აკადემიური თავისუფლების ჩახშობა, პროფესორების გაძევება და ემიგრაცია - რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა

საპროტესტო აქცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ბოლონიის პროცესიდან გასვლა, საკადრო წმენდა, ავტონომიების გაუქმება, პროფესორების დევნა, იდეოლოგიური სტერილიზაცია - ასეთია რუსეთში მიმდინარე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ტემპი განსაკუთრებით დაჩქარდა ომის დაწყებისა და დასავლეთისგან იზოლაციის შემდეგ. 

2023 წლის აგვისტოში სამსახურიდან გაათავისუფლეს რუსეთის უმაღლესი განათლების მოწინავე სასწავლებლის, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (ВШЭ-ს) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეკონომიკის დოქტორი იგორ ლიპსიცი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა რუსეთის მთავრობას უკრაინაში შეჭრის გამო.

„ნოვაია გაზეტა. ევროპის“ გამოთვლებით, ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში რუსეთი დატოვა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის წამყვანი უნივერსიტეტების (ВШЭ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) შაინინკა, სკოლტეხი და ა.შ.) 270-ზე მეტმა მეცნიერმა და პედაგოგმა, მათ შორის 21-მა ეკონომისტმა, 27 კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტმა, 34 ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა, 15 ბიოლოგმა და 17 ფილოლოგმა. წასულთა უმეტესობა აღიარებული მეცნიერი იყო ციტირების 10 ან მეტი ინდექსით. ბევრ მათგანს კავშირი ჰქონდა უცხოურ უნივერსიტეტებთან.

2025 წლისათვის სტატისტიკა კიდევ უფრო გაუარესდა, რამაც ასახვა პოვა საუკეთესო რუსული უნივერსიტეტის - ეკონომიკის უმაღლესი სკოლის უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგში ვარდნის სახით: ВШЭ-ს რეიტინგი 100 პოზიციით შემცირდა (305-დან 399-ე ადგილამდე). ექსპერტთა თქმით, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა 2019 წლის მოსკოვის საპროტესტო აქციების შემდეგ, როცა უნივერსიტეტმა თავისი პერსონალისთვის მიიღო ეთიკის კოდექსი, რომელიც არსებითად კრძალავდა პოლიტიკურ საკითხებზე აზრის გამოხატვას. ამავე პერიოდში დაიწყო პედაგოგების პირველი წმენდა.

იულია გალიამინა - ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მიტინგწე. 2019 წ. მოსკოვი

მაშინ (2020 წელს) ეკონომიკის უმაღლესი სკოლამ სამსახურიდან გაუშვა 28 თანამშრომელი, მათ შორის ფილოსოფიის სკოლის პროფესორი კირილ მარტინოვი (ამჟამად „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მთავარი რედაქტორი) და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები: ელენა ლუკიანოვა და ირინა ალებასტროვა, რომლებმაც საჯაროდ გააკრიტიკეს რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. 2021 წელს ეკონომიკის უმაღლესი სკოლამ ასევე გაათავისუფლა პროფესორები გენადი ესაკოვი და სერგეი პაშინი, რომლებიც „რუსეთის მართლმსაჯულების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ“.

„ომამდეც კი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჩვენზე ზეწოლას ახდენდა გარემოებებისა და ისეთი გარკვეული გავლენიანი პოლიტიკური ძალების არსებობის მოტივით, რომელთათვის წინააღმდეგობის გაწევის არანაირი საშუალება არ არსებობდა", - უთხრა “ნოვია გაზეტა ევროპას“ ილია ინიშევმა, ფილოსოფიის დოქტორმა, რომელიც მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკის სკოლაში 2010 წლიდან მუშაობდა, - "2021 წელს დაინიშნა ახალი რექტორი, რომელმაც მიზანმიმართულად დაიწყო კადრების ჩანაცვლება. ზეწოლამ უნივერსიტეტში სისტემური ხასიათი შეიძინა.“

ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ВШЭ--მ მინიმუმ ექვსი კვლევითი განყოფილება დახურა. მათ შორის, რაოდენობრივი ფინანსების ინსტიტუტი. 2022 წლის აპრილში უმაღლესმა სასწავლებელმა მთლიანად დახურა სამაგისტრო პროგრამა „ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მმართველობა“ და მნიშვნელოვნად შეამცირა ასევე სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკური ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც საჯარო მმართველობაში პრობლემების იდენტიფიცირებით იყვნენ დაინტერესებულები.

