რაზე მოილაპარაკებენ დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში?

აშშ-ის პრეზიდენატი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ღაზის შესახებ სამიტზე. შარმ ელ-შეიხი, 13 ოქტომბერი, 2025.

ამ კვირის ბოლოს ვიქტორ ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე გერმანულ-ამერიკული რაკეტის განვითარების უნგრეთში გადატანა უნგრეთის დიპლომატიისთვის ნამდვილი გადატრიალება იქნებოდა. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ დღის წესრიგში წარმმართველი იქნება ენერგეტიკის „პროზაული“ საკითხები. დელეგაციის წევრი შესაძლოა იყოს ასევე მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრი იანოშ ლაზარი.

ნავთობი, გაზი, ბირთვული ენერგეტიკა შეიძლება მთავარი თემები იყოს პარასკევს ვიქტორ ორბანის ვიზიტისას ვაშინგტონში, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის ინფორმაციას ადასტურებს გამოცემა Index-ის სტატია, რომელიც ასევე მოიხსენიებს სამთავრობო წყაროებს. პრემიერ-მინისტრის ოფისის მინისტრმა, გერგელი გუიასმა და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა, დასძინეს, რომ ასევე მოსალოდნელია სავაჭრო, ფინანსური და სამხედრო შეთანხმებების ხელმოწერა.

რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის თანახმად, მთავრობამ რამდენიმე არხის მეშვეობით აცნობა თავის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს ტრამპ-ორბანის შეხვედრის მოსალოდნელი განვითარების შესახებ. მართალია, ცნობილი არ გამხდარა სრულიად ახალი საკითხები, მაგრამ მოხერხდა დაგეგმილი ვიზიტის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება.

ასევე ნახეთ რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისგან



იდუმალი ფინანსები

განსაკუთრებით საინტერესოა ორი მათგანი: როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, მაღალი დონის მოლაპარაკებებშიც კი უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს, თუ რა სახის „ფინანსური შეთანხმება“ შეიძლება იქნეს მიღწეული უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. რადიო თავისუფლება ადრე იტყობინებოდა, რომ უნგრეთის მთავრობა ეძებს დაფინანსების შესაძლებლობებს, რაც მაშინ უარყო ეროვნული ეკონომიკის სამინისტრომ. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია იმაზე, რომ ამერიკულმა ბანკმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ტრამპთან, დიორდი მატოლჩი ჩაანაცვლოს ორბანის ახლო მეგობრის, ლორინც მესაროშის საკუთრებაში არსებულ Magyar Bankholding-ში.

მეორე საკითხია სამხედრო თანამშრომლობა. პოლიტიკური წყაროები მოლაპარაკებების შესაძლო მიმართულებების შესახებ ესაუბრნენ რადიო თავისუფლებას. „ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობა, სავარაუდოდ, გაზრდის უნგრეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, რაც ასევე შეიძლება მიღწეულ იქნეს ერთობლივი საწარმოების მეშვეობით“, განაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ.

მარცხნიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრი იანოშ ლაზარი. (სურათი აღებულია სიიარტოს მიერ თავის TikTok-ის არხზე გამოქვეყნებული ხელოვნური ინტელექტის ვიდეოდან).

ადრე საუბარი იყო უნგრეთის შეიარაღებული ძალების მიერ HIMARS-ის მობილური სარაკეტო სისტემების შეძენაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა ე.წ. ღრმა თავდაცვა განახორციელოს (ანუ სახმელეთო თავდასხმის შემთხვევაში აგრესორის განადგურება შესაძლებელი იქნებოდა უნგრეთის საზღვრიდან შორს, მტრისავე ტერიტორიაზე), მაგრამ საბოლოოდ ეს შედეგიანად ვერ დასრულდა. თუმცა, ახლა არსებობს HIMARS-ის სრულიად ახალი, უფრო შორ მანძილზე მოქმედი ვერსია, სახელწოდებით GMARS. უნგრეთის პერსპექტივიდან განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ იარაღის სისტემას ერთობლივად ავითარებენ ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი და გერმანული კომპანია Rheinmetall-ი.

Rheinmetall-ს უკვე აქვს საწარმოო ქარხანა უნგრეთში, ზალაეგერსეგთან ახლოს, სადაც აწყობენ Lynx-ის საბრძოლო მანქანებს, რომლებსაც უნგრეთის შეიარაღებული ძალებიც იყენებენ. ჩვენი წყაროების ცნობით, „გონივრული იქნებოდა GMARS-ის ან მისი ნაწილის განვითარება გადაეტანათ უნგრეთში“. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ამერიკული კომპანიების „სახლში დაბრუნებას“.


ტურბოძრავიანი Gripen-ები

„თავდაცვის მრეწველობის თანამშრომლობის“ კიდევ ერთი ლოგიკური და შესაძლო მიმართულება გაცილებით მცირე მასშტაბისაა. უნგრეთში გამოყენებული 14 შვედური ავიაგამანადგურებელი Gripen-ის ნაწილები და შეიარაღების სისტემები (მომავალში კიდევ ოთხს ჩაიყვანენ) ასევე იწარმოება შეერთებულ შტატებში, მაგალითად, AMRAAM-ის ტიპის რაკეტები. უნგრეთმა შესაძლოა შეიძინოს ისინი და ასევე ამერიკული რადარის სისტემები.

მაგრამ ეს „არ არის დონალდ ტრამპის დონე“, რადგან საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზე. (რა თქმა უნდა, პრეზიდენტს პირადად მოუწევს იარაღის გაყიდვის დამტკიცება, მაგრამ კონტრაქტს ხელს მოაწერს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი.)

ვიზიტის „უცნობ ფაქტორებს“ შორისაა ის, რომ, ჩვენი ზოგიერთი წყაროს ცნობით, დელეგაციის წევრებს შორის შესაძლოა იყოს მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრი იანოშ ლაზარიც. პეტერ სიიარტომაც აღნიშნა ეს 31 ოქტომბერს, როდესაც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც ვიქტორ ორბანი, იანოშ ლაზარი და თავად სიიარტო კომიქსების გმირებად არიან გამოსახულნი. სურათს თან ახლავს ტექსტი: „ვაშინგტონი, 7 ნოემბერი. მოვდივართ!“ მას შემდეგ, რადიო თავისუფლების ვერცერთი წყარო ვერ ახერხებს დამატებითი დეტალების მოწოდებას იმის შესახებ, ვაშინგტონში ნამდვილად გაემგზავრება თუ არა მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრი და თუ ასეა, რატომ. ამის საპირისპიროდ ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა, მარტონ ნადმა, რომელიც „ტრიუმვირატიდან“ გამოითიშა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისიც გაემგზავრება ამერიკაში.

ასევე ნახეთ უნგრეთი „ომის მომხრე პოლიტიკურ ელიტას" ადანაშაულებს ტრამპი-პუტინის სამიტის ჩაშლის მცდელობაში


ჩვენ ვკითხავთ

უკვე ნახსენებ თემებს დავუბრუნდეთ: როგორც ადრე დავწერეთ, დონალდ ტრამპის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ მიღებული სადამსჯელო ზომები მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზი იყო, რადგან ვიქტორ ორბანმა პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს, რომ უნგრეთი გათავისუფლდეს სანქციებისგან, რადგან, უნგრეთის მთავრობის აღიარებით, ეს ეკონომიკას ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

Erste Bank-ის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროს ანალიტიკოსმა, ტამაშ პლეცერმა, დაწერა, რომ თუ MOL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვერ შეძლებს რუსული ნავთობის მოპოვებას და ენერგიის სხვაგან შეძენა მოუწევს „ადრიას“ ნავთობსადენით, ის გარკვეული ხნის განმავლობაში მხოლოდ ზარალით შეძლებს ნავთობის გადამუშავებას.

ამ კონტექსტში უნგრეთის მოთხოვნის კომპენსირება შესაძლებელია ტრამპის „მოწყალებით“, რომელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის გარკვეული რაოდენობის შეძენით, ამერიკული მცირე ატომური ელექტროსადგურების დამონტაჟებით ან ამერიკული კომპანია Westinghouse-ისთვის ნებართვის მიცემით, სერიოზულად მიიღოს მონაწილეობა ისედაც მნიშვნელოვნად გაჭიანურებულ პაკშის ატომური ელექტროსადგურის გაფართოების პროექტში, რაც დააზარალებდა რუსულ „როსატომს“.