„ვეუბნები, დაიბრუნეთ ის კარგი გვარი-მეთქი“ - რატომ არ იბრუნებენ ოსები ისტორიულ გვარებს?

ცხინვალი (საარქივო ფოტო)

ბოლო წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძველი გვარების დაბრუნებას ცდილობენ. რუსიფიკაციის გავლენით ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით შუა აზიაში, ტრადიციულ გვარებს რუსული დაბოლოებით წერდნენ.

უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი - ეს იქ ქვეყნებია, სადაც ცდილობენ რუსული დაბოლოებები - "ოვა, "ევა, „ოვნა“ - მოიშორონ და ის გვარები დაიბრუნონ, რომლებიც ადრე ჰქონდათ.

მაგალითად, უზბეკეთში სახელებისა და გვარების ტრადიციული ფორმით დაწერა 1991 წელს, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყეს. ყველაზე მეტად ეს ტენდენცია ახალშობილების მამის სახელებზე აისახება. დაბოლოებების „ოვიჩ“ და „ოვნას“ ნაცვლად ძეზე წერენ „უღლი“, ასულზე - „ქიზი“.

ყაზახეთში 1996 წელს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა „ყაზახური გვარებისა და მამის სახელების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციების მიხედვით ჩაწერის პრაქტიკის დანერგვის“ შესახებ.

ყირგიზეთში მაგალითი ხალხს პარლამენტის სპიკერმა მისცა, ნურლანბექ შაკიევი იყო და ნურლანბექომ თურგუნბექ უულუ გახდა.

ტაჯიკეთში ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი შარიპოვიჩ რახმონოვმა გადაიკეთა გვარი. ის ახლა ემომალი რახმონია.

ასევე ნახეთ როგორ ცდილობენ შუა აზიაში გვარების დერუსიფიკაციას

საქართველოში რუსიფიკაცია ამ მხრივ ყველაზე მეტად ოსებს შეეხოთ. ტრადიციული „თი“-ს ნაცვლად მათი გვარების უმეტესობას ახლა „ოვი“ და „ოვა“ აბოლოებს. მაგალითად, ხეთაგათები ხეთაგუროვები გახდნენ.

პროფესორი ნაირა ბეპიევა, რომელიც წლებია ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობს, გვარებზე ლაპარაკს ოსური ფოლკლორით იწყებს: ნართების ეპოსით, ცარციათების ეპოსით და ამირან-დარეჯანიანის ოსური ვერსიით. ამ თხზულებებში, სადაც ოსების წინაპრებზე ლაპარაკობენ, ძველი გვარებიც არის ნახსენები.

„მაგალითად, ერთ-ერთ უძველესი გვარია ჯიოთა. მაშინ ოსური გვარი თავდებოდა თ-თი და ა-თი (გამოითქმის როგორც ა და ე ერთდროულად). თ - არის მრავლობითობის ნიშანი, ა - ამ გვარისადმი მიკუთვნებულობის ნიშანი.

რუსიფიკაციის შემდეგ შემოვიდა რუსული დაბოლოებები, თორემ მანამდე ბეპითა ვიყავით ყველა, ძველი საფლავები რომ ნახოთ ასე აწერია“, - ამბობს ნაირა ბეპიევა, ის ოსურად თავის გვარს ახლაც ოსური ტრადიციით წერს.

რუსიფიკაციის შედეგად გვარები გადაიკეთა უმეტესობამ, მაგრამ არა ყველამ. განსაკუთრებით გაჯიუტდა ინტელიგენცია, მაგალითად, მწერალი ნაფი ჯუსოითი, „ვეფხისტყაოსნის“ ოსურად მთარგმნელი გიორგი ბესთაუთი, პოეტი გიორგი ძუგათი, ისტორიკოსი იური გაგლოითი, მწერალი კოსტა ხეთაგუროვი.

„ხეთაგათები იყვნენ ეგენი. მეფე ერეკლე სიგელს გასცემს ხეთაგათებზე, მაგრამ რუსიფიკაციის შემდეგ ხეთაგუროვები გახდნენ. თუმცა, ოსურად კოსტა ხეთაგათით იწერებოდა“, - ჰყვება ცხინვალის თეატრის რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი.

2012 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კანონიც კი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ოსური გვარების დაბოლოებებად მიჩნეულია „თი“, „ონ“, „ან“, „ენ“ და მსურველს შეუძლია თავისი ძველი გვარი ისევ დაიბრუნოს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ კანონით ბევრმა ისარგებლა და ოსებმა მასობრივად დაიწყეს გვარების გადაკეთება. დღემდე ამას მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებს, როგორც ნაირა ბეპიევა ამბობს, ძირითად ისევ ინტელიგენცია ან ისინი, ვისაც საკუთარი ხალხის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა აქვს.

მიზეზი, რის გამოც ოსები რუსულ დაბოლოებებს ინარჩუნებენ მაინც ისაა, რომ ბევრი მათგანი რუსეთში ცხოვრობს, ან პერიოდულად ჩადის იქ.

„ახლა ბევრმა დაიბრუნა თავის გვარი. თუმცა რუსეთში ვინც არიან, ისინი არ იბრუნებენ. უცხოდ ჩანს ოსური გვარი, ხან ირანული ჰგონიათ, ხან - თურქული“, - ამბობს ნაირა ბეპიევა.

„ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც დაბოლოება „თი“ აიღო, მაგრამ ისეთი ტენდენციაც არაა, რომ რუსული გვარი ყველას გადაეგდოს. სულ ვეუბნები, დაიბრუნეთ ის თქვენი, კარგი გვარი-მეთქი. თავს იკავებენ, მერე რამე პრობლემა არ შემექმნასო, ან ჩემს შვილს არ შეექმნასო“, - ამბობს თამარ ხიზანიშვილი.

ბევრმა ოსმა გვარი ქართულადაც გადაიკეთა, განსაკუთრებით 90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ფონზე.

უმცირესობათა კვლევის ეროვნული ცენტრის კვლევაში წერია: „დღეს შიდა ქართლის ყველა რაიონში ოსების აბსოლუტური უმრავლესობა ატარებს ქართული დაბოლოების გვარებს (-შვილი/-ძე/-ური), თუმცა არის იშვიათი გამონაკლისებიც, კერძოდ ოსური გვარები რუსული დაბოლოებით (-ოვ/-ოვა) გვხვდება სოფლებში წითელუბანი, გამდლისწყარო, ზადიანთკარი, ყინწვისი, ახალი ხურვალეთი, პატარა ხურვალეთი, საქადაგიანო, თუმცა მცირე რაოდენობით“.

„საქართველოში მცხოვრებმა ოსებმა გვარები „შვილის“ დამატებით გადაიკეთეს. ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. მაშინ ძალიან საშიში პერიოდი იყო. ბიძაშვილები იყვნენ, ერთს „ევი“-ით ჰქონდა გვარი დაბოლოებული, მეორეს „შვილი“-ით. რომ ვკითხე, შენ ხომ ოსი ხარ-მეთქი, მიპასუხა: არაო, ვინ გითხრაო“, -იხსენებს ნაირა ბეპიევა.

საქართველოს კანონმდებლობით, ყველას შეუძლია შეიცვალოს გვარი, ან დაიბრუნოს თავისი ისტორიული გვარი, ასევე აიღოს პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით. გვარის შეცვლის წესი და პროცედურა სახელმწიფო სერვისების განვითარების საიტზეც არის გამოქვეყნებული.