კონსტანტინ სონინი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომისტ კონსტანტინ სონინის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ВШЭ-მ დაკარგა მინიმუმ 150 პედაგოგი. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მნიშვნელოვნად შეზღუდა უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, რაც ოდესღაც ВШЭ-ს ხარისხის მთავარი ნიშანი იყო: უნივერსიტეტი იძლეოდა შესაძლებლობას სტუდენტებს განათლება მიეღოთ პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტებში ორმაგი დიპლომის პროგრამების საშუალებით. თუმცა ყოფილი პარტნიორების უმეტესობა ე.წ. არამეგობრული ქვეყნების უნივერსიტეტებიდან იყო.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ცნობით, 2023 წლისთვის ВШЭ-ში ორმაგი დიპლომის 61 პროგრამიდან მხოლოდ 11 იყო დარჩენილი. სასწავლებელი დატოვეს უცხოელმა პროფესორებმაც.

ლიბერალები - სახელმწიფო სტანდარტის მიღმა

2017 წელს რუსეთის პროკურატურამ ლიცენზია გაუუქმა ევროპულ უნივერსიტეტს - კერძო უნივერსიტეტს, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა „ტვინების გადინების შესაჩერებლად“ და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იყო ევროკომისიის გრანტი „რუსეთში არჩევნების მონიტორინგის გასაუმჯობესებლად“.

ერთი წლის შემდეგ, უნივერსიტეტმა ლიცენზია დაიბრუნა, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებზე თავდასხმები კვლავ გაგრძელდა. კიდევ ერთი პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს, მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური კვლევების უმაღლეს სკოლას (ე.წ. შაინკას) „როსობრნადზორმა“ 2018 წელს სახელმწიფო აკრედიტაცია გაუუქმა, ხოლო 2021 წელს სასამართლომ დააკავა უნივერსიტეტის რექტორი, სერგეი ზუევი. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 2022 წლის შემდეგ.

ასევე ნახეთ ყაზარმაში დაბადებულები. ავტომატი და დრონი რუსეთის სკოლებში

რუსეთში თითქმის ყველა უნივერსიტეტმა გაიარა პროკურატურის შემოწმება „ექსტრემიზმზე“. აღმოჩნდა, რომ ბევრი უმაღლესის სასწავლო გეგმა შეიცავდა „უკიდურესად იდეოლოგიზებულ დისციპლინებსა“ და „აკადემიურ სიმკაცრესთან შეუსაბამობას“. მაგალითად, „ნოვაია გაზეტა ევროპის“ გამოთვლებით, პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტიდან გაშვებული იქნა პედაგოგების 30%, ხოლო 359 სასწავლო კურსიდან მოიხსნა 53, მათ შორის „გენდერული კვლევები“, „ეკონომიკა და რელიგია“, „თანამედროვე დროის პოლიტიკური ფილოსოფია“ და სხვა.

„პირველ რიგში წმენდა შეეხო პოლიტიკის, ისტორიის, სოციალური მეცნიერების და ხელოვნების ისტორიის დისციპლინებს, - ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი პედაგოგი სერგეი, - არ შეეხნენ ისეთ ნეიტრალურ პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, კლასიკური მუსიკა. საბოლოოდ, სასწავლო გეგმა მთლიანად გადაკეთდა“.

რა დაემართა რუსეთის უმაღლეს განათლებას 2022 წლის შემდეგ?

რუსული პორტალის SETTERS Media-ს სპეციალური პროექტის თანახმად, რუსეთის უმაღლესმა განათლებამ 2022 წლიდან მკვეთრად შეცვალა კურსი: გლობალურ მეცნიერებაში ინტეგრაციის ნაცვლად, ის ახლა ყურადღებას ამახვილებს შიდა საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე. სოციალური მეცნიერებებში სარგებელს ვერ ხედავენ. ერთ-ერთი მიზანი ამ სექტორის შემცირებაა.

ასევე ნახეთ რატომ აძალებენ რუს სტუდენტებს ჩინური ენის სწავლას?

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის უმაღლესმა განათლებამ რთული ტრანსფორმაცია განიცადა. მთავრობამ არაერთხელ წამოიწყო მასშტაბური პროგრამები, რათა უნივერსიტეტები უფრო დინამიკური და ცვლილებებისთვის მზად ყოფილიყვნენ. თუმცა, 2022 წლის მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა განვითარების ტრაექტორია: რუსეთის მთავრობა ახლა დიდ ძალისხმევას სწევს ე.წ. ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და საერთაშორისო კავშირების შეცვლის მიმართულებით.

2022 წლამდე განვითარების საერთო ვექტორი გლობალიზაციისა და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში ინტეგრაციისკენ იყო მიმართული, ახლა კი ამოცანები შიდა ეკონომიკური საჭიროებების მომსახურებაზე გადავიდა, რაც ბევრი უნივერსიტეტისთვის 180-გრადუსიანი შემობრუნებაა. სამეცნიერო განვითარება გულისხმობს საერთაშორისო გაცვლებს, ამ დროს რუსეთის განათლების სისტემას ძველ პარტნიორებთან (ევროპასა და აშშ-ში) დიალოგი ფაქტობრივად გაწყვეტილი აქვს. რუსეთის მთავრობა განათლების სექტორს სთავაზობს ფოკუსირებას მეცნიერების ახალ ცენტრებზე, ძირითადად ჩინეთსა და აზიის ქვეყნებზე.

ასევე ნახეთ მეცნიერების კრიზისი რუსეთში: ტვინების გადინება და სისტემური რღვევა

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, რუსულმა უნივერსიტეტებმა ისწავლეს ტრანსფორმაციის იმიტირება: ინოვაციური საწარმოების რაოდენობის გაზრდა და სასწავლო გეგმების ფორმალურად გადაწყობა, რაც ვერ იწვევს რეალურ, ღრმა ცვლილებებს.

მხოლოდ ტექნიკური დისციპლინები და ისტორია

2010-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის განათლების სფეროში მთავარი აქცენტი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე კეთდებოდა. სხვადასხვა დამხმარე პროგრამის წყალობით, რუსი მეცნიერების ახალგაზრდა თაობამ შეძლო გლობალურ მეცნიერებაში ინტეგრირება და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნების სწავლა. ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ უნივერსიტეტებისა და საგრანტო ფონდების ძალისხმევის გარეშე, რუსული უნივერსიტეტების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში შესვლის პროცესი გაცილებით მეტხანს გაგრძელდებოდა. ახლა კი, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებმა რესურსების დაკარგვასთან ერთად, ასევე დაკარგეს ავტონომია. სახელმწიფომ შექმნა ვერტიკალური მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც უნივერსიტეტის ძირითადი თანამდებობები აღარ არის არჩევითი, არამედ ინიშნებიან „ზემოდან“. შედეგად, მთავრობას არ გასჭირვებია უნივერსიტეტებისათვის პრიორიტეტების შეცვლა. ძირითადი აქცენტი ახლა ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერის მქონე დისციპლინებზეა გაკეთებული, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები კი მარგინალიზებულია.

განათლების სფეროს ექსპერტთა თქმით, რუსეთის ხელისუფლება სოციალურ მეცნიერებაში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავს, ამიტომ მთავრობის ამოცანა ამ სექტორის შემცირებაა.

ასევე ნახეთ რუსული მეცნიერების (ცოდვად) დაცემა 

რაც შეეხება რეგულირების სისტემებს. ექსპერტთა თქმით, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა: სადისერტაციო საბჭოების დახურვა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული და ფასიანი ადგილების შემცირება, გრანტების გაუქმება ან შეკვეცა. გამონაკლისია „ისტორია“, რომელიც პოლიტიკურად მგრძნობიარე დისციპლინად ითვლება. ხოლო სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს მრავალი მკვლევრისა თუ პედაგოგის ემიგრაცია რუსეთის ხელისუფლების მიერ აღიქმება არა როგორც დანაკარგი, არამედ როგორც არასაჭირო სექტორისგან „ბუნებრივი“ გათავისუფლება.

ცუდი დრო კერძო უნივერსიტეტებისთვის

რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის ვალერი ფალკოვის თქმით, რუსეთს აქვს ზედმეტად დიდი უკერძო სექტორი უმაღლეს განათლებაში, რაც, მისი თქმით, ბევრს უჩენს ფულის შოვნისა და ხელის მოთბობის ცდუნებას.

„სამწუხაროდ, კოლეგებს ავიწყდებათ, რომ უნივერსიტეტი, ბოლოს და ბოლოს, არის ადგილი, სადაც ყალიბდება მსოფლმხედველობა და სადაც, პირველ რიგში, ადამიანი იზრდებიან. მოგება არ არის უპირველესი ან თუნდაც ძირითადი მიზანი. სიმართლე გითხრათ, უნივერსიტეტს სხვა დანიშნულება და სხვა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში. ზოგი კი, უნივერსიტეტის საფარქვეშ, ფულის გამომუშავებით არის დაკავებული. შესაბამისად, ეს იწვევს დაბალ ქულებს ერთიან სახელმწიფო გამოცდებში და დასაქმების დაბალ მაჩვენებლებს“, - ეს კომენტარი მინისტრმა ფალკოვმა გააკეთა რუსეთის უნივერსიტეტებში ფასიანი სწავლების შემზღუდავი კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

ვალერი ფალკოვი, რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

კანონი მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაზღვროს სპეციალობებისა და სწავლების მიმართულებების (სფეროების) ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება ფასიანი ადგილების რაოდენობა (ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე). ასეთი შეზღუდვების ფარგლები, წესები და ვადები ჯერ არ არის ბოლომდე განსაზღვრული. მიღებული კანონის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ მთავრობა ასევე შეიმუშავებს სპეციალობების ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეეძლებათ შეღავათიანი სტუდენტური სესხების მიღება (ძირითადად ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სამედიცინო და პედაგოგიურ პროგრამებზე).

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები, პირველ რიგში, პრობლემას შეუქმნის კერძო უნივერსიტეტების ფუნქციობას, სადაც ადგილების უმეტესობა ფასიანია. ეს მოსაზრება გამოცემა „ვედომოსტის“ გაუზიარა უმაღლესი განათლების ექსპერტმა ნიაზ გაბდრახმანოვმა, რომელმაც გაიხსენა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხისთვის ბრძოლის წინა ეტაპზე, 2013-2019 წლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობა ძირითადად შერწყმის, ხოლო კერძო უნივერსიტეტების რაოდენობა მათი სრული დახურვის გამო შემცირდა. ამჟამად, სახელმწიფო უნივერსიტეტებიც დიდად არიან დამოკიდებულნი ფასიან მიღებაზე - რომლის წილი საერთო მიღების 40-60%-ს შეადგენს - თუმცა, ექსპერტის აზრით, შეზღუდვები სახელმწიფო სასწავლებლებზე ისეთ დიდ გავლენას ვერ მოახდენს, როგორც კერძო ინსტიტუტებზე.

რექტორთა საქმე

2025 წელს, რუსეთის საგანმანათლებლო სისტემას უნივერსიტეტების რექტორთა დაპატიმრებების ნამდვილმა ტალღამ გადაუარა. საერთო ჯამში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 12 რექტორის წინააღმდეგ. ზოგადადაც, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, 2012 წლიდან 2025 წლამდე რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემაში ზეწოლის ზრდის სტაბილური ტენდენცია შეინიშნება: ამ პერიოდში პასუხისგებაში მიეცა 97 რექტორი. როგორც წესი, ბრალდებები იდენტურია: კორუფცია, გაფლანგვა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ა.შ.

იგორ ვოროტნიკოვი, ნიჟნი ნოვგოროდის სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის (НГАТУ) რექტორი - დააკავეს 2025 წლის იანვარში. ბრალი ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომელიც დაკავშირებულია 2023 წლიდან 2025 წლამდე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში საერთაშორისო სტუდენტების ფიქციურ ჩარიცხვასა და არალეგალური მიგრაციის ორგანიზებასთან. გამომძიებლების თქმით, НГАТУ-ში დაახლოებით 30 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა სწავლისა გარეშე და რუსული ენის ცოდნის გარეშე. ბიუჯეტის ზარალმა რამდენიმე მილიონი რუბლი შეადგინა.

