დასავლეთთან თბილისის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების ფონზე ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ქართველ მოხელეებს ინდივიდუალურ სანქციებს უწესებენ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები კი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით მიმართავენ.
ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სავიზო შეზღუდვებმა, დეკემბრის შემდეგ, თანდათან მოიცვა მაღალჩინოსნები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, პოლიციელები, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები. შეზღუდეს „ქართული ოცნების” მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც.
ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსებს „ქართული ოცნება”, სხვადასხვა დროს, ანტიქართულ ქმედებებში, მტრობასა და საქართველოს ომში ჩართვის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს.
რა არის ბალტიის ქვეყნების ინტერესი სინამდვილეში?
შეზღუდვები ერთმანეთის მიყოლებით
3 მარტს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ინდივიდუალური სავიზო სანქციების მორიგი პაკეტები გამოაცხადეს. ამჯერად, შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს - ათეულობით ადამიანს, ვისაც შეხება ჰქონდა პროდასავლური პროტესტის მონაწილეთა დაკავებასთან.
- ლიეტუვამ სანქციები დაუწესა 74 ადამიანს,
- ესტონეთმა - 55-ს,
- ლატვიამ კი - 16-ს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქცირებულები პასუხისმგებელი არიან „ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მძიმე და სისტემატურ დარღვევებზე“.
„საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე ლატვიის პერსონა ნონ გრატათა სიას, რის შედეგადაც მათ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ ლატვიაში შემოსვლა“, - დაწერა პლატფორმა X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.
ასევე ნახეთ ბალტიის ქვეყნებმა საქართველოს კიდევ ათეულობით მოქალაქეს დაუწესეს სანქციები - სიასავიზო შეზღუდვების რამდენიმე პაკეტი იყო მანამდეც. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისიდან, ბალტიისპირა სახელმწიფოების სანქციები შეეხოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის არიან - ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე.
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა მაშინ, X-ზე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
- მანამდე, 2 დეკემბერს, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს საქართველოს 11 მოქალაქეს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
ევროკავშირის სივრცეში, ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები დაწესებული აქვთ მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს. ბრიუსელში ვერ შეთანხმდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებაზე; თუმცა ხაზი არაერთხელ გაესვა შესაძლებლობას, რომ, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივად მიიღონ.
ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის უფლება შეაჩერა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ასევე არაერთმა სახელმწიფომ შეაჩერა საქართველოს მთავრობის დახმარების პროგრამები. ამ გადაწყვეტილებებს კონსენსუსი არ სჭირდება. ევროკავშირის მიღმა, სანქციები დააწესეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ.
„მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ“?
„ანტიქართული“ - ასე უწოდეს ბალტიის ქვეყნების ზომებს „ქართულ ოცნებაში“. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გარდა, „ოცნება“ რუსეთთან დაპირისპირების პროვოცირებაზეც ლაპარაკობს.
„აშკარაა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა, შესამცირებლად მაინც. „ყველა საშუალებაში“, როგორც ჩანს, საქართველოც მოიაზრება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ”, - წერს 5 მარტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში, „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ტექსტში აღნიშნულია, რომ ბალტიის სახელმწიფოები „მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ”.
ბალტიისპირა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზე „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი გაიხსენა „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც, გასული წლის მიწურულს - როცა სანქციების შესახებ გამოცხადდა.
„არიან ძალები, რომლებსაც აქვთ არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირში, მათ შორის - კონკრეტულ ქვეყნებში. თქვენ ნახეთ, რა გააკეთებინეს, მაგალითად, კონკრეტულად ლიეტუვას და ესტონეთს, გადაადგმევინეს ანტიქართული ნაბიჯი, აბსოლუტურად თან არაპრაგმატული ნაბიჯი და თან ანტიქართული ნაბიჯი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
- 2008 წლის აგვისტოს ომისას, როცა რუსეთმა სამხედრო ტექნიკა დაძრა თბილისისკენ, საქართველოს დედაქალაქში საკუთარი რისკის ფასად ჩამოვიდნენ - ესტონეთის, ლიეტუვის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერ-მინისტრი. მათთან ერთად იყვნენ პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.
- ამ გამბედაობამ მაშინ ბევრი გააოცა. პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობდნენ, რომ სოლიდარობის გარდა, ეს იყო მამაცი სვლა - საქართველოს დედაქალაქზე რუსეთის შეტევის რისკის შესამცირებლად.
ასევე ნახეთ „დიპლომატიური ბუნდოვანების“ ეტაპი უკვე გავიარეთ - რიჰარდს კოლსი საქართველოს არჩევნების არაღიარების შესახებ
„ბალტიის ქვეყნები საქართველოს ისტორიული, ერთგული მოკავშირეები არიან. ერთნაირი პრობლემები გვქონდა - ძალით ვიყავით დაპყრობილი და გაწევრიანებული საბჭოთა კავშირში. სულ იყო სოლიდარობა ჩვენ შორის. ყოველთვის იყო ერთმანეთის მიმართ სიმპათია, მუდმივად იყო აღქმა, რომ მათი გამარჯვება ჩვენი წინსვლის წინაპირობა იყო. მუდმივად გვიზიარებდნენ გამოცდილებას.
მაგრამ ახლა, როცა ხედავენ, რომ ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგო ქმედებებია “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან მტკივნეული გამოხმაურება და რეაქციები აქვთ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე და ამატებს:
„ბალტიისპირელები, პოლონეთთან ერთად, ყოველთვის იდგნენ ავანგარდში რუსული ავტოკრატიისა და იმპერიალიზმის არეალის გაფართოების წინააღმდეგ და ზოგს ეს გადაჭარბებულად ეჩვენებოდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაარწმუნა დასავლეთი, რომ ბალტიის ქვეყნების განგაში ახირება არ ყოფილა“.
შალვა პაპუაშვილი ბალტიის ქვეყნებს საქართველოს ევროინტეგრაციის ხელის შეშლაშიც სდებს ბრალს.
ისტორიას კი მათი მხარდაჭერის უამრავი მაგალითი ახსოვს.
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი აქტიურები იყვნენ ყველგან, სადაც კი - საქართველოს წინ წაწევის შესაძლებლობები ჩნდებოდა. წლების განმავლობაში, ისინი ხელმომწერები და ლობისტები იყვნენ რეზოლუციების, განცხადებებისა თუ შეთავაზებებისა, რომლებიც, მათ შორის - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდებოდა.
- ბალტიის ქვეყნების პარლამენტები მოწინავეები იყვნენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესში, ამ დოკუმენტის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერის შემდეგ. სხვა არაერთ ქვეყანაში პროცესი 2015 წელსაც გრძელდებოდა.
- 2015 წლის მაისში, რიგის სამიტზე - სწორედ ლიეტუვის აქტიური მონაწილეობით, დასკვნით კომუნიკეს პროექტს დაამატეს ჩანაწერი, რომელიც აღიარებდა აღმოსავლელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, „ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს”, რაც ექსპერტებმა მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისთვის სასარგებლო ინიციატივად აღიქვეს.
ბალტიის ქვეყნები მუდმივად გამოხატავდნენ საქართველოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე - რასაც რუსეთის აგრესიისგან თავდახსნის რეალურ შესაძლებლობად განიხილავდნენ. და ეს ხდებოდა დიდი ხნით ადრეც, ვიდრე ევროპის სკეპტიკოსი ქვეყნები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
- ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობის მიუხედავად, 2022 წლის ოქტომბერში, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსების დელეგაცია ჯერ კიდევ ჰპირდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მაქსიმალურ მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დახმარებას რეფორმების გატარების პროცესში;
- შემდეგ ყველაფერი გართულდა - ბოლო წლებში, ბალტიის ქვეყნები, პარლამენტებისა თუ მთავრობების დონეზე, ღიად და პირდაპირ მიუთითებენ თბილისს, რომ მისი არჩეული გზა არა ევროპული ოჯახისკენ, არამედ რუსეთისკენ მიდის. საქართველოში შექმნილი კრიზისის პარალელურად, მათ ლაპარაკი დაიწყეს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებაზეც.
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე, როცა საქართველოსა და უკრაინას ალიანსის წევრებმა უარი უთხრეს MAP-ზე [გაწევრიანების სამოქმედო გეგმა], რუმინეთსა და პოლონეთთან ერთად, აქტიურობდა ლიეტუვა - რათა კომუნიკეში ამ ორი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა ასახულიყო, რაც მოხდა კიდეც.
ბალტიის ქვეყნებთან თბილისის ურთიერთობები ბოლო წლებში, თანდათან დაიძაბა, ისევე, როგორც დასავლეთის უდიდეს ნაწილთან.
ბალტიელი პოლიტიკოსები, სხვებთან ერთად, „ქართული ოცნების” მიმართ უნდობლობასა და კრიტიკას 2019 წლიდან გამოხატავდნენ - როდესაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პარლამენტის „მეამბოხე მაჟორიტარების” ხელით ჩავარდა. იმავე პერიოდში ევროპელების კრიტიკას იწვევდა ქუჩის აქციების დროს ათეულობით დაკავებული და გასამართლებული პირის საკითხი.
თანდათან იმატა პრობლემებმა და იმატა რეაქციებმა. ბალტიის ქვეყნების დეპუტატების აქტიურობით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული არაერთი კრიტიკული რეზოლუცია დამტკიცდა.
რამდენიმე მათგანში, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც არის მოთხოვნილი. „ჩალის ფასი აქვს” - ასეთი იყო „ოცნების” გამოხმაურება ყოველ ჯერზე.
ევროპარლამენტარებს ომში ჩათრევისა და „მეორე ფრონტის” გახსნის ხელშეწყობაში „ქართული ოცნება” 2022 წლიდან სდებდა ბრალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მიზეზი ასევე მწვავე რეზოლუცია იყო.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურსასევე ნახეთ როდის დაუპირისპირდა "ოცნება" დასავლეთს? რა ხდებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და რა შუაშია "მეორე ფრონტი"?
კუბილიუსები - „ქართულმა ოცნებამ” „ქვეყნის მტრების”, „საქართველოს ევროპული მომავლის მტრების” კრებით სინონიმად აქცია - ლიეტუველი ევროპარლამენტარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის გვარი. კუბილიუსი ახლა ევროკომისარია - თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში. ის ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
პრემიერმინისტრობის დროს, 2021 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა გიჟიმანტასი უწოდა - ლიეტუველ დეპუტატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ჟიგიმანტას პავილიონისს. შემდეგ, ეს ტერმინი „ქართულმა ოცნებამ“ თავის ლექსიკონში დაიტოვა.
იგივე ტერმინები გამოიყენა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, 4 მარტს, ბალტიის ქვეყნების მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ. თავად ის ესტონეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაშია.
„ცაჰკნა, ერთ ადგილას გაიკეთე შენი სანქციები. ჩვენ ქართველები ვართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს დავიცავთ. თქვენ კი ხელისუფლებაში დროებით ხართ მოსული”, - ასე მიმართა ირაკლი ზარქუამ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან” საუბრისას.
ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ ლიდერებს ზარქუამ „მხდალი და სუსტი” უწოდა. ასევე მისი სიტყვებია, რომ - „ბალტიელები ყველაზე დიდი მტრები არიან”.
რა არის აქტიურობის მიზეზი?
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ასევე ხშირად გამხდარა „ქართული ოცნებას” გაღიზიანების მიზეზი და მათ შორის - ტერმინ „დებიძინიზაციის” გამო, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნების აქტიურობა ბუნებრივია - რადგან საქართველოს განვითარება მათი ეროვნული უსაფრთხოების საკითხსაც წარმოადგენს.
ასევე ნახეთ რასა იუკნევიჩიენე: ეს ბრძოლა გადამწყვეტიაამჟამინდელი რეალობა დამშვიდების საშუალებას არ აძლევთ, რადგან როგორც იუკნევიჩიენე აღნიშნავს, „ახლა კრემლი არის ქვეყნის [საქართველოს] შიგნით”.
„პუტინმა და კრემლმა მოახერხეს აქ [საქართველოში] ის, რასაც მსგავსი პროცესებით ცდილობდნენ უკრაინასა და მოლდოვაშიც - რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქიზაციით დაეპყროთ ქვეყნები შიგნიდან - გასროლისა და ომების გარეშე... ქართული გამოცდილება ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა კრემლისთვის”, - რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს ასევე, რომ 1940 წელს, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ანექსიამდე, ბალტიის ქვეყნებშიც მსგავსი შეცდომა დაუშვეს პოლიტიკოსებმა, როცა ნეიტრალიტეტის სიკეთეების დაიჯერეს.
„ყურადღებით ვუსმენ, რასაც “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები ამბობენ: ისინი იმავე სუვერენიტეტის ბანქოს ათამაშებენ; ამბობენ, რომ არ არიან პრორუსები, რომ არავის მხარეს არიან და არიან პროქართველები. ეს არის იდეალური სიტუაცია კრემლისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი. ასე რომ, ეს არის მანიპულაცია და ამიტომაც ვარ აქ, რომ დავეხმარო საქართველოს გადარჩეს როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა… ეს არის ჩვენს ინტერესებში, ვინაიდან, ჩვეულებრივ და ალბათ არასდროს, დემოკრატიები არ ომობენ, არ იწყებენ ომებს. ომებს იწყებენ დიქტატურები და არა - დემოკრატიები”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე.
ასევე ნახეთ ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ - ლანდსბერგისი პაპუაშვილის ნათქვამზე ასევე ნახეთ ჩაფურთხების შიშის სათავეებთან - წინააღმდეგობისა და შეურაცხყოფის შესახებახლახან, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუველებს „ზურგს უკან საქციელი“ და „სამარცხვინო ქცევის” სტილი მიაწერა, „მოსამართლეების ნადიმთან” და კერძში ჩაფურთხების ხმაურიან ინიციატივასთან დაკავშირებული დისკუსიების ფონზე. სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ 13 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა“ და, რომ საქართველოში პროტესტი - „ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.
დისიდენტური წარსულის მქონე კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ, რომელიც 80-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა პერმის საპატიმრო ზონაში თითქმის ოთხი წლით გამოკეტა, პაპუაშვილის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და გაიხსენა, თუ როგორ ეხმარებოდნენ ლიეტუველები საქართველოს დისიდენტურ მოძრაობას და როგორი უკომპრომისო იყო ლიეტუველების სიმტკიცე ოკუპაციის წინააღმდეგ.
„საქართველოს ხელისუფლებამ ვექტორი შეცვალა. მას აღარ აძლევს ხელს, რომ ისევ ევროკავშირზე და ნატოზე ვილაპარაკოთ და ამიტომ - მეგობრები გახდნენ მტრები”, - უთხრა მაშინ ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.