„კენჭი გადავაგდე და ლოდი აგორდა“ - გერმანულენოვანი თეატრების მსახიობები ნინო ხარატიშვილის პიესას კითხულობენ

გერმანულენოვანი თეატრების მსახიობები სცენაზე ავიდნენ და ერთხმად წაიკითხეს ნაწყვეტები ნინო ხარატიშვილის ახალი პიესიდან

ქართველი მსახიობების და თეატრების სოლიდარობის აქციას, რომლის იდეაც გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს გაუჩნდა, უკვე ათზე მეტი გერმანულენოვანი თეატრი შეუერთდა გერმანიაში, შევეიცარიასა და ავსტრიაში.

სხვადასხვა ქართული თეატრების გაფიცულმა მსახიობებმა, „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე, თბილისში და მათმაკოლეგებმა - ბერლინში, ჰამბურგში, მიუნხენში, ჰანოვერში, მარბურგში, ციურიხსა თუ ვენაში, ერთხმად წაიკითხეს ნაწყვეტები ნინო ხარატიშვილის ახალი პიესიდან, რომელიც საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმაურება.

სამეფო უბნის თეატრის მსახიობები სცენაზე

„...და როცა კვლავ დადგება

ახალი მონსტრების შექმნის დრო,

როცა ისევ ომის მადაზე მოხვალთ,

და ხელნაკეთი აბრეშუმის სუდარას გადააფარებთ მსოფლიოს,

აღსასრულის აღსანიშნავად,

როცა იარაღის ალერსის ჟინი შეგიპყრობთ ისევ

და ტანკებს თეძოებს შორის მოიქცევთ

მოხდენილი პატარძლებივით...

როცა თქვენი ქარხნები

ახალი სისხლისღვრის მოლოდინში

ცას გაჭვარტლავენ -

ეს ხომ გარდაუვალია,

ეს გარდაუვალია,

გარდაუვალია, - თქვენ ხომ ეს ზურგის ტვინში გაქვთ ჩაბეჭდილი...“

ჰამბურგი, თალია თეატრისა და დოიჩეს შაუშპილჰაუს მსახიობები კითხულობენ ნაწყვეტს ნინო ხარატიშვილის პიესიდან და ასე გამოხატავენ სოლიდარობის ქართული თეატრის და მსახიობების მიმართ

სოლიდარობის ამ აქტით, გერმანელი მსახიობები ქართველ ხელოვანებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამხნევებენ.

ნინო ხარატიშვილი კი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ევროპაში ყველას, იმაზე, რაც მის ქვეყანაში დღეს ხდება - როგორც თავად ამბობს, „იხმაუროს“ და პროტესტის ხმა გააგონოს ევროპას.

მას სჯერა, რომ სიტყვას შეუძლია ცვლილებების მოხდენა.

„რადგან მსახიობები, სხვებთან ერთად, პროტესტის წინა ხაზზე დგანან, ზოგი ნაცემი და დაჭერილია, მინდოდა, რომ მათთვის რაღაც გამეკეთებინა. კენჭი გადავაგდე და ლოდი აგორდა, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება - ძალიან ბევრი ქალაქის თეატრებიდან შემეხმიანნენ. მათაც გამოთქვეს სურვილი, ამ პერფორმანსით მხარი დაეჭირათ ჩვენთვის“, - გვეუბნება ნინო ხარატიშვილი.

სამეფო უბნის თეატრის მსახიობები კითხულობენ ნაწყვეტს ნინო ხარატიშვილის პიესიდან

ნინოს სიტყვებით, ეს ერთგვარი თეატრალური „We are the world“ იქნება და ყველა დაინახავს, რამხელა მნიშვნელობა და ძალა აქვს თეატრს.

ციურიხი, მსახიობები სოლიდარობის ნიშნად კითხულობენ ნაწყვეტებს ნინო ხარატიშვილის პიესიდან

„ვხედავთ, როგორ უწევს ქართველ ხალხს, რომ ყოველ ხუთ-რვა წელში, წინ აღუდგეს რეპრესიებს. ასეთ დროს, პირველ რიგში, სწორედ ხელოვანებს უტევენ ხოლმე... წიგნების დაწვა იქნება ეს, არტისტების ციხეში ჩასმა ან თუ მათი იძულება, დატოვონ ქვეყანა. სანამ ეს ასეა, ჩვენ ვართ დიდ საფრთხეში, რომ დავკარგოთ ადამიანობა, ჰუმანურობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მსახიობმა კარინ ნოიჰოიზერმა.

Your browser doesn’t support HTML5

კარინ ნოიჰოიზერი

მისი კოლეგა, მსახიობი ელა კოზენი კი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებს ეშინიათ ხელოვნების, კულტურის და მათი ძალის.

„თუ შენ ადამიანებს სხვამ ციხეში იმისთვის, რასაც ისინი ქმნიან, თუ მათ იჭერ მათი შეხედულებების გამო, წარმოიდგინეთ რამხელა ძალაზეა საუბარი. ხელოვნება - იარაღიც არის და გადარჩენის გზაც“.

სოლიდარობის აქტს შეუერთდნენ მიუნხენშიც - თეატრის მსახიობები ემზადებიან ნაწყვეტების წასაკითხად ნინო ხარატიშვილის პიესიდან

„სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორის, დათა თავაძის სიტყვებით, ამ აქტით, საქართველოს გაფიცული თეატრები და მსახიობები კიდევ ერთხელ იმაღლებენ ხმას სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად - მათ ხმას გერმანული თეატრების მსახიობების ხმა უფრო აძლიერებს:

„ჩვენ ერთად ვდგებით, როგორც ხალხის ხმა, ანტიკური ქორო, “ბავშვთა ქორო”, როგორც ქართული პოლიფონიური გუნდი, სადაც ჩვენი ხმები და ენები ერთიანდებიან მოწოდებაში მოქმედებისკენ. ჩვენ ვუერთებთ ჩვენს ხმას საქართველოს ქუჩებს - დემონსტრანტების პრინციპულ მოთხოვნებს. ევროპული თეატრების, ჩვენი მეგობრებისა და კოლეგების ამგვარი თანადგომა გვიდასტურებს, რომ ჩვენ მარტოები არ ვართ, რომ ჩვენი ოჯახი ჩვენთან ერთად დგას, გვამხნევებს და გველოდება“, - უთხრა დათა თავაძემ რადიო თავისუფლებას.

ბერლინი, დოიჩე თეატრშიც კითხულობენ ნინო ხარატიშვილის პიესიდან ნაწყვეტებს

ეს კი, კიდევ ერთი ნაწყვეტია ნინოს ახალი პიესიდან, რომელიც გაფიცული სამეფო უბნის თეატრის მსახიობებმა წაიკითხეს სცენაზე:

„...როცა დადგება დრო

გახედვნის და დამორჩილების,

როცა გაცხოველების საზეიმო ლენტებს ჩაჭრით,

არჩევანს მოსპობთ,

და მონატრებას აღკვეთთ,

და ადამიანობას ჩაახშობთ,

იმედი დაგიჩირქდებათ,

მენჯებში ზიზღი მოგიმწიფდებათ

და თქვენი იმპოტენციის შურისძიება

კუჭში დაიწყებს დუღილს,

როცა დაუნდობლობა გამოასხამს თქვენი ღრმულებიდან,

სასაკლაოზე სასიყვარულო აქტის აღსრულებისას,

როცა სროლებს ორკესტრად ააჟღერებთ,

დინამიტს გაწუწნით და კურკებს გადაპარსულ

შიშველ მიწაზე გადმოაფურთხებთ,

სიკვდილი კი - თქვენი ცოცხი, თქვენი ჩვარი, -

ყველაფერს მოასუფთავებს და გაწმენდს

დაუზარელად...

როცა ყაყაჩოს მოწყვეტთ და ვენებში შეისხამთ

რომ გაუძლოთ იმას, რადაც იქეცით,

რომ შუშად ქცეულმა თვალებმა

არ შემოუშვან თქვენში სამყარო -

მხოლოდ მისი ანარეკლი,

მხოლოდ ანარეკლი...“

ნაწყვეტები ნინო ხარატიშვილის პიესიდან გაისმა ბოხუმის, ბრემენის, ჰანოვერის, ჰამბურგის, მაგდებურგის, მიუნხენის, მარბურგის, ფრანკფურტის, თეატრების სცენებიდან.

და ეს არ არის ევროპული თეატრების და მსახიობების საბოლოო სია, ვისაც სურს მხარდაჭერა გამოუცხადოს ქართველ კოლეგებს.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ ვიჯდე სახლში და როგორ ვწერო ახლა წიგნები? - ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან