40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი

ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

40 წლის ასაკში გარდაიცვალა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე. ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა მისმა მეგობარმა, მუსიკოსმა და პროდიუსერმა ამიკო ჯანელიძემ.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

ფეისბუკზე მას ბოლოს 27 ოქტომბერს, ღამის 3 საათისთვის აქვს გამოქვეყნებული ფოტოები იტალიიდან, ტოსკანიდან, ქალაქ მონტეპულჩანოდან.

სოხუმში დაბადებული ლაშა ბასლანძე თბილისში ცხოვრობდა.

მას დარჩა 20 და 9 წლის შვილები და მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძე.

ლაშა ბასლანძე ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური შეხედულებებით - ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. ხშირად იღებდა ფოტოებს მმართველი პარტიის ლიდერებთან.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერასთან ერთად, უპირისპირდებოდა ოპოზიციურ ძალებს, რომელთაც „უსამშობლოებს“ უწოდებდა და არ ერიდებოდა საჯაროდ მათ შეურაცხყოფას არანორმატიული ლექსიკით.

სამეწარმეო რეესტრში ბასლანძის სახელზე სამი კომპანიაა რეგისტრირებული: რესტორანი "ქვევრი“, „ქვევრი ბათუმი“ და „ბრენდბუქი“.

„ქვევრის“ და ამ რესტორანთან დაკავშირებული ბიზნესდავის გამო მოექცა იგი მედიის ყურადღების ცენტრში 2025 წლის სექტემბერში. 7 სექტემბერს, გვიან ღამით, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში დაპირისპირება იყო - გაისმა გასროლის ხმაც.

ლაშა ბასლანძის განმარტებით, მას ბიზნესპარტნიორთან მოუვიდა კონფლიქტი. ამის გამო პოლიციაშიც იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

  • მისი ბიზნესპარტნიორისა და ამ შემთხვევაში მეტოქის, შალვა ტიბუას ადვოკატის თანახმად, „ქვევრი“ მას ეკუთვნოდა, ლაშა ბასლანძე კი იყო მოიჯარე, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულებები;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქვევრი“ ლაშა ბასლანძის მმართველობაში გადავიდა, 1 ოქტომბერს კი რესტორანში მივიდნენ პოლიცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ბასლანძე; სამეწარმეო რეესტრის ბოლო, 26 სექტემბრის ამონაწერით, ლაშა ბასლანძე მფლობელად ფიქსირდება.
  • „ძალიან გასაოცარია ეს ამბავი“, - ასე შეაფასა ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ რესტორან „ქვევრში“ გასროლის ხმა ისმოდა