სამჯერ წასული ღარიბაშვილი - "მინდა, რომ დავისვენო, ოჯახს მივხედო"

ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ წავიდა პოლიტიკიდან.

“ჩემი ამჟამინდელი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან და მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს”, – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან ისევ წავიდა და საგანგებო მადლობა მისგან კვლავ მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ხვდა წილად.

25 აპრილს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პოსტი ისე დატოვა, რომ მისთვის ოფიციალური საჯარო მადლობა არავის გადაუხდია; არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ეს საკითხი თუნდაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განეხილათ. საგანგებო ბრიფინგზე ის მარტო იდგა. თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დაკისრებული მისია პირნათლად შეასრულა.

ღარიბაშვილი ბოლო თვეებში საჯარო სივრციდან თანდათან გაქრა. დადიოდა ხმები, რომ “ქართული ოცნებიდან” წასვლა უნდოდა, მაგრამ არ უშვებდნენ. რამდენჯერმე გავრცელდა ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია მწვავე, ერთ შემთხვევაში - ფიზიკური დაპირისპირების შესახებაც, “ოცნების” ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გუნდთან.

კობახიძესთან დაპირისპირებაზე დასმულ შეკითხვებს “სპეკულაციები” უწოდა, მაგრამ ურთიერთობების დახასიათებას თავი აარიდა და თქვა, რომ “პრემიერ-მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა” და “[კობახიძე] ჯერ სულ რაღაც ერთი წელია მუშაობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე... ასე რომ, დაელოდეთ” - ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

“პოლიტიკაზე ნუღარ მელაპარაკებით, მე წავედი პოლიტიკიდან”, “აღარ მინდა პოლიტიკაში დარჩენა", "მე მინდა, რომ დავისვენო, ოჯახს მივხედო“ - ესეც ღარიბაშვილის სიტყვებია. ამბობს, რომ საკუთარ ადგილს სამომავლოდ კერძო ბიზნესში ხედავს.

ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღარიბაშვილის "ოცნების" გუნდისგან განრიდება მის მცდელობას უკავშირდებოდა, თავი აერიდებინა დასავლური სანქციებისთვის, რომლებიც პარტიის არაერთ ჩინოსანს შეეხო. დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილიც.

“არ ვიცი… ჩემთვის არ არის ცნობილი… არა [სანქცია არ მაქვს]… რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე… ან რატომ დაასანქცირეს სხვები?!” - სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვას ბრიფინგზე ღარიბაშვილმა შეკითხვით უპასუხა.

42 წლის ასაკში, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი - 2012 წელს, ხოლო, 2013-2015 წლებში, იმ დროისათვის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შემდეგ. მის კარიერაში იყო ასევე თავდაცვის მინისტრის პოსტი, პირველი პრემიერმინისტრობის შემდეგ და შუალედში - სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მაღალანაზღაურებადი მრჩევლობა; შემდეგ კვლავ პრემიერმინისტრობა - 2021 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრამდე, ორჯერ ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობა. მანამდე, მისი ბიზნესჯგუფის, "ქართუს" სხვადასხვა თანამდებობა, თავბრუდამხვევ და ხშირად სკანდალურ პოლიტიკურ კარიერამდე. სკანდალები უკავშირდებოდა ოჯახის წევრებს და კორუფციის ნიშნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებითაც.

“ნამდვილი “პატრიოტები” ჯერ ხელიდან მიდიან, მერე პარტიიდან და მერე, თუ გაუშვეს, ქვეყნიდანაც”, - დაწერა ფეისბუკზე ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნიდან წასვლას არ გეგმავს და სხვა ქვეყანაში ცხოვრება არც წარმოუდგენია.

წასვლები

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორედ მიდის პოლიტიკიდან და დაბეჯითებით ვერც ახლა ამბობს, რომ აღარ მოუწევს უკან დაბრუნება. მისი ყოველი გადადგომა წარსულშიც ტოვებდა შეკითხვებს - წავიდა თუ გაუშვეს?

"ქართული ოცნების" 6 პრემიერიდან ღარიბაშვილი პოსტზე, ჯამში, პარტიის დამფუძნებელმა ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 5 წლით დატოვა.

