჩემს სიზმრებშიც არასოდეს მინახავს.
შიმშილობის პერიოდში იმის მოწმე გავხდი, თურმე ადამიანი - უფლისგან გაჩენილი - რა სასწაული, ძლიერი, გაუტეხელი ყოფილა და მისი შემქმნელი უფალი რა დიდებული ყოფილა! იმ პერიოდში უფრო და უფრო დავუახლოვდი უფალს, ვინაიდან ყოველ წამს ჩემ გვერდით იყო და დღემდე ჩემს გზაზე გაჩენილი ყველა სიძნელის გადალახვისთვის საუკეთესო არჩევანი გამაკეთებინა. უღრმესად, სულით და გულით მადლობელი ვარ უფლის, მისი ნების გარეშე ვერც „ბათუმელი მედროშე“ გავხდებოდი და დღემდე ვერ მოვიდოდი. დიდება უფალს!
ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო უფლის მიერ 5 წლის წინ, უძვირფასეს საჩუქრად ჩემს ცხოვრებაში გამოგზავნილ, ჩემი სულის და გულის თანამებრძოლ უსაყვარლეს ქალღმერთ ნინო (ნონა) კაკულიას - მისი დახმარების, გვერდში დგომის და, რაც მთავარია, სიყვარულის გარეშე საქართველოს საზოგადოებას „ბათუმელი მედროშის“ გაცნობის საშუალება არ ექნებოდა! ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნომერ პირველ ანგელოზს, ჩემს ადვოკატ მარიამ გაბროშვილს [საიას ადვოკატი], რომელიც ჩემნაირი ბევრი სათქმელის, აზრის, გეგმის მქონე პატიმრისთვის სასურველი და ყველანაირად იდეალური, უნიკალური, ბრწყინვალე ადამიანია, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და წარმატებული ადვოკატია!
ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს მეორე ანგელოზს, ჩემს თანამებრძოლ აქტივისტს, ქეთი წულუკიძეს - იზოლატორში ჩემთვის კვირაში 2-ჯერ სურსათის შემოტანის ხანგრძლივი შრომისთვის და ჩემს ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებისთვის.
ასევე უღრმესი მადლობა მესამე ანგელოზს, დეა აბულაძეს, რომელიც “ბათუმელი მედროშის” სურათის სინდისის პატიმრების ყოველ აქციაზე რუსთაველზე ტარებისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ბათუმელ თანამებრძოლს, აკაკი გვიანიძეს სწრაფი რეაგირებისთვისა და ჩემი ხშირად მონახულებისთვის.
მარიამ გაბროშვილის, ქეთი წიწუაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის თამადობით, მადლობას ვუხდი საიას ყველა იმ ადვოკატს, რომლებიც საქართველოს საზოგადოებისთვის საერთაშორისო მაღალი ხარისხით თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ბრწყინვალედ ასრულებენ დღემდე.
ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, „ბათუმელებს”, „TV პირველს”, „ფორმულასა” და „რადიო თავისუფლებას” - ყველა კრიტიკულ მედიას.
ასევე იმ ადამიანებმა, რომელიც წერილითა თუ ტელევიზიის მეშვეობით გულწრფელ სოლიდარობასა და მხარდაჭერას მიცხადებენ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური, პატრიოტული სიტყვებით შემეხმიანა - მინდა იცოდნენ, რომ ყველანი უზომოდ მიყვარს - ჩემი ნამდვილი და-ძმები ისინი არიან! ვამაყობ მათით, იმედს აძლევენ - ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მზიანი, ნათელი მომავლისთვის! მთავარია ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, სახელოვან გამარჯვებამდე!
თემურ ქათამაძე და ნინო კაკულია
ნინო (ნონა) კაკულია და თემურ ქათამაძე ოჯახის შექმნას გეგმავენ. იმის გამო, რომ შესაძლოა საქართველოდან გააძევონ, ქორწინების გაფორმება თემურ ქათამაძემ მიგრაციის ცენტრში მოითხოვა, თუმცა, როგორც ამბობს, უარი მიიღო. ნინო კაკულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 5 აპრილს, როდესაც სანახავად მივიდა, თემური ჩოხაში გამოეწყო და, ძველი წესის შესაბამისად, წყვილმა ერთგულების ფიცი დადო. 16 აპრილს მიგრაციის ცენტრიდან გამოგზავნილ კიდევ ერთ წერილში თემურ ქათამაძე სასამართლოს სამი საათით "ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას" სთხოვს - ქორწინების რელიგიური რიტუალისთვის".
ჩახირაი, ხანუმა, პრინცესა და სხვები - ყველას სახელი მახსოვს
რადიო თავისუფლება: მიუსაფარ ცხოველებზეც გვინდა გკითხოთ... ბათუმში გვითხრეს, რომ ქუჩის კატებზე და ძაღლებზე ზრუნავდით. გეფიქრებათ მათზე? ვინ უვლის ახლა მათ?
თემურ ქათამაძე: დაკავების შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია ჩემს კატებზე, ძაღლებზე და 26 მაისის პარკის მკვიდრ ”ღვთის ფრინველებზე” - მტრედებზე. ძალიან მწყდება გული, რომ დამაშორეს ჩემს მეგობრებს, რომლებზეც ბოლო 5 წელია ვზრუნავდი, ვაპურებდი. ჩემს ეზოში 15-მდე კატა მყავდა, ერთი პერიოდი ჩემს ბინაშიც ცხოვრობდნენ, გარეთ დაყრილი ცინდლები [კნუტები] მომიზიდეს - გულწრფელი ზრუნვა-მოვლისთვის. ერთ-ერთი კატა მე ვამშობიარე, გაუჭირდა მშობიარობა, 3 საათი ვერ აჩენდა კნუტს. ათასი თავგადასავალი და ტკბილი მოგონება მაქვს.
ყველა კატისა და ძაღლის სახელი მახსოვს. კატებს ერქვათ - ჩახირაი, ხანუმა, პრინცესა, ქუნთისი, კურო, შირო… მეზობლის ეზოში კიდევ ორი ძაღლი - კიკი და ბუბუ ცხოვრობდნენ. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ გულისხმიერი ადამიანები აგრძელებენ ჩემს საყვარელ მეგობრებზე ზრუნვას და მათ მფარველობას.
რადიო თავისუფლება: ყველაზე ძლიერ რაზე გწყდებათ გული?
თემურ ქათამაძე: საქართველოს ისტორიის წიგნებში კი მქონდა წაკითხული სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის ვინ იყვნენ. მაგრამ ჩემთვის ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი იყო თანამედროვე ორჯონიკიძეების ჩემი თვალით ნახვა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებაში, სახელმწიფო უწყებებში… პროპაგანდით დაზომბებული ქართველების ნახვაც ნამდვილად არასასიამოვნო იყო ჩემთვის.
ასევე ძალიან სევდიანია ჩემთვის აქ მიგრაციაში [საიმიგრაციო პატიმრობაში], ღია ფანჯრიდან, ჩემი სამშობლოს კუთხეებიდან და ქართული დიასპორიდან [ტაო-კლარჯეთ-ლაზეთიდან, ფერეიდნიდან, ჰერეთიდან] ცაში შეგროვებული ჩემთვის წმინდა ჰაერის სუნთქვა
დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ რადიო თავისუფლების მიერ დღემდე განხორციელებულ საქმიანობას. დიდი ხანია მისი მკითხველი და თაყვანისმცემელი ვარ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაღალი ხარისხის შრომისთვის, რომელსაც წვლილი შეაქვს დემოკრატიის საქმეში! მუდმივ წარმატებებს გისურვებთ!
”ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე
16.04.2025
მიგრაციის დროებითი მოთავსების ცენტრი, თბილისი, სამშობლო
ასევე ნახეთ 13-წლიანი ბრძოლა საქართველოში დასარჩენად - ვინ არის "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე- თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს, ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
- 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს, შს სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
“ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძეს საპროტესტო აქციების მსვლელობისას, ბათუმში შეარქვეს. ის ქუჩაში საქართველოს დროშით ხელში ჯერ „აგენტების კანონს” აპროტესტებდა, შემდეგ 2024 წლის ნოემბერში დაწყებულ უწყვეტ საპროტესტო აქციების შეუერთდა.
[წერილობითი ინტერვიუს ტექსტი გამოქვეყნებულია სრულად, უმნიშვნელო შემოკლებითა და გრამატიკული შესწორებებით]