"ჩვენ ვერ ვუშველით" - რა მოჰყვა შშმ ბიჭის მიღებაზე საავადმყოფოების უარს

შშმ ბიჭის დედა, მაიკო ბარათაშვილი საავადმყოფოს ეზოში ელის შვილის დიაგნოზს

მოკლედ

  • 18 წლის შშმ ახალგაზრდის დედა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შვილის საავადმყოფოში მოთავსებას, მაგრამ კლინიკებმა უარი უთხრეს.
  • ბიჭი, რომელსაც აქვს მძიმე დიაგნოზები, ახლა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მართვით სუნთქვაზეა - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
  • მშობლები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალს არ აქვს სათანადო ცოდნა და პროტოკოლები შშმ პაციენტებთან მუშაობისთვის.
18 წლის შშმ ბიჭი, რომელიც წუხელ ღამით თბილისის სამმა საავადმყოფომ არ მიიღო, მეოთხეში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რეანიმაციაში აღმოჩნდა და სიცოცხლისთვის იბრძვის.

18 წლის ანზორ (გიო) დავითურის დედას, მაია ბარათაშვილს გუშინ, 21 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში, საავადმყოფოებიდან უარით ისტუმრებდნენ - ეუბნებოდნენ, რომ ან ადგილი არ ჰქონდათ, ან შესაბამისი კვლევის ჩატარება არ შეეძლოთ, ან მისი შშმ შვილი მათი პაციენტი არ იყო და დედა-შვილს ფსიქიატრიული კლინიკისკენ უთითებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, შშმ მოზარდს, ისედაც რთული დიაგნოზის გარდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც ჰქონდა. ბიჭი ახლა „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. ზუსტი დიაგნოზის შესახებ ამ ეტაპზე ჩვენ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, რადგან კანონით დადგენილი წესით, ამის გასაჯაროებას მშობლის წერილობითი თანხმობა სჭირდება.

წუხანდელი ღამე დედამ, მაია ბარათაშვილმა კლინიკის ეზოში გაათენა.

მაია ბარათაშვილი და თამუნა იარაჯული ელოდებიან ახალ ინფორმაციას შშმ ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქ მაიკომ ჯერ არ იცის, რომ მისი შვილის მდგომარეობა გართულდა.

ამბავი, რომელიც 18 წლის ანზორ (გიო) დავითურის დედამ კლინიკაში მისულებს გვიამბო, სხვა შშმ ბავშვების მშობლებსაც არაერთხელ შემთხვევიათ.

ანზორ დავითურს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და ვერ ლაპარაკობს, ასევე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც მისი დედა გვიყვება, ტკივილები დაეწყო.

ბიჭს რომ რაღაც აწუხებდა, ამას დედა შვილის შეცვლილი ქცევით მიხვდა. რადგან საკვების და წყლის მიცემის შემდეგ უფრო მძაფრად რეაგირებდა, ხელი კი თავთან მიჰქონდა, დედამ ჩათვალა, რომ შესაძლოა, ბიჭს კბილი, ყური ან თავი სტკიოდა და მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა.

ბიჭი ძალიან გაღიზიანებული იყო, უწყვეტად ტიროდა. თავიდან, როგორ მაია გვიყვება, შვილი ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მიიყვანა. იქიდან მაშინვე უარით გამოაბრუნეს, ადგილები არ გვაქვსო. როცა ექიმებს ბავშვის მდგომარეობა აუხსნა, უთხრეს, აქ არც ყელ-ყურის ექიმი გვყავსო:

„თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბავშვი რომ ასეთ მდგომარეობაში ნახეს, თავი აარიდეს მის მიღებას“, - ამბობს მაია.

დედამ კლინიკის ეზოშივე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ბიჭს დასამშვიდებლად „დიაზეპამის“ ნემსი გაუკეთეს და საავადმყოფოებში დაიწყეს რეკვა. ყველა კლინიკიდან უარი იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიჭი ისევ ყვიროდა, ტიროდა და თავის დაზიანების მცდელობები ჰქონდა.: „ძლივს ვაჩერებდით, ამტვრევდა მანქანას“.

