“რუსეთი კავკასიიდან არსად წასულა” - იუჯინ კოგანი უსიტყვო შეთანხმებაზე მოსკოვს, ანკარასა და ბაქოს შორის

ინტერვიუ იუჯინ კოგანთან

„სომხეთი კუთხეშია მომწყვდეული — განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო მოსკოვისკენ იხრება. საქართველოს გარეშე სომხეთისთვის ევროპული მომავალი არ არსებობს“, — ეუბნება რადიო თავისუფლებას ვენის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი იუჯინ კოგანი, რომელიც ბოლო 10 წელია საქართველოში ცხოვრობს.

ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში კოგანი სკეპტიკურად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლო „ისტორიული“ სამშვიდობო შეთანხმების შანსებს - ამბობს, რომ ბაქოსთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია სომხეთზე გამუდმებული ზეწოლა, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა; ხსნის, რა გეოპოლიტიკურ ბერკეტებს მისცემს აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფანზე სრული კონტროლის მოპოვება, როგორ მუშაობს „უსიტყვო შეთანხმება“ მოსკოვს, ანკარასა და ბაქოს შორის, — რატომ ფიქრობს, რომ საქართველოს „რუსეთისკენ მიქცევა“ სომხეთისთვის ევროპული მისწრაფებების დასამარებას უდრის და რატომ მიაჩნია, რომ არც საქართველოს პერსპექტივაა სახარბიელო, თუკი აღებული კურსი გაგრძელდება.

რადიო თავისუფლება: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება უკვე მოინათლა ისტორიულად - მხარეებმა, თუმც ცალ-ცალკე, მაგრამ განაცხადეს, რომ სამუშაო ტექსტზე შეთანხმდნენ. მაგრამ რეალურად რამდენად ახლოს არიან ხელმოწერასთან და მითუმეტეს — მის აღსრულებასთან?

ალიევის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია — აზერბაიჯანი იქცეს რეგიონულ ლიდერად და ორივე მეზობელს თამაშის თავისი წესები უკარნახოს...


იუჯინ კოგანი: მგონი, ჯერ ძალიან ადრეა საზეიმო განწყობისთვის. საერთაშორისო პარტნიორების ყველანაირი წახალისების მიუხედავად, ფინიშის ხაზთან ახლოსაც კი არ ვდგავართ. საუკეთესო შემთხვევაში, ახლა გვაქვს ის, რასაც მე „მომავალში დასარღვევ შეთანხმებად“ მოვნათლავდი. ერთი მხარე — სომხეთი და, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი — ძალიან მონდომებულია, ხელმოსაწერად მზად არიან. ბაქოში კი ასეთივე მონდომება არ შეიმჩნევა. როგორც იტყვიან, ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება — მეორე მოცეკვავე კი აშკარად სხვა მელოდიაზე ცეკვავს. აზერბაიჯანი დღითიდღე ზრდის იმ წინაპირობების, ხოლო უფრო გულახდილნი თუ ვიქნებით - დათმობების ჩამონათვალს, რომელიც, ბაქოს აზრით, ერევანმა უნდა დააკმაყოფილოს, ვიდრე შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ.

რადიო თავისუფლება: ანუ, ხელის მოწერამდე სომხეთს, ასე ვთქვათ, ბოლომდე „გამოწურავენ“?

იუჯინ კოგანი: აბსოლუტურად. სომხეთი ცალსახად უფრო სუსტი მხარეა ამ მოლაპარაკებებში, და როცა სუსტი მხარე აჩვენებს, რომ ძალიან სურს შეთანხმება, ძლიერი მხარე ცხადია, ამას სათავისოდ იყენებს. კლასიკური "სალიამის ტაქტიკაა" — ნაჭერ-ნაჭერ, ერთ მოთხოვნას მეორე მოსდევს, დაუსრულებლად. ბერკეტები შენს ხელშია.

რადიო თავისუფლება: გასაგებია, მაგრამ აქვს კი სომხეთს რაიმე რეალური ალტერნატივა? ფუფუნება, სხვა გზა ეძიოს?

იუჯინ კოგანი: პრაქტიკულად, არა. და რაც ყველაზე ცუდია, მგონია, რომ ფაშინიანის მთავრობა არც კი ცდილობს ალტერნატივების მოძიებას. მათთვის ეს ერთადერთი შესაძლო ვარიანტია, სხვას არც განიხილავენ. ოპოზიცია კი უფრო მეტად რუსეთზე ორიენტირებული გზისკენ იხრება. ხშირად მესმის საუბარი — „რუსეთი დაბრუნდება სამხრეთ კავკასიაში.“ რაც ჩემთვის უცნაურია — იმიტომ, რომ რუსეთი სინამდვილეში არსადაც არ წასულა.

