სერბეთში უკვე თითქმის ნახევარი წელია გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები. ათიათასობით დემონსტრანტი, რომლის ბირთვსაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეადგენენ, აპროტესტებენ კორუფციასა და უპასუხისმგებლობას ხელისუფლებაში და მოითხოვენ პოლიტიკურ ცვლილებებს. მასობრივი გამოსვლების საბაბი გახდა 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედია: ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურში ჩამოინგრა ბეტონის სახურავი, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ლოზუნგებით: „კორუფცია კლავს", „დანაშაული და არა ტრაგედია", „ხელები სისხლში გაქვთ!" - ხელისუფლება ცდილობდა აეცილებინა პასუხისმგებლობა მომხდარზე, მიუთითებდა, კერძოდ, იმაზე, რომ ნოვი-სადში მომხდარი კატასტროფა არ არის იშვიათობა და, რომ ასეთი რამ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვაგანაც ხდება. ჯერჯერობით არცერთი მინისტრი ან სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკი არ დასჯილა სერიოზულად. პროტესტის პირველი კვირების განმავლობაში საპროტესტო აქტივობა პულსირებდა ბელგრადსა და ნოვი-სადს შორის (სტუდენტებმა მოაწყვეს ორდღიანი 80-კილომეტრიანი მსვლელობა ქალაქიდან ქალაქში), თუმცა მომდევნო დღეებში საპროტესტო მოძრაობა თანდათან გავრცელდა პროვინციულ ცენტრებში, სამხრეთიდან უკიდურესი ჩრდილოეთისკენ - ნოვი-პასარიდან სუბოტიცამდე.
ტრაგედიიდან მეორე დღეს: სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ნოვი-სადის სადგურზე. 2 ნოემბერი 2024
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მართალია, დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ინარჩუნებს კონტროლს სიტუაციაზე, რისთვისაც ხშირად მანევრირებს და იყენებს სხვადასხვა ტაქტიკას: საპროტესტო აქციების დაშლის მცდელობამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, საპროტესტო დემონსტრაციებთან მოლაპარაკებამაც წარუმატებლად ჩაიარა. სიტუაცია თანდათანობით მწვავდება: უმაღლესი განათლების სისტემა ფაქტობრივად პარალიზებულია. სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერს მასწავლებლების ნაწილი, ბოიკოტს აცხადებენ და არ შედიან აუდიტორიებში; ხშირია სატრანსპორტო ბლოკადები. დემონსტრაციების დროს ხშირია შეტაკებები სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს, ხელისუფლების მხარდამჭერებსა და სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებს შორის. თვის დასაწყისში ვუჩიჩის გარემოცვამ ბელგრადში მოაწყო დიდი "ანტიმიტინგი" („კონტრაქცია“): ქალაქის ცენტრში რამდენიმე საათით მიიყვანეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანები, თუმცა ამ აქციის მასშტაბი ახლოსაც ვერ მივიდოდა საპროტესტო დემონსტრაციებთან. 16 აპრილს პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა პარლამენტმა მოახდინა ცვლილებების ინიციირება მინისტრთა კაბინეტში. მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნეს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ექიმი, ჯურო მაცუტა, რომელმაც მაშინვე გადაჭრით დაგმო "სიმშვიდის დამრღვევთა" ქმედებები.
საღამოს პროტესტი კრალევოში, 2025 წლის 16 აპრილი
დაქსაქსულმა სერბულმა ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერანაირად ვერ ისარგებლა შექმნილი ვითარებით: ვუჩიჩის ერთგული პოლიტიკური ძალები საიმედოდ აკონტროლებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ძალოვან სტრუქტურებს; ხელისუფლება აქტიურად ატარებს პროპაგანდისტულ კამპანიას, აშავებს ოპონენტებს ყველა შესაძლო გზით. საპროტესტო მოძრაობა მოწყობილია ჰორიზონტალური სტრუქტურის (რაც დამახასიათებელია სერბეთისთვის) სახით, მართვისა და ორგანიზების ერთიანი ცენტრის გარეშე. პროტესტი იმართება ადგილებზე არაფორმალური სტუდენტური კომიტეტების მიერ, რომლებშიც შედიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ახალგაზრდები, დაწყებული „მარქსისტებითა" და ევროლიბერალებით, დამთავრებული ულტრანაციონალისტებითა და კონსერვატორებით. აქტივისტების მიერ წამოყენებული ლოზუნგები უფრო მეტად სოციალური ხასიათისაა და არ შეიცავენ მკაცრ პოლიტიკურ მოთხოვნებს: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ "ნოვისადელ დამნაშავეებს"; „დაისაჯონ პოლიციელები და ჩინოვნიკები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ დემონსტრანტების უკანონო დაპატიმრებებსა და ცემაში“; „დაიწყოს სამართალდამცავი და საგანმანათლებლო სისტემების რეფორმა, კორუფციასთან გადამწყვეტი ბრძოლა“; ხელისუფლება უნდა იყოს ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე“.
