მოკლედ:
- ლუკაშენკამ ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის თხოვნით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას აუცილებლად უნდა ახლდეს თან მათი დეპორტაცია.
- ბელარუსის ხელისუფლების პოზიციის თანახმად, 2020 წლის საპროტესტო აქციები აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული.
- ბელარუსის ხელისუფლების განმარტებით, გათავისუფლებული პოლიტპატიმრების დეპორტაცია სხვა არაფერია თუ არა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისთვის მათივე აგენტების გადაცემა.
- ლუკაშენკას ლოგიკა სრულად შეესაბამება კრემლის პოზიციას, რომლის თანახმად, 2024 წელს რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული პატიმრების გაცვლის დროს დასავლეთს გადასცეს "აგენტები" და არა რუსი პოლიტპატიმრები.
ლუკაშენკა: „თქვენთან წაიყვანეთ“
2025 წლის 22 აგვისტოს, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ China Media Corporation-თან ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 15 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარზე. ლუკაშენკას სიტყვებით, მან ტრამპს პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ უთხრა: „ათას ხუთასი გინდათ თუ - ორი ათასი (როგორც ისინი ფიქრობენ)? თქვენთან წაიყვანეთ, იქით წაიყვანეთ ისინი. არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ ბანდიტებს, რომლებიც... აფეთქებდნენ და ისინი ამას აღიარებენ. ჩვენ გავათავისუფლებთ მათ და ისინი კვლავ ომს გამოგვიცხადებენ? საზოგადოება ამაში მხარს არ დამიჭერს“.
11 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ჯონ კოულთან შეხვედრის დროს, ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა: „და თუ დონალდი დაჟინებით მოითხოვს, რომ მზადაა, ყველა ეს გათავისუფლებული ადამიანი თავისთან წაიყვანოს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მოდი, ვეცადოთ გლობალური გარიგების დადება. როგორც ბატონ ტრამპს უყვარს თქმა, დიდი გარიგების“.
თუმცა აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების წინა ტალღების დროს (რომლებიც მოჰყვა 2006 და 2010 წლების გამოსვლებისას მასობრივ რეპრესიებს) არცერთი პოლიტპატიმარი არ ყოფილა დეპორტირებული. 2020 წლის გამოსვლების შემდეგ გაჩენილი პოლიტპატიმრებიც, როგორც წესი, 2025 წლამდე დეპორტაციის გარეშე თავისუფლდებოდნენ. ერთადერთი გამონაკლისი იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ოლეგ გრუძილოვიჩი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში, ამერიკელი დიპლომატების ძალისხმევის წყალობით ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგ კი ბელარუსიდან გაიყვანეს.
ასევე ნახეთ მინსკისა და ვაშინგტონის “გარიგება” - როგორია პოლიტიკური პატიმრების გეოპოლიტიკური ფასი?2006-2008 და 2011-2015 წლებში პოლიტპატიმრებს ათავისუფლებდნენ ან შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო, ან ევროპელ დიპლომატებთან მოლაპარაკებების შედეგად. შეერთებული შტატები მაშინ პირდაპირ არ მონაწილეობდა მოლაპარაკებების პროცესში.
ანალოგიურად, 2021-2024 წლებში გათავისუფლება ძირითადად იყო ან კოლექტიური დასავლეთისადმი გაკეთებული ჟესტი (და არა კონკრეტულ მოთხოვნებზე პასუხები) ან ევროპული ქვეყნების მოთხოვნით გათავისუფლება (მაგალითად ნატალია ჰერში გაათავისუფლეს შვეიცარიის მოთხოვნით).
დეპორტაცია, როგორც გათავისუფლების წინაპირობა, მხოლოდ ამერიკელების მოთხოვნების პასუხად იქნა დაყენებული. ასე იყო გრუძილოვიჩის გათავისუფლების შემთხვევაში 2022 წელს და ყველა იმ პირის შემთხვევაში, რომლებიც გაათავისუფლეს 2025 წელს ანუ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის ზარი ლუკაშენკასა და ბელარუსისთვის?„პროტესტის მონაწილეები - ამერიკის აგენტები“
როგორც ჩანს, ეს მიდგომა შემთხვევითი არ არის. ოფიციალური პროპაგანდისტული ნარატივის თანახმად, 2020 წლის პროტესტები კოლექტიური დასავლეთის, უფრო სწორად, შეერთებული შტატების მიერ იყო ინსპირირებული, წაქეზებული და უშუალოდ ორგანიზებული. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში, ევროპული ქვეყნები ამ ყველაფრის ეპიცენტრში ტრიალებდნენ და ეხმარებოდნენ ვაშინგტონს გეგმების განხორციელებაში, ხოლო საპროტესტო გამოსვლებს აწყობდნენ აშშ-ის აგენტები, რომლებიც „ტრანსატლანტიკური მეთოჯინეების“ ბრძანებებს ასრულებდნენ.
2025 წლის 1 ივლისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე გამოსვლისას, ლუკაშენკამ განმარტება გააკეთა პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შემდეგ დაიწყო. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვათავისუფლებთ ამ ბანდიტებს და ისინი ხვალ ჩვენს ქვეყანას ააფეთქებენ, - თქვა ლუკაშენკამ, - ისინი ბანდიტები არიან. სად არიან? იცით სადაც. ვინ უხდის მათ? ესეც იცით. ისინი რომ არ უხდიდნენ, დიდი ხნის წინ გაქრებოდნენ“.
