უცხოელი დიპლომატები ჩვენთან საუბარში ლანძღავდნენ ერეკლე II-ს - კობახიძე ძეგლის გახსნის შემდეგ

ირაკლი კობახიძე უცხოელ დიპლომატზე, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს: „უცბად დაიწყო ერეკლე მეორის ლანძღვა“...

„გასაოცარია ის რეაქციები, რაც ვიხილეთ. განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას მათ პატრონებთან ერთად ერეკლე მეორის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 24 სექტემბერს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მან და კახა კალაძემ თბილისში ერთად გახსნეს ერეკლე მეორის ახალი ძეგლი.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას კვლავ „რადიკალური ოპოზიცია“ და „აგენტები“ უწოდა და გაიმეორა შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ხელისუფლებაზე 2022 წლის შემდეგ იყო „დიდი ზეწოლა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“ და ოპოზიცია მითითებებს საზღვარგარეთიდან იღებს, - მათ შორის ერეკლე მეორეზე მოსაზრებებთან დაკავშირებითაც.

„თავის დროზე, როდესაც ყველზე დიდი ზეწოლა იყო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ელჩი შეხვდა ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს და დაიწყო მასთან სრულიად გაუგებრად ერეკლე მეორის ლანძღვა“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 სექტემბერს ჟურნალისტებს კახეთში.

მისი თქმით, პირადადაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა ერთ-ერთ დიპლომატთან:

„ამის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან, იმავე საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენელთან და იმანაც უცბად დაიწყო ერეკლე მეორის ლანძღვა“, - განაცხადა კობახიძემ.

მას, ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, არ დაუსახელებია არც დიპლომატების ვინაობა და არც ის, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებზე საუბრობდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა:

„აქედან ერთ კვირაში, გამოიყვანეს ბატონი [ლევან] ბერძენიშვილი, ფსევდო მოაზროვნე და მას გაალანძღვინეს ერეკლე მეორე“.

მისი მტკიცებით, „აქედან ჩანს, თუ როგორი კოორდინაციაა აქაურ აგენტებსა და მათ პატრონებს შორის“.

კობახიძის თანახმად, ერეკლე მეორის მიმართ აგრესია იმიტომაა, რომ „ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო და ამას ვერ ეგუებიან ჩვენი უცხოელი აგენტები და მათი პატრონები“.

ასევე ნახეთ ერეკლე მეორედ

ერეკლე მეორის ახალი ძეგლი

მანამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ერეკლე მეორის ახალი ძეგლი გახსნეს.

მან განაცხადა, რომ ერეკლე მეორე იყო „პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის“.

ძეგლი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნეს - სწორედ ისაა 1971 წელს თელავში გახსნილი ქანდაკების ავტორი.

კობახიძემ ქართლ-კახეთის მეფეს „პრაგმატიზმის სიმბოლო“ უწოდა.

ძეგლის გახსნა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 26 აგვისტოს დააანონსა.

ერეკლე მეორე „ოცნების“ გზავნილებში

2023 წელს, მას შემდეგ, რაც ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში გეორგიევსკის ტრაქტატის გამო ერეკლე მეორე გააკრიტიკა, ის „ქართული ოცნების“, ასევე პრორუსული ძალების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

იმავე წლის 15 მაისს მან განაცხადა, რომ 20-მდე ნიღბიანი ადამიანი მის სახლთან იყო შეკრებილი; ერთ ეპიზოდში მას არ მისცეს ყვარლის „ევროკლუბის“ „ამერიკულ კუთხეში“ ლექციის ჩატარების საშუალება.

პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ლექცია მათი ორგანიზებით ჩაიშალა.

ასევე ნახეთ ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

2023 წლის 20 ივნისს კი ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი მას ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ავტომობილთან მისვლაში უშლიდა ხელს, მოგვიანებით კი კვერცხი ესროლა.

ირაკლი კობახიძე, - მაშინ მხოლოდ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, - ჟურნალისტებთან ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის მორიგ შემთხვევაზე კომენტარისას საუბრის ძირითადი ნაწილი დაუთმო იმის ახსნას, როგორ უპირისპირდება ლევან ბერძენიშვილი „ქართულ იდენტობას“.

ასევე ნახეთ ძალადობა მიუღებელია... [მაგრამ] არ შეიძლება ლანძღავდეს მეფეებს - კობახიძე ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოს ისტორია საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო, მათ შორის, ერეკლე II-ის ისტორიულ როლს რუსეთი ხშირად იყენებდა იმპერიალისტური ნარატივების გასამყარებლად.

ასევე ნახეთ ერეკლე II, საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტები და რუსული პროპაგანდა

„გეორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. „ტრაქტატის“ მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.

ერთ-ერთი ღიად პრორუსული პარტია, - რომლის ლიდერებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან და რომელიც დაკავშირებულია ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, - „ახალი გეორგიევსკის გაფორმებასა“ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს.

ასევე ნახეთ „ახალი გეორგიევსკი“ რუსეთთან - ვინ არის და კიდევ რას ითხოვს „სოლიდარობა მშვიდობისთვის“?