„ჩაწერა კი არა, ერთი კაკალი ტყვია თუ გაქვს, მესროლე და ჩავწვები მიწაში“, - მეუბნება დაზარალებულებიდან ერთ-ერთი და დიქტოფონს თავს არიდებს.
მოვაჭრეები ბაზრობასთან დილიდან შეიკრიბნენ. შიგ არავის უშვებენ, მაგრამ გარედანაც ჩანს, რომ ყველაფერი დამწვარია. აქა-იქ შემორჩენილი გამურული ჩანთა თუ შარვალი გასაყიდად აღარ გამოდგება.
ე.წ. ბორჯომის ბაზრობას ცეცხლი 30 აპრილის ღამეს გაუჩნდა და გათენებამდე 15 000 კვ.მ. გადაბუგა. მეორე დღეა, გადაკეტილ ტერიტორიას პოლიცია დარაჯობს. დანახშირებულ დახლებს შორიდან რომ შეხედონ, მთელი ბაზრობა ერთი პატარა მაღაზიის გავლით დადის, ის გადამწვარ ტერიტორიასა და ქუჩას აკავშირებს.
აქედან რამდენიმე მეტრში იყო „ბავშვთა სამყარო“, რომელიც 2017 წელს დაიწვა. მაშინ ქუჩაში დარჩენილი მოვაჭრეებიდან ბევრმა სწორედ „ბორჯომის ბაზრობას“ შეაფარა თავი. ახლა მათ საქონელი მეორედ, ზოგს კი მესამედ დაეფერფლა.
„აქედან უნდა გავიქცეთ“
რუსუდან წოწონავა 70 წლისაა, თითქმის მთელი ცხოვრება ბაზარში დგას. ჯერ ბავშვებთან ერთად ვაჭრობდა. მერე ბავშვები გაიზარდნენ და იმათაც თავიანთი ბიზნესი წამოიწყეს. ოჯახს ხუთამდე დახლი და საწყობი ჰქონდა და ზარალიც დიდი ნახეს.
„ლილოდან ვალით მოგვაქვს საქონელი. სამი დღის წინ 300 ათასი ლარის ბოტასები შემოვიტანე და დამწვარია ყველაფერი. ძველი საქონელიც მქონდა ბევრი, მაგრამ იმას არ ვთვლი არაფრად, ის ასე თუ ისე გადავიხადე.
იცით რამდენი საათი ვმუშაობდი? ვირი არ მუშაობს ამდენს. ორჯერ-სამჯერ გაჩნდა ცეცხლი და ჩვენი ძალებით ჩავაქრეთ. „ბავშვთა სამყაროში“ ორჯერ დავიწვი, ეს მესამე შემთხვევაა. ახლა აქედან უნდა გავიქცეთ. ვეღარ იქნები საქართველოში. თავი შევიკავეთ, ბევრი მარილი ვჭამეთ, მაგრამ აღარ ღირს აქ ცხოვრება. არ ღირს.“
ცეცხლი ბაზრობაზე. 30 აპრილი, 2025 წელი
ლილი ჩახუნაშვილიც „ბავშვთა სამყაროდან“ გადმოვიდა. 60 წლისაა. ბაზარში 28 წლის დადგა და მას შემდეგ ვაჭრობს.
„მაშინ „ბავშვთა სამყაროში“ 30 ათასი ლარის საქონელი დამეწვა. ახლა თებერვალში 28 ათასი ლარი გამოვიტანე. სულ ორი წელია, რაც ჩემს საქონელზე ვმუშაობ და მიხაროდა. ქალის ფეხსაცმელს ვყიდდი, კლასიკურს. აჰა, არაფერი აღარ არის“.
მარიამ სარიბეგოვიც მეორეჯერ დააზარალა ხანძარმა:
„10 წლის წინ „ბავშვთა სამყაროში“ 25 ათასი ლარის საქონელი დამეწვა, 3 ათასი ამინაზღაურეს. მერე ნელ-ნელა ბანკის, ლილოს [ბაზრობის] მეშვეობით წამოვიწიეთ. ადგილი გავაფართოვე. ბანკმაც რომ დაინახა ბევრი საქონელი მქონდა, 20 ათასი ლარი მომცა.“
დაუზღვეველი ცხოვრება
ტერიტორია, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა, „თბილისი ცენტრალს“ "საქართველოს რკინიგზისგან" 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული. თავის მხრივ, ეს ადგილი ქვეიჯარით აიღო და ბაზრობა მოაწყო შპს „ბაქანმა“.