ასევე ნახეთ რის მიღწევას ცდილობს ლუკაშენკა?თავად თუ სჯერა ამ ვერსიისა? შესაძლოა, გარკვეულწილად სჯეროდეს კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ოფიციალური ინტერპრეტაცია როგორც თავისი მოსახლეობისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.
და როდესაც აშშ-მ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, მინსკმა განაცხადა, რომ ის მზად იყო ამერიკელებთან დიალოგი ეწარმოებინა „ამერიკელი აგენტების“ გათავისუფლებაზე, რომ ბელარუსის მხარე მზად იყო დაებრუნებინა აგენტები მათთვის, ვინც ისინი აგენტურული მისიით გაგზავნა.
ლუკაშენკა მაგალითს პუტინისგან იღებს
მინსკის ეს ლოგიკა მსგავსია იმ ლოგიკისა, რომლითაც კრემლი ხელმძღვანელობდა 2024 წელს რუსული, ბელარუსული, ამერიკული და ევროპული ციხეებიდან პატიმრების მეგა-მასშტაბური გაცვლის დროს. აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა მოსკოვს გადასცეს რუსეთის ცნობილი ჯაშუშები, მოსკოვმა კი დასავლეთს გადასცა როგორც დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები, ასევე პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერები. ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგი იყო ქვეყნიდან მათი ფაქტობრივი გაძევებისა, თუმცა მათ სურვილზე არაფერი იყო დამოკიდებული: ისინი თვითმფრინავით გადაიყვანეს თურქეთში, სადაც მოხდა კიდეც გაცვლა. კრემლმა ეს პოლიტიკური გარიგება განმარტა, როგორც რუსი აგენტების გაცვლა ამერიკელ აგენტებზე.
ანალოგიურად, ლუკაშენკაც ისე წარმოაჩენს ტრამპთან გარიგებას, როგორც ამერიკელი აგენტების გაცვლას სხვადასხვა შეღავათებში - იქნება ეს საელჩოს გახსნა მინსკში, კომპანია „ბელავიასთვის“ სანქციების მოხსნა და ა.შ. იმ ფაქტს, რომ ამერიკისათვის გადაცემული „აგენტები“ ბელარუსის მოქალაქეები არიან და, რომ ზოგიერთ მათგანს კატეგორიულად არ სურს ბელარუსის დატოვება, ლუკაშენკას ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ციხეებიდან გათავისუფლებული პოლიტპატიმრების იძულებითი დეპორტაციის ამ სქემაში გარკვეული შიდა პოლიტიკური პრაგმატიზმის დანახვაც შეიძლება. 1 ივლისს ზემოხსენებულ გამოსვლაში ლუკაშენკა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო გარკვეულწილად თავს იმართლებდა ე.წ. ქორების წინაშე. სწორედ მათ გასაგონად განაცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს [პოლიტპატიმრების გათავისუფლებას] სახელმწიფო ინტერესები მოითხოვდა და, რომ გარდა ამისა, ამ გათავისუფლებით სისტემისთვის საფრთხე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი დეპორტაციით. „სად არიან ისინი? იცით ხომ?“ ისინი საზღვარგარეთ არიან. შესაბამისად უსაფრთხოების ძალებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ გათავისუფლებულები კვლავ დაიწყებენ „ქვეყნის რყევას“ შიგნიდან.
ასევე ნახეთ „საკანი დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც თავად ციხანოუსკი“. როგორ ცხოვრობს უკვე ორი წელი ციხეში ბლოგერი სიარჰეი ციხანოუსკიმაგრამ, როგორც ჩანს, აქ იდეოლოგიური, ნარატიული მოტივაცია უფრო მნიშვნელოვანია. აგენტებს უკან, თავიანთ პატრონებთან გზავნიან და არ ტოვებენ იმ ქვეყანაში, სადაც ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდნენ - ასეთია პროპაგანდის ლოგიკა.
ეს საბჭოთა წარსულთან, გამოცდილებასთან გადაძახილია. შეიძლება გავიხსენოთ 1922 წლის ცნობილი „ფილოსოფიური ორთქლმავალი“ და ალექსანდრ სოლჟენიცინის სსრკ-დან იძულებითი დეპორტაცია 1974 წელს. მწერალს არ სურდა თავისი ქვეყნის დატოვება. თუმცა იგი დააპატიმრეს, სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს, გამოსცეს ბრძანებულება საბჭოთა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და 1974 წლის 13 თებერვალს იძულებით ჩასვეს თვითმფრინავში, ჩაიყვანეს დასავლეთ გერმანიაში და ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავიდან გასვლა აიძულეს.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბევრ რამეს იმეორებს საბჭოთა პრაქტიკიდან. ქვეყნიდან პოლიტიკური ოპონენტების იძულებითი დეპორტაცია ერთ-ერთი მათგანია.
ასევე ნახეთ ალექსიევიჩი ლუკაშენკასა და პუტინზე: ორი პატარა დიქტატორი, რომელთა წინაშე მსოფლიო უძლურია