დეტალები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმიდან - რას ჰყვება ამ საქმის მთავარი მოწმე

ფოტოკოლაჟი: თორნიკე რიჟვაძე (მარცხნივ) და ალექსი ახვლედიანი

მოკლედ

  • როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
  • როგორ აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში?
  • რა მოხდა სუფრის დაშლის და დასაძინებლად წასვლის შემდეგ?
  • როგორ აღმოჩნდა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი იარაღი რიჟვაძის ხელში?
  • რატომ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა?
  • ექსპერტიზით დადასტურდა, რომ წერილი რიჟვაძის დაწერილია.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მეგობრის, ალექსი ახვლედიანის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 27 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე მიიღო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ.

გამოძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ალექსი ახვლედიანს, იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 7 ივლისის ღამეს თორნიკე რიჟვაძემ სწორედ მის სახლში, მისივე კუთვნილი იარაღიდან სცადა თვითმკვლელობა.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ინფორმაციის მოძიება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რთულია. მედიასთან კომუნიკაციაზე არ გამოდიან მისი ოჯახის წევრები.

ის 9 ივლისიდან სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება. 27 აგვისტოს პროკურორმა ჭიტაძემ თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ჯერ გამოკითხული არ არის:

„საგამოძიებო ორგანოს აქვს კომუნიკაცია მისი ოჯახის წევრებთან და კითხულობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კომუნიკაცია აქვთ მხოლოდ მისი ოჯახის წევრებთან და არა პირადად მასთან“.

ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით კი, თორნიკე რიჟვაძეს თურქმა სპეციალისტებმა ორთვიანი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს და მასთან კომუნიკაციის უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრებს აძლევენ.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს თორნიკე რიჟვაძეს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდება:

ალექსი ახვლედიანი ტოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას. 27 აგვისტო

„მასთან კომუნიკაცია შეზღუდულია ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახისგან, დაუნიშნეს ორთვიანი, საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით აქვთ ბავშვებს შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. გუშინწინდელი ინფორმაციით, თვალის პრობლემა, რომელიც მას მანამდეც ჰქონდა, კიდევ უფრო გაუმწვავდა, ალბათ სტრესის ფონზე და დაახლოებით კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას. ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება და ამ კურსის დასრულებამდე აუკრძალეს საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან, ოჯახის წევრების გარდა“, - თქვა ალექსი ახვლედიანმა.

27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შესვლამდე, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან 6 და 7 ივლისს საგარეჯოში, თავის სახლში განვითარებული მოვლენების დეტალები აღიდგინა.

როგორ აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში?

ალექსი ახვლედიანი ჰყვება, რომ იმ დღეს თორნიკე რიჟვაძემ მას საღამოს ხუთი საათისთვის დაურეკა:

„ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ. მეგობრების გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან და განსაკუთრებით, ამ ბოლო პერიოდში.

ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში, ეს იყო მისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი, როცა მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა საგარეჯოში, რჩებოდა. უახლოესი სამეგობრო გვყავს იქ.

დამიკავშირდა, მთხოვა, მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და გვიან წამოვიდეთო“.

ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ მისმა მძღოლმა თორნიკე რიჟვაძეს საღამოს ექვსი საათისთვის გაუარა და თბილისიდან საგარეჯოში ერთად წავიდნენ:

„გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს, ერთს ღვინის მოტანა ვთხოვე, მეორეს - საკვების შეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს. ჩავედით, ვიმყოფებოდი მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში ან საათ-ნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე - დის ქმარი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი“.

რა მოხდა სუფრის დაშლის და დასაძინებლად წასვლის შემდეგ?

ალექსი ახვლედიანი იხსენებს, რომ ღამით საგარეჯოში დარჩენა გადაწყვიტეს, მძღოლი კი დილით ადრე, 8 საათისთვის, დაიბარეს.

„ვინაიდან დილით ადრე უნდა წამოვსულიყავით, დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტეთ. ის იმ საძინებლისკენ წავიდა, სადაც სულ რჩება ხოლმე. აქეთ დიდი ოთახია, ოდნავ მოშორებით, ჩემი საძინებელი. როდესაც დავიშალეთ, მთხოვა, საფერფლე და სიგარეტი მომეციო. სიგარეტი დიდ ოთახში, მაგიდაზე მედო, შევედი, მივეცი, ისიც გავიდა და მე საპირფარეშოში შევედი. ტელეფონი დამჯდარი მქონდა და დასატენად შევაერთე. საპირფარეშოში ვიყავი, ტელეფონის ზარი რომ გავიგე. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს, ავიღე, ვეუბნები, ხო, ძმაო, გისმენ, ხმა არ გამცა. გავთიშე, ვიფიქრე კავშირის პრობლემა იყო და თავად გადავურეკე. აღარ იღებდა ტელეფონს. წამოვედი ინსტინქტურად, რა ხდება-მეთქი და ვნახე“...