ტაუსოლტან უზდენოვს, უ.დ. ალიევის სახელობის ყარაჩაი-ჩერქეზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (КЧСУ) რექტორს ბრალს სდებენ საბუთების გაყალბებაში (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც გულისხმობს 2021-2022 წლებში 164 უცხოელისთვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბებას. ბრალდების მხარის მტკიცებით, უნივერსიტეტის დირექტორმა ორგანიზება გაუკეთა ფიქტიური საგანმანათლებლო პროცესს, რითაც ხელოვნურად გაზარდა უნივერსიტეტის შემოსავალი უცხოელი სტუდენტების მიღებით, რომლებიც სინამდვილეში არ სწავლობდნენ. გარდა ამისა, მისი ქმედებებით სტუდენტებს საშუალება მიეცათ უკანონოდ გაეხანგრძლივებინათ რუსეთში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიზებს ვადა გაუვიდათ.

ნადეჟდა იარუშკინას, ულიანოვსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (УСТУ) რექტორს, ბორკილები 2025 წლის თებერვალში დაადეს. ფსბ-ს, საგამოძიებო კომიტეტის და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შენობაში, საერთო საცხოვრებელსა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამომძიებლების ცნობით, 2022 წლიდან 2025 წლამდე, სულ მცირე 129 უცხოელი სტუდენტი, ძირითადად აზიის ქვეყნებიდან, ფიქციურად ირიცხებოდა УСТУ-ში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. სტუდენტები, სავარაუდოდ, რუსულად არ საუბრობდნენ, არ ესწრებოდნენ ლექციებს და არ აბარებდნენ გამოცდებს, თუმცა სტუდენტებად იყვნენ რეგისტრირებულნი. ამან საშუალება მისცა უნივერსიტეტს მიეღო მნიშვნელოვანი სახსრები ბიუჯეტიდან, ხოლო უცხოელებმა გაიხანგრძლივეს რუსეთში ლეგალურად დარჩენის ვადები.

ილშატ გაფუროვიБ ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი

უარი ბოლონიის პროცესზე

2026 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთის უნივერსიტეტები ახალ საგანმანათლებლო სისტემაზე გადიან. ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის მაისში ხელი მოაწერა უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ ბრძანებულებას,რომლის საფუძველზეც საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო რუსეთის ექვს წამყვან უნივერსიტეტში:

მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ემანუელ კანტის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სამთო უნივერსიტეტი და ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

როგორც განათლების სპეციალისტები განმარტავენ, საპილოტე პროექტის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მომზადება ბოლონიის პროცესის დასატოვებლად. თავის მხრივ, რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბოლონიის პროცესიდან გასვლის მთავარი მიზეზი განათლების ხარისხის გაუარესებაა.

ასევე ნახეთ არის თუ არა ,,ბოლონიის პროცესი” ქართულად ინტერპრეტირებული

„ზოგიერთი სპეციალობისთვის, როგორიცაა ინჟინერია და პედაგოგიკა, ოთხწლიანი სწავლა ბაკალავრიატში არასაკმარისია. ამ სფეროებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას 5-5,5 წელი სჭირდება“, - ამბობს რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი ფალკოვი, რომლის თქმითაც, ახალი მოდელის ძირითადი პრინციპები იქნება „ფუნდამენტური ცოდნების განმტკიცება და მაღალი ხარისხის პრაქტიკული მომზადება“.

ბოლონიის პროცესი - ევროპის ქვეყნების შეთანხმება უმაღლესი განათლების სტანდარტების შესახებ, რომლის მიზანია გასაგები და შედარებადი გახადოს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების დიპლომები და პროგრამები. ის ასევე საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს თავისუფლად გაიარონ სტაჟირება ან იმუშაონ საზღვარგარეთ. ძირითადი პრინციპები: სწავლების ორი დონე - პირველი ბაკალავრიატი (საბაზისო განათლება), შემდეგ მაგისტრატურა (ჩაღრმავებული სპეციალიზაცია); აკადემიური მობილობა: სტუდენტებს შეუძლიათ სწავლების ნაწილი გაიარონ ბოლონიის პროცესის მონაწილე სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში; დიპლომების თავსებადობა: ერთიან (სტანდარტიზებულ) ამონაწერში ჩამოთვლილია გავლილი კურსები და შეფასებები, რაც აუცილებელია (დამსაქმებლებისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების მიერ) დიპლომის აღიარებისთვის; კრედიტების ტრანსფერის სისტემა (ECTS): აკადემიური დატვირთვა იზომება კრედიტებით. თუ სხვა ქვეყანაში სასწავლებლად მიდიხართ, მსგავს კურსებში მიღებული კრედიტები არ დაგეკარგებათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რაც გამორიცხავს მათი ხელახლა ჩაბარების საჭიროებას.

