აი, რატომაა პუტინისთვის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის დონბასი

მოკლედ

  • ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინას რუსეთთან ომის დასასრულებლად შესაძლოა მიწის ნაწილის დათმობა მოუწიოს.
  • დონბასი, უკრაინის ინდუსტრიული ცენტრი, კრემლისთვის ეკონომიკური და ისტორიული მნიშვნელობისაა და არა მარტო.
  • რუსეთმა დონბასის რეგიონში სამხედრო ძალით და ანექსიით გააძლიერა გავლენა, რაც უკრაინისთვის სტრატეგიულ საფრთხეს ქმნის.

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს და განუცხადა, რომ მას, ალბათ, მოუწევდა უკრაინის მიწის ნაწილის დათმობა რუსეთთან ომის დასასრულებლად.

„მიგვაჩნია, რომ ისინი, უბრალოდ, უნდა შეჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც არიან, საბრძოლო ხაზებზე“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. - „დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია, თუ აპირებ თქვა: ამას შენ იღებ, იმას ჩვენ ვიღებთ“.

„დაე, ისე იყოს მოჭრილი, როგორც არის. ახლა ის მოჭრილია. ვფიქრობ, მიწის 78 პროცენტი უკვე რუსეთს აქვს აღებული,“ – თქვა მან 19 ოქტომბერს. - „უნდა დატოვონ ისე, როგორც ახლაა. მათ შეუძლიათ... მოგვიანებით მოლაპარაკება რაიმეზე.“

ტრამპი გულისხმობდა ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე მიწას, რომელიც ცნობილია დონბასის სახელით.

ასევე ნახეთ როგორ დეგრადირდა "რუსული სამყაროს" მიერ ოკუპირებული დონბასი

გასულ გაზაფხულზე ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსეთს დროებით დაუტოვებდა კონტროლს დონბასის ნაწილზე და სხვა რეგიონებზე. მაგრამ უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, დონბასის ან ნებისმიერი სხვა ტერიტორიის ფორმალურად ან სამუდამოდ დათმობა გამორიცხულია:

„ჩვენ არ დავტოვებთ დონბასს. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ,“ – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს აგვისტოში.

ტრამპის განცხადება, რომ უკრაინას მოუწევდა მიწის დათმობა, ეწინააღმდეგებოდა მის შარშანდელ განცხადებებს, როდესაც ის ამტკიცებდა, რომ კიევი „შეძლებდა ბრძოლას და მთელი უკრაინის თავდაპირველი სახით უკან დაბრუნებას“.

თეთრმა სახლმა შესაძლოა შეიცვალა პოზიცია უკრაინის ტერიტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ კრემლის რიტორიკა უცვლელია.

დონბასი კვლავაც პუტინის მთავარ პოლიტიკურ და სამხედრო პრიორიტეტად რჩება. ამჟამად მთელი რეგიონი დაღარულია ზიგზაგისებრი 1 100-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის გრძელი მონაკვეთით. მოსკოვისთვის ეს რეგიონი ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული კუთხითაა მნიშვნელოვანი უკვე ათწლეულების, თუ საუკუნეების განმავლობაში არა.

მაშ, რატომაა კრემლისთვის დონბასი ესოდენ მნიშვნელოვანი?

ინდუსტრიული ცენტრი

დონბასი მოიცავს ორი უკრაინულ რეგიონის – ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ტერიტორიას. ზოგიერთი მას ასევე მიაკუთვნებს მეზობელი ხარკოვის, დნეპრის და ზაპოროჟიეს რეგიონების მცირე ნაწილებს.

ეს არის უკრაინის ინდუსტრიული გული – ქვანახშირის მაღაროების, მეტალურგიული ქარხნების, პორტების, რკინიგზის და სხვა მძიმე მრეწველობის სამშობლო.

დონბასს დაახლოებით 52 000 კვადრატული კილომეტრის ფართობი უჭირავს. თითქმის ხორვატიის ზომისაა.

დონბასის ქვანახშირის მაღაროები საბჭოთა მძიმე ინდუსტრიას - და ასევე უკრაინის დიდ ნაწილს - ამარაგებდა.

