წინასწარ არ ამბობენ, იგულისხმება თუ არა, ჯამში, კვლავ 4 პარტია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”, რომლებსაც „ოცნებამ“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ უწოდა.
ამ ჯგუფის აკრძალვა „ოცნების“ დაპირებების მოკლე ნუსხაში იყო, ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მას შემდეგაც არაერთხელ გაიმეორეს.
ამ ოპოზიციური პარტიების ათზე მეტი წარმომადგენელი ამ ეტაპზე დაკავებულია: “წულუკიანის კომისიის” სხდომაზე გამოუცხადებლობისა თუ 4 ოქტომბრის აქციის საქმეებზე, რასაც “ქართული ოცნება” ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას უწოდებს.
„ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ოპონენტების ასაკრძალად უკვე კარგად არიან მომზადებული - საფუძვლად სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [„წულუკიანის კომისიის“] დასკვნას გამოიყენებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელიც უკვე თითქმის მზად აქვთ. თუმცა პოლიტიკოსებს პოლიტიკური მომავალი რომ აუკრძალონ, ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შეცლა მოუწევთ.
ვის რას აუკრძალავენ?
თუკი სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ვიმსჯელებთ - „აკრძალულთა“ სიაში შესაძლოა „რამდენიმე ასეული“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოხვდეს.
“რა თქმა უნდა, აქ ყველა პარტიის წევრი არ იგულისხმება, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვიცი რამდენი წევრი ჰყავს, მაგრამ ვგულისხმობთ, რომ რამდენიმე ასეული წევრი იქნება… აქ მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან აქვთ დღესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე”, - უთხრა პაპუაშვილმა მედიას, 14 ოქტომბერს.
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურის იმედი აქვს. შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთელ არმიას აეკრძალებათ:
- საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა;
- უმაღლესი თანამდებობების დაკავება;
- კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელობა;
- სხვა პარტიის შექმნა;
- ნებისმიერი სხვა პარტიის წევრობა; პარტიული თანამდებობის დაკავება.
აკრძალვა ემუქრება იმ პარტიასაც, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამო მოქმედებებში დადანაშაულებულ პოლიტიკოსთან ითანამშრომლებს.
“სხვა პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან”. “მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება”, - განაცხადა 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სადავო პარლამენტში “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასარჩელო მოთხოვნა “მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არ იქნება”; “გუშინწინდელი დანაშაულის გამო” “პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს” მის ყოფილ წარმომადგენლებსაც - “ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ.”
სხვა დანაშაულებთან ერთად, სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია [„წულუკიანის კომისიის“] „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაშიც ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენიგულისხმება თუ არა გახარიას პარტიაც?
„კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც აკრძალვას უპირებდა, „ქართული ოცნება“ მოიაზრებდა მისი გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაც [„გახარია საქართველოსთვის“]. თუმცა ახლა გახარიას პარტიის წარმომადგენლების სადავო პარლამენტში შესვლის იმედი აქვთ.
- 2025 წლის 17 ივლისს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ - „არაფერს ცვლის“ ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს პარტიებმა - „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ და რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობაში“ ნაგულისხმევი ოთხივე პარტიის წინააღმდეგ შეიტანდნენ;
- 2025 წლის 13 ოქტომბერს, ირაკლი კირცხალიამ, ბრიფინგზე, მედიას უთხრა, რომ მოელის გახარიას პარტიის დეპუტატების პარლამენტში შესვლას; “თუ შემოვლენ, ველოდებით” - თქვა კირცხალიამ. პარტიას “გახარია საქართველოსთვის” პარტიული სია არა აქვს ჩახსნილი და პარლამენტში შესვლა, ბოლო პერიოდში, არც თავად ამ პარტიაში გამორიცხეს.
თუკი შევა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” სადავო პარლამენტში 12 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ასევე ნახეთ „თქვენ იცრუეთ“ - გახარია მეორედ „წულუკიანის კომისიაზე“ ასევე ნახეთ წიგნად აკინძავენ, თარგმნიან, დაარიგებენ - "წულუკიანის კომისია" ოპოზიციის წინააღმდეგ, 460-გვერდიანი დასკვნით„წულუკიანის კომისიამ“ გიორგი გახარია ორჯერ გამოჰკითხა. “ოცნების” ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს დაუკითხავად აგებასა და მილიონი კვადრატული კილომეტრის დაკარგვას ედავებოდნენ. გახარია უკვე დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი შეეხება 2012 წლამდე ხელისუფლებაში მყოფ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ვინც შემდგომ პერიოდში „ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში“.
ექსპრემიერ გახარიასა და მის თანაგუნდელებს გასამართლებით პირადად ბიძინა ივანიშვილიც ემუქრებოდა.
“განადგურებულის” აკრძალვა?
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები, უკვე კარგა ხანია, ოპოზიციას “განადგურებულად” და “სრულიად განადგურებულად” მოიხსენიებენ.
მაშინ რატომ დაგეგმეს ახლა ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების პოლიტიკური კარიერის აკრძალვა?
“პირველი - ხელს შეუშლის ამ პარტიებს საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობისა და სამომავლო ურთიერთობების კუთხით; მეორე - შექმნის პოლიტიკურ ჩარჩოს, სადაც დიქტატის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უნდა გაქრეს; “ქართული ოცნების” ამომრჩეველი პოლიტიკური ოპოზიციის ამ ნაწილის მიმართ განსაკუთრებულ სიძულვილზეა აგებული და ამით ამ სიძულვილსაც გამოკვებავს”, - რამდენიმე სავარაუდო მიზეზს გვისახელებს არჩილ გამზარდია, პოლიტიკის ექსპერტი, ტელეწამყვანი, რომლის თანაწამყვანიც, წლების წინ [ტელეგადაცემა „20/30“], თავად ბიძინა ივანიშვილი იყო.
გამზარდია “ქართული ოცნების” ამავე მიზნების ნაწილად განიხილავს შეკრებისა და მანიფესტაციის მიმართულებით კანონების გამკაცრების გეგმასაც; გვეუბნება, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “უნდათ შექმნან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ქცევის თავისთვის სასურველი მოდელი”, რაც მისი განმარტებით - უკვე მეტწილად ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი ხელწერაა.
პროტესტის წინააღმდეგ კანონების გამკაცრება, 13 ოქტომბერს, ბრიფინგზე, ირაკლი კირცხალიამ გამოაცხადა. თქვა, რომ კანონების გატანას დაჩქარებული წესით გეგმავენ.
და რატომ ახლა?
არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება და სარგებელი “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ყველაზე მეტად სწორედ ახლა დაინახა და შესაძლოა ეს დასავლეთთან ვაჭრობის ელემენტებსაც მოიცავდეს.
- „უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია“, „გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ“ - ბიძინა ივანიშვილი 21 ოქტომბერი, 2024 წელი - [ინტერვიუ პროსახელისუფლებო “იმედთან”]
- “მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ოპოზიციური პარტიებისგან ველის გათავისუფლების საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად ბიძინა ივანიშვილმა ხალხის უეცარი აღელვების პრევენცია დაასახელა - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შარშან მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
“…შეიძლება, ხორავას ქუჩის მსგავსი რაღაც გაუგებრობა მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ. შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი. ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა” - აღნიშნავდა ივანიშვილი.