პროტესტების ცენტრში მყოფი კრეატიული ახალგაზრდების გამო, დემონსტრაციები, რომლებიც თავის დროზე დაიწყო ხსოვნის სამგლოვიარო ჯაჭვის სახით, ნელ-ნელა გადაიზარდა კარნავალურ მსვლელობებში, რომელთა გარშემოც სწრაფად გაჩნდა საკუთარი იკონოგრაფია და მემების სისტემა (რაც ასევე არ არის სიახლე სერბეთისთვის). ერთ-ერთ საკვანძო ცნებად იქცა "დაღლილობა" - დაღლილობა უპასუხისმგებლო, არადემოკრატიული, მოქალაქეების აზრის უგულებელმყოფელი ხელისუფლების ქმედებებისგან. დიდწილად იმის გამო, რომ მასობრივი აქციების რეგისტრი სწრაფად იცვლება, საპროტესტო მსვლელობები და მიტინგები დღემდე არ კარგავენ მიმზიდველობას ახალგაზრდებში: კარვის ქალაქები, მდუმარე აქციები, გზაჯვარედინებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირებები; დამცინავი ფრაზებისა და დევიზების სკანდირება პრეზიდენტის, მთავრობის, პოლიციის გენერლებისა და სახელმწიფო მასმედიის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
მირჟევო - ბელგრადის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი, რომელიც ასევე დაღალა, ბევრი მოქალაქის აზრით, კორუმპირებულმა ხელისუფლებამ. 2024 წ. 9 აპრილი
პროტესტმა საერთაშორისო ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც სერბული მოძრაობის აქტივისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში ველოსიპედებით მიემართებოდნენ სტრასბურგისკენ, 16 აპრილს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელები შეხვდნენ. სუპერ მარათონის კოლონა ახლა ბრიუსელისკენ მიემართება, რათა ევროპელ პოლიტიკოსებს გადასცენ სერბული საპროტესტო მოძრაობის მორიგი მიმართვა. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სერბეთის პრეზიდენტი, რომლის საგარეო პოლიტიკა ტრადიციულად დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას ეფუძნება. ვუჩიჩს არ შეუძლია არ გაითვალისწინოს ქუჩის განწყობები და კრიტიკა როგორც ბრიუსელიდან, ასევე ევროპის სხვა დედაქალაქებიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეუძლია წაუყრუოს მოსკოვს, როცა ეს უკანასკნელი პროტესტის კრემლისთვის ჩვეული მეთოდებით ჩახშობის რეკომენდაციებს იძლევა.
სერბეთში ვითარება უკვე მივიდა პოლიტიკურ კრიზისამდე, რომლიდანაც მკაფიო გამოსავალი ჯერ არ ჩანს. ბელგრადის ქუჩებსა და სახელისუფლებო კაბინეტებში არსებულ მდგომარეობას აფასებს სერბი ჟურნალისტი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, რადიო "თავისუფალი ევროპის" ბალკანური სამსახურის დირექტორი, მილოშ თეოდოროვიჩი:
მილოშ თეოდოროვიჩი
"ნოვი-სადის ტრაგედიამ გამოიწვია არა მხოლოდ მასობრივი დემონსტრაციების დაწყება, არამედ, როგორც ჩანს, იმ საერთო უკმაყოფილების ამოხეთქაც, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში 12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ალექსანდარ ვუჩიჩის "პროგრესისტების" ყოფნის პერიოდში. 16 ადამიანის დაღუპვა რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, ფანტასტიკურად ზუსტი მაგალითი იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ძალაუფლების სისტემა სერბეთში. ამ ისტორიაში არის ყველა ელემენტი, რომელიც მეტყველებს კორუფციის მაღალ დონეზე. ქვეყნის მთავრობა თავის ყველაზე დიდ წარმატებად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიიჩნევს და, აი, ასეთი "წარმატების" სანიმუშო მაგალითი! ნოვი-სადის რკინიგზის სადგური ორჯერ გახსნეს პროპაგანდისტული მიზნებისთვის, მეორედ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და ვუჩიჩის პოლიტიკური მოკავშირის, ვიქტორ ორბანის თანდასწრებით. ზოგადად სერბეთისთვის დამახასიათებელია გაუმჭვირვალე საქმიანი პროცესები. ნოვი-სადშიც მუშაობდა ჩინელი ინვესტორი, რომლის ბიზნესი დაკავშირებულია ბუნდოვან კონტრაქტებთან, რომლებსაც პარლამენტი პრაქტიკულად განხილვის გარეშე ამტკიცებდა.
ვუჩიჩის მმართველობის სტილია ტრაგედიის მასშტაბის დამცრობა, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. მომხდარიდან პირველი შვიდი-ათი დღის განმავლობაში აშკარა იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. ხელისუფლებამ მაშინვე დაიწყო იმის მტკიცება, რომ მსგავსი ინციდენტები მთელ მსოფლიოში ხდება - სწორედ ამან გამოიწვია განსაკუთრებით ძლიერი საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრაციის მონაწილეებს, ბელგრადის უნივერსიტეტის სტუდენტებს: მათ თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პროვოკატორები. საზოგადოებაში არსებობს ხელისუფლებისადმი ძლიერი უკმაყოფილება, სწორედ ამიტომ გამოიწვია ნოვი-სადის შემთხვევამ ასეთი ძლიერი რეაქცია“.
წითელი "სისხლიანი" საღებავი და "ხელისუფლების სისხლიანი ხელების" ანაბეჭდები - სერბული პროტესტის კიდევ ერთი მემი. ნოვი-სადი, 2024 წლის 5 ნოემბერი
– ნოვი-სადის ტრაგედიასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები ჯერ არ დასრულებულა?
მილოშ თეოდოროვიჩი: “ეს არის სისტემის მუშაობის კიდევ ერთი ინდიკატორი. ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 12 თუ 13 ადამიანი, ძირითადად ინჟინრები. ამანაც გამოიწვია უკმაყოფილება: არცერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ან მინისტრი არ არის დაპატიმრებული, არადა, საუბარია უმაღლესი დონის კორუფციაზე. იმის მიხედვით, თუ რა გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ინციდენტში ჩართული იყვნენ ისეთი მსხვილ-მსხვილი ფიგურები, როგორიცაა მაგალითად მშენებლობის ყოფილი მინისტრი, გორან ვესიჩი. თუმცა ვესიჩი მხოლოდ ორი დღე იმყოფებოდა პატიმრობაში, ახლა კი საერთოდ არ ვიცით, სერბეთშია თუ არა. შინაპატიმრობაშია კომპანია "სერბეთის რკინიგზის" პრეზიდენტი, მაშინ როცა ინჟინრები, რომლებიც ასრულებდნენ ოპერატიულ სამუშაოსა და სხვების ბრძანებებს, ხუთი თვეა პატიმრობაში არიან.
ამ ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ნოვი-სადის სადგურის რეკონსტრუქციის დასრულება ხელისუფლებამ ტრიუმფად წარმოაჩინა, ლამის ევროპის ყველაზე წარმატებულ პროექტად გამოაცხადა და ეს მოხდა ტრაგედიამდე ერთი ან ორი თვით ადრე. ერთ-ერთმა ინჟინერმა, რომელიც მონაწილეობდა სადგურის მოდერნიზაციაში, წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ცხად გაფრთხილებას: „სამუშაოები დაუსრულებელია, შეიძლება მოხდეს ჩამოშლა“. ეტყობა, ძალიან ეჩქარებოდათ მორიგი წარმატების აღნიშვნა. ერთი სიტყვით, აშკარაა მთავრობის პასუხისმგებლობა უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაში. ეს ნათელი შემთხვევაა, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთია მსგავსი შემთხვევების რიგში. სწორედ აქედან გამომდინარეობს საპროტესტო აქციების მასშტაბი“.
– დავსვამ ცინიკურ კითხვას: უკვე თითქმის ნახევარი წელია, რაც სერბეთი ღელავს, რატომ შეიძლება არ მიდიოდეს პრეზიდენტი ვუჩიჩი მნიშვნელოვან დათმობებზე, მაგალითად, რომელიმე მინისტრის მსხვერპლად შეწირვაზე, რათა პროტესტი ჩააცხროს?
მილოშ თეოდოროვიჩი: “ის ასეც მოიქცა, სულ ახლახან გადადგა პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ამ პროტესტს წინა გამოსვლებისგან განსხვავებული ფილოსოფია აქვს. გამოსვლები კი ბლომად იყო როგორც ვუჩიჩის, ასევე წინა მმართველების დროს. დემონსტრანტები გამუდმებით იმეორებენ: ჩვენ არ გვაინტერესებს არც მინისტრი და არც პრეზიდენტი, ჩვენ გვაინტერესებს ინსტიტუციების ხარისხი, ამიტომ პირველ რიგში პროკურატურამ უნდა ჩაატაროს სამართლიანი გამოძიება. არა მხოლოდ ნოვი-სადის ტრაგედიაში დამნაშავეების, არამედ იმათ მიმართაც, ვინც პასუხისმგებელია საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების დაპატიმრებაზე, რადგან ამ სტუდენტებზე სასტიკად იძალადეს. ვუჩიჩი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააგრძელოს მანევრირება, მაგრამ მას ახლა დამლაპარაკებლის (მოლაპარაკებაში პარტნიორის) გამოძებნაც კი არ შეუძლია: დემონსტრანტებს არ ჰყავთ ლიდერები, პროტესტს ქსელური სტრუქტურა აქვს, რაც მას ძლიერს ხდის“.