დონბასის სამხრეთით მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლითაც ცნობილია უკრაინა. სამხრეთ დონეცკში, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს მარიუპოლის პორტი და „აზოვსტალი“ - 2022 წლამდე, ერთ-ერთი უდიდესი ფოლადის ქარხანა მსოფლიოში.

საბჭოთა ლიდერები მდინარე დონეცის რეგიონს სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ძრავად მიიჩნევდნენ, რომლის მეშვეობითაც საბჭოთა კავშირი ეკონომიკურად უნდა დასწეოდა ევროპულ ინდუსტრიულ ძალებს.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რეგიონმა ეკონომიკური შოკი განიცადა და ნელი დაღმასვლა დაიწყო. ინფრასტრუქტურა მოძველდა, ინვესტიციები შეჩერდა, წარმოების სიმძლავრე დაეცა.

დონბასიდან იყო უკრაინის არაერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, რომლებიც აფინანსებდნენ პოლიტიკურ ბლოკს „რეგიონების პარტია“ და მის ლიდერს, ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან რუსეთში 2014 წლის თებერვალში გაიქცა.

იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა 2014 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც კიევში რამდენიმე თვიანი მასობრივი დემონსტრაციები ძალადობრივი ქუჩის შეტაკებებით დასრულდა. მომდევნო თვეებში რუსეთმა წამოიწყო ამბოხის, დივერსიისა და დესტაბილიზაციის კამპანია დონბასში, ხელში ჩაიგდო სამხედრო დანადგარები და ძირითადი შენობები, მათ შორის რეგიონის არაოფიციალური დედაქალაქი, დონეცკი. რუსეთმა ასევე გაგზავნა რეგულარული ჯარები უკრაინის ცუდად აღჭურვილი და დაუკომპლექტებელი ძალების წინააღმდეგ რამდენიმე ბრძოლაში.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა „სახალხო რესპუბლიკები“ გამოაცხადეს დონეცკსა და ლუგანსკში, რაც მოგვიანებით გახდა პუტინის 2022 წლის განცხადების საბაბი მათი და კიდევ ორი რეგიონის ანექსიის შესახებ.

2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის მარიონეტები აკონტროლებდნენ დაახლოებით 42 000 კვადრატულ კილომეტრ უკრაინულ ტერიტორიას დონბასში და შავი ზღვის ნახევარკუნძული ყირიმს, რომლის ანექსიაც რვა წლით ადრე მოახდინეს.

დონბასის ციხესიმაგრეები

რუსულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს დონბასის რამდენიმე ძირითადი ქალაქი დაიპყრეს.

მარიუპოლი 2022 წლის მაისში დაეცა სამთვიანი სასტიკი ალყის შემდეგ; ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთით მდებარე სევეროდონეცკი აიღეს. ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ბახმუტი – დონეცკის რეგიონის ქალაქი, რომლის დაცვასაც ზელენსკი და მისი მეთაურები პრიორიტეტს ანიჭებდნენ.

ბახმუტის დაცემის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა პრიორიტეტი მიანიჭეს გამაგრებას ორ ქალაქთან - სლოვიანსკთან და კრამატორსკთან - ასევე სამხრეთით მდებარე სარკინიგზო კვანძის ქალაქ კოსტიანტინივკასთან.

ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას

თავდაცვის ხვეული ხაზი საერთო ჯამში დაახლოებით 50 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს არის სანგრები, ტანკსაწინააღმდეგო დაბრკოლებები, ბუნკერები, ნაღმები...

თუ რუსეთი ამ ხაზს გადალახავს, შემდეგ უფრო სწრაფად შეძლებს დასავლეთით, დონეცკის რეგიონის საზღვრისკენ გადაადგილებას. ეს კი კრემლს დააახლოებს მიზანთან - მთელი დონბასის ხელში ჩაგდებასთან.