საქართველოს მოსკოვისკენ გადახრით სომხეთისთვის ევროპული გზა იბლოკება. საქართველოს გარეშე, სომხეთისთვის ევროპა აღარ არსებობს...

რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს სტრატეგია - რუსეთზე მინდობა ხომ ერთხელ უკვე სცადეს - როგორც იტყვიან, ყველა კვერცხის რუსეთის კალათში ჩალაგება. არ გამოვიდა - კვერცხები გატყდა.

იუჯინ კოგანი: ეგეც მართალია. მაგრამ აქ საქმე ის არაა, რამდენად უკეთესია რომელიმე ალტერნატივა, არამედ ის, რომ ილუზია მაინც შექმნა - რაღაც სხვა ალტერნატივებიც გაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ მოლაპარაკების პოზიცია გაგიუმჯობესდეს, ან ელემენტარულად, დამამცირებელი პირობები არ მოგახვიონ თავს. თუ გაიძახი, რომ სხვა გზას ვერ ხედავ, და მზად ხარ ამისთვის ყველაფერი იღონო, ცხადია, მეორე, უფრო ძლიერი მხარე, როგორც თქვენ თქვით, მოგიჭერს და ბოლომდე გამოგწურავს. დღეს სომხეთი ჩიხშია მომწყვდეული — განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საქართველო მოსკოვისკენ იხრება. თუ ეს ტრაექტორია გაგრძელდა, სომხეთისთვის ევროპული გზა იბლოკება. საქართველოს გარეშე, სომხეთისთვის ევროპა აღარ არსებობს.

რადიო თავისუფლება: იმ ტანგოს მეტაფორას თუ დავუბრუნდებით — მეორე მოცეკვავე არათუ სხვა რიტმზეა, არამედ მუსიკასაც თავად უკვეთს. სომხეთს უწევს, სხვის დაკრულ მუსიკაზე იცეკვოს?

იუჯინ კოგანი: სწორედ ასეა. და ეს კაპიტულაციის სცენარს უფრო ჰგავს, ვიდრე ზავისას. თუ ისტორიულ პარალელებს გადავხედავთ, გავიხსენოთ 1979 წელი: ეგვიპტე და ისრაელი, ანვარ სადათი და მონაჰემ ბეგინი, და ამ პროცესში ამერიკის გადამწყვეტი როლი. ასეთი შეთანხმებისთვის საჭიროა ძლიერი მესამე მხარე, რომელიც ორივე მხარეზე მოახდენდა ზეწოლას, აიძულებდა კომპრომისზე წასვლას. ამ შემთხვევაში კი ასეთი არბიტრი უბრალოდ არ არსებობს. ვინც ჩართულია, ისინი მხოლოდ სომხეთზე ზეწოლით კმაყოფილდებიან. ბაქოს არ ეჩქარება. მათი ძირითადი მოთხოვნები — ზანგეზურის დერეფანზე სრული კონტროლი (თუმც ამ მოთხოვნას ოფიციალურ მოლაპარაკებებში სამშვიდობო შეთანხმებას არ „აბამენ“, ცხადზე ცხადია, რომ ამ მიზნის მიღწევამდე ბაქო უარს იტყვის შეთანხმების ხელმოწერაზე), ე.წ. მინსკის ჯგუფის ფორმატის გაუქმება და სომხეთის კონსტიტუციიდან მთიანი ყარაბაღის მიმართ ყოველგვარი პრეტენზიის ამოღება — ჯერაც არ შესრულებულა. ამ მიზნების მისაღწევად ბაქო მზადაა განიხილოს როგორც მშვიდობიანი, ასევე სამხედრო გზები.

ეს ახალი გაზსადენი კონკურენციას გაუწევდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტს - მეტიც, ის უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე საქართველოზე გამავალი გაზსადენი - და მნიშვნელოვნად გაზრდის აზერბაიჯანის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ბერკეტებს...

რადიო თავისუფლება: მაშ რაღატომ გამოაცხადეს, თითქოს შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, თუ ხელმოწერის რეალური სურვილი არ აქვთ?

იუჯინ კოგანი: იმიტომ, რომ თქვან: „შეთანხმების ტექსტი მზადაა, მაგრამ ერევანი წინაპირობებს არ ასრულებს!“ ასე გრძელდება ზეწოლა, რათა მეტი და მეტი დათმობა გამოსტყუონ ერევანს - მათ უსასრულოდ შეუძლიათ ახალ-ახალი მოთხოვნები წამოაყენონ. და სწორედ ასეც იქცევიან.

რადიო თავისუფლება: ავიღოთ ასეთი სცენარი: ვთქვათ, სომხეთი დათანხმდა ამჟამინდელ ოფიციალურ წინაპირობებს: მინსკის ჯგუფის გაუქმებაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებს — ბაქოს მაინც არ იქნება დაინტერესებული სომხეთის სახით ჰყავდეს მშვიდობიანი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული მეზობელი?

