„თუ რუსი ჯარისკაცები სწრაფად გავლენ, საქართველო ჩამოიშლება“ - ეუბნებოდა პუტინი კლინტონს 2000 წელს

გასაჯაროვდა 2000 წელს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ამ დრომდე გასაიდუმლოებული დეტალები - მათ შორის საქართველოს შესახებ.

ახლახან გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, 2000 წელს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ვლადიმირ პუტინმა, კრემლში შეხვედრისას, არაერთი მაღალჩინოსნის თანდასწრებით, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხიც განიხილეს.

ვლადიმირ პუტინმა ბილ კლინტონს უთხრა, რომ თუკი საქართველოდან რუსი ჯარისკაცები „ზედმეტად სწრაფად“ გავიდოდნენ, ეს ქვეყნის „ჩამოშლას“ გამოიწვევდა და „ქვეყანას ბანდიტები დაეპატრონებოდნენ“.

რა ხდება?

ლიდერების „საუბრის მემორანდუმი“ - ესე იგი, სტრუქტურირებული აღწერა იმისა, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე და არა პირდაპირი ტრანსკრიპტი - 2025 წლის 21 აგვისტოს გასაჯაროვდა.

ტრანსკრიპტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ასახავს 2000 წლის 4 ივნისს მოსკოვში, კრემლში, ვლადიმირ პუტინსა და ბილ კლინტონს შორის გამართული შეხვედრის პირველ ნაწილს, - ერთ საათსა და შვიდ წუთს.

ბილ კლინტონი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. 2000 წლის 4 ივნისი

აშშ-ის მხრიდან პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი;
  • აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯეიმს კოლინსი;
  • პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სემუელ ბერგერი;
  • სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრობ ტალბოტი და სხვები.

ვლადიმირ პუტინთან ერთად აშშ-ის დელეგაციას მასპინძლობდნენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი;
  • უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი;
  • ელჩი აშშ-ში იური უშაკოვი;
  • ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი და სხვები.

რა ითქვა საქართველოზე?

საქართველოს პირველი ახსენებს აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, მოლდოვასთან ერთად - „ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების“ კონტექსტში.

„ხელშეკრულებას რომ დავუბრუნდეთ - მე მოუთმენლად ველი რუსეთის მიერ საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანას. როგორ გეგმავთ, რომ გასვლის შეთანხმებულ თარიღებში ჩაეტიოთ?“ - ეკითხება კლინტონი პუტინს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ძალების დონე შემცირდებოდა კავკასიაში ოპერაციის დასრულების შემდეგ“, - პასუხობს პუტინი.

„კავკასიაში ოპერაციაში“ ის გულისხმობს რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს, რომლის ძირითადი ფაზაც 1999 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 2000 წლის 30 აპრილს - კლინტონთან პუტინის ამ შეხვედრამდე დაახლოებით 40 დღით ადრე - დასრულდა.

„ეს [ძალების დონის შემცირება] შესაძლებელი გახდება იქ [კავკასიაში] ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად. ამჟამად აღარ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაციები, ასე რომ, რუსეთის [მიერ საბრძოლო ტექნიკის განთავსების] დონე ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოვა“, - პასუხობს პუტინი კლინტონს.

  • „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას“ (CFE) 1990 წელს მოეწერა ხელი. ის შეზღუდვებს აწესებდა საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.
  • ლიდერების საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ CFE იყო.

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ბილ კლინტონი 2000 წლის 15 ნოემბერს, მორიგი შეხვედრისას, ბრუნეიში

„ქვეყანას ბანდიტები დაეპატრონებიან“

პუტინი აგრძელებს, - საქართველოს და მოლდოვას რაც შეეხება, რუსეთს „არანაირი სურვილი არ აქვს, ხელშეკრულება დაარღვიოსო“, და ამბობს:

„[შეთანხმება] მოიცავდა სამხედრო შეიარაღებას და არა [ქვეყანაში] განლაგებულ ძალებს. ნამდვილი პრობლემა საქართველოში უკავშირდება რუსულ ბაზებს, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისგან განყენებული საკითხია“.

შემდეგ ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ბაზების გაყვანაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „შემდეგი რაუნდი ამ თვის ბოლოსაა დანიშნული“.

და სწორედ აქ საუბრობს იგი „საქართველოს ჩამოშლასა“ და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ „კონტროლის დაკარგვაზე“:

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე (მარცხნივ) და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2003 წლის 6-7 მარტი

„თუ რუსი ჯარისკაცები ზედმეტად სწრაფად დატოვებენ საქართველოს, ის, როგორც სახელმწიფო, ჩამოიშლება. ქვეყანას ბანდიტები დაეპატრონებიან. აშკარაა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ კონტროლი დაკარგა. საქართველოს მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ფაქტობრივად, უარს ამბობს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში მგზავრობაზე რუსული სამხედრო დაცვის გარეშე“, - ეუბნება ვლადიმირ პუტინი ბილ კლინტონს.

„ასევე, ადგილობრივი პირობები სწრაფი გამოყვანის პრევენციას ახდენს“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა შემდეგ მოლდოვაზე გადადის და საქართველოზე აღარ საუბრობს. „იგივე ვითარებაა დნესტრისპირეთში. ვითარება დელიკატურია, მაგრამ მზად ვართ, ამ თვეში გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი“.

საუბრის ტრანსკრიპტის მონაკვეთი საქართველოს შესახებ

  • 1999 წლის „სტამბოლის შეთანხმებით“, რუსეთმა ვალდებულება აიღო საქართველოდან ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების დაცლისა და ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებზე მოლაპარაკების შესახებ;
  • ვაზიანიდან ბაზა 2001 წელს გაიყვანეს, გუდაუთის ბაზა დსთ-ის (ფაქტობრივად კი რუსეთის) სამშვიდობო ძალებს გადაეცა, ბათუმიდან და ახალქალაქიდან კი სამხედრო ნაწილები 2007 წელს გაიყვანეს;
  • 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის სამხედრო ოკუპაცია, რაც დღემდე გრძელდება; რუსეთი დღემდე ოპერირებს სამხედრო ბაზებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სად, რამდენი, რისთვის?

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

დოკუმენტის თანახმად, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რუსეთ-ნატოს ურთიერთობებსა და რუსეთის „სურვილზე“ ნატოში ინტეგრაციის შესახებ.

ამასთან, პუტინმა და კლინტონმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.

ეს საკითხი ვლადიმირ პუტინის წარდგენილ დღის წესრიგში არ ყოფილა და ბილ კლინტონმა შემოიტანა.

საუბარში კლინტონი და პუტინი ახსენებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისა და სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის საიდუმლო მოლაპარაკებებს, რომელთა თანახმადაც, იგეგმებოდა კონფლიქტის დასარეგულირებლად ტერიტორიული გაცვლა.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლების სომხური სამსახური 2025 წლის იანვარშიც წერდა:

  • ალიევი-ქოჩარიანის ამ მოლაპარაკებების დროს სომხეთი აკონტროლებდა მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რეგიონებს;
  • გეგმა ეხებოდა იმას, რასაც სომხეთში „მეღრის დერეფანს“ უწოდებდნენ - ხოლო აზერბაიჯანულ და თურქულ წყაროებში „ზანგეზურის დერეფანს“;
  • გეგმა ითვალისწინებდა მთიანი ყარაბაღის (რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში იყო მოქცეული ეთნიკურად სომხური ძალების ოკუპაციის ქვეშ, ერევნის მხარდაჭერით) სომხეთის კონტროლქვეშ დატოვებას, ხოლო სანაცვლოდ სომხეთის მიერ აზერბაიჯანისათვის „მეღრის დერეფნის“ გადაცემას.
  • გეგმა საბოლოოდ ვერ განხორციელდა, მათ შორის სომხეთის პარლამენტში 1999 წელს პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანის, პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანისა და კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის მკვლელობის ფონზე.

„ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის გაგრძელებული კონფლიქტი რუსეთის გავლენის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. რეალობაში, რუსეთის საზღვარზე არასტაბილურობა საშიშია“, - ეუბნება კლინტონი პუტინს.

ვლადიმირ პუტინი კი ამბობს: „რუსეთის უშიშროების საბჭოში განსხვავებული შეხედულებები იყო. ზოგიერთი ამბობდა, რომ კონფლიქტის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში იყო, მაგრამ ეს არ იყო სწორი. ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას“.

ასევე ნახეთ „ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან

დოკუმენტი, რომელიც ბილ კლინტონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას ასახავს, 21 აგვისტოს გამოაქვეყნა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა „ეროვნული უსაფრთხოების არქივმა“, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მდებარეობს.