ალექსი ახვლედიანი ფიქრობს, რომ თორნიკე რიჟვაძემ მასთან იარაღის გასროლამდე დარეკა:

„ჩემი აზრით, ჯერ არ ჰქონდა ნასროლი. როგორც ამიხსნეს, უკვე ნასროლი რომ ჰქონოდა, ვეღარ დარეკავდა. გასროლის ხმა არ გამიგია. საკმაოდ მოშორებითაა ერთმანეთისგან საპირფარეშო და საძინებელი“, - ამის შესახებ მან უკვე სასამართლოს დარბაზში, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა, როდესაც დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე, ადვოკატთან და პროკურორთან ერთად იხსენებდა იმ ღამის რამდენიმე დეტალს:

როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, თორნიკე რიჟვაძეს წელს ზევით სამოსი არ ეცვა:

„მას მერე სულ მეფიქრება, ნეტა, მაისური სცმოდა. შედიხარ და თეთრ კანზე დიდი წითელი ლაქა, დღემდე ვხედავ ამას“, - უზიარებს თავის ემოციებს ადვოკატსა და პროკურორს და ჰყვება, როგორ წაიყვანეს დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში:

„ჯერ 112-ში ვცადე დარეკვა. ორჯერ დავრეკე, მაგრამ ავტომოპასუხე მეუბნებოდა, რომ ყველა ოპერატორი დაკავებული იყო. ამის შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარს, კლინიკის მთავარი ექიმია, ვუთხარი, არაფერი მკითხო, საოპერაციო გამზადებული დამახვედრეთ-მეთქი. 9 წუთიც არ დამჭირდა, უკვე კლინიკაში ვიყავით და თორნიკე საოპერაციო შეიყვანეს, ექიმები უკვე ხელთათმანებით დაგვხვდნენ. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ საოპერაციოდან რომ გამოვიდა ექიმი, ფეხსაცმელიც კი არ ეცვა, „ნასკებით“ იყო... მითხრეს, კიდევ 300 გრამი სისხლი რომ დაეკარგა, ვერ გადარჩებოდაო“...

როგორ აღმოჩნდა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი იარაღი რიჟვაძის ხელში?

ამ კითხვაზე პასუხი ალექსი ახვლედიანს არ აქვს:

„მე არასდროს მიტარებია ღიად იარაღი. ყოველთვის იდო დახურულ სივრცეში, დახურულ ჩანთაში. დღემდე ვერავინ ეკითხება მას ამას და მე ისიც არ ვიცი დღემდე, როგორ დაეუფლა ჩემს იარაღს“.

პროკურატურის ოფიციალური ვერსია ასეთია:

ლალი აფციაური, ალექსი ახვლედიანის ადვოკატი

„[ახვლედიანს იარაღი] დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. [რიჟვაძემ იარაღი] მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.

ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური იარაღის „დაუდევრად დატოვების“ ფაქტს არ იზიარებს და ამბობს:

„რამდენიმე წამით ჩანთის დატოვება დახურულ სივრცეში, დახურულ ჩანთაში თუ დაუდევრობად ითვლება, არ ვიცი. ეს ადამიანი შევიდა სააბაზანოში ხელის დასაბანად... ეს თუ ითვლება დაუდევრად შენახვად, ვნახოთ“...

იარაღის დაუდევრად შენახვის საქმეზე არსებითი განხილვა 8 სექტემბერს დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა მოახერხებს დაამტკიცოს, რომ ალექსი ახვლედიანს იარაღი მართლაც დაუდევრად ჰქონდა შენახული, რასაც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა, მაშინ ახვლედიანის წინააღმდეგ სასჯელის სახედ მოსამართლეს შეუძლია გამოიყენოს ჯარიმა, 2 წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან 3 წლამდე პატიმრობა.

რატომ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა?