დიდი წვალების შემდეგ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თუმცა, იქაც, ექიმს ორიოდე წუთი დასჭირდა პაციენტის მიღებაზე უარის სათქმელად. ეტლში ჩასმული ბიჭი და დედამისი ისევ უკან გააბრუნეს და უთხრეს, აქ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო.

„სასწრაფოს ექიმს ეუბნებოდნენ, აქ საერთოდ რატომ მოიყვანეთო. მე კი მეკითხებოდნენ, საიდან იცით, რომ რამე სტკივაო. როცა ვუთხარი რას და რატომ ვვარაუდობდი, მითხრეს, ამას „ემერტე“ [მაგნიტორეზონანსული კვლევა] სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს და ვერ გავუკეთებთო“.

სასწრაფო დახმარების ავტომობილი საავადმყოფოს მიმღებთან, სადაც მაია ბარათაშვილმა მთელი ღამე გაატარა

სასწრაფოს ექიმმა ისევ დაიწყო სხვა საავადმყოფოში ადგილების ძებნა. დიდი მცდელობის შემდეგ, დედა-შვილი ინგოროყვას კლინიკაში გადაამისამართეს. იქ მაიას სასწრაფო აღარ გაჰყოლია, თავად წაიყვანა ბიჭი. გზიდან კი პატრულში დარეკა, რომ კლინიკასთან დახვედროდნენ, რადგან დახმარება სჭირდებოდა...

შშმ ბიჭი ვერც ინგოროყვას კლინიკამ მიიღო.

„ემერტე“ რომ ვახსენეთ, გვითხრეს, გაფუჭებულია ეს აპარატიო. ამას ფსიქიატრი სჭირდებაო და იქნებ ისევ კლინიკაში გადაიყვანოთ, სადაც ფსიქიატრი ან ფსიქიატრიული განყოფილება იქნებაო“, - განაგრძობს მაია.

ამის შემდეგ ისევ პატრულმა დაიწყო კლინიკებში რეკვა და საბოლოოდ, დედა-შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ აღმოჩნდა.

თუმცა არც იქ მოხვედრა აღმოჩნდა მარტივი. მაია გვიყვება, რომ ოთხი საათი განმავლობაში გარეთ იდგნენ. საავადმყოფო პაციენტს ვერ იღებდა და სასწრაფოს ექიმს, რომელიც მათ ახლდათ, ეუბნებოდა, რომ ბიჭს სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ გაუწევდნენ, რომ აუცილებელი იყო ფსიქიატრის კონსულტაცია.

კლინიკაში გვითხრეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო პაციენტის მიღება მართლაც დაყოვნდა, ოღონდ არა 4 საათით, არამედ 2 საათით და 18 წუთით.

„მე ვუხსნიდი, ჯერ იქნებ ეს ტკივილი გამოვრიცხოთ და მერე წავიყვან ფსიქიატრთან-მეთქი“, - გვიყვება მაია. და როცა ვერაფერი გააწყო, ამ ოთხი საათის შემდეგ, მაია ბარათაშვილმა თამუნა იარაჯულს დაურეკა - ასევე შშმ ბავშვის მშობელს, რომელიც წლებია სხვა შშმ ბავშვების უფლებებს იცავს და მათ მშობლებს ეხმარება.

თამუნა იარაჯული ამშვიდებს მაია ბარათაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც მაია გვიყვება, თამუნას ადგილზე მისვლის და რამდენიმე სატელეფონო ზარის, საავადმყოფომ პაციენტი მიიღო. მალე ეს ამბავი თამუნა იარაჯულმა ფეისბუკზე ჩართულ ლაივშიც გაასაჯაროვა.

მაია ბარათაშვილი იხსენებს, რომ კლინიკაში შეუშვეს, თუმცა, ბიჭისთვის კათეტერის დადგმა ძალიან გაუჭირდათ: „კარგად ხანს იატაკზე იყო ბავშვი და ვცდილობდით დამამშვიდებლის გაკეთებას. უწყვეტად ყვიროდა“.

ამ კადრში სწორედ ეს მომენტი ჩანს:

მაიამ სხვა მშობლებისგან იცის, რომ კლინიკებში მსგავს სირთულეებს სხვებიც აწყდებიან.

