The CurrentTime-მა (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი) გაარკვია, ვინ იმუშავა უკრაინის პრეზიდენტის სტილსა და ჩაცმულობაზე.
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის კიბესთან დახვდა. პირველი სტუმრობისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტმა შავი პერანგისა და შავი პიჯაკის ჩაცმა გადაწყვიტა.
ეს ტანსაცმელი პრეზიდენტისთვის უკრაინელმა დიზაინერმა ვიქტორ ანისიმოვმა შექმნა. ის განმარტავს, რომ პიჯაკის უკანა მხარეს სპეციალურად გააკეთა ჭრილი, რათა პრეზიდენტის სამოსს სამოქალაქო ტანსაცმლის იერი მიეღო:
„ეს ჩვენი შელოცვაა, რომ მშვიდობა გვქონდეს. ვიფიქრეთ, რომ თუ მის ფორმას სამოქალაქო ტანსაცმლიდან რაიმე შეუმჩნეველს დავამატებდით, თილისმასავით იქნებოდა“.
ასევე ნახეთ ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შელაპარაკება მოხდაიმას, თუ როგორი ჩაცმული მივიდოდა ვოლოდიმირ ზელენსკი 18 აგვისტოს თეთრ სახლში, ბევრი მიმომხილველი ელოდებოდა ინტერესით. ბოლოს, 2025 წლის თებერვალში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა, ჟურნალისტმა ბრაიან გლენმა მას სამხედრო სტილის ტანსაცმლის შესახებ ჰკითხა და თქვა, რომ ფორმალური კოსტიუმის არქონა „ბევრი ამერიკელის“ მიერ უპატივცემულობად აღიქმებოდა. „კოსტიუმს ჩავიცვამ ამ ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.
ამჯერად ბრაიან გლენმა კოსტიუმზე არაფერი ჰკითხა, მხოლოდ შეაქო თეთრი სახლის სტუმარი: „ბოდიშს ვიხდი. მშვენივრად გამოიყურები“.
დიზაინერი ვიქტორ ანისიმოვი ჰყვება, თუ როგორ მივიდა ზელენსკისთან და უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზა პიჯაკების არჩევანი.
„კარგი, მოდი, გვაჩვენე, რა მოგვიტანე, მეუბნება პრეზიდენტი. მეც ვაჩვენე, ესა და ესა-მეთქი", - იხსენებს დიზაინერი, - "ზოგიერთი მოდელი ცოტა დიდი იყო, რადგან ჩვენი კოლექციები დიდი ზომისაა. თითქმის ექვსი წელია პირადად აღარ მინახავს და რატომღაც მეგონა, რომ მოიმატა, ცოტა უფრო დიდი გახდა. მაგრამ არა, ისევ ისეთია. ავუღე ზომები. თითქმის ერთი ზომის ვართ“.
ვოლოდიმირ ზელენსკი მრავალი უკრაინული ბრენდის ტანსაცმელს ატარებს. უკრაინის პრეზიდენტს ანისიმოვის მიერ შექმნილი პიჯაკები ეცვა რომის პაპის დაკრძალვაზე და ივნისში ნატოს სამიტზე. ორივე ამ ღონისძიების ფარგლებში ზელენსკის ჰქონდა შეხვედრა დონალდ ტრამპთან.
„ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურად ნატოს სამიტისთვის ან ტრამპთან ან ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის შევკერეთ. კოსტიუმი - ეს უბრალოდ კოსტიუმია“, - ამბობს დიზაინერი თავისი ნამუშევრების შესახებ.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი მოხდენილად ატარებდა კოსტიუმებს - კლასიკურ პიჯაკებსა და ჰალსტუხებს. თუმცა 2022 წლიდან მოყოლებული უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო სტილის ტანსაცმელს ატარებს, მათ შორის ოფიციალურ ღონისძიებებსა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებზეც. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ კოსტიუმს მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ ჩაიცვამს.