ამ სარტყლის დაკარგვა უკრაინულ ძალებს უფრო გრძელვადიან რისკსაც შეუქმნის და გზას გაუხსნის სამომავლო რუსულ ოპერაციებს. ამაზე ზელენსკიმ აგვისტოში მიანიშნა: „დონბასი არის ტრამპლინი მომავალი ახალი შეტევისთვის.“

„უკრაინისთვის დონეცკის რეგიონის დარჩენილი ნაწილის გადაცემის მოთხოვნები არარეალისტურია უკრაინის მომავალი თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით,“ – განუცხადა „Current Time“-ს ემიგრაციაში მყოფი რუსული გაზეთის, „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მთავარმა რედაქტორმა, კირილ მარტინოვმა.

„პუტინი 11 წელია, დონეცკის რეგიონის დაპყრობას ცდილობს. მისთვის იმ გამაგრებული ტერიტორიების გადაცემა, რომლებიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, ფაქტობრივად, გზის გახსნაა ხარკოვისა და დნეპრისკენ,“ – თქვა მან. - „და, ზოგადად, გზაა ახალი ომისკენ, რომელშიც პუტინისთვის გამარჯვება კიდევ უფრო ადვილი იქნება.“

ნოვოროსია

კრემლის დონბასზე პრეტენზიების საწყისი - რომ არაფერი ვთქვათ უკრაინის უმეტეს ნაწილზე - ნაწილობრივ მე-18 საუკუნით თარიღდება, როდესაც ეკატერინე დიდმა რუსეთის იმპერიული დაპყრობები სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროსკენ და დასავლეთით, ბალკანეთისკენ გააფართოვა.

ნოვოროსიის, ანუ ახალი რუსეთის სახელით წოდებული კონცეფცია აიტაცეს თანამედროვე რუსმა ნაციონალისტებმა და ფილოსოფოსებმა, - მაგალითად, ალექსანდრე დუგინმა, - რომლებიც ახლა ლაპარაკობენ უფრო ფართო იდეაზე - „რუსკი მირზე“, ანუ „რუსულ სამყაროზე“. პუტინმა საჯაროდ მიიღო ეს იდეა ყირიმის აღების შემდეგ.

დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინოვკაში რუსული სამხედრო დარტყმების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები.

დონბასში ძირითადად ეთნიკურად უკრაინელები ცხოვრობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებამდე, როდესაც საბჭოთა დამგეგმავებმა ეთნიკური რუსების იმპორტი დაიწყეს რეგიონის მოსახლეობის აღსადგენად და ინდუსტრიული სამუშაო ძალის შესაქმნელად.

საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის, დონბასის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ თავს ეთნიკურად რუსად მიიჩნევდა, თუმცა ისინი მაინც უმცირესობას წარმოადგენდნენ.

2014 წელს, ომის დაწყებამდე, რუსული ენა ფართოდ გამოიყენებოდა დონბასშიც და უკრაინის სხვა ნაწილებშიც. მაგალითად, ზელენსკისათვის, რომელიც სამხრეთ-ცენტრალური ქალაქ კრივი რიჰიდან არის, პირველი ენა რუსული იყო.

წლების განმავლობაში, უკრაინელი ნაციონალისტები პერიოდულად ცდილობდნენ რუსული ენის სტატუსის დაქვეითებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად, სხვა ჯგუფებმა რამდენჯერმე წარუმატებლად სცადეს რეფერენდუმის ჩატარება რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, უკრაინულთან ერთად, განმტკიცების შესახებ.

უკრაინაში შეჭრის დაწყების შესახებ სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა ცრუ განცხადება გააკეთა. თქვა, რომ უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ „გენოციდი“ ხორციელდებოდა.

რუსი ნაციონალისტები აცხადებდნენ, რომ დონბასის ეთნიკურ რუსებს სურდათ გამოყოფა და რუსეთთან გაერთიანება. ამას ეწინააღმდეგება წლების განმავლობაში ჩატარებული რამდენიმე არჩევნები და რეფერენდუმი.

2022 წლამდე რეგიონში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. შეჭრის დაწყების წინ, კრემლი ცდილობდა თავისი ომის გასამართლებლად ემტკიცებინა, რომ იქ ეთნიკური რუსული უმცირესობა სახელმწიფო დისკრიმინაციის კამპანიის მსხვერპლი იყო.

ასევე ნახეთ ნოვოროსიის აღდგენა - რუსეთი უკრაინაში წლების წინ დასახული გეგმით მოქმედებს