42 წლის ისტორიკოსმა, კაროლ ნავროცკიმ [50,89%], რომელსაც ზურგს მემარჯვენე-ნაციონალისტური, კონსერვატიული პარტია - „კანონი და სამართალი“ უმაგრებს, 1 ივნისს, სულ რაღაც 1.78%-იანი სხვაობით დაამარცხა პოლონეთის მმართველი კოალიციის ძირითადი პარტიის - „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი [49,11%]. ამ პარტიას მთავრობაში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი წარმოადგენს.
ბოლო წუთამდე შეუძლებელი იყო იმის თქმა, თუ ვინ გაიმარჯვებდა მეორე ტურში - მთელი ღამის განმავლობაში, ხმის დათვლის პროცესში, მცირედი უპირატესობით, ხან ერთი კანდიდატი ლიდერობდა და ხანაც მეორე. დიდი ქალაქებისა და ემიგრანტების ხმები რაფალ ტშასკოვსკის ხვდა წილად; რეგიონებში კი, უპირატესად - ნავროცკის დაუჭირეს მხარი.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნავროცკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სარგებლობდა
ასევე ნახეთ პოლონეთის არჩეულ პრეზიდენტად კონსერვატორი კაროლ ნავროცკი გამოცხადდავინ არის კაროლ ნავროცკი? რას მოელიან მისგან?
პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი 1983 წელს, ქალაქ გდანსკში დაიბადა. დამთავრებული აქვს გდანსკის უნივერსიტეტი. მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში და შემდეგ - ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში, 2021 წლიდან - ხელმძღვანელად.
საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე ნავროცკის ბევრი არ იცნობდა, თუმცა ხმაურიანი იყო მისი ინიციატივა - პოლონეთში წითელარმიელთა ძეგლების აღების კამპანია, ტოტალიტარული იდეოლოგიის ამკრძალავი კანონის შესაბამისად.
ამ ძეგლების დემონტაჟის გამო, 2024 წლის თებერვლიდან, ნავროცკი რუსეთმა ძებნილადაც გამოაცხადა.
ხისტია მისი დამოკიდებულება რუსეთის აგრესიის მიმართ. უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს საპრეზიდენტო კანდიდატმა არაერთხელ უწოდა „ტერორი“.
კაროლ ნავროცკი მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რათა „ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“.
"ნავროცკი დაიკავებს მტკიცე პოზიციას რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ. ის ნატოსა და აშშ-სთან ალიანსის მტკიცე მომხრეა და ის გააგრძელებს პოლონეთის აქტიურობას რეგიონში. ის ასევე მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთთან ომში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სლავომირ დებსკი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ვარშავის ევროპის კოლეჯის წარმომადგენელი.
თუმცა ექსპერტებისთვის ისიც აშკარაა, რომ უკრაინას არ ექნება გარანტირებული ნავროცკის მხარდაჭერა ყველა საკითხში.
მაგალითად, ის ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.
ნატოში და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ერთგვარ პირობად კაროლ ნავროცკის დასახელებული აქვს ვოლინის მოვლენების გამოძიება და მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხი. ამ თემას ორ ქვეყანას შორის სადავო ისტორია აქვს. უკრაინელ ნაციონალისტ იდეოლოგს - სტეპან ბანდერას ვარშავაში მიიჩნევენ პოლონეთთან მოსაზღვრე ვოლინის ოლქში 1943 წელს დატრიალებული ტრაგედიის მთავარ ორგანიზატორად. ამ მოვლენებს პოლონეთში პოლონელთა გენოციდად თვლიან.
ასევე ნახეთ ზელენსკის პოლონეთის ახალ პრეზიდენტთან „უცვლელად ნაყოფიერი“ თანამშრომლობის იმედი აქვს ასევე ნახეთ უკრაინის რადამ წაშალა პოსტი ბანდერას შესახებ პოლონეთის პრემიერის ზარის შემდეგპოლონეთის არჩეული პრეზიდენტი, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი პარტია - „კანონი და სამართალი“ ევროსკეპტიკოსად მიიჩნევა.
თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ის განსხვავდება უნგრეთისა თუ სლოვაკეთის პოპულისტი ლიდერების - ორბანისა და ფიცოსგან - პირველ რიგში, ისევ და ისევ რუსეთის მიმართ ხისტი დამოკიდებულებებით.
პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე [2003 წლიდან დღემდე] კვლავ იაროსლავ კაჩინსკია, რომელმაც პარტია 2001 წელს, თავის ტყუპისცალ ძმასთან - ლეხ კაჩინსკისთან ერთად დააფუძნა. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2010 წლის გაზაფხულზე სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირა.
მიგრაციის თემა ნავროცკის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო.
ის აკრიტიკებდა პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებსაც და მათ უმადურობაშიც სდებდა ბრალს. „უკრაინელები პოლონეთში ვერ უნდა ცხოვრობდნენ პოლონელებზე უკეთესად“ - ეს მისი სიტყვებია.
ხმაურიანი იყო ნავროცკის განცხადებები ვაქცინაციის წინააღმდეგ. ამბობდა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია და განსაკუთრებით ზრდასრულებში; ბავშვებისთვის კი აცრები მხოლოდ იმ დაავადებების შემთხვევაში წარმოუდგენია, რაც მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. მან პოლიომიელიტი დაასახელა, მაგრამ კრიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ დაავადების სახელი შეცდომით წარმოთქვა.
ნავროცკი არ იყო შეძლებული ოჯახიდან, საკუთარი ბიოგრაფია საკუთარი შრომით შექმნა - ამბობენ მასზე პოლონეთში.
მის გარშემო იყო წინასაარჩევნო ხმაური.
ის წარსულში, გარკვეული დროით, მუშაობდა სასტუმროს დაცვის სამსახურში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სკანდალი, რომელმაც 27 მაისს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იჩინა თავი. ინკოგნიტოდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთა მტკიცებითაც - ფეშენებელურ სასტუმროში მუშაობის დროს, ნავროცკი სექსმუშაკებით ამარაგებდა სასტუმროს კლიენტებს.
„დღევანდელი პოლონეთის პრობლემა პოლიტიკური პროსტიტუციაა“, - ასე უპასუხა ბრალდებებს კანდიდატმა და დასძინა, რომ მას გამარჯვებაში ვერ შეუშლიან ხელს დონალდ ტუსკისა და რაფალ ტშასკოვსკის მედიამრჩევლები.
იყო სხვა ბრალდებებიც - მათ შორის პენსიონერის ბინის ხელში ჩაგდება და ურთიერთობები კრიმინალურ სამყაროსთან, მაგრამ ამომრჩეველზე ამას დიდად არ უმოქმედია.
ხალხს გასაგები ენით ელაპარაკება, მარტივი ენით - ამბობენ მასზე.
ტრამპის რჩეული
პოლონეთის მომავალი მემარჯვენე-ნაციონალისტი პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე მხარდამჭერია და თავადაც სარგებლობს ახალი ადმინისტრაციის სიმპათიებით.
მაისში ნავროცკი აშშ-ში ჩავიდა და დონალდ ტრამპსაც შეხვდა.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ვარშავაში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიმართა (CPAC), რომელშიც აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრი, კრისტი ნოემი მონაწილეობდა. ის პოლონელებს - ნავროცკის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
“თუკი თქვენ აირჩევთ ლიდერს, რომელიც იმუშავებს დონალდ ტრამპთან, პოლონელ ხალხს ეყოლება ძლიერი მოკავშირე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენ წარმატებთ შეებრძოლოთ მტერს, რომელიც არ იზიარებს თქვენს ფასეულობებს…
თქვენ გექნებათ ძლიერი საზღვრები, შეძლებთ საზოგადოების დაცვასა და უსაფრთხოებას… აქ კვლავ დარჩება შეერთებული შტატების წარმომადგენლობა, სამხედრო წარმომადგენლობა და თქვენ გექნებათ ამერიკაში დამზადებული მაღალი, ხარისხის აღჭურვილობა", - კრისტი ნოემის სიტყვებს საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ტრამპთან შეხვედრა და მისი მხარდაჭერის მოპოვება, ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამომრჩევლისთვის, რადგან პოლონეთი მკვეთრად პროამერიკული ქვეყანაა, სადაც 10 000 ამერიკელი ჯარისკაცი დგას და ვაშინგტონის განგრძობადი დახმარება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ითვლება - მით უფრო ახლა, როდესაც პოლონელებს, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, უკრაინის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის ცვალებადი პოზიციები აშინებთ.
„აშშ-ში ვიზიტის დროს, მან [ნავროცკიმ] შეძლო ხანმოკლე აუდიენცია დონალდ ტრამპთან, ფოტოს გადაღება და როგორც თავად ამბობს - მისგან მოისმინა სიტყვები - „შენ გაიმარჯვებ!“... დებატებზე, როდესაც ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრას იხსენებდა, ნავროცკიმ რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა - „ტრამპს ძლიერი კაცები უყვარს““ - იხსენებს BBC-ის რუსული სამსახურის გადაცემაში კორესპონდენტი სვიატოსლავ ხომენკო, რომელიც პოლონეთის არჩევნებს აშუქებს.
ზოგადად, სიძლიერის დემონსტრირება, ხომენკოს თქმით, ნაციონალისტი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო - "გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ გადააქვს მაცივარი მარტოს, ერთი ადგილიდან მეორეზე, ანდა პირდაპირ ასფალტზე, მუშტებზე დაყრდნობილი, აკეთებს აზიდვებს“.
რა შეუძლია პრეზიდენტს?
პრეზიდენტის უფლებები პოლონეთში შეზღუდულია და ძალაუფლება ძირითადად პრემიერ-მინისტრის ხელშია. თუმცა ის ჩარეულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და ასევე, შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტს მიერ დამტკიცებულ კანონებს.
„ამდენად, მას [პრეზიდენტს] პირდაპირი ზეგავლენა აქვს პროცესზე - თუ რა კანონები შევა ძალაში“, - ეუბნება პოლონელი ანალიტიკოსი კრიშტოფ იზდებსკი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობას წინააღმდეგობა ელის.
“წინ გველის სახიფათო პოლიტიკური ცხოვრების ორი წელი, შესაძლოა უფრო ნაკლებიც. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ნათქვამი აქვს, რომ თუკი პრეზიდენტი გახდებოდა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მიაღწევდა. მოხდება თუ არა ეს, გააჩნია - რა უფრო ხელსაყრელი იქნება PiS-სთვის - დონალდ ტუსკის მთავრობის ნელ-ნელა დაცლა სისხლისგან, თუ მოქმედი მთავრობის დაცემა”, - წერს პოლონური გამოცემა Rzecpospolita
ნავროცკის გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე აქტიურად მოითხოვენ რიგგარეშე არჩევებს.
თუმცა კანონების დაბლოკვა სიახლე არ იქნება პოლონეთისთვის, რადგან ვეტოს მექანიზმს აქტიურად იყენებდა ასევე მოქმედი პრეზიდენტი - ანჯეი დუდაც, ასევე პარტია „კანონისა და სამართლის“ რჩეული. ვეტოს გამო საკანონმდებლო წინადადებების წამოყენებას არცთუ იშვიათად აზრიც ეკარგებოდა, პარლამენტში ვეტოს დასაძლევად არასაკმარისი რესურსის გამო.
ანჯეი დუდას უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება. ის უკვე ორი ვადით აირჩიეს [2015, 2020 წლები] პრეზიდენტის პოსტზე და შესაბამისად, მესამედ კენჭისყრის შესაძლებლობა მას არ ჰქონდა.
2023 წლის ოქტომბერში, როდესაც პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, პარტიამ “კანონი და სამართალი” [PIS] ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დაიმსახურა - 35.38%; თუმცა მან კოალიციური მთავრობის შექმნა მაინც ვერ შეძლო, რადგან პარლამენტში მოხვედრილ სამ ოპოზიციურ პარტიას, ჯამში, უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მათ შორის იყო - დონალდ ტუსკის "სამოქალაქო კოალიცია" - 30.7%-იანი მხარდაჭერით. საბოლოოდ, 2023 წლის დეკემბერში, პრემიერ-მინისტრად სწორედ დონალდ ტუსკი აირჩიეს.
პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომლის სამხედრო პოტენციალი იზრდება. პოლონეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.
ასევე ნახეთ „რუსეთო, რუმინეთი შენ არ გეკუთვნის“ - რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის