„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთში იმყოფება „სტრატეგიული შეხვედრებისა“ და „თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“

„ქართული ოცნებისა“ და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლების შეხვედრა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება და ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან „სტრატეგიულ შეხვედრებს“ მართავს „შუა დერეფანში“ საქართველოს როლთან დაკავშირებით, ასევე, პეკინთან „თანამშრომლობის გაღრმავების“ მიზნით.

პარტია „ქართულმა ოცნებამ” 27 ივლისს ფეისბუკზე გაავრცელა ჩინეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

  • გიორგი (გია) ვოლსკი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
  • ნიკოლოზ სამხარაძე - პოლიტსაბჭოს წევრი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • შოთა ბერეკაშვილი - ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე,
  • გელა სამხარაული - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთში

ვის შეხვდნენ ჩინეთში „ოცნების“ წარმომადგენლები

პარტიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, „მრავალსექტორული შეხვედრები“ გამართეს:

  • ჩინეთის მმართველ პარტიასთან,
  • ჩინეთის სახალხო კონგრესთან,
  • განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC),
  • ჩინეთის სავაჭრო პალატასთან (CCTIP),
  • შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.

გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დელეგაცია შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ლიუ ძინჩაოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ვოლსკი და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელი ლიუ ძინჩაოს შეხვედრა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა 2024 წლის იანვარშიც, - მაშინ დელეგაცია ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა (პრემიერად დანიშვნამდე).

დელეგაცია მაშინაც CCP-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ლიუ ძინჩაომ მიიღო.

ასევე ნახეთ მხარდაჭერა „ერთიან ჩინეთს“ და კომუნისტურ პარტიას - „ოცნების“ დელეგაცია ჩინეთში

„ვიზიტის მიზნები“

როგორც „ქართული ოცნება“ წერს, ახლანდელი ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა:

  • პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია,
  • ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში.

ეს უკანასკნელი საკითხი, პარტიის შეფასებითვე, წარმოადგენს „ქართველი ხალხის სოციო-ეკონომიკურ ინტერესს და საქართველოს მზადყოფნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი“.

„ქართული ოცნება“ ამავე განცხადებაში წერს, რომ საქართველო „განიხილება როგორც გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო „შუა დერეფნის” - მთავარ ქსელურ კვანძს“.

პარტიის განცხადებითვე, ტრანზიტული ინფრასტრუქტურის „ფუნქციური მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, რაც გამოიხატა ტვირთბრუნვის 30 პროცენტიანი ზრდით“.

„ევროპულ ბაზრებთან დაკავშირება“

„ქართული ოცნების“ განცხადების თანახმად, „ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას“.

ამასთან, პარტია წერს, რომ „ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს“.

ეს კი, „ოცნების“ განცხადებით, არის „განსაკუთრებით აქტუალური ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში“.

ასევე ნახეთ „ეს თითქმის იმპერიული ამბიციაა“ - რა აინტერესებს ჩინეთს საქართველოში | ინტერვიუ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და საქართველომ 2023 წლის ივლისში გამოაცხადეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში
ასევე ნახეთ ჩინეთი საქართველოს მხარდაჭერისგან თავს იკავებს. სხვების მხარდაჭერა გაიზარდა - გაეროში კენჭისყრის გეოპოლიტიკა
ასევე ნახეთ „ოცნება“ გვაჩვევს იდეას, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს საქართველოს „შუამავალი“ რუსეთთან
ასევე ნახეთ „ჩინეთთან დაახლოების ინტერესი შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტზე გადის“ - მოსმენა პარლამენტში