რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ვინ ხელმძღვანელობს „რუბიკონს“, სად მდებარეობს მისი მთავარი ბაზა (ამაში დაგვეხმარა პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი) და ექსპერტებს ესაუბრა იმაზე, თუ რა არის ამ ინიციატივის წარმატების საიდუმლო და მისი რომელი ელემენტების ათვისება შეუძლია უკრაინას.
ჭკვიან ადამიანს ბევრი რამის სწავლა შეუძლია მტრისგან. სიფრთხილე - აი, რა არის ხსნა! მეგობრებისგან ვერ ისწავლი იმას, რაც სასტიკმა მტერმა შეიძლება შესანიშნავად გასწავლოს. ხომ მტრებისგან და არა მეგობრებისგან ვისწავლეთ ციხესიმაგრეების, კედლებისა და საბრძოლო ხომალდების აგება. ეს ცოდნა იხსნის თქვენს სახლს, ფულს და შვილებს.
არისტოფანე, „ჩიტები“, ძვ. წ. 414 წელი.
„უფრო მაღალი დონის სტრუქტურა“
რუსეთის პერსპექტიული უპილოტო ტექნოლოგიების ცენტრი „რუბიკონი“ პირველად საჯაროდ ცნობილი გახდა 2024 წლის ოქტომბერში, როცა თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა შეამოწმა ცენტრი. 11 ოქტომბრამდე, სანამ მინისტრის ვიზიტის ვიდეო გამოქვეყნდებოდა, სახელი „რუბიკონი“ მედიაში ან სოციალურ ქსელებში არ იყო ნახსენები, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, „რუბიკონი“ რუსული უპილოტო ავიაციის ერთ-ერთი ქვედანაყოფის საფუძველზე შეიქმნა ბელოუსოვის პირადი ბრძანებით ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში და ორ თვეში მან „უკრაინის შეიარაღებული ძალების 400-ზე მეტი ერთეული შეიარაღებისა და ტექნიკის“ განადგურება შეძლო.
ნახევარი წლის შემდეგ „რუბიკონის“ ოფიციალურმა არხმა განაცხადა, რომ პროექტი მინიმუმ 2024 წლის ივლისიდან არსებობდა.
ანდრეი ბელოუსოვი ცენტრ „რუბიკონში“ ვიზიტის დროს, 2024 წლის ოქტომბერი.
„მაშინ გადაწყდა, შექმნილიყო მცირე ჯგუფი. ის 5-7 ადამიანისგან შედგებოდა. დაიწყო სწავლა, გავარკვიეთ, როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი, ვიპოვეთ სიმულატორი, მეტ-ნაკლებად დავეუფლეთ სპორტის ამ სახეობას, გადავედით საწვრთნელ პოლიგონზე, პოლიგონიდან კი საბრძოლო ოპერაციებში“, ამბობს „რუბიკონის“ წლისთავისადმი მიძღვნილ მოკლემეტრაჟიან ფილმში კაცი, რომელიც ტიტრებში წარმოდგენილია რაზმის მეთაურად, მეტსახელად „მოცარტი“. ის ასევე ამბობს, რომ თავდაპირველად მომავალი „რუბიკონი“ დრონებსა და სხვა აღჭურვილობას იღებდა სუდოპლატოვის სახელობის მოხალისეთა ბატალიონიდან.
„„რუბიკონი“ მხოლოდ ქვედანაყოფი კი არ არის, არამედ უფრო მაღალი დონის სტრუქტურაა, რომელიც პასუხისმგებელია უპილოტო სისტემების ცენტრალიზებულ შესყიდვასა და განვითარებაზე, სახმელეთო და საზღვაო დრონების გამოყენების ტაქტიკის, მეთოდებისა და პროცედურების განხორციელებაზე, ასევე ოპერატორების მომზადებაზე“, განუცხადა რადიო თავისუფლებას რობ ლიმ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილმა ოფიცერმა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) მკვლევარმა. „რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა. რუსეთი ამჟამად საკუთარი უპილოტო სისტემების ძალებს ქმნის და „რუბიკონი“ მისი ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ამიტომ, ისინი მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებენ კვლევისა და განვითარებისთვის და შეუძლიათ აირჩიონ, ვინ აიყვანონ და ვინ - არა“. 2025 წლის გაზაფხულის მონაცემებით, მათ შვიდი ცნობილი რაზმი ჰყავდათ, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 130-150 წევრისგან შედგებოდა“.
სამიზნეების განადგურების პირველი ვიდეონაკრები 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა „რუბიკონის“ ოფიციალურ ტელეგრამის არხზე, ხოლო ერთი დღის შემდეგ „რუბიკონის ჯგუფი“ პირველად იქნა ნახსენები, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე სხვა რუსულ ქვედანაყოფებთან ერთად. რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო პუნქტზე დარტყმა, რომელიც ერთობლივად განახორციელეს ბატალიონმა „ვახამ“, სპეცრაზმმა „ახმატმა“, სასაზღვრო დანაყოფმა „ოქტიაბრსკიმ“ და ჯგუფმა „რუბიკონმა“.
კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოდან, რომელშიც გადაღებულია რუსული დრონის თავდასხმა უკრაინულ ჯავშანტექნიკაზე სუჯასთან, კურსკის ოლქში.
2025 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე არხი „რუბიკონი“ სამიზნეების განადგურების ვიდეოებს აქვეყნებდა თითქმის ექსკლუზიურად კურსკის ოლქიდან. 6 თებერვალს თავდაცვის სამინისტრომ ცალკე ახსენა „რუბიკონი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების წინააღმდეგ კონტრშეტევაში მონაწილე დანაყოფებს შორის. სამი დღით ადრე კი ტელეარხ „როსია 1“-ზე ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში გავიდა დიდი პროპაგანდისტული სეგმენტი ცენტრ „რუბიკონის“ შესახებ. „რუბიკონელები“ საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ სუჯის რაიონში უკრაინის არმიის ლოგისტიკური ხაზების გადაჭრას. ცენტრის წლისთავთან დაკავშირებული ფილმის ცალკე ნაწილი ეძღვნება „კურსკის ოპერაციას“.
„რუბიკონის ზოგიერთი ქვედანაყოფი მონაწილეობდა კურსკის ოლქში განხორციელებულ ოპერაციებში, კერძოდ, მათ დიდწილად უზრუნველყვეს ის, რომ რუსეთმა თებერვალ-მარტში შეძლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ამ რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორიის დაბრუნება. უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაშინ აღნიშნეს, რომ „რუბიკონი“ ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა უკრაინის ნორმალურ ლოგისტიკას: სუჯამდე მხოლოდ რამდენიმე გზა იყო დარჩენილი და კურსკის ოლქში ჯარების მომარაგება უკიდურესად რთული იყო“, ამბობს რობ ლი. „რუსეთს ამ ტერიტორიაზე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე ძლერი ქვედანაყოფი ჰყავდათ, მაგრამ იქ მთავარი იყო სწორედ „რუბიკონი“. ამის გამო უკრაინას არ შეეძლო თავისი ჯარების ნორმალურად მომარაგება და საბოლოოდ რუსეთმა შეძლო ამ წარმატების გამოყენება და უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნა“.
2025 წლის იანვრის ბოლოდან „რუბიკონის“ გეოგრაფიული მასშტაბი გაფართოვდა. იერიშების ამსახველ ვიდეოებში გაჩნდა სამიზნეები კუპიანსკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე, თებერვლის შუა რიცხვებიდან - ხარკოვისა და უგლედარის მიმართულებებზე, ხოლო მარტის დასაწყისიდან - იუჟნოდონეცკისაზე. მაისიდან მოყოლებული, „რუბიკონი“ ძირითადად დონეცკის ოლქში მოქმედებდა და ხელს უწყობდა რუსეთის საზაფხულო იერიშს.
„რუბიკონს“ ძალიან კარგი დრონების ოპერატორები ჰყავს. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ სასწავლო ფუნქციას: ისინი საინსტრუქტორო სამუშაოებს უტარებენ ქვედანაყოფებს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მათ რაზმებს აგზავნიან სხვადასხვა რაიონში, სადაც ისინი წვრთნიან დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ ქვედანაყოფებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქმნიან სკოლებს ოპერატორებისთვის და აძლიერებენ პრიორიტეტულ მიმართულებებს“, ამბობს რობ ლი.
თებერვლიდან „რუბიკონის“ ოპერატორები სულ უფრო მეტ დარტყმას ახორციელებენ არა სახმელეთო სამიზნეებზე, არამედ მტრის დრონებზე. თავდაპირველად ეს იყო ძირითადად „ბაბა იაგას“ ტიპის მძიმე ბომბდამშენი ჰექსაკოპტერები, რომლებსაც შემდეგ შეუერთდნენ პრაქტიკულად ყველა ტიპის უკრაინული სადაზვერვო და დამტრყმელი დრონები. რუსული პროექტის, LostArmour-ის მიერ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით შედგენილი სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, „რუბიკონის“ დარტყმების მეოთხედზე მეტი დრონების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო სამიზნეების კიდევ 15 პროცენტი იყო სხვადასხვა სარადარო, საკომუნიკაციო და ელექტრონული საბრძოლო სისტემები. ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, უკანასკნელ თვეებში „რუბიკონის“, როგორც ფრონტის ხაზის საჰაერო თავდაცვის სისტემის, როლი ზრდას განაგრძობს, ხოლო მის სამიზნეებში სულ უფრო იკლებს ტექნიკა. სულ უფრო ხშირია მათ შორის პიკაპები, მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები. ზაფხულისთვის უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ დარტყმები უკვე „რუბიკონის“ მიერ განხორციელებული ყველა თავდასხმის თითქმის ნახევარს შეადგენდა.
რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ბელგოროდის საბავშვო ბაღის შენობის გარშემო უკრაინული დრონებისგან დამცავ ბადეს ამონტაჟებენ, 2025 წლის 25 აგვისტო.
„მათ აქვთ მკაფიო სტრუქტურა ვიწრო სპეციალიზაციებით. „რუბიკონის“ თითოეული რაზმი სპეციალიზებულია რაიმე საკუთარ სფეროზე: ზოგი ფოკუსირებულია FPV დრონებზე, სხვები უკრაინული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მესამენი ღამის ბომბდამშენების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მეოთხენი კი იყენებენ „მოლნიას“ ტიპის დამტრყმელ დრონებს“, ამბობს რობ ლი.
ექსპერტის თქმით, „რუბიკონის“ თავისებურებაა ძლიერი რადიოელექტრონული დაზვერვა, რაც მას ეხმარება უკრაინული დრონებისა და მათი ოპერატორების ადგილმდებარეობის ეფექტიანად დადგენაში. ზოგიერთ რაიონში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ეკიპაჟებზე თავდასხმები მნიშვნელოვან შედეგს იძლევა: ლის თქმით, ერთ რაიონში „რუბიკონის“ ერთკვირიანი ოპერაციების განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთი ბრიგადის უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციების 70 პროცენტამდე განადგურდა.
„რუბიკონი“ რუსეთის სამხედრო არსენალში არსებულ თითქმის ყველა ძირითად მოიერიშე და სადაზვერვო დრონს იყენებს „შაჰედებისა“ და „გერანიუმების“ დრონების გარდა. ესაა ჩვეულებრივი და ბოჭკოვან-ოპტიკური FPV დრონები ВТ-40, КВН, მოიერიშე დრონები „მოლნიები“ და „ლანცეტები“, კომპანია ZALA-ს სადაზვერვო უპილოტო აპარატები, „ორლანები“, SuperCam-ის დრონები და სპეციალიზებული საჰაერო თავდაცვის დრონები. ზაფხულში ამ სიას დაემატა უეკიპაჟო საზღვაო კატარღები, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია იყენებს ომში.
28 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა უკრაინულ სადაზვერვო გემ „სიმფეროპოლზე“ დუნაის შესართავთან უეკიპაჟო კატარღით თავდასხმის შესახებ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის არმიამ უეკიპაჟო კატარღები გამოიყენა სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის. მანამდე ერთი თვით ადრე ბალტიის ზღვაში ჩატარდა რუსული სამხედრო წვრთნა „ივლისის შტორმი“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოიცავდა უეკიპაჟო კატარღების გამოყენების დამუშავებას და სიმულირებული მტრის გემის განადგურებას. ამ წვრთნების კადრები ნაჩვენებია ფილმ „რუბიკონში“. ვიდეოში ასევე ჩანს თავად კატარღები, რომლებიც, როგორც ჩანს, „რუბიკონს“ გადაეცა. სავარაუდოდ, ესაა რუსული „ორკანების“ ერთ-ერთი ვერსია. უცნობია, მონაწილეობდა თუ არა „რუბიკონი“ ივლისის წვრთნებში და მონაწილეობდა თუ არა ის გემ „სიმფეროპოლზე“ თავდასხმაში, მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალებში „რუბიკონის“ რეკრუტერმა რადიო თავისუფლებას ტელეგრამით დაუდასტურა, რომ ცენტრი ამჟამად აგროვებს კანდიდატებს უეკიპაჟო ნავების ოპერატორების მოსამზადებლად.
ფილმ „რუბიკონში“ ნაჩვენები უეკიპაჟო კატარღა
უკრაინელი ექსპერტი სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვი „რუბიკონის“ მუშაობის ახალ მიმართულებას უკრაინისთვის საფრთხედ აფასებს.
„ელიტარულ „რუბიკონის“ უპილოტო სისტემების ცენტრს შეუძლია ერთ დღეში შეუტიოს („შაჰედების“ მსგავსად), მაგალითად, 400 კატარღით (წყალქვეშა და წყალზედა), ყველა პორტს, პლატფორმას, გემსა და ყველა საზღვაო ინფრასტრუქტურას“. კატარღებით პლაჟზე ასკოლოჩნი საბრძოლო მასალით „გასეირნებაც“ კი შეუძლიათ. მზად ვართ ამისთვის? მოგვიანებით დამნაშავეების ძებნა არ დაიწყონ: როგორ მოხდა ესო?“ წერს ბესკრესტნოვი ტელეგრამში.
ხელმძღვანელი გვარდიის ბრიგადიდან
„რუბიკონის ცენტრი“ არ არის ჩამოთვლილი რუსეთის იურიდიული პირების მონაცემთა ბაზებში, საჯაროდ არ არის დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო ქვედანაყოფთან, რუსული მედიის სათაურებში კი „საიდუმლო“ სტატუსით არის მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, ღია წყაროების გამოყენებით, რადიო თავისუფლებამ შეძლო როგორც „რუბიკონის“ ხელმძღვანელის ვინაობის დადგენა, ასევე მისი მთავარი ბაზის პოვნა.
„რუბიკონის“ მოწინავე უპილოტო ტექნოლოგიების სატესტო ცენტრის (ИЦПБТ) ხელმძღვანელის გვარი და ინიციალები ონლაინ მხოლოდ ორჯერ ჩნდება: მადლობის წერილებში, რომლებიც გამოქვეყნებულია საქველმოქმედო ფონდ „ბრატსკოე სერდცეს“ ვებსაიტზე, რომელიც ეხმარება უკრაინასთან ომის ვეტერანებს და რომლის სამეურვეო საბჭო ძირითადად შედგება რუსეთის სპეცსამსახურების, სვრ-ისა და ფსბ-ს ყოფილი წევრებისგან. ორივე წერილი თარიღდება 2025 წლის 24 ივლისით და ორივეს ხელს აწერს „გვარდიის პოლკოვნიკი, „რუბიკონის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ს. ვ. ბუდნიკოვი“.
ვლადიმირ სოლოვიოვის ზემოხსენებულ სატელევიზიო რეპორტაჟში წამყვანი, სხვა საკითხებთან ერთად, სტუმრობს „რუბიკონის“ სასწავლო ცენტრს. კადრში ცენტრის თანამშრომლების სახეები საგულდაგულოდ არის დაბინდული, მაგრამ ნაჩვენები არიან წამყვანის თანმხლები პირები. სოლოვიოვის გარდა რუბიკონის შენობაში დადის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო, რომელსაც კიდევ ორი ადამიანი დაჰყვება. ერთ-ერთი მათგანია ევგენი შმირინი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწინავე სამსახურთაშორისი კვლევებისა და სპეციალური პროექტების სამმართველოს ხელმძღვანელი (გაზაფხულზე ამ სამმართველოს წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია „მომავლის იარაღზე“, ირანს ეწვია; 2023 წლის ოქტომბერში შმირინი თავად მონაწილეობდა თეირანში ირანის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებებში. „რუბიკონის“ შექმნაში ქვემოთ ვისაუბრებთ შმირინის უწყების როლზე).
რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ვიდეოში მეორე პირი, რომელსაც სახე არა აქვს დაბინდული, სწორედ ზემოხსენებული ს. ვ. ბუდნიკოვია. მისი ფოტოები, მათ შორის დიპლომით, რომელიც ეკუთვნის პოლკოვნიკის ამავე გვარის მქონე ქალიშვილს, შეიძლება იხილოთ ბუდნიკოვის მეუღლის „ვკანტაკტეს“ ამჟამად წაშლილ ანგარიშზე.