ის ყოველთვის ივანიშვილის რჩეულის სახელით სარგებლობდა. 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პორტფელი და პარტიის თავმჯდომარეობა ივანიშვილისგან მას შემდეგ გადაიბარა, რაც მილიარდერი პირველად გავიდა საჯარო პოლიტიკიდან. 2015 წელს, ღარიბაშვილიც, მფარველის მსგავსად, მოულოდნელად გაეცალა პოლიტიკურ სცენას.

„მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან [ღარიბაშვილს]... ვფიქრობ, რომ მან გააკეთა ძალიან ღირსეული ნაბიჯი... მას ჰქონდა რამდენჯერმე ჩემთან ანალიზი, უფრო ადრეულ პერიოდებშიც... ჰქონდა შეკითხვები - ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდე, ხომ ჯობია, რომ წავიდე... ეს საუბრები გვქონდა ჩვენ და ნორმალურია ეს ყველაფერი“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ივანიშვილის მსგავსად, ღარიბაშვილიც დაბრუნდა.

2021 წლის 18 თებერვალს, პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მის შემცვლელად ისევ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს - იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი. ოპონენტებისთვის ეს “ოცნების” ხელისუფლებაში ხისტი ძალის გაძლიერების ნიშანი იყო.

პრემიერის პოსტიდან მეორედ გადადგომის დროს, 2024 წლის 29 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუნდში სხვა წარმატებული ლიდერებიც არიან და ძალები მათაც უნდა მოსინჯონ. თუმცა მანამდე, ისევე როგორც პირველი გადადგომისას, ან გადაწყვეტილებას, არაფერი მოასწავებდა: ამაყობდა ეკონომიკის წინსვლით, [ხანმოკლე პერიოდით] ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და მშვიდობით.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილის მეორე გადადგომაც ნებაყოფლობითი იყო.

"რა უნდა დავუწუნო - მშვენიერი კაცია. არ მომისურვებია, თვითონ მოისურვა", - უთხრა მან ჟურნალისტებს 2024 წლის 1 თებერვალს, პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულმა. პრემიერმინისტრების წარდგენის უფლება პარტიამ, წესდებითაც, სწორედ საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს მიანიჭა.

მეორე პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა, საიდანაც 25 აპრილს წავიდა. ეს მისი მესამე წასვლაა - პოსტიდან, ხოლო მეორე - პოლიტიკიდან.

ასევე ნახეთ 7-ჯერ "ოცნების" 11 წელიწადში - პრემიერები მიდიან, ივანიშვილი რჩება

სიხისტე, შეტევა, მუქარა

ღარიბაშვილის ხისტი განცხადებები უკრაინაში რუსეთის ომთან, ნატოსა თუ ლგბტ თემის უფლებებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გახდა პოლიტიკური სკანდალი საბაბი, მისი ძირითადი აქცენტების პრორუს, მოძალადე, რადიკალური ჯგუფების პოზიციებთან თანხვედრის გამო.

ღარიბაშვილი ოპონენტებს ხშირად მოღალატეებად, მანიაკებად, არარაობებად და სულელებად მოიხსენიებდა.

ხისტი იყო ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება პროდასავლელთა პროტესტის მიმართ, 2023 წლის მარტში - „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმართული მღელვარების დროსაც. პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსთაველზე მდგომებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ - ახალგაზრდები კი სატანისტებს ჰგვანან.

„რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. არ მინდა, მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია”, - ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდებს “რადიკალური ოპოზიცია” მართავს და „ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი“.

თვალსაჩინო იყო ღარიბაშვილის სიახლოვე უნგრეთის პოპულისტ პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია, რომ უნგრეთისგან საქართველო ბევრ რამეს სწავლობს. მათ “მონათესავე სულებიც” კი უწოდეს. ორბანის მსგავსად თბილისიც თანდათან ღიად დაუპირისპირდა ბრიუსელს.

ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული პოლიტიკური ოჯახის [„ევროპელი სოციალისტების პარტია“ (PES)] დატოვება, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში), დევიზით - „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“.

მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა - პირდაპირი ავიაფრენების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის -2023 წლის მაისში, ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით პუტინის პირადი გადაწყვეტილების კვალდაკვალ.

ღარიბაშვილი იზიარებდა შეთქმულების თეორიას - საქართველოს ომში ჩართვისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ.

რუსეთთან აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ღარიბაშვილმა - უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველსავე დღეებში დაიწყო ლაპარაკი.

2022 წლის აპრილში კი აცხადებდა, რომ - „მეორე მარიუპოლს“ საქართველო ბიძინა ივანიშვილმა აარიდა. ღარიბაშვილი ხშირად იმეორებდა იმასაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა.

ძალადობის წახალისება, ფარული ჩანაწერი

ვიდრე 2021 წლის 5 ივლისს, რადიკალური, პრორუსული „ალტ-ინფოს“ მოწოდებებით ქუჩაში გამოსული აგრესიული ადამიანები მედიის ათეულობით წარმომადგენელზე იძალადებდნენ, იმჟამად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - ლგბტ თემს პრაქტიკულად ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.

ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არასდროს თვლიდა მიზანშეწონილად „თბილისი პრაიდის“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებას, მთავრობა მოქალაქეების 95%-ის სურვილს დაემორჩილებოდა, ვინაიდან სრულდებოდა დრო, როცა უმცირესობის „ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და ძალადობის წახალისებად მიიჩნიეს.

ასევე ნახეთ „უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?

ხშირი იყო ღარიბაშვილის განცხადებების შეუსაბამობა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებთან.

უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში, 2024 წლის მარტში, ღარიბაშვილი აღნიშნავდა, რომ ამერიკასა და ევროპაში „აღვირახსნილი პროპაგანდა“ მიმდინარეობს, „ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს“ და „ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, რომ შეიცვალოთო“.

ღარიბაშვილს მედია ხშირად შეახსენებდა, რომ მისი ვაჟი აშშ-ში სწავლობდა. ამ საკითხს ის ძირითადად თავს არიდებდა.

ძალადობის წახალისებაზე დაიწყო ლაპარაკი 2021 წლის მარტშიც, როდესაც TV პირველმა" გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი - ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით - როცა ისინი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავდნენ.

ასევე ნახეთ ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემური

"TV პირველის" ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი [ცალ-ცალკე] ანგარიშსწორების გეგმას განიხილავდნენ.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის გაგზავნილმა ხალხმა არასრულწლოვანი შეაშინა - ოჯახის, მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა. „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი მას პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის გაკეთების ზუსტი დრო უცნობი იყო თავად სიუჟეტის ავტორისთვის, რომელსაც მასალები ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა. თუმცა საუბრების შინაარსის მიხედვით, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი იყო.

"ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია თავად ბერა ივანიშვილს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან თქვა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი 2011 წლის მოვლენებს ეხებოდა და არავის არაფერს აპატიებს, ვინც მის ოჯახს ბინძურად შეეხება.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არა საუბრის შინაარსის გამო, არამედ - "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით".

სამთავრობო თვითმფრინავი და სტუდენტი ვაჟი

2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ვაჟის ჩაყვანის დროს, თბილისიდან მიუნხენი-თბილისის რეისზე სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიაში, საიდანაც შემდეგ საქართველოში დააბრუნა აშშ-ში ნამყოფი პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

მთავრობის სტრატკომმა განაცხადა, რომ სამთავრობო ბორტმა კომერციული ჩარტერული რეისი განახორციელა.

მოგვიანებით, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ რეისის საფასური პენსიონერმა მამამ გადაუხადა და ბიუჯეტის ხარჯით არ უსარგებლია. სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ ფაქტის გამოძიება მოითხოვეს კორუფციის ნიშნების გამო.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ჩარტერულ ფრენაზე: შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მამა მულტიმილიონერი ჰყავს - ვინ აპირებს სიმდიდრის შემოწმებას

მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციიდან გაირკვა, რომ თბილისიდან მიუნხენში ნიკოლოზ ღარიბაშვილის კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაჯდა.