„ჩემი სახლი ჩავიდა მეორეზე, მეორე პირველზე“ - ნგრევა დადიანზე

ლეილა თავამაიშვილი თავის რიგს ელის, რომ ბინიდან წამლები და სხვა ნივთები გამოიტანოს. 2025 წლის 5 მაისი.

დადიანის ქუჩაზე ჩამონგრეული სამსართულიანი სახლის პერიმეტრი ისევ პოლიციის და სამაშველო სამსახურის ყვითელი და წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.

ლენტის მიღმა არავის უშვებენ. შენობის წინ ახლა მხოლოდ პოლიცია დგას. იქვეა სახანძრო მანქანა. საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაცლილია. გადაკეტილია დენი და გაზი. 30-ზე მეტმა ოჯახმა, რომელიც ახლომახლო სასტუმროებში შეასახლეს, არ იციან, რა ელით ხვალ.

ეს ძველი საცხოვრებელი კორპუსი დადიანზე, მეტრო „სადგურის მოედნის“ თავზე დგას. პირველ სართულზე აფთიაქები და მაღაზიებია. სწორედ ერთ-ერთი მათგანის, „ავერსის“ აფთიაქის თავზე, მესამე და მეორე სართულები ჩამოინგრა 4 მაისს, დღისით. აფთიაქი დროებით დაკეტილი იყო, ადგილობრივები ჰყვებიან, რემონტი მიდიოდაო.

ასე გამოიყურება 5 მაისს დადიანის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც საცხოვრებელ სახლში ორი სართული ჩაინგრა

„ჩემი სახლი ჩავიდა მეორე სართულზე, მესამეზე ვცხოვრობ“, - მეუბნება ანა დვალიშვილი, - „ყველა ჩემი ნივთი ახლა ამასთანაა“ - და ხელს მეზობლის, იაგო კუპრეიშვილისკენ იშვერს.

„ჩემი სახლი პირველ სართულზეა ჩატანილი, "ავერსის" აფთიაქის სივრცეში“, - მიყვება იაგო, რომელიც მეორე სართულზე ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

სხვებთან ერთად, იაგოც ელოდება, როდის შეძლებს ნივთების გამოტანას თავისი ბინიდან

„მეზობლის ბიჭმა ატეხა ამბავი, შენობა იშლებაო, ბზარები დაინახა“, - საუბარში კიდევ ერთი მეზობელი ერთვება.

- ბზარი რომ შეამჩნიეთ, რა ქენით? - ვეკითხები.

- „ავერსში“ დავრეკეთ. გვითხრეს, შესაბამის სამსახურში გადაგამისამართეთო, მაგრამ არავინ დაგვკავშირებია.

- ნგრევის დროს სახლში იყავით?

- უკვე აღარ. მეუღლე მოვიდა, საშიშია და გავიდეთო. ჯერ პატარა ბზარი გაჩნდა, მერე მოიმატა. გავედით გარეთ და ნახევარ საათში სახლი აღარ არსებობდა.

საპოლიციო ლენტის იქით არავის უშვებენ, თუმცა ქუჩის მეორე მხრიდან ნანგრევები კარგად ჩანს

- საშინელი ხმა იყო, მგონი პერფორატორის... თუ რაღაც კაკუნის - კიდევ ერთი მობინადრე მოგვიახლოვდა.

- სავარაუდოდ საძირკველი გამოაცალეს სახლს, თორემ რა მოხდა აბა? მიწისძვრას უძლებდა, ამდენი ხანია ვცხოვრობთ და არაფერი მომხდარა - მეუბნება იაგო კუპრეიშვილი.

როგორ იქცა ბზარები ნანგრევებად

„ავერსში“, კორპუსის ბინადრების თქმით, დაახლოებით ათი დღეა რემონტი მიდიოდა. ფასადი, როგორც ხალხი ამბობს, შენიღბული იყო და რა ხდებოდა შიგნით, ზუსტად არ იციან. თუმცა ყველა ერთი და იმავეს იმეორებს - რემონტის ხმა გვესმოდაო:

„მტვრევის თუ ნგრევის, მეტი არ ვიცით, რემონტი მიდიოდა, რა“.

ასე გამოიყურება დადიანზე ჩამოგრეული სახლის უკანა მხარე

ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა იმ დროს იქვე ახლოს მყოფი ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

„ბეწვზე ვართ გადარჩენილები“, - ამბობენ დადიანის ქუჩის ბინადრები.

ჩამონგრეული სახლის ბინადრები შენობის უკან არიან შეკრებილები

„ავერსის“ გარდა, ამ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მთელ ჩაყოლებაზე, რამდენიმე აფთიაქი და მაღაზიაა. გუშინ ყველა ჩვეულებრივად მუშაობდა. ახლა ყველაფერი დაკეტილია.

კორპუსი ყველა მხრიდან ლენტებით არის შემოსაზღვრული და როგორც გვითხრეს, მას მალე მყარ ღობეს შემოარტყამენ

ადგილზე მისულს, ჩამონგრეული სახლის ბინადრები შენობის უკანა მხარეს დამხვდნენ შეგროვილი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სიას ადგენდნენ, ავარიულ სახლში რამდენიმე წუთით შესასვლელად, რომ აუცილებელი ნივთები გამოეტანათ.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ მხოლოდ თითო-თითოდ შეეძლოთ ბინებში შესვლა - მაშველის თანხლებით.

აქ მაშველები ჩამონგრეული სახლის ბინადრებს უხსნიან, რომ მხოლოდ თითო-თითოდ შეძლებენ ავარიულ სახლში ათი წუთით შესვლას

„ძალიან მალე უნდა იმოქმედოთ, რადგან არ არის იქ ყოფნა უსაფრთხო“.

შემდეგ უსაფრთხოების ჩაფხუტებს აფარებდნენ და ბინებამდე აცილებდნენ.

ყველა გაურკვევლობაშია. მხოლოდ ის იციან, რომ მომდევნო რამდენიმე ღამეს სასტუმროში გაათევენ.

ერთ-ერთი მცხოვრები საკუთარი ბინისკენ მიემართება, რომ აუცილებელი ნივთები გამოიტანოს

რას შესთავაზებს მათ თბილისის მერია და რაიონის გამგეობა - ზუსტად არ იციან.

  • „ქირით გაგიყვანთო, მაგრამ სამას და ხუთას ლარად სად და რა უნდა ვიქირაოთ?“
  • „არ დავთანხმდებით. დაგვაკმაყოფილონ. ქირით გადასვლა ნიშნავს, რომ ქირითვე უნდა დავრჩეთ“.
  • „ვნახოთ, ხვალ იქნება შეხვედრა გამგეობაში და შევხედავთ".

შენობიდან გამოაქვთ იქ დარჩენილი ხილ-ბოსტნის დახლიც

დადიანზე ჩამონგრეული სახლის მობინადრეები ამბობენ, რომ შენობა მართლაც ძველი იყო, თუმცა არა იმდენად ავარიული, რომ ასე მარტივად დაშლილიყო.

ამ სახლში 2000 წელს შეასახლეს სოხუმიდან დევნილი ნინო ავალიანის ოჯახიც. მას მერე, აქ ცხოვრობს ნინო თავის ათ და-ძმასთან ერთად.

„უფრო გარედან იყო ეს სახლი ავარიული, შიგნიდან გამაგრებული იყო, ამდენი ხალხი ვცხოვრობდით ბავშვებით და რომ დავეჭვებულიყავით, ხომ არ ვიცხოვრებდით? ამიტომ გვგონია, რომ ეს ამ რემონტმა გამოიწვია. კორპუსს ერთ ადგილას იყო პრობლემა, სადაც საერთო ტუალეტია, რამაც მეორე სართულის ლპობა გამოიწვია და მანდ იყო გასაკეთებელი მხოლოდ და არა იქ, სადაც ჩაინგრა...

ბევრჯერ დავწერეთ მაგაზე განცხადება, მაგრამ პრობლემა ვერაფრით მოვაგვარეთ. რაც შეეხება შეთავაზებას, რომ თითქოს მწვანე კარკასს გვთავაზობდნენ ამ სახლის სანაცვლოდ, მსგავსი არაფერი ყოფილა“.

აქ ლეილა ელის, როდის მოვა მისი რიგი და ბინაში შესვლას შეძლებს

ნინოს საუბარს ამავე კორპუსში მცხოვრები ლეილა თავამაიშვილი აგრძელებს და გვიყვება, რომ ინვესტორები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, თუმცა რაიმე რეალურ შეთანხმებამდე არ მისულან.

ლეილაც თავის რიგს ელის, რომ ბინიდან წამლები და სხვა ნივთები გამოიტანოს.

ჩამონგრეული სახლიდან გამოტანილი ნივთები სასტუმროში მიაქვთ

ჯერჯერობით, დადიანის ქუჩის მცხოვრებლებმა არ იციან, როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი და როდის გაიგებენ, რა გახდა მათი სახლის ნგრევის მიზეზი.

ექსპერტიზა, შესაძლოა, თვეზე მეტხანსაც კი გაგრძელდეს.

სასტუმრო, სადაც დადიანის ქუჩის ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახი დროებით შეასახლეს

შსს-ში გვითხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნგრევის დროს უკვე ყველა გარეთ იყო, მათ შორის, ბავშვებიც

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ დაგვიდასტურა, რომ „ავერსის“აფთიაქში რემონტი მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა თქვა ისიც, რომ თავად სახლი იყო ავარიული, რის გამოც ოჯახებს არაერთხელ შესთავაზეს ქირით გასვლაც და იყო მოლაპარაკებების მცდელობა ე.წ. ჩანაცვლების პროგრამაზეც, თუმცა ხალხისგან უარი მიიღეს:

„ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ინვესტორთან და ჩვენი შეუთანხმებლობის მიზეზიც ეს იყო“.

ირაკლი ანდღულაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ავარიული შენობიდან გაყვანილია 34 ოჯახი. შემდგომი ეტაპი, ნაძალადევის გამგებლის სიტყვებით, მათი ქირით გაყვანაა.

რა ბედი ელის სახლს, ამაზე მამუკა ანდღულაძეს ჯერ მკაფიო პასუხი არა აქვს, ეს მისი თქმით, ექსპერტიზამ უნდა თქვას - შესაძლებელი იქნება შენობის გამაგრება თუ დაინგრევა.

„მე მეეჭვება, რომ გამაგრება შესაძლებელი იყოს. ეს, ალბათ, ძალიან ძვირი დაჯდება. თუმცა ეს პასუხი რომ გვეცოდინება, მერე დავიწყებთ ხალხთან საუბარს - რა შევთავაზოთ მათ“.

შენობასთან დღის განმავლობაში იდგა პოლიცია, სახანძრო და სპეცტექნიკა

მართალია, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის მიზეზებს ჯერ გამოძიება იძიებს და ამ ეტაპზე არც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა, ხშირად, ნგრევის მთავარი მიზეზი შენობის მზიდი კედლის დაზიანება გამხდარა.

მზიდი კედელი, დადიანის ქუჩაზე შეკრებილმა მოსახლეობამაც არაერთხელ ახსენა.

ასევე ნახეთ რა არის მზიდი კედლები და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

ბინის მზიდ კედლებს „უჭირავთ” ზედა სართულის იატაკი, ანუ ამავე ბინის სახურავი, და კონსტრუქციის სხვადასხვა ნაწილი. მათზე მეტი დატვირთვა, მეტი წონა მოდის, ვიდრე სხვა, არამზიდ კედლებზე. შესაბამისად, მზიდ კედელს თუ მოშლით, სახლი, ან მისი ნაწილი მაინც, დიდი ალბათობით, ჩამოინგრევა.

მზიდი კედლების დემონტაჟი ან მათი ნებისმიერი სახით ცვლილება, სულ რომ პატარა ნახვრეტსაც აკეთებდეთ, სახიფათოა და სპეციალისტების ჯგუფთან უნდა შეთანხმდეს. არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილის სიტყვებით, მზიდი კედლის მოშლა „იმ ტოტის მოხერხვაა, რომელზეც ზიხარ”.

ნგრევა დადიანზე არ არის ბოლო წლებში თბილისსა თუ მის გარეთ, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ერთადერთი შემთხვევა.

2024 წლის მარტში თბილისში, ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, სადაც ადამიანი დაშავდა. მაშინ თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო, 14 ოჯახი კი გამგეობის ხარჯით ქირით იყო გადაყვანილი.

ასევე ნახეთ ავლაბარში შენობა ჩამოინგრა

2022 წლის მაისში საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის 29-ში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე აივანი ჩამოიშალა. თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა.

ასევე ნახეთ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოიშალა

მანამდე, 2021 წლის ოქტომბერში, ისევ ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა და როგორც მაშინ უთხრეს რადიო თავისუფლებას ისნის გამგეობაში, ავარიულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა.

ასევე ნახეთ ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა


2021 წლის ოქტომბერში ბათუმში დატრიალებულ გახმაურებულ ტრაგედიას, რომლის დროსაც 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა