რუსეთი და ბელარუსი 2025 წლის სექტემბერში აპირებენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ("დასავლეთი - 2025") გამართვას, რასაც ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდებიან ნატო და განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები (ბელარუსი ესაზღვრება ლიეტუვასა და ლატვიას). ვილნიუსსა და რიგაში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა შესაძლოა სწორედ ბელარუსი გამოიყენოს პლაცდარმად ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე თავდასხმისათვის.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეშფოთების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 000 სამხედრო მოსამსახურე, რაც 8-ჯერ აღემატება 2025 წლის დასაწყისში გამოცხადებულ 13 000-ს. ამის შესახებ ბელარუსულ ოპოზიციურ მედიას ("ზერკალო“) ნატოს ანონიმმა მაღალჩინოსანმა შეატყობინა.
ასევე ნახეთ ლიეტუვა თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5-6%-მდე გაზრდის"ეს იქნება ფართომასშტაბიანი წვრთნები. არ ვიცი, დადასტურებულია თუ არა ეს რიცხვები, მაგრამ გავიგე, რომ მასში დაახლოებით 100 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ჩვენი ზოგიერთი მოკავშირე შეშფოთებულია ამით. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან იმითაც, რომ რუსეთის მსხვილი შენაერთები შესაძლოა დარჩნენ ბელარუსში წვრთნების დასრულების შემდეგ", - უთხრა „ზერკალოს“ ნატოს მაღალჩინოსანმა, რომლის თქმითაც, ყოველივე ეს დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში.
შეშფოთების მეორე მიზეზი - „დასავლეთი - 2025"-ის სცენარი და მასშტაბები ფაქტობრივად იმეორებს იმ სამხედრო წვრთნებს („მოკავშირეთა სიმტკიცე - 2022“), რომლის საბაბითაც რუსეთმა 2022 წლის ზამთარში უკრაინის საზღვრის მახლობლად დიდძალ ცოცხალ ძალასა და შეიარაღებას მოუყარა თავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია კვლავ გამოიყენოს ბელარუსი, როგორც პლაცდარმი - ამჯერად ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე იერიშის მისატანად.
„სამხედრო სწავლება "დასავლეთი - 2025“, რომელსაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს ჩაატაროს 2025 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, იმეორებს 2022 წლის სცენარს. ამგვარად, ბელარუსი გადაიქცევა საფრთხის გენერატორად და სხვა ქვეყნებზე თავდასხმის პლაცდარმად", - განაცხადა 2025 წლის დასაწყისში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი გრომაკოვმა.
მოსკოვი და მინსკი ომის დაწყებას არც ამჯერად აპირებენ
ოფიციალური მინსკში ამტკიცებს, რომ წვრთნების გამო მეზობელ ქვეყნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
"ეს არის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონის ამაღლება, ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლება", - განაცხადა "ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა, - ამას ვაკეთებთ ჩვენთვის და საერთოდ, იმის საჩვენებლად, რომ მზად ვართ დავიცვათ საკუთარი თავი. არავის ჩვენ არ ვემუქრებით".
სამხედრო წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე 2025 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი რევენკომ განაცხადა, რომ რუსეთ-ბელარუსის წვრთნები "დასავლეთი - 2025" თავდაცვითი ხასიათის იქნება. მისივე თქმით, ვენის დოკუმენტის ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც 2011 წელს გაფორმდა ეუთოს ფარგლებში, საერთაშორისო თანამეგობრობა დროულად იქნა ინფორმირებული წვრთნების ჩატარებისა და მისი ძირითადი პარამეტრების შესახებ.
ასევე ნახეთ რა ხდება ნატოს საზღვართან მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზებზე?რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ ერთობლივი სტრატეგიული წვრთნების "დასავლეთი - 2025"-ის გეგმაში გათვალისწინებულია როგორც თანამედროვე საფრთხეები რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებისთვის, ასევე ვითარება, რომელიც შეიქმნა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინასთან ომს) ზონაში.
თუმცა 2022 წელსაც, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების მიმდინარეობისას, ვლადიმირ პუტინი ამტკიცებდა, რომ სწავლება მხოლოდ „თავდაცვითი“ ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა, ორი ქვეყნის საზღვრების დაცვის უზრუნველყოფს დახვეწას. პუტინმა ასევე აღნიშნავდა, რომ „ეს იყო გეგმური და ჩვეულებრივი წვრთნები, რომელსაც არ ჰქონდა აგრესიული ხასიათი.“ პუტინის თქმით, წვრთნების მიზანი იყო „უსაფრთხოების გაძლიერება და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, რუსეთს და ბელარუსს შორის თავდაცვითი ურთიერთობების გაძლიერება“.
რუსეთის თავდაცვის მაშინდელი მინისტრ სერგეი შოიგუც განმარტავდა, რომ წვრთნებს მხოლოდ „თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა“ და, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა მხოლოდ პასუხის გაცემას აგრესიულ მოქმედებებზე. შოიგუ ამტკიცებდა, რომ წვრთნების მიზანი იყო აგრესიული ძალების შეკავება.
რა მოხდა 2022 წელს? - ოთხი დღე წვრთნებიდან ომის დაწყებამდე
2022 წელს რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი წვრთნების დასრულებიდან სულ რაღაც 4 დღეში — 2022 წლის 24 თებერვალს — რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. რუსეთის ჯარების ნაწილი, რომელიც ბელარუსში იმყოფებოდა წვრთნების დროს, ასევე შეიჭრა უკრაინაში და იერიში მიიტანა კიევის მიმართულებით.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამართეს რამდენიმე მასშტაბური სამხედრო წვრთნა:
- „საკავშირო სიმტკიცე - 2022“ („Союзная решимость - 2022“), 10–20 თებერვალი, ბელარუსი - რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირო სახელმწიფოს“ საზღვრების დაცვასა და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფ რეაგირებას. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო „მკაცრად თავდაცვითი ხასიათის“ წვრთნები, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.
- „აღმოსავლეთი - 2022“ („Восток - 2022“), 1–7 სექტემბერი, რუსეთის შორეული აღმოსავლეთი - სტრატეგიული სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სხვა პარტნიორი ქვეყნები. მონაწილეებმა შეასრულეს თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები, რომლებიც მოიცავდა 50 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, 5 000-ზე მეტ სამხედრო ტექნიკას, 140-ზე მეტ საჰაერო საშუალებას და 60-ზე მეტ ხომალდს.
- სტრატეგიული ბირთვული წვრთნები (19 თებერვალი) - ვლადიმირ პუტინი პირადად აკვირდებოდა რუსეთის სტრატეგიული ძალების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობდნენ: ჰიპერბგერითი რაკეტები „კინჟალი“; ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ და „ცირკონი“; რაკეტები „ისკანდერი“ და „იარსი“; ატომური წყალქვეშა ნავი „კარელია“; წვრთნების მიზანი იყო სტრატეგიული ძალების მზადყოფნის და რეაგირების შესაძლებლობების შეფასება.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ამ წვრთნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში, განსაკუთრებით „საკავშირო სიმტკიცემ“, რომელიც უკრაინაში შეჭრამდე ოთხი დღით ადრე (20 თებერვალი) დასრულდა და მიმდინარეობდა უშუალოდ უკრაინის საზღვრის მახლობლად: ბელარუსის სამხედრო პოლიგონებზე, ქვეყნის სამხრეთით და დასავლეთით, უკრაინისა და პოლონეთის საზღვრებთან.
წვრთნების ოფიციალურ მიზნად დასახელებული იყო „გარე საფრთხეებზე“ რეაგირება და „ერთიანი სახელმწიფოების თავდაცვითი შესაძლებლობების“ გაძლიერება.
„მოკავშირეთა სიმტკიცე - 2022“ - ში მონაწილეობდა 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე:
- 20 000 – რუსეთის შეიარაღებული ძალები;
- 10 000 – ბელარუსის არმია, ეროვნული უსაფრთხოების ძალები;
- 200-ზე მეტი ერთეული ავიაცია (მათ შორის სუ-35, მიგ-31, ბომბდამშენები);
- 1000-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა: ტანკები (T-72), ბტრ-ები, თვითმავალი არტილერია (მაგ. „მსტა-სი“, „გიაცინტი“)
- საჰაერო თავდაცვის სისტემები: С-400, Панцирь-C1.
NATO-მ და აშშ-მა, წვრთნები აღიქვა როგორც უკრაინაში შეჭრის „მოსამზადებელი ფაზა". NATO-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ეს წვრთნები არ ემსახურებოდა მხოლოდ თავდაცვით მიზნებს, არამედ იყო „კონფლიქტის ესკალაციის ნაწილი“. აშშ-მა და ევროკავშირმა მოითხოვეს რუსეთის ჯარების გაყვანა ბელარუსიდან, თუმცა წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთმა ნაწილობრივ მაინც დატოვა თავისი სამხედრო ნაწილები ბელარუსში.
ასევე ნახეთ როგორ ემზადება პოლონეთი რუსეთთან ომისთვისNATO-სა და ბალტიის ქვეყნების ფრთხილი რეაქცია
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვარაუდობს, რომ ამჟამად კრემლი ვერ გაბედავს ევროპაში ახალი სამხედრო კონფლიქტის დაწყებას, თუმცა ის იმასაც შენიშნავს, რომ სრულად ვერაფერს გამორიცხავს:
„თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პოლონეთზე ან რომელიმე ჩვენს მოკავშირეზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება, მას მოუწევს საკუთარ თავზე გამოცადოს ალიანსის მთელი სიმძლავრე", - განაცხადა რუტემ, - „ჩვენი პასუხი დამანგრეველი იქნება. ეს აბსოლუტურად ნათლად უნდა იყოს ნათქვამი ვლადიმირ პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც მოისურვებს ჩვენზე თავდასხმას".
მარკ რუტე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც ამბობს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყურადღებით აკვირდება როგორც წვრთნებთან დაკავშირებულ ვითარებას, ასევე პოტენციური მოწინააღმდეგის ქმედებებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უყურადღებოდ არ დარჩება.
"შევხედავთ, რა სახის ჯარები იქნებიან წარმოდგენილი, რა რაოდენობით და როგორი გეოგრაფიული მდებარეობით განლაგდებიან. ნატო, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე ჩამოაყალიბებს თავის ყოფნას (რეგიონში) ან პასუხს", - შენიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან სამხედრო სფეროში: ბელარუსში განთავსებულია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ასევე იგეგმება „ორეშნიკის“ ტიპის ბირთვული რაკეტების განთავსება. რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბელარუსის რესპუბლიკა ესაზღვრება 5 ქვეყანას: რუსეთის (აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით); უკრაინას (სამხრეთით); პოლონეთს (დასავლეთით); ლიეტუვა (ჩრდილო-დასავლეთით); ლატვია (ჩრდილოეთით). საერთო ჯამში, ბელარუსის სახმელეთო საზღვარი დაახლოებით 3 617 კმ-ია. 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9,1 მლნ ადამიანს. ბელარუსის შეიარაღებული ძალები: აქტიური პერსონალი - 63 000, რეზერვი - დაახლოებით 365 000, სამხედრო ბიუჯეტი - 876.4 მილიონი აშშ დოლარი (2022 წ) .
ლიეტუვის სამხედრო დაზვერვაც მიიჩნევს, რომ მოცემული მომენტისათვის რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის დიდი ომის მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი აზრით, ბელარუსი, რომელიც თავისი სუვერენიტეტის ბოლო ნარჩენებსაც კარგავს, წარმოადგენს მზარდ საფრთხეს დასავლელი მეზობლებისთვის.
"ბელარუსი ითვალისწინებს რუსეთის ომის გაკვეთილებს, აუმჯობესებს თავისი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ხარისხს და ზრდის შეიარაღებული ძალების საერთო სიმძლავრეს", - განმარტავს ელეგიუსს პაულავიჩიუსი, ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის მეთაური. - "სავარაუდოდ, ბელარუსი დამატებით ასევე გაზრდის შეიარაღებული ძალების რაოდენობას სამხრეთით, უკრაინის წარმოსახვითი საფრთხის საპირწონედ. ბელარუსის რიტორიკა ემთხვევა რუსეთის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით: მინსკში მიაჩნიათ რომ ეს ომი "პროვოცირებულია" კოლექტიური დასავლეთის მიერ. ბელარუსის ხელისუფლება სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და, საჭიროების შემთხვევაში, ასე იქნება ნატოს წინააღმდეგ ქმედებებშიც".
ასევე ნახეთ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინავლადიმირ ჟიგარი, ორგანიზაცია BELPOL-ის წარმომადგენელი, რომელიც შეიქმნა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი სამართალდამცავების მიერ, ამბობს, რომ თავად წვრთნები "დასავლეთი - 2025", სავარაუდოდ, პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და პოლონეთს. თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბელარუსი სერიოზულ სამხედრო ძალად იქცევა.
"2028 წლისთვის ბელარუსის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად როგორც 300 000-300 000 ცალი საარტილერიო და "გრადის" (სისტემის) ჭურვის წარმოება, ასევე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის აწყობა", - ამბობს ვლადიმირ ჟიგარი, - "გარდა ამისა, რუსეთის პრაქტიკულად მთელი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, თუნდაც ყველაზე ძველი, განახლდება და მოდერნიზება ბელარუსის იმ ქარხნებში, რომლებიც ჯავშანტექნიკის სამიზნეებს აწარმოებენ".
ლატვიის დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი რიგაში. 2018 წლის 18 ნოემბერი
სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გლობალური სამხედრო კონფლიქტი, რუსეთისა და ნატოს მონაწილეობით, დაახლოებით სამ წელიწადში შეიძლება დაიწყოს. თუმცა მათი აზრით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის „სამშვიდობო შეთანხმებაზე" დაიყოლიებს აშშ უკრაინასა და რუსეთს და, საერთოდ, შეძლებას თუ არა ამას. და კიდევ, ექნება თუ არა კრემლს ხელები გახსნილი კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის, თუ ამერიკა გადაწყვეტს თავისი ჯარების გაყვანას ევროპიდან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის პარტნიორებმა ნატოში "უნდა გაზარდონ თავიანთი პოტენციალი". ბალტიის ქვეყნები ამას აკეთებენ როგორც ფინანსურად, ასევე სხვა ასპექტებითაც. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის სამხედრო ხარჯები უკვე შეადგენს თავიანთი ბიუჯეტების მშპ-ის დაახლოებით 4-4 %-ს, რაც, ეროვნულ თავდაცვაში ფულადი ინვესტიციების თვალსაზრისით, მათ ნატოს ლიდერ ქვეყნებად აქცევს.