ხალხს საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა. თუმცა ბევრი ეცადა, რომ დაეზღვია, განსაკუთრებით ისინი, ვისაც „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარი ახსოვდა.
„ჩემს კონკრეტულ დახლს ვერ ვაზღვევდი. არავინ გვაზღვევდა და მერე შევეშვით. როცა გაზღვევენ, ყველაფერი ნორმაში უნდა იყოს. გვყავდა მოყვანილი [დაზღვევის აგენტი] და რომ გადახედეს, ვერ დაგაზღვევთო, ყველამ უარი გვითხრა“, - ამბობს რუსუდან წოწონავა.
აქამდე მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, ბაზრობაზე ელექტროგაყვანილობა გამოცვლილი იყო. ღამე შუქი ავტომატურად ითიშებოდა. დაცვაც ჰყავდათ. უკვირთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცეცხლს მაინც ვერ მიუსწრეს.
ბაზრობის მენეჯერი მზია ბუჩუაძე დილიდან დაზარალებულების სიებს ადგენს, ზარალს ვერ ითვლის, თუმცა მილიონობით რომ იქნება, ამაში ეჭვი არ ეპარება.
„315 ადამიანი მყავდა დასაქმებული ამ ტერიტორიაზე. ენით აუწერელი ზარალია, ზოგს ორი ადგილი ჰქონდა, ზოგს - ოთხი. ღამე არ მძინებია ამათი ცოდვით. თვალებში ვერ ვუყურებ. აქაურობით ირჩენდა ყველა თავს, - ამბობს მზია ბუჩუაძე, - ერთი თვის წინ გამოვცვალეთ ელექტრობა, მრიცხველები დავაყენეთ. ღამე ითიშებოდა ავტომატურად ერთიანად და მხოლოდ საკონტროლო ნათურები რჩებოდა. გამორიცხულია დენიდან გაჩენილიყო ხანძარი. ბაზრობა დაზღვეული იყო, მაგრამ ფიზიკური პირები - არა. დაზღვევამ მითხრა, სათითაოდ არ ვაზღვევთო, თორემ პირობები ყველაზე კარგი ამ ბაზრობას აქვს“.
ასევე ნახეთ ადვილად აალებადი ბაზრობებიმხოლოდ 2012-2018 წლებში საქართველოში 18 სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ყოველ ჯერზე მოვაჭრეები ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგებოდნენ - აუნაზღაურებელი დანაკარგი და ნულიდან დაწყებული ცხოვრება.
წლებია ხალხი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას - ინდივიდუალური დაზღვევა ძალიან ძვირი უჯდებათ და ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთობლივ დაზღვევაშია.
მათ, ვინც ფართს ქირაობს, ფაქტობრივად უნდა აიძულონ მეპატრონე, უსაფრთხოების ისეთი სისტემა შექმნას, რომელიც სადაზღვევო კომპანიას საშუალებას მისცემს, საქონელიც დააზღვიოს.
„სადაზღვევო კომპანია რომ ამბობს, ამ შენობის დაზღვევა არ მინდა ამა და ამ მიზეზითო, მერე უკვე მეპატრონეს უნდა მოეთხოვოს უსაფრთხოება. თუ სადაზღვევო კომპანია ხედავს, რომ მილიონები უნდა გადაიხადოს და კაპიკები შევიდეს მასთან, რა თქმა უნდა, არ დააზღვევს“, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
მოვაჭრეები სახელმწიფოსგან ახალი ადგილების გამოყოფას და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.
„იაფიანი, 2-3-პროცენტიანი კრედიტი მოგვცენ, რომ ძველი სესხიც გადავფაროთ და ახალიც ავიღოთ. ბანკებთან ვალდებულებები რაც გვაქვს, მისი შეჩერებაც გვინდა, ექვსი თვით მაინც, ერთჯერადი დახმარება სტარტაპისთვის“, - ასე ჩამოაყალიბა მოთხოვნები ერთ-ერთმა.
დაფერფლილ ბაზრობასთან 1 მაისს შეკრებილი მოვაჭრეები დილიდან ელოდნენ, რომ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდოდნენ, მაგრამ რომ არავინ გამოჩნდა, თავად წავიდნენ მერიაში.
„დაგვეხმაროს მთავრობა. ნუთუ ვერავინ გაიგო, რა ხდება. იტალიიდან დამირეკეს, მოსკოვიდან დამირეკეს და საქართველოდან არავინ უნდა დამირეკოს?!“ - ამბობს მარიამ სარიბეგოვი.
მერიაში მისულებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა, თუმცა რა იგულისხმება ამ დახმარებაში, ჯერ ცნობილი არ არის.