ამბობს, რომ საავადმყოფოში მოხვედრა რთულია, ყველა ფსიქიატრიულ კლინიკაში აგზავნის, ჩივილების მიუხედავად.

„თავად ფსიქიატრი გვეუბნება, რომ თუ ადამიანს ჯერ ტკივილი არ მოეხსნა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მის ყოფნას აზრი არა აქვს. ან რომელ დედას მოუნდება მისი შვილი რაღაც მედიკამენტით გათიშონ და ტკივილი ასე გაუყუჩონ? სწორედ ამიტომ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმყავს ხოლმე საავადმყოფოში და ვცდილობ სახლში მოვუარო“.

გუშინ, როცა მაიამ საშველად დაურეკა ნაცნობ ფსიქიატრს და სთხოვა დახმარება და რჩევა, პასუხად მიიღო, რომ სომატური ტკივილების დროს, ფსიქიატრი უძლური იქნებოდა.

თამუნა იარაჯულიც გვიყვება, რომ არაერთი მსგავსი შემთხვევის მომსწრეა და მშობლები მას ხშირად სთხოვენ დახმარებას. ზოგი მშობელი, განსაკუთრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე შვილების მშობლები, საზოგადოებაში დღემდე არსებული სტიგმის გამო, ამბავს არ ახმაურებენ.

„ამ ქვეყანაში დაახლოებით ის ვითარებაა, როგორც ერთ ცნობილ ფილმში [რომანში], პაციენტს ყველანაირ ტკივილზე ლუმინალს რომ აძლევენ. ჩვენთვის ფსიქიატრიული კლინიკა კი არ არის მიუღებელი, პირიქით, კარგი იქნება, თუ ასეთი მულტიფუნქციური კლინიკა იარსებებს, სადაც ჩვენს შვილებს, რომელთა დიაგნოზში ფსიქიკური პრობლემები წამყვანია, დაეხმარებიან. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა - თუ ექიმი დედას ეუბნება, რომ მის შვილს სხვა რამ კი არა, მხოლოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაშინ მან ყველა სხვა საჭირო ანალიზი უნდა ჩაუტაროს პაციენტს, გამორიცხოს ყველაფერი და ამის შემდეგ ჩაერთვება ფსიქიატრიც. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულებები და მას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ ექიმებმაც უნდა გამოიჩინონ ადამიანობა“.

თამუნა იარაჯული რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარდა იმისა, რომ შშმ ბავშვებს ყოველდღიური ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის, მათ აქვს განსხვავებული ქცევა განსაკუთრებით ძლიერი ტკივილისას და ასეთ დროს, მათ შეიძლება ისე დაიზიანონ თავი, რომ ვეღარ გადარჩნენ.

„გუშინ ამ ბიჭის „დაბლოკვა“ (ასე ჰქვია მათი გაღიზიანებული ქცევის შეჩერებას) ვერავინ მოახერხა. დილის პირველი საათიდან შშმ ბავშვი რომ მშიერია, სასწრაფოდან სასწრაფოში გადაგყავს, მასთან ერთად განიხილავ, რომ ფსიქიატრი სჭირდება, ეს მათთვის არის ურთულესი - ისინი ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაფერი ესმით და ძალიან აგრესიულები ხდებიან, როცა ეუბნებიან, შენ ქუჩაში უნდა დარჩეო. და ასეთ მდგომარეობაში როცა ხედავენ ამ ბავშვებს, ექიმები მათ დიაგნოზს კი არ უნდა ამძიმებდნენ, თავიანთ პროფესიულ მდგომარეობას უნდა უსვამდნენ დიაგნოზი“, - ეუბნება თამუნა იარაჯული რადიო თავისუფლებას.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ეზოში მაიასთან და თამუნასთან ერთად დილიდან რამდენიმე საათი გავატარეთ. დაახლოებით შუადღისკენ, დედას დაუძახეს და უთხრეს, რომ ბიჭის მდგომარეობა გართულდა და რომ ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

მანამდე, მაია ბარათაშვილმა იცოდა, რომ მის შვილს ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო და სავარაუდოდ, კბილი სტკიოდა. კბილის ამოღებაც დაგეგმეს, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა.

ჩვენი იქ ყოფნის დროს ადგილზე მოვიდა ადამიანის უფლებების იურისტი ანა არგანაშვილიც, რომლის შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემად რჩება ის, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალმა უბრალოდ არ იცის ასეთ ადამიანებთან მუშაობა და მათთვის, ფსიქიატრიული დიაგნოზი ნიშნავს ადამიანის ფსიქიატრიულში გამოკეტვას.

"თავად ექიმებსაც კი აქვთ მიუღებლობა ასეთი პაციენტების და სხვას რა მოვთხოვოთ?'' - კითხულობს თამუნა იარაჯული.

ანა არგანაშვილი ეცნობა შშმ ბიჭის სამედიცინო დოკუმენტაციას

ანა არგანაშვილი, როგორც შშმ ბავშვთა უფლებების დამცველი, ამბობს, რომ უამრავი ფაქტი მოწმობს, როგორ ვერ აღიარებენ თავად ექიმები განსხვავებულ საჭიროებებს:

„ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ და მათ შორის, გარდაცვალების შემთხვევებიც, როცა ვერ გაიგეს ბავშვს რა სჭირდა. ახლაც ამიტომ გვაქვს ასეთი მწვავე რეაქცია. სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანები ფსიქიატრიულებში არიან გამოკეტილები და მათ სომატურ დიაგნოზს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. თითქოს, რადგან ფსიქიკური პრობლემები აქვთ, სხვა რამ არ შეიძლება სტკიოდეთ“.

ანა არგანაშვილის აზრით, გამოსავალი იქნებოდა ყველა საავადმყოფოს ჰქონდეს თავისი დადგენილი პროტოკოლი და წესები, როგორ იმუშაონ ასეთ პაციენტებთან, რადგან მათი თავიდან მოცილება, სხვაგან გადამისამართება, - ამბობს ანა, - მათ ქუჩაში დაგდებას ნიშნავს.

„სწორედ ამიტომ, ის რაც წუხელაც მოხდა, როცა საავადმყოფოებმა უარი თქვეს ასეთი პაციენტის მიღებაზე, არის სახელმწიფოს მხრიდან უფლების დარღვევა, რადგან მას არა აქვს ასეთ პაციენტებთან ურთიერთობის რეგულაცია. ხოლო საავადმყოფოებისგან ეს არის დისკრიმინაციული უარი სერვისზე“.

„ჯეო ჰოსპიტალსში“, სადაც ახლა შშმ ბიჭს მკურნალობენ, ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ პაციენტის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, სააგნეტო სწავლობს პაციენტის ჰოპიტალიზაციისას, გადაცდომის, ან რამე დარღვევის საკითხს სამედიცინო პერსონალის მხრიდან და:

"დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული საკითხი გასაჯაროვდება ეტაპობრივად".

PS: სტატიის გამოქვეყნების წინ მაია ბარათაშვილს და თამუნა იარაჯულს, რომლებიც ამ დრომდე კლინიკის ეზოში რჩებიან ისევ შევეხმიანეთ. ბიჭის მდგომარეობა უცვლელად მძიმე იყო. ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებოდა.

მაიკო ბარათაშვილსა და მის შვილზე, მათ ერთობლივ ბრძოლაზე რადიო თავისუფლებამ რამდენიმე წლის წინ გიამბოთ „თავისუფლების ადამიანებში“ - მაშინ მაია ცდილობდა ხელსაქმით გამომუშავებული თანხით თავის გატანას. მაია ვერც ახლა მუშაობს, რადგან შვილს ვერ ტოვებს. მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და შვილის შშმ პირობის მინიმალური პენსიაა. და ეს მაშინ, როცა მხოლოდ ანზორის წამლებისთვის თვეში 450 ლარია საჭირო.

ასევე ნახეთ მთავრობამ შშმ ბავშვების პროგრამა შეცვალა - მშობლები და ექიმები შესაძლო მძიმე შედეგებზე ლაპარაკობენ
ასევე ნახეთ მხოლოდ ჭორები... არ ვიცით, რა ელით ჩვენს შვილებს - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მიმართვა