"ფერადი რევოლუცია"? მრავალფეროვანი ტყუილი". პროტესტი ბელგრადში სახელმწიფო ტელევიზიის მიერ დემონსტრაციების ცალმხრივი გაშუქების წინააღმდეგ
– მიმდინარე პროტესტი მხოლოდ სოციალური მოვლენაა, თუ მას პოლიტიკური განზომილებაც აქვს?
მილოშ თეოდოროვიჩი: “ესაა სოციალური პროტესტი, რომელიც პოლიტიკური მიზეზებითაა პროვოცირებული, და ეს არ არის ამ ტიპის პირველი პროტესტი. მაგალითად, მსგავსი სიტუაცია შეიქმნა 2023 წლის მაისში, როდესაც ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციების სერია გაიმართა მას შემდეგ, რაც 14 წლის მოზარდმა მოკლა თავისი ცხრა თანაკლასელი და დაცვის ერთი თანამშრომელი. ასეთ პროტესტებს გამოწვეულს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური მიზეზებით, ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ ჰქონია ადგილი და ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ საზოგადოებაში იმედგაცრუების დონე ძალიან მაღალია, ის მზადაა ნაბიჯი გადადგას წინ – განსხვავებით ხელისუფლებისგან და, სხვათა შორის, ოპოზიციისგანაც. ოპოზიცია გახლართულია შინაგან დავებში, რის გამოც სისუსტეს ასხივებს კრიზისულ ვითარებაში, ხოლო ვუჩიჩი იოლად ახერხებს მის დემონიზებას. ალბათ, სწორედ აქ იმალება მასობრივი პროტესტის ერთ-ერთი პრობლემა: არავინ იცის, როგორ შეიძლება ქუჩის აქტივობის გადაიყვანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებში, რომელთა შესრულებაც ძალაუფლების ხასიათსა და ქცევას შეცვლიდა“.
– მე კი მეგონა, რომ სერბეთის უახლეს ისტორიაში ოპოზიცია კარგად იყენებდა საზოგადოების უკმაყოფილებას. 1996 წელს მასობრივი პროტესტების კამპანიამ რიგგარეშე არჩევნები გამოიწვია, ზორან ჯინჯიჩი ბელგრადის მერი გახდა. 2000 წელს კი სლობოდან მილოშევიჩი დაამხვეს როგორც ოპოზიციის პროტესტით, ისე საარჩევნო პროცესითა და ათასობით ადამიანის ზეწოლით. რატომ გგონიათ, რომ ახლა ეს შეუძლებელია?
მილოშ თეოდოროვიჩი: “თქვენს სიტყვებში სიმართლის მხოლოდ ნაწილია. ოპოზიციას მთელი ათწლეული დასჭირდა, რომ მილოშევიჩის წინააღმდეგ კონსოლიდაცია მოეხდინა და ხელისუფლებისთვის რეალურ გამოწვევად ქცეულიყო. დიახ, მაშინ დემოკრატიულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ სწრაფად გაანიავეს ის შიდა კონფლიქტებსა და დისკუსიებში. 1997 წლის არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური კოალიცია „ერთად“ ერთ წელზე ნაკლებ დროში დაიშალა. მოგვიანებით, მილოშევიჩის კანდიდატურამ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, კიდევ ორ წელიწადში ბელგრადს ნატოს ძალები ბომბავდნენ – სწორედ ამან შეცვალა ვითარება.
დამნაშავეებს - ციხე, ხალხს - თავისუფლება! გრაფიტი ასფალტზე პოლიციის შენობის წინ ნოვი-სადში, 2025 წლის აპრილი
საერთოდ, სერბეთის ოპოზიციას ქრონიკული პრობლემა აქვს – საერთო ინტერესზე შეთანხმების უუნარობა, რაც ახლაც ნათლად ჩანს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სერბული ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოვლინდა გასული საუკუნის 90-იან წლებში: საიდუმლო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები იოლად აღწევენ ოპოზიციის რიგებში და წარმატებით ხლეჩენ მას. ვუჩიჩი ამ მხრივ მილოშევიჩს ჰგავს, თუმცა ის სრულიად სხვა ტიპის პოლიტიკური ფიგურაა. ინფორმაციულ ველზე ვუჩიჩი გაცილებით აქტიურად და მარჯვედ მუშაობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ახლა სულ სხვა ხასიათისაა და მოწინააღმდეგის დისკრედიტაციის ძალისხმევა ხელისუფლებას მნიშვნელოვან დივიდენდებს აძლევს. ვუჩიჩი მთავრობის ყველა კრიტიკოსს ოპოზიციად აცხადებს – მათ შორის დამოუკიდებელ ჟურნალისტებს (რომლებიც უკვე ძალიან ცოტანი დარჩნენ), ინტელექტუალებს, ექსპერტებს. ვუჩიჩი სტუდენტებსაც კი ოპოზიციად განიხილავს. ესაა ყველა უკმაყოფილო ადამიანის ტოტალური დემონიზაციის სტრატეგია“.
– სერბეთში ყოველ ახალ საზოგადოებრივ პროტესტს თან მოაქვს იმედი, რომ მოვიდა ახალგაზრდობა, ახალი თაობა, რომელიც „ჩვენ აღვზარდეთ" და სასოებით წარმოვთქვამთ, რომ „ახალგაზრდობაში ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ, მაგრამ ახლა ჩვენი შვილები აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას." ფსონი კეთდება ახალ სოციალურ და პოლიტიკურ ენერგიაზე. ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდული საპროტესტო გამოსვლები მართლაც ყოველთვის ქმნიან ბრწყინვალე სატელევიზიო სურათს – აქციის მონაწილეები კრეატიულები და ცვლილებების იმპულსით სავსენი არიან. თუ არის შესაძლებელი, პროტესტის ამ ფორმების გარდაქმნა პოლიტიკურ იარაღად?
მილოშ თეოდოროვიჩი: “სავარაუდოდ შესაძლებელია, თუ პოლიტიკურად მკაფიოდ იქნება არტიკულირებული. ძნელია იმის ზუსტად თქმა, თუ რამდენად დაკარგა ვუჩიჩმა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რაც სერბეთის პრეზიდენტმა უკვე დაკარგა. ქვეყანაში, მთლიანობაში, მთავრობის კრიტიკა ძალიან გააქტიურდა – ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. მედია იმაზე გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ვიდრე ადრე იმყოფებოდა. ოპოზიციას, სოციალური ქსელებისა და ქუჩის კამპანიების გარდა, საზოგადოებაზე ზემოქმედების პრაქტიკულად არანაირი რესურსი არ გააჩნია. ვუჩიჩს კვლავაც აქვს მხარდაჭერა, მათ შორის აქა-იქ ევროპაში, თუმცა ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო: პრობლემები მატულობს. ვუჩიჩი იმედს ამყარებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, მაგრამ სურს კი ევროკავშირს, რომ საზოგადოებისგან სრულად იზოლირებული კიდევ ერთი პარტნიორი ჰყავდეს?
ცალკე საკითხია, უნდა ჰქონდეს თუ არა ვუჩიჩს ასეთ ვითარებაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი? სიტუაცია საკმაოდ გაურკვეველია, რადგან ვუჩიჩი თავის „ბალანსის პოლიტიკაში“ ყოველთვის ითვალისწინებდა პუტინთან სიახლოვის ფაქტორს. როცა მას მოსკოვთან მეგობრობის გამო საყვედურობენ, ვუჩიჩი აცხადებს: უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პუტინთან არ მილაპარაკიაო. ცხადია, თავად ვუჩიჩი პუტინს არ შეხვედრია, მაგრამ მოსკოვს ხშირად სტუმრობენ ვუჩიჩის გარემოცვის წევრები, მაგალითად ალექსანდრ ვულინი - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი.
ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვუჩიჩი უფრო დასუსტდა თუ გაძლიერდა. ასევე გაურკვეველია, პროტესტს მეტი შანსი აქვს წარმატებისთვის თუ ნაკლები. მაგრამ ერთ რამ აღარაა: პროტესტს აქვს კარნავალური ხასიათი, ხოლო მის ლიდერებს - ერთიანი და მკაფიო აპელაცია ევროკავშირისადმი. სტუდენტებს სურთ ხმამაღალი გზავნილი გაუგზავნონ ევროპას, ცდილობენ მიიპყრონ ყურადღება. მათთვის ძალიან მიმზიდველია ევროპული პერსპექტივა“.