რუსეთი ბოლონიის პროცესს მიუერთდა 2003 წელს, რის შემდეგაც დაინერგა ბაკალავრიატის (4 წლიანი) და მაგისტრატურის (2 წლიანი) პროგრამები. თუმცა, არსებობს პარალელური, ტრადიციული სპეციალიტეტის სისტემა - 5-6 წლიანი პროგრამა. რუსეთში ორივე სისტემა ერთდროულად მოქმედებს.

  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გაუქმება

რუსეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო დისკუსია როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის გაუქმების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება „უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესების გარკვეული საკითხების შესახებ“ უმაღლესი განათლების შემდეგ დონეებს ადგენს:

საბაზისო უმაღლესი განათლება, რომელიც მოიცავს ყოფილ ბაკალავრიატსა და სპეციალიტეტს;

სპეციალური უმაღლესი განათლება, რომელიც მოიცავს მაგისტრატურას, რეზიდენტურასა და ასისტენტობის/სტაჟირების პროგრამებს;

უმაღლესი პროფესიული განათლება - განათლების ახალი დონე, რომელიც მოიცავს ასპირანტურას.

როგორც განათლების სფეროს ექსპერტები შენიშნავენ, პროექტის არსი ბოლონიის პროცესის სრული უარყოფაა. როგორც რეფორმის ინიციატორები ამბობენ, ახალი საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს სწავლების უფრო მოქნილ ვადებს, მრავალფეროვან პროგრამებსა და მეტ პრაქტიკულ საქმიანობას. ამასთან უნივერსიტეტები უარს ამბობენ ბაკალავრის ხარისხის პროგრამაზე და გადადიან ე.წ. სპეციალიტეტზე - საბაზისო უმაღლეს განათლებაზე. ამის შემდეგ, სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის ან რეზიდენტურის პროგრამაში. საბაზისო უმაღლესი განათლება ექვს წლამდე გრძელდება, მაგისტრატურა კი ერთიდან სამ წლამდე, რაც საკმარისი იქნება დასაქმებისთვის.

ბოლონიის პროცესიდან გასვლის შედეგები

რუსეთის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ბოლონიის პროცესის დატოვების უდავო პერსპექტივებია:

  • ახალ ბაზრებსა და პარტნიორობაზე გასვლა
  • აკადემიური მობილობა და თანამშრომლობა განვითარდება ისეთ მეგობარ ქვეყნებთან, როგორიცაა ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვ.
  • ფოკუსირება შიდა შრომის ბაზარზე
  • რუსეთის ეროვნული ეკონომიკის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალისტების მომზადებისა და დასაქმების პირობების შექმნა
ასევე ნახეთ რა ფასი აქვს რუსულ უფასო განათლებას?!

თუმცა რეფორმის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბოლონიის პროცესი დატოვებას ბევრად მეტი გამოწვევა აქვს, ვიდრე პერსპექტივა. გამოწვევების სახით დასახელდა:

  • აკადემიური მობილობის შემცირება
  • მკვეთრად შეფერხდება ევროპასთან სტუდენტების გამარტივებული გაცვლა
  • შემცირდება უცხოელი სტუდენტების ინტერესი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებისადმი
  • რუსეთის უნივერსიტეტები დაკარგავენ ინტერესს ევროპის და ბოლონიის პროცესის მონაწილე სხვა ქვეყნების სტუდენტებში
  • შემცირდება მაგისტრატურის პროგრამაში სპეციალობის შეცვლის მოქნილი შესაძლებლობა, რაც ბაზარს დაუკარგავს შესაძლებლობას მიიღოს მრავალპროფილიანი უნიკალური სპეციალისტები
  • გაიზრდება დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • რუსეთში სკოლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში სწავლის ან მუშაობის მსურველ ახალგაზრდებს მოუწევთ ნოსტრიფიკაციის პროცესის - დიპლომის აღიარების - გავლა.


რუსეთში უმაღლესი განათლების ახალ სისტემაზე გადასვლა დაგეგმილია 2026 წლის 1 სექტემბრიდან.