შენ ეს გეკუთვნის - როგორ იძვრენს თავს მსხვერპლი ქალებისგან სახელმწიფო

შესაძლოა, სახელმწიფოს ერთჯერადმა კომპენსაციამ ქალების და მათი შვილების ცხოვრება რადიკალურად ვერ შეცვალოს, მაგრამ ეს მათთვის ძალადობის დაძლევის ერთ-ერთი გზაა. ილუსტრაცია

მოკლედ

  • მუშაობს თუ ქაღალდზე დარჩა სამი წლის წინანდელი დადგენილება, რომლითაც სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს კომპენსაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იმ შემთხვევაში როცა ამ თანხას მოძალადე არ იხდის?
  • რა ბარიერებს აწყდებიან ქალები ამ გზაზე და წილი მოდის სახელმწიფოზე რომელიც გაურბის ვალდებულებებს?
  • ვინმეს მიუღია ეს კომპენსაცია საქართველოში?
ხშირად ძალადობა გამოვლილი ქალების და მათი შვილებისათვის ეს თანხა - გადარჩენის ტოლფასია.

თამარი (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთია, ვინც მრავალთვიანი ბრძოლის, მოძალადე ქმართან სასამართლო სხდომებზე პირისპირ ჯდომის და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვის შემდეგ, ბოლოს მაინც მიიღო სახელმწიფოსგან კომპენსაცია: 7000 ლარი მას და 7000 ლარი მის ერთ-ერთ არასრულწლოვან შვილს - ორივეს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი.

თამარი სამი არასრულწლოვანი შვილის დედაა. ქმარი მასზე წლების განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა. ერთ-ერთ მორიგი ძალადობის დროს, როცა ის ქმარს ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი, ქალი შვილმა გადაარჩინა - ბავშვმა სახლიდან გაქცევა და 112-ზე დარეკვა შეძლო.

ყოფილ მეუღლეს საქმე ყველა სასამართლო ინსტანციაში მოუგო - ბოლო პროცესი ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა და აქაც მოსამართლემ ქალის მხარე დაიკავა. დაზარალებულად გამოცხადდა დედაც და მისი უფროსი შვილიც.

რადგან კაცს იურიდიულად არანაირი ქონება არ ჰქონია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება სახელმწიფოზე გადავიდა.

„ნასესხები ფულით მქონდა ოპერაცია გაკეთებული, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში ვიყავი და ეგ ვალი დავფარე მაშინ. სულზე მომისწრო“, - იხსენებს თამარი.

თუმცა ასე ბევრი ქალის ამბავი არ სრულდება და ზიანის ანაზღაურებისთვის ბრძოლა ხშირად თვეები იწელება.

ასევე ნახეთ ქალთა თავშესაფარში მოსმენილი ამბები

მთავრობის დადგენილება, რომელიც ძალადობის მსხვერპლი და ფემიციდის მსხვერპლი ქალების და მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესს ადგენს, საქართველოში 2022 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა.

კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი ადგენს, რომ მსხვერპლს, რომელსაც ძალადობის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო შეუძლია მოძალადეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

თუ ის მისგან ამ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, მაშინ ძალადობის მსხვერპლს, კანონით, შეუძლია ეს კომპენსაცია სახელმწიფოსგან მოითხოვოს. თუმცა მანამდე, მსხვერპლმა სასამართლოს გზით უნდა სცადოს მოძალადე აიძულოს ზარალი აუნაზღაუროს . კომპენსაცია 500 ლარიდან - 10 000 ლარამდე მერყეობს.

კომპენსაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასცემს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

ქალთა უფლებების დამცველ ადვოკატს, ელისო რუხაძეს კომპენსაციის მოთხოვნით რამდენიმე საქმე აქვს მოგებული და თამარის საქმეც მათ შორისაა.

ადვოკატი ელისო რუხაძე, „ელისო რუხაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი

თუმცა, ელისო რუხაძე გვიყვება, რომ რამდენიმე ადამიანი (მათ შორის, მამა, რომელიც ამ კომპენსაციის მიღებას თავისი არასრულწლოვანი შვილისთვის ცდილობს) კომპენსაციის მისაღებად დღესაც იბრძვის. ჯერ უშედეგოდ.

გოგონას, რომელიც ახლა 11 წლისაა, დაზარალებულის სტატუსი აქვს - მისი მამა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს ახლა ბავშვი, ცდილობს სახელმწიფოსგან მიიღოს სასამართლოს გზით მოგებული კომპენსაცია, 10 000 ლარი. ამ ისტორიაში მოძალადე დედა იყო - მან ოთხი სასამართლო წააგო.