– მახსოვს, 1996 წელს, როდესაც ბელგრადში მსგავსი სამოქალაქო პროტესტები დაიწყო გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, მთავარი ლოზუნგი იყო: "ბელგრადი – ეს არის მშვიდობა". სერბი მოქალაქეებიც დღემდე ამტკიცებენ, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი, მისი ნაწილი და სიამაყეო. თუმცა პოლიტიკის ბორბალი ფუჭად ტრიალებს ადგილზე – თითქოს ბრუნავს, მაგრამ წინსვლა ძლივს შესამჩნევია. სერბეთი კვლავაც შორსაა ევროკავშირისგან.
მილოშ თეოდოროვიჩი: “დიახ, სერბეთი უკვე 30 წელია მეტ-ნაკლებად ავტორიტარული რეჟიმების ხელშია. ვუჩიჩი აშკარად პოპულისტია და, ბოლო ათწლეულის გლობალური პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ის არაჩვეულებრივად ნიჭიერი პოპულისტია. მაგრამ თუ ვუჩიჩმა რაიმე პრაქტიკული წარმატება მართლაც მოუტანა თავის ქვეყანას, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან დიალოგში იმყოფებოდა. ვუჩიჩმა უცხოელ ინვესტორებს მისცა წვდომა სერბეთის პატარა ეკონომიკაზე, თუმცა ვუჩიჩის ხელმძღვანელობით წარმართული ეს პროცესი არაგამჭვირვალე და, სავარაუდოდ, კორუფციული იყო“.
ასევე ნახეთ სერბეთი და საქართველო - ვადარებთ ორ პროტესტს, მიზნებს, საშუალებებს, შედეგებს- აშკარაა, რომ სერბეთი კრემლისთვის ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, რადგან ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი „ფანჯარა“, რომლიდანაც ფსბ-ს შეუძლია ევროპაში შეღწევა: სერბეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზები არ სჭირდებათ.
მილოშ თეოდოროვიჩი: “ბოლო წლებში მოსკოვს ძალიან ცოტა თანამოსაუბრე დარჩა ევროპაში, სერბეთი (უნგრეთთან და ბოსნიის რესპუბლიკა სერბსკასთან ერთად) ერთ-ერთია ამ პაკეტში. მოსკოვსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ შეწყვეტილა, რუსი ფეხბურთელები სერბულ კლუბებთან სათამაშოდ კვლავაც ჩამოდიან. ბელგრადში ღიად მოქმედებენ რუსული პროპაგანდისტული მედიები – Sputnik და RT, მათ საქმიანობას არავინ ზღუდავს, რაზეც, სხვათა შორის, ჩვენი რედაქციაც არაერთხელ წერდა. სხვადასხვა შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება საეჭვო ექსპორტი რუსეთში, მათ შორის მესამე ქვეყნების (მაგალითად, ყირგიზეთის) გავლით. ეს კომპანიები რეგისტრირებულია სადღაც ბელგრადის მახლობლად, სოფლის სახლებში.
ბოლო წლებში სერბეთში ათობით ათასი რუსი დასახლდა. თუმცა, 2024 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების 80%-მა პუტინის წინააღმდეგ მისცა ხმა. ცხადია, სერბეთში გადმოვიდა კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ბევრი ადამიანი. სხვათა შორის, ამ რუსებმა საგრძნობლად შეცვალეს ბელგრადის იერსახე: ქალაქის ცენტრში გაჩნდნენ ახალი, მოდური კაფეები, რომლებსაც რუსები ფლობენ; ბევრი რუსი ემიგრანტი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არ არის ის, რომ ვუჩიჩმა ასეთ რუსებს სერბული სივრცე გაუხსნა.
რუსები ემიგრანტები ბელგრადში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინ. მარტი 2024: "პუტინი - არა რუსეთი"
რაც შეეხება მთავარ კითხვას – რა მოლოდინი აქვს ოფიციალურ მოსკოვს ვუჩიჩისგან? პუტინის ბოლო წლების პოლიტიკა პირველ რიგში ნაციონალიზმს ეყრდნობა. ვუჩიჩისთვის ეს კომპონენტი ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა თავის დროზე მან თავისი პოლიტიკური კარიერა უკიდურესად მემარჯვენე ტრადიციონალისტად დაიწყო. განსხვავებით პუტინისგან, ვუჩიჩი ოპონენტებს პროტესტისა და ქუჩაში გამოსვლის საშუალებას აძლევს. ერთი რამ, რაც ამ ორ პოლიტიკოსს აახლოებს, საზოგადოების ნაწილის პოლიტიკური პრიმიტივიზმის თავის სასარგებლოდ გამოყენების უნარია. რას და როგორ ლაპარაკობენ პუტინი და ვუჩიჩი, ძალიან სახიფათოა. მათი ლექსიკა მარტივი და პრიმიტიულია. ბევრი მათი თანამებრძოლი და მხარდამჭერი ასევე პრიმიტიული და, შესაბამისად, სახიფათოა. ვუჩიჩის მმართველობის პერიოდში სერბეთში ძალიან გაძლიერდა ყვითელი მედია, რომელიც არაფერს აკეთებს, გარდა ხელისუფლების ოპონენტების ყველაზე პრიმიტიული გზით ცილისწამების ტირაჟირებისა. ეს ქმნის სოციალური შფოთის ატმოსფეროს, რომელშიც არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ – თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სერბეთში ძალადობის დონე მაინც ვერ შეედრება რუსეთისას“.
ერთი რამ, რაც ვუჩიჩს და პუტინს აახლოებს, საზოგადოების ნაწილის პოლიტიკური პრიმიტივიზმის თავის სასარგებლოდ გამოყენების უნარია.
– რა შეიცვლება ახალი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ექიმ ჯურო მაკუცას პირობებში?
მილოშ თეოდოროვიჩი: “ვუჩიჩისთვის ეს არ არის ახალი ექსპერიმენტი. ადრე ერთი ხანობა „პროგრესისტებს“ ბელგრადის მერად ჰყავდათ ექიმი ზორან რადოიჩიჩი, რომელიც ძირითადად არაფერს აკეთებდა და, როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე, „საქმეებში ცხვირს არ ყოფდა“. მის ნაცვლად ქალაქს მართავდა ვიცე-მერი – ყოფილი მშენებლობის მინისტრი გორან ვესიჩი, რომელიც ახლა ნოვი-სადის საქმეში ფიგურირებს. პრემიერ-მინისტრი იყო ანა ბრნაბიჩი, რომელიც ახლა პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ისიც საკმაოდ ნომინალური ფიგურაა. სერბეთის კონსტიტუციით, ძალაუფლების განაწილების მოქმედი მოდელის შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა პრემიერ-მინისტრია და არა პრეზიდენტი, თუმცა სერბულ რეალობაში ასე არ არის. მთავრობაში თითქმის არაფერი შეცვლილა – საკვანძო პოსტებზე კვლავ ძველი ხალხი დარჩა. ვუჩიჩმა მხოლოდ განათლების მინისტრი შეცვალა – საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ვინც უნდა დანიშნოს მთავრობის ახალ მეთაურად, მისი მთავარი გამოწვევა მაინც საზოგადოებრივი უკმაყოფილება იქნება“.
– პროტესტს ამოძრავებს სტუდენტური რისხვა, თუმცა ვუჩიჩის ოპოზიციამ ვერ შეძლო თავის ჯეროვნად გამოვლენა. რატომ აღარ გამოჩნდნენ სერბეთში ისეთი ელვარე პოლიტიკური ფიგურები, როგორიც ზორან ჯინჯიჩი ან ვესნა პეშიჩი იყვნენ? სად არის დემოკრატების ახალი თაობა?
მილოშ თეოდოროვიჩი: “ახალი, ელვარე ლიდერები რამდენიმე მიზეზით არ გამოჩენილან. პირველი – ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე მართლაც ძლიერი და არამართლზომიერი ზეწოლის გამო. მეორე – სერბეთის პოლიტიკა საკმაოდ კორუმპირებულია და ზოგიერთი ვუჩიჩის ბანაკს შეუერთდა. მესამე – თავად ოპოზიციის შეცდომებზე უკვე ვისაუბრე, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი გაერთიანების უუნარობაა. სერბეთში ცვლილებები (როგორც 2000 წლის 5 ოქტომბრის მოვლენების დროს მოხდა), შესაძლებელია მხოლოდ ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანებით. მაგრამ ასეთი ერთობა თავის არსით პათოლოგიური იქნება, რადგან უნდა გაერთიანდნენ ცენტრისტები, მემარცხენეები და ულტრა-მემარჯვენეები. მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება. მილოშევიჩი ხომ მრავალი უცნაურად თანხვედრილი გარემოების გამო დაამხვეს, და, როგორც ჩანს, სერბეთმა უკვე ამოწურა ქუდბედიანობის საკუთარი ლიმიტი. სწორედაც რომ ამგვარადაა მოწყობილი სტუდენტური პროტესტიც, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა: ერთი ნაწილი ევროპის კავშირს ადიდებს, მეორეს კი დრაჟა მიხაილოვიჩის (მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კოლაბორაციონისტის) პორტრეტები დააქვს. როგორი მოსაძებნია ლიდერი, რომელიც ამ ყველაფერს გააერთიანებს? ეს შეუძლებლად მოჩანს“.
საპროტესტო აქცია სერბეთის პარლამენტის შენობის წინ, ბელგრადის ცენტრში, 2024 წლის მარტი
– და რა შედეგს უნდა ველოდეთ პროტესტისგან? კვანძის როგორი გახსნაა მოსალოდნელი?