სერგეი ვიქტორის ძე ბუდნიკოვი 1987 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ბელგოროდში. 2010 წლიდან 2012 წლამდე ის მურმანსკის ოლქში, 61-ე ცალკეული გვარდიის საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. შემდეგ მინიმუმ 2019 წლამდე მსახურობდა ლენინგრადის ოლქის ქალაქ ლუგაში, გვარდიის მე-9 საარტილერიო ბრიგადაში, სადაც სამსახურის დასრულებისთვის შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. სავარაუდოდ, სწორედ აქ მიიღო ბუდნიკოვმა პოლკოვნიკის წოდება. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, „რუბიკონის“ ხელმძღვანელმა ოჯახი გადაიყვანა ბელგოროდში, სადაც არიან დაბადებული თვითონაც და მისი მეუღლეც.
სერგეი ბუდნიკოვი მეუღლესთან ერთად
რუსეთის სასაზღვრო სამსახურის გაჟონილი მონაცემთა ბაზის თანახმად, რომლის ნაწილიც უკრაინულმა პროექტმა „მიროტვორეცმა“ გამოაქვეყნა, 2023 წლის მარტიდან აგვისტომდე პერიოდში სერგეი ვიქტორის ძე ბუდნიკოვმა, იმავე დაბადების თარიღითა და პასპორტის ნომრით, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის რეგიონს შორის საზღვარი მინიმუმ 19-ჯერ გადაკვეთა „კუიბიშევოსა“ და „მატვეევ კურგანის“ საკონტროლო პუნქტებში.
სერგეი ბუდნიკოვმა რადიო თავისუფლების ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვებს არ უპასუხა.
როგორ „ჩაუშვა“ ვლადიმირ სოლოვიოვმა „რუბიკონის“ ბაზა
ინტერნეტში სულ გამოქვეყნდა სამი ვიდეო, რომლებშიც ნაჩვენებია რუბიკონის ცენტრის „საიდუმლო ბაზა“. პირველი გამოქვეყნდა თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხზე 2024 წლის 11 ოქტომბერს. მეორე, სოლოვიოვის სატელევიზიო რეპორტაჟი, გამოქვეყნდა 2025 წლის 2 თებერვალს. საბოლოოდ, 2025 წლის 1 აგვისტოს „რუბიკონის“ ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა ვიდეო მისი წლისთავის აღსანიშნავად. მასში შედიოდა პირველი ორი ვიდეოს კადრები, ასევე აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები.
სამივე ვიდეოში ნებისმიერი დეტალი, რომელიც შეიძლება „რუბიკონის“ ბაზისა და სასწავლო ცენტრის ადგილმდებარეობას გათქვამდეს, საგულდაგულოდ არის გაბუნდოვანებული ან პიქსელიზებული. მიუხედავად იმისა, რომ „რუბიკონმა“ და თავდაცვის სამინისტრომ მართლაც მოახერხეს, რომ მათი ვიდეოების გეოლოკაცია პრაქტიკულად შეუძლებელი გამხდარიყო, სოლოვიოვის ვიდეო საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ გადაღების ადგილი: ესაა მოსკოვის ოლქში მდებარე საკონგრესო-საგამოფენო ცენტრი „პატრიოტი“.
პარკ „პატრიოტის“ ყოფილ დირექტორს, ვიაჩესლავ ახმედოვს, 2025 წლის აგვისტოში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მასშტაბური თაღლითობისა და სამსახურებრივი გაყალბების ბრალდებით. როგორც ნათელი გახდება, იმ დროისთვის „რუბიკონი“ იქ უკვე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
პარკი „პატრიოტი“, გამოფენა „არმია-2021“
პიქსელი, რომელიც არ არის არმიისა
სოლოვიოვის მემონტაჟეებს დაავიწყდათ, დაებინდათ ტუალეტის შესასვლელის ზემოთ მდებარე აბრა, რომელსაც გამორჩეული დიზაინი აქვს, და მის ზემოთ განთავსებული ტაბლო. „პატრიოტის“ საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოების თანახმად, ტაბლო რუსულ და ინგლისურ ენებზე აჩვენებს სიტყვა „ტუალეტს“ ისე, რომ ენები ყოველ რამდენიმე წამში ერთხელ იცვლება (ტაბლო განგებ არის მაღლა განთავსებული, რადგან გამოფენების დროს დამთვალიერებლებს საპირფარეშოების კარების დანახვაში ხელს უშლის სტენდები, რომლებიც მათ წინაა განლაგებული. ენების გადართვის მომენტი სოლოვიოვის ვიდეოშია გადაღებული.) გარდა ამისა, როდესაც სოლოვიოვი, კრივორუჩკო, შმირინი და ბუდნიკოვი დარბაზში გაივლიან, „ბლერი“ თავად სოლოვიოვზე დაეშვება და ჩნდება კოლონა ისეთივე პანელებით, დინამიკებითა და სხვა აღჩურვილობით, როგორც ეს ჩანს საგამოფენო ცენტრ „პატრიოტის“ გამოფენების ამსახველ საჯაროდ ხელმისაწვდომ მრავალ ფოტოსა და ვიდეოში.
იმავე ინტერიერებში გადაღებული კადრები, რომლებიც სოლოვიოვის ვიდეოში არ არის ნაჩვენები, „რუბიკონის“ საიუბილეო ვიდეოშიც ჩანს. შესაბამის დეტალებს შორისაა სტენდები „პატრიოტული“ პლაკატებით და გასაბერი დაბრკოლებები FPV დრონებით წვრთნისთვის (იგივე დაბრკოლებები ჩანს სარეკლამო სურათებში, რომლებითაც „რუბიკონი“ ახალი წევრების მიზიდვას ცდილობს).
თავდაცვის სამინისტროს ვიდეო, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, ასევე შეიცავს რამდენიმე დეტალს, რაც მიუთითებს, რომ ის შესაძლოა საგამოფენო ცენტრ „პატრიოტრია“ გადაღებული: მაგალითად, იატაკზე ლიუკები ტექნიკური ღიობებით (ისინი ჩანს „რუბიკონის“ აღჭურვილობის საწყობში, რომელიც სოლოვიოვის ვიდეოშია).
ჩვენ ასევე ვიპოვეთ სხვა მტკიცებულებები, რომ „რუბიკონი“ მუდმივად არის განთავსებული „პატრიოტში“ და რომ მისი ბაზა, რომელიც სამივე ვიდეოშია ნაჩვენები, ტელევიზიის მიერ დადგმული არ არის.
საგამოფენო ცენტრ „პატრიოტის“ ვებსაიტზე მოიპოვება 2023 და 2024 წლების ღონისძიებების კალენდარი. 2024 წლის სექტემბერში ჩნდება მუდმივი სტრიქონი, რომელიც მოიცავს კვირის შვიდ დღეს და ყოველ კვირას წლის ბოლომდე. მას ეწოდება „სამეცნიერო და პრაქტიკული კლასები (УПМИиСП МО)“. УПМИиСП - იგივე
„პერსპექტიული სახეობათაშორისი კვლევებისა და სპეციალური პროექტების სამმართველო“. მას ხელმძღვანელობს ევგენი შმირინი, რომელიც ვლადიმირ სოლოვიოვს ახლდა „რუბიკონში“ ვიზიტის დროს.
ჩვენ ასევე შევძელით სოლოვიოვის ვიდეოს ფრაგმენტის გეოლოკაცია, რომელშიც ის, ბუდნიკოვი, კრივორუჩკო და შმირინი ათვალიერებენ ეტლებსა და ავტომობილებს, რომლებსაც, როგორც ვიდეოშია ნათქვამი, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები ფრონტის ხაზზე გადაჰყავთ. ეს არის აღჭურვილობის საპარკინგე ადგილი „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის“ კლასტერში, რომელიც მდებარეობს პარკ „პატრიოტში“, მთავარი საგამოფენო კომპლექსიდან არც ისე შორს.
რადიო თავისუფლებამ ასევე დაადგინა, რომ ცენტრ „რუბიკონისთვის“ გამოყოფილია D დარბაზი და ცენტრ „პატრიოტის“ საგამოფენო ცენტრის C დარბაზის ნაწილი, ორივე მათგანი კომპლექსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 2025 წლის აპრილის დამდეგს გამოფენაზე „მოტოვესნა 2025“, რომელიც C დარბაზში გაიმართა, გადაღებულ სურათებზე ჩანს იგივე შესანიღბი ბადე, რომელიც ფარავს D დარბაზს, სადაც ცენტრი „რუბიკონია“ განთავსებული.
2025 წელს პირველად გაუქმდა არმიის ფორუმი, რომელიც პარკ „პატრიოტში“ 2015 წლიდან იმართებოდა (მათ შორის საგამოფენო ცენტრის ოთხივე დარბაზი). „პატრიოტში“ გამოფენები არ გამართულა 2024 წლის აპრილიდან გუშინდელ დღემდე, როცა საგამოფენო ცენტრში გაიხსნა „საერთაშორისო ტექნიკური კონგრესი“. როგორც ინსტაგრამის ფოტოებიდან ჩანს, ეს ღონისძიება B დარბაზში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასა და „რუბიკონს“ შორის ერთი დარბაზი ცარიელი დატოვეს. გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება, შემდეგი გამოფენა დეკემბერშია დაგეგმილი.
„რუბიკონისთვის“ წევრების პირველადი შერჩევა „მოსკოვში“ ხდება, რის შემდეგაც გამარჯვებულები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ იგზავნებიან, განუცხადა რადიო თავისუფლებას ცენტრის კიდევ ერთმა რეკრუტერმა, რომელსაც მესენჯერ Max-ის საშუალებით დავუკავშირდით. ერთჯერადი თანხა, რომლითაც „რუბიკონი“ იზიდავს ახალწვეულებს, რუსეთის დედაქალაქში კონტრაქტის საფასურს უტოლდება. ესაა 2,3 მილიონი რუბლი, მათ შორის 400 000 რუბლი ფედერალური ბონუსი. რეკრუტერის თქმით, შერჩევის შემდეგ დრონების ოპერატორებისა და სხვა სპეციალისტების მომზადება ხდება „იმ ქვედანაყოფის ბაზაზე, რომელშიც მოხვდება კონტრაქტის ხელმომწერი“.
მოსკოვთან კიდევ ერთი კავშირის შენიშვნა შეიძლება „რუბიკონის“ შექმნის წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოში: ერთ-ერთი ოთახის კედელზე ჰკიდია ფოტო, რომელზეც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი დრონს მართავს. ფოტოზე გამოსახულია არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და „რუბიკონის“ ლოგოები, არამედ მოსკოვის მთავრობის ლოგოც.
2025 წლის 22 მაისს საკონგრესო-საგამოფენო ცენტრ „პატრიოტზე“ უკრაინულმა დრონმა „ლიუტიმ“ განახორციელა დარტყმა. სამი დღის შემდეგ, 25 მაისს, იქ დაიწყო „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის კოშკურის მშენებლობა, რომელიც 16 ივნისს დასრულდა.
„თამაში შეიცვალა“: რის სწავლა შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „რუბიკონისგან“
უკრაინის გმირმა და K-2 უპილოტო საფრენი აპარატების პოლკის მეთაურმა კირილ ვერესმა „რუბიკონის“ მუშაობას „უმაღლესი დონისა“ უწოდა. „სადაც ისინი განლაგებულნი არიან, სადაც მუშაობენ, იქ არ მშურს ჩვენი ქვედანაყოფებისა. ისინი საუკეთესოები არიან. უმაღლესი დონის ბიჭები. იმედი მაქვს, რომ არ გააფართოვებენ მასშტაბებს“.
უკრაინის საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი მარია ბერლინსკაია აღნიშნავს, რომ ფუნქციონირების პირველივე წელს „რუბიკონი“ გახდა „რუსეთის საუკეთესო ტექნოლოგიური ქვედანაყოფი“, რომლის ანგარიშზეა ათასობით განადგურებული ტექნიკა და დრონი, ასევე დაჭრილი და მოკლული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის დრონების ოპერატორები.
„„რუბიკონში“ შესანიშნავი მენეჯმენტია, სისტემურად მუშაობენ, პირადი შემადგენლობის საუკეთესო შერჩევა, წვრთნა და ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა აქვს. ისინი ამაში ბევრ ფულს დებენ. ახლა აქტიურად ფართოვდებიან: რამდენიმე ასეულის მქონე ქვედანაყოფიდან ისინი ათასებამდე იზრდებიან, რათა მთელი ფრონტი დაფარონ. ჩემი პროგნოზით, [2025 წლის] შემოდგომისთვის ჩვენ ვიხილავთ მინიმუმ ხუთიდან ექვს ათასამდე სპეციალისტს კოორდინირებულ და კარგად აღჭურვილ ეკიპაჟებში. ყველა, ვინც იცის, როგორ მუშაობს „რუბიკონი“, ერთ რამეზე თანხმდება: ის ძალიან ეფექტიანია. ეს არის სისტემა, ჩვენ კი ფრონტის უმეტეს ნაწილში ჯერ კიდევ „მახნოვშჩინა“ გვაქვს“, მიაჩნია ბერლინსკაიას.
უკრაინის სამხედრო ძალები დრონ „ვამპირს“ უშვებენ ფრონტის ხაზთან ახლოს, ზაპოროჟიეს ოლქში. 2024 წლის თებერვალი
დენის მიშჩენკო, მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა „აზოვის“ ჯარისკაცი, წერს, რომ „რუბიკონი“ ერთ-ერთი ქვედანაყოფია, რომლის „შესწავლა, წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გადაწყვეტილებების პოვნა და განადგურება“ აუცილებელია უკრაინის არმიისთვის. „ეს ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს“, დასძენს ის.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიშჩენკომ აღნიშნა, რომ რუბიკონმა მის ქვედანაყოფს „უამრავი ლოგისტიკური პრობლემა შეუქმნა“.
419-ე უპილოტო საფრენი აპარატების ბატალიონის ჯარისკაცი, სახელწოდებით „მერფი“, მას ეთანხმება აზრს, რომ უკრაინული ლოგისტიკის განადგურება „რუბიკონის“ მთავარი მისიაა. „თამაში შეიცვალა, როდესაც ისინი აქ მოვიდნენ“, ამბობს რებეკა მაციროვსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის სამედიცინო დანაყოფის მეთაური, რომელიც დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკასთან იბრძვის.
მარია ბერლინსკაია რუბიკონის საპასუხო ზომად „ანტირუბიკონის“ შექმნას გვთავაზობს: ქვედანაყოფებისა, რომლებიც მიზანმიმართულად „ინადირებდნენ“ „რუბიკონის“ ეკიპაჟებზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსული ქვედანაყოფის პრაქტიკების გადაღება, რომელიც, „უკრაინელებისგან განსხვავებით, არ ერიდება გარღვევის შესახებ მტრის გადაწყვეტილებების გადაღებას და გაფართოებას“. ბერლინსკაია ასევე გამოდის მოწოდებით, რომ თითოეულ ბრიგადაში დაინიშნოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ოპერატიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეგროვებასა და გაფართოებაზე, ვინაიდან მეზობელი ბრიგადები ხშირად „არ იცნობენ ან არ უზიარებენ ერთმანეთს შესანიშნავ ოპერატიულ გეგმებს“. მოხალისის თქმით, ამ სამი პრიორიტეტული ნაბიჯის შესრულება სულ რაღაც ერთ თვეში შეიძლება.
რობ ლი მას ეთანხმება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ „რუბიკონის“ ზოგიერთი პრაქტიკის გამოყენება. „ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ „რუბიკონის“ რაზმები ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთზე ძალიან კონკრეტული და ზუსტი მისიით ჩადიან. ესაა, მაგალითად, გარკვეულ მონაკვეთზე უკრაინული ლოგისტიკის ჩაშლა: ქვეითთა მომარაგების შეწყვეტა, საბრძოლო მასალის მიწოდების პარალიზება და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელის შეშლა. და, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია შეიძლება ძალიან პატარა იყოს, ეფექტი მნიშვნელოვანია: ზოგჯერ მხოლოდ ამის მეშვეობით შეძლო რუსეთმა წინ წაწევა, ვინაიდან უკრაინის ჯარებს ფიზიკურად არ შეეძლოთ პოზიციების შენარჩუნება“, ამბობს ლი.
ოპტიკურ ბოჭკოზე მომუშავე რუსული FPV დრონი
„ვიმეორებ: უკრაინას ყოველთვის ჰქონდა და კვლავაც აქვს უპირატესობა უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების შემუშავებასა და ხარისხიან გამოყენებაში, მაგრამ ეს სხვაობა შემცირდა, ძირითადად „რუბიკონის“ წყალობით. რუსულმა ეკიპაჟებმა ნამდვილად გააუმჯობესეს თავიანთი ხარისხი და ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დრონის ოპერატორთა ბევრი ეკიპაჟი გადაისროლონ ცალკეულ მონაკვეთებზე და იქ უპირატესობა მოიპოვონ ჰაერში. მეტი ეკიპაჟი ნიშნავს მეტ პრობლემას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მათ ისწავლეს უკრაინული გამოცდილებიდან და გააცნობიერეს, რომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებასა და გამოყენებაში, რომ უნდა გააფართოონ ეს დარგი და ის პრიორიტეტულად აქციონ. ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ამას ვხედავთ“, მიაჩნია ექსპერტს.
მასალის მომზადებაში მონაწილეობდა რაიო თავისუფლებისა და "ნასტოიაშჩეე ვრემიას" საგამოძიებო პროექტი "სისტემა".