იუჯინ კოგანი: არ მგონია. გადახედეთ ბაქოს რიტორიკას — სომხეთს ფაშისტურ სახელმწიფოდ მოიხსენიებენ. ალიევი კი მუდმივად ამცირებს ფაშინიანს საჯაროდ. არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ისინი სომხეთს პოტენციურ პარტნიორად აღიქვამენ. მათთვის ეს არის მტრული, უცხო წარმონაქმნი, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის გაჭედილი.

რადიო თავისუფლება: ანუ ვერ ხედავთ რეალობას, სადაც სამშვიდობო შეთანხმება - თუნდაც სომხეთისათვის არახელსაყრელი - დაიდება და თანაც, მხარეები მას დაიცავენ?

იუჯინ კოგანი: არ მგონია. ხელიც რომ მოაწერონ, დარწმუნებული ვარ, ის მალევე დაირღვევა, რადგან არ არსებობს აღსრულების უზრუნველყოფის მექანიზმი, არსადაა გაწერილი, რა მოხდება, თუ ერთი მხარე შეთანხმებას დაარღვევს. აზერბაიჯანი განაცხადებს, რომ სომხეთმა სიტყვა არ შეასრულა და დამატებით მოთხოვნებს წამოაყენებს. ეს დაუსრულებელი ციკლი იქნება.

რადიო თავისუფლება: ზანგეზურის დერეფნის შემთხვევაში რა დევს სასწორზე? როგორ იმოქმედებს ეს მთლიანად რეგიონის მომავალზე?

იუჯინ კოგანი: ძალიან ბევრი რამ. უკვე თითქმის დასრულებულია გაზსადენი, რომელიც თურქეთს ნახიჩევანთან აკავშირებს. დარჩენილია ბოლო 40 კილომეტრი, რომელიც ნახიჩევანს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას დაუკავშირებს. თუკი ბაქო ამასაც ჩაიგდებს ხელში, გამორიცხული არაა, სიუნიქის პროვინციაც (სომხეთის უკიდურეს სამხრეთით მდებარე პროვინცია) მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს ახალი გაზსადენი კონკურენციას გაუწევდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტს - მეტიც, ის უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე საქართველოზე გამავალი გაზსადენი - და მნიშვნელოვნად გაზრდის აზერბაიჯანის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ბერკეტებს. მათ შეეძლებათ, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, გადახედონ უკვე არსებულ პირობებს და მოითხოვონ, რაც უნდათ. ეს ალიევის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია — აზერბაიჯანი იქცეს რეგიონულ ლიდერად და ორივე მეზობელს თამაშის თავისი წესები უკარნახოს.

რადიო თავისუფლება: თუ გარე მოთამაშეებზე ვისაუბრებთ, ვინ რას მოიგებს, ან წააგებს, თუ ზანგეზურის დერეფნის კონტროლის ეს აზერბაიჯანული სცენარი რეალობად იქცევა?

იუჯინ კოგანი: ირანი წინააღმდეგია, მაგრამ სომხეთის დასაცავად თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევაზე არასდროს წავა. რაც შეეხება რუსეთს, წინააღმდეგ არ წავა. მოსკოვი ამას სომხეთის სამაგალითო დასჯად აღიქვამს. კრემლის გზავნილია: „აჰ, დამოუკიდებლად, თქვენი გზით სიარული გადაწყვიტეთ? ჰოდა, აი, ფასი, კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ“. ბაქოს მოქმედებები რუსეთს უადვილებს, სომხეთი თავის ორბიტაზე დააბრუნოს. თურქეთი, ცხადია, პროექტს სრულად მხარს უჭერს — მას სურს გაზის ექსპორტის გაზრდა ევროპაში.

მაშინაც კი, თუ პრორუსი ხარ - ბრიყვი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, რომ მხოლოდ რუსეთის მოწყალებას მიანდო თავი. რუსეთის იქეთ სხვა გზა აღარ დაიტოვეს და თანაც, ამავდროულად, თავი სტრატეგიულ გენიოსებად მოაქვთ. ეს უბრალოდ აბსურდია...

რადიო თავისუფლება: მაგრამ ასე ხომ გამოდის, რომ რუსეთი აზერბაიჯანსა და თურქეთს უთმობს გავლენას რეგიონში — ეს კი ეწინააღმდეგება რუსულ პოლიტიკას, რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის, რომ კავკასიაში არაფერი უნდა მოხდეს მოსკოვის თანხმობის გარეშე?

იუჯინ კოგანი: ერთი შეხედვით, შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში აქ ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება, პოლიტიკის თანხვედრაა მოსკოვს, ანკარასა და ბაქოს შორის. მათი საერთო მიზანი ერთია — არ დაუშვან დასავლეთის ფეხის მოკიდება რეგიონში, მით უმეტეს, დემოკრატიის იმპორტი. ზუსტად ამ ლოგიკით შეიქმნა ფორმატი „3+3“ — იდეა, რომ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში. აშშ-სთვის ადგილი არ რჩება. ევროკავშირისთვის კი — მით უმეტეს. ეს იდეალური სცენარია რუსეთისთვის, თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და ირანისთვისაც. სომხეთზე ზეწოლას მოახდენენ, რომ მაგიდასთან იჯდეს. და საქართველოსაც, როგორც ჩანს, მალე ჩაითრევენ. მოსკოვი უკვე პირდაპირ მიანიშნებს, რომ სკამი, რომელსაც აწერია საქართველო, რატომღაც ჯერ კიდევ ცარიელია და პატრონს ელოდება.

რადიო თავისუფლება: საქართველოზე უფრო დეტალურად ჩაგეძიებით - ვთქვათ, თუკი აზერბაიჯანი საბოლოოდ დაამყარებს კონტროლს ზანგეზურის დერეფანზე, რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის?

იუჯინ კოგანი: მისი პოზიციების შესუსტებას, ეს სერიოზული დარტყმა იქნებოდა. ზანგეზური აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. რაც ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს და შემცირებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას. „ქართული ოცნება“ ამას ვერ ხვდება — მოკლევადიან აზროვნებაზე არიან გადასულები. მათი შიდა პოლიტიკა გახლავთ — რაც შეიძლება მეტი მიიტაცონ თვითონ და რაც შეიძლება ცოტა დაუტოვონ სხვა დანარჩენს ქვეყანაში. სტრატეგიული ხედვა არ აქვთ. და როცა შედეგებზე არ ფიქრობ, ადრე თუ გვიან ძვირი ფასის გადახდა გიწევს. კრემლი შეიძლება დღეს კმაყოფილია „ქართული ოცნების“ მორჩილებით, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს — ხვალვე შეიძლება წაუჭიროს ყელში, თუ საქმეს ასე დასჭირდება. მაგალითად, როდესაც ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია დაასრულებს იმ ვერსიის დამტკიცებას, რომ 2008 წლის ომი წინა ხელისუფლებას დააბრალონ, მოსკოვში სავარაუდოდ, ჩათვლიან, რომ საქართველოსგან საჯარო ბოდიშიც უნდა მოითხოვონ. და მიუხედავად ისტერიებისა, რომ ეს ყველაფერი ყოფილი მთავრობის ბრალია, ბოდიშს მოიხდის ქვეყანა, სახელმწიფო. ეს იქნება არა უბრალოდ პოლიტიკური, არამედ რიტუალური დამცირება — იმის აღიარება, თუ სად დგას „ქართული ოცნება“.

მოსკოვი უკვე პირდაპირ მიანიშნებს, რომ 3+3 ფორმატში სკამი, რომელსაც აწერია საქართველო, რატომღაც ჯერ კიდევ ცარიელია და პატრონს ელოდება...

რადიო თავისუფლება: და როგორ მივიდა “ოცნება” აქამდე? მოდი, ავიღოთ ომი უკრაინაში ერთგვარ ქრონოლოგიურ ნიშნულად - ამ ომის დაწყების შემდეგ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა, გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან?

იუჯინ კოგანი: არანაირად. „ქართულმა ოცნებამ“ წინდაუხედავი თამაში ითამაშა. ყველაფერი დაიწყო იმ აბსურდული თეორიით, რომ თითქოს დასავლეთს სურდა, საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა რუსეთისათვის. ამ განცხადებამ მათ მეგობრები დააკარგვინა და პირიქით - მოსკოვს მიაჯაჭვა. ეს იყო სერიოზული შეცდომა.

რადიო თავისუფლება: და თუ გამიზნული ნაბიჯი იყო, შეცდომის ნაცვლად?

იუჯინ კოგანი: მაშინ მით უარესი. იმიტომ რომ თუ ეს განზრახ გააკეთეს — ეგ უკვე საშიში უპასუხისმგებლობაა. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია მათ გუნდში ერთი ადამიანი მაინც იყოს, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღებამდე პლუსები და მინუსები (pros and cons) დათვალოს. დასავლეთთან ყველა ხიდი დაწვეს — თანაც, არაფრის სანაცვლოდ. საკუთარ თავი რუსეთს მიაბეს. მაშინაც კი, თუ პრორუსი ხარ - ბრიყვი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, რომ მხოლოდ რუსეთის მოწყალებას მიანდო თავი. რუსეთის იქეთ სხვა გზა აღარ დაიტოვეს და თანაც, ამავდროულად, თავი სტრატეგიულ გენიოსებად მოაქვთ. ეს უბრალოდ აბსურდია.