მილოშ თეოდოროვიჩი: "ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროტესტის მონაწილეები დაიღლებიან – და ეს მართლაც გარდაუვალად ჩანს. წარსულშიც დაღლა ხშირად განსაზღვრავდა საპროტესტო კამპანიების შედეგებს. დადგა გაზაფხული, ზაფხულიც ახლოსაა, და ჩნდება ლოგიკური კითხვა: რამდენი სტუდენტი წავა დასასვენებლად ადრიატიკის სანაპიროზე? ბოლო წლებია სერბეთში ზაფხულობით ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, ასეთ პირობებში ვერ წარმომიდგენია, რომ პროტესტი მაქსიმალურ დონეზე დარჩება.
მაგრამ ატმოსფერო ერთადერთი პრობლემა არ არის. რაც შეეხება პოლიტიკას. სტუდენტებისთვის დიდი გამოცდა იქნება სრებრენიცის გენოციდის 30 წლისთავი. ეს საკითხი სერბული პოლიტიკური დისკუსიის მუდმივი მტკივნეული წერტილია – თემა, რომელიც ყოველ ზაფხულს სრულად იპყრობს საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგს. ამ თემისგან თავის შორს დაჭერა განსაკუთრებულ პოლიტიკურ ოსტატობას მოითხოვს. არადა, ვუჩიჩი უკვე ცდილობს პროტესტის მონაწილეების მისთვის სასურველ კალათში მოთავსებას: აქაოდა ისინი ანტისერბები არიან, რომლებიც მოქმედებენ კოსოვოელი ალბანელების დავალებითო. მალე ამას დაემატება ბრალდებები ღალატში („სერბების გენოციდში დადანაშაულების“ გამო). გარკვეულწილად ეს იქნება გამოწვევა სტუდენტური მოძრაობისთვის, რადგან ის დაყოფილია პროევროპელებად და ნაციონალისტებად, რომლებსაც ჯერჯერობით უფრო მაღალი საერთო მიზანი აერთიანებთ, რაც უკვე ხუთ თვეზე მეტია მუშაობს, მაგრამ რა იქნება მომავალში, ძნელი სათქმელია.
მთავარია, რომ არავის სურს კრიზისის ძალადობრივად გადაჭრა. ეს იქნებოდა ნამდვილი კატასტროფა სერბეთისთვის.
მთავარია, რომ არავის სურს კრიზისის ძალადობრივად გადაჭრა. ეს იქნებოდა ნამდვილი კატასტროფა სერბეთისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ღრმა განხეთქილებაა საზოგადოებაში. ასეთ სცენარს არც დემონსტრანტები, არც ოპოზიციონერი აქტივისტები და არც თავად „პროგრესისტები“ არ ემხრობიან. სერბეთში ახლა სერიოზული პოლიტიკური დომხალია, საიდანაც გამოსავლის პოვნა რთულია. საზოგადოებაში გაბატონებულია დაყოფის ატმოსფერო და ამის გამოსწორება ძალიან რთული იქნება, რადგან ამ ტიპის განხეთქილება ღრმა ჭრილობებს ტოვებს. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ – ჩემი თაობა მილოშევიჩის დამხობის შემდეგ რადიკალურ ცვლილებებს ელოდა, მაგრამ მილოშევიჩის აღსასრული სულაც არ აღმოჩნდა სერბეთის სევდიანი ისტორიის დასასრული – მკურნალობა იმდენად გაიწელა, რომ საზოგადოება დღემდე ვერ გამოკეთდა", – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ ბელგრადელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა მილოშ თეოდოროვიჩმა.
სერბეთში მოვლენები მრავალი მიმართულებით ვითარდება: 18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სარჩელი შეიტანა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ – მათ ბრალად ედებათ ბელგრადისა და ნოვი-სადის ტელეცენტრების შენობების ბლოკირების ორგანიზება. სახელმწიფო მოხელეები დახმარებას ითხოვენ საერთაშორისო თანამეგობრობისგანაც – მათ სურთ, საქმეში ჩაერთონ ეუთოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები. პოლიციამ დაკითხა ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი ვლადან ჯოკიჩი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტურ მოძრაობას – ეჭვობენ, რომ ის აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდა. პრეზიდენტი ვუჩიჩი კი ღიად მსჯელობს, წავიდეს თუ არა მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად – „მინდა პუტინს გავესაუბრო გაზზე, ნავთობსა და სხვა ყველაფერზე“. სერბეთში სააღდგომო დღესასწაულებმა დაძაბულ ფონზე ჩაიარა – დემონსტრაციები და საპროტესტო აქციები ქვეყნის ბევრ ქალაქში არ წყდება.