„რაღაც ხანი გოგონა დედამისთან იყო, მე არ მიშვებდა მის სანახავად. მაგრამ ერთ დღეს ბავშვმა ტირილით დამირეკა, მიშველეო... პატრულში დავრეკე. სამი დღე ეძებდნენ. ტელეფონზე რომ ურეკავდნენ ჩემს ყოფილ ცოლს, აგინებდა. ბოლოს მაინც ვიპოვეთ და ბავშვი წამოვიყვანეთ... ისეთ მდგომარეობაში იყო ბავშვი, ვერ ვცნობდი. დღემდე სკოლაში რომ მიმყავს, ხელს მომიჭერს ხოლმე და არ მიშვებს. ჩაკეტილია. მარტო მაღაზიაშიც კი ვერ შედის“.

მამა, რომლის სახელსაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ამბობს, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უპასუხეს, რომ მის საქმეს „ხარვეზი“ აქვს და ამ დრომდე არ აქვს პასუხი, მიიღებს თუ არა ან როდის კომპენსაციას, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ბინის ქირის დასაფარად სჭირდება.

მამა, რომელიც პროფესიით მხატვარია და სტაბილური შემოსავალი არ აქვს, გოგონას მარტო უვლის, არავინ ჰყავს დამხმარე და რადგან ბავშვი პატარაა, მას ვერც მარტო ტოვებს, რომ რეგულარული სამსახური იშოვოს. ერთი ნაქირავები ბინის დაცლა უკვე მოუწიათ და ახლაც სახლის ძებნაში არიან.

ასევე ნახეთ "თუ გიყვარვარ, დამეხმარე“ - როგორ სძალავენ ქალებს სამკაულებს, ხელფასს, ქონებას

რატომ არის პრინციპული კომპენსაციის უფლებით სარგებლობა?

შესაძლოა, ერთჯერადმა კომპენსაციამ ქალების ან მათი შვილების ცხოვრება რადიკალურად ვერ შეცვალოს, მაგრამ მათი ეკონომიკური გაძლიერება ძალადობის დაძლევის ერთ-ერთი გზაა.

ვიღაცისთვის ეს ჯანმრთელობის ხარჯების დაფარვაა, რომ უკეთ გახდეს და მაგალითად, მუშაობა შეძლოს.

სხვისთვის - დროებითი საცხოვრების საფასურია.

ვიღაცისთვის - სწავლის ფული, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, რაიმე საქმე წამოიწყოს და არ იყოს ისევ მოძალადეზე დამოკიდებული.

როგორც წესი, ძალადობის საქმეებში, მოძალადე ან ასხვისებს თავის ქონებას ან სხვაზე აფორმებს, რომ თავი აარიდოს ალიმენტს, დამატებით ვალდებულებებს და მათ შორის, ზიანის ანაზღაურებასაც - კომპენსაციის გადახდას.

სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულების აღებამდე ზიანის ანაზღაურებისთვის წამოწყებული ყველა დავა იყო განწირული წაგებისთვის.

დღეს - ეს შანსი ფორმალურად მაინც არსებობს, თუმცა, როგორც ელისო რუხაძე ამბობს, ურთულესი და გრძელი გზის გავლის გარდა, ქალებს უწევთ შეჯახება სახელმწიფოს ბიუროკრატიასთან და ხელოვნურ ბარიერებთან.

იხსენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოში“ მუშაობის დროს, კომპენსაციის მიღებაში ძალადობის მსხვერპლი დედების ოცზე მეტ ბავშვს დაეხმარნენ. დაახლოებით შვიდმა ცოცხლად გადარჩენილმა ქალმა კი ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოშიც იბრძოლა.

თუმცა ეს არ ყოფილა ადვილი გზა - ქალებს უწევდათ სასამართლო პროცესებზე მოძალადის წინ ჯდომა. ტრავმის ხელახლა განცდა. მათი ნათესავების მხრიდან მუდმივი დამუნათება და არცთუ იშვიათადა- მუქარის მოსმენაც.

მუქარის ადრესატი, როგორც ელისო გვეუბნება, ადვოკატებიც ხშირად ხდებიან:

"და ამ დროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, სადაც თვეში, შესაძლოა, ერთი მსგავსი საქმე შევიდეს, ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ამ ქალებისათვის, რომლებმაც ჯერ გაბედეს კომპენსაციისთვის ბრძოლა, გაიარეს ყველა ინსტანცია და მოიგეს. ამ ფონზე მათ დამატებით უწევთ რაღაც ტექნიკური ბარიერების გადალახვა - გვპასუხობენ, რომ ხან თითქოს გადაწყვეტილებაა ბუნდოვანი ან არასათანადოდ განმარტებული, ან დოკუმენტს სადღაც ბეჭედი აკლია. ეს პროცესს უსაშველოდ წელავს, მაშინ როცა, შესაძლოა, ამ ქალისთვის ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის კომპენსაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს“.

ასევე ნახეთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფოსგან შეეძლებათ

უნაკლო არც მთავრობის 523-ე დადგენილებაა, რომელიც ამ კომპენსაციის აღების წესს განსაზღვრავს.

მაგალითად, მასში წერია, რომ ზიანის ანაზღაურება შეიძლება შერაცხადი, ჯანმრთელი პირის მიერ. როგორ იყენებენ ამას მოძალადეები?

ელისო რუხაძე გვეუბნება, რომ ქალთა ძალადობის ძალიან ბევრი საქმეში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოძალადეს აცხადებს შეურაცხადად - ამ მიზეზის გამო კი, ქალი მას სასამართლოში ვეღარ უჩივის.

„ეს არის ძალიან მძიმე ძალადობის საქმეები, რამდენჯერმე გამეორებული ძალადობისა. და ეს ხდება მაშინ, როცა მოძალადეები არიან მომეტებული საფრთხის მატარებლები... ახლაც სამი-ოთხი ისეთი საქმე მაქვს, რომელშიც მძიმე ძალადობის ჩამდენი ბრალდებული გამოაცხადეს შეურაცხადად. ცხადია, ამის გამო კომპენსაციის ნაწილი არც კი განიხილება“.

კიდევ ერთი ბარიერი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასახდელი პროცენტია - თუ მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალმა 10 000 ლარიანი კომპენსაციის საქმე მოიგო, სანამ ეს თანხა ჩაერიცხება, როგორც ელისო გვიყვება, 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

„ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ახერხებდნენ ხოლმე ამ ქალებისთვის ამ 200 ლარის გადახდას. მაგრამ ახლა ეს რესურსიც აღარ არსებობს. შეიძლება ვინმესთვის წარმოუდგენელია - არ გქონდეს 200 ლარი, მაგრამ ამ ქალებს არ აქვთ ეს თანხა, რომლის გადაუხდელობის გამოც, შესაძლოა, ვერც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 10 000-ლარიანი კომპენსაცია მიიღონ“, - აცხადებს ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ასევე ნახეთ ყოველი მეორე არ იხდის - ბრძოლა ალიმენტისთვის

ხშირად თანხმდებიან და წყვეტენ თუ არა ქალები კომპენსაციისთვის ბრძოლის გაგრძელებას?

არა და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი.

კავშირ „საფარის“ იურისტი, ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი

კავშირ „საფარის“ იურისტი, ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იხსენებს, რომ კომპენსაციის მოთხოვნა მათ რამდენიმე ძალადობა გამოვლილ ქალს შესთავაზეს, თუმცა ამ ბერკეტის გამოყენებაზე უარი მიიღეს.

მათ შემთხვევაში პროცესის გაგრძელებაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ მიემართათ სასამართლოსთვის და კიდევ ერთხელ პირისპირ შეხვედროდნენ მოძალადეს.

„არადა, ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია - ეს მათ აძლევს შესაძლებლობას მიიღონ რეალური მხარდაჭერა, აღადგინონ სამართლიანობა და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს, რომ ამით სხვა ქალებსაც გაუადვილდეთ საკუთარი უფლებების დაცვა და სტიგმაც შემცირდეს“.

ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან კომპენსაციის მოთხოვნის დაბალი სტატისტიკის მიზეზი მათი არაინფორმირებულობაცაა - მათ უბრალოდ არ იციან, რომ აქვთ ამის უფლება.

რადიო თავისუფლებას აინტერესებდა რამდენი მსგავსი საქმეა შესული სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში და რამდენი დააკმაყოფილეს. ასევე მოვიკითხეთ ჩვენი გმირი მამის და მისი ქალიშვილის ამბავიც, თუმცა, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ მხოლოდ წერილობით პასუხს გაგვცემენ და ამისათვის უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.