ამ კითხვას ალექსი ახვლედიანი ასე პასუხობს:

„თორნიკეს ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება. ამის გამო მუდმივად გვქონდა ხელჩართული ბრძოლა. აი, მაგალითად, ჩემზე ვინმე რამეს დაწერს სოციალურ ქსელში, წავიკითხავ ან არ წავიკითხავ და დამთავრდა. ვთქვათ, დაიწერებოდა რაიმე მასზე, ეჭირა ტელეფონი და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ზუსტად ამას ვეუბნებოდი: თორნიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკუიდან, არ შეიძლება ასე, მილიონი უსაქმურია“...

ანუ თვლით, რომ მის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე? - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა რამდენჯერმე.

ალექსი ახვლედიანი პასუხობს:

„სოციალურ ქსელში ათასნაირი ადამიანის, საზოგადოების ზოგადად“...

ის გამორიცხავს, რომ თორნიკე რიჟვაძეზე ხელისუფლების მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა. ირწმუნება, რომ ამ გაზაფხულზე თანამდებობის დატოვებაც თავად თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილება იყო:

„ბოლო წელი, წელიწად-ნახევარი, თავად თორნიკე ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, რადგან თვლიდა, რომ შვიდი წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, უკვე ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ იმ შემართებით ვერ ვარო“.

ასევე ნახეთ კობახიძის განცხადებით, "მას და მის მეგობრებს თორნიკე რიჟვაძესთან არავითარი პრეტენზიები არ აქვთ"

ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე საქმიანობის გაგრძელებას დიდ ბრიტანეთში გეგმავდა:

„მას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. როდესაც მოხდა მისი გათავისუფლება, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მითხრა, არსებობდა ვაკანსია დიდ ბრიტანეთში და პრემიერს სთხოვა, თუ იქნებოდა შესაძლებელი, იქ წასულიყო. მან პრემიერისგან თანხმობა მიიღო. რატომ ვყვები ამას, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მისი ინიციატივა, ძალიან ბევრ ადამიანთან აფიქსირებდა ამას, ხუმრობითაც ამბობდა, ბრეჟნევი ხომ არ ვარო, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან რთულად გადაიტანა ალბათ რეგიონთან დაშორება“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 4 აპრილს გადადგა და ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა.

ივლისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თურქეთში იყო ჩასული თორნიკე რიჟვაძესთან "მოსალაპარაკებლად". ამ ინფორმაციას მდინარაძემ "აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ თურქეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული.

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ წერილი რიჟვაძის დაწერილია

თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტის გახმაურების შემდეგ, 7 ივლისს, პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ცნობები მის ტანსაცმელში “სამედიცინო პერსონალის” მიერ აღმოჩენილი წერილის შესახებ, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ და ხაზგასმულია იმედი, რომ რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავენ.

რამდენიმე ამონარიდი გავრცელებული წერილიდან:

„ალეკო [სავარაუდოდ - ახვლედიანი, მასპინძელი - რ.თ. ] არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე [სავარაუდოდ - იარაღი]. ეს კაცი ძმობის მაგალითია”.

“მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც”;

“პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს”;

“მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში”.

"დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე მაგდას და ელის. დედა მიყვარხარ".

"მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ".

"ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს".

27 აგვისტოს პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ დაადასტურა, რომ წერილზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ წერილი ნამდვილად თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის.

პროკურორი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, გამოკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც საუბრობენ, რომ ბოლო პერიოდში თორნიკე რიჟვაძეს ჰქონდა დეპრესიული ფონი, რაც განპირობებული იყო მის წინააღმდეგ წამოწყებული შავი პიარით:

ნუგზარ ჭიტაძე, პროკურორი. 27 აგვისტო

„ეს საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი, მათ შორის ოჯახის წევრები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მის მიმართ აგორებული იყო შავი პიარი, რამაც განაპირობა მისი დეპრესიული მდგომარეობა. შავ პიარში იგულისხმება როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია“.

პროკურორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული პირები იდენტიფიცირებული არ არიან.

ბოლო თვეებში, სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილი თანამდებობის პირებისგან და ყოფილი მოკავშირეებისგან ბიძინა ივანიშვილი “მოპარული ფულის” ამოღებას ცდილობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახელებული სქემით, თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა და სწორედ ამის გამო მოხდა თანამდებობებიდან მისი გაშვება, თავის გარემოცვიანად. თუმცა რიჟვაძე გადახდის გრაფიკზე დათანხმდა და ამიტომ “ჯერჯერობით თავისუფალია”.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი გადამოწმება ან დადასტურება ვერ ხერხდება.

ასევე ნახეთ წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? - კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო