რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი უარს ამბობს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსების მორატორიუმზე.
რუსეთმა განაცხადა, რომ იხსნის შეზღუდვას საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსების საკითხში - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუსეთი აღარ მიიჩნევს თავს "საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსების საკითხში თვითშეზღუდვებით ხელფეხშეკრულად, რადგან გაქრა ამ მორატორიუმის შენარჩუნების პირობები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა:
"რეაგირების კონკრეტული ზომების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამერიკული და სხვა დასავლური საშუალო და მცირე სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების განთავსების მასშტაბების ანალიზის საფუძველზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში სიტუაციის ზოგადი განვითარებიდან გამომდინარე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღეს იმას გამო, რომ "სიტუაცია ვითარდება აშშ-ის სახმელეთო რაკეტების ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფაქტობრივი განლაგების გზით".
სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, შეთანხმებით შეზღუდული ამერიკული შეიარაღების გამოცდები "ძირითადად დასრულებულია ან ფინალურ ეტაპზე იმყოფება" და დაწყებულია მათი ზოგიერთი მოდელის სერიული წარმოება. „გარდა ამისა, სხვადასხვა რეგიონში მზადდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო ზოგიერთი სარაკეტო კომპლექსის გადასროლა ხდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ, რათა ჩაატარონ წვრთნები მოკავშირეებთან ერთად“, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი „გადასროლის“ მაგალითებად დაასახელა სამხედრო წვრთნები დანიის, ფილიპინების და ავსტრალიის ტერიტორიებზე. რუსეთის საგარეო უწყებამ ცალკე აღნიშნა აშშ-ისა და გერმანიის გეგმები 2026 წელს გერმანიის ტერიტორიაზე Typhon-ისა და Dark Eagle-ის რაკეტული სისტემების განთავსების თაობაზე. გარდა ამისა, МИД-ში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული HIMARS-ისა და M270 MLRS-ის სისტემები წარმოადგენს სახმელეთო ბაზირების საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებს.
მსოფლიოში დაახლოებით 13 865 ბირთვული ქობინია, რომელთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეა განაწილებული:
რუსეთი - 6500
აშშ - 6200
საფრანგეთი - 300
ჩინეთი - 290
დიდი ბრიტანეთი - 200
პაკისტანი - 260
ინდოეთი - 130-140
ისრაელი - 80-90
ჩრ. კორეა - 20-30
აშშ-სა და რუსეთზე მოდის ქობინების საერთო რაოდენობის 90%.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ბირთვული ქობინების რაოდენობა, ერთი შეხედვით, ბევრია, მაგრამ სინამდვილეში ბოლო დრომდე მათი რაოდენობა განუხრელად მცირდებოდა. გასული საუკუნის 80-იანი წლებში მსოფლიოში 70 300 ბირთვული ქობინი იყო. მათი რაოდენობა შემცირდა ამერიკასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების გამო, ეს ორი ქვეყანა 1972 წლიდან ცდილობდა ე.წ. გამალებული შეიარაღების შენელებას.
კარიბის კრიზისიდან მალევე, 1962 წელს აშშ გამოვიდა ინიციატივით, ორივე ქვეყანა გაჩერებულიყო უკვე არსებულ ქობინების ტიპებსა და რაოდენობაზე, თუმცა პირველ დოკუმენტს ხელი მოეწერა კარიბის კრიზისიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ. ეს იყო შეთანხმება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (ОСВ-1, SALT-1). არსებული სარაკეტო სისტემების გაყინვის გარდა ორმა სუპერსახელმწიფომ ხელი მოაწერა შეთანხმებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის შესახებ (იგულისხმებოდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები).
ასევე ნახეთ კენედისა და ხრუშჩოვის გაკვეთილები პუტინისთვისცივი ომის დროს აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ორ შეთანხმებას მოაწერეს ხელი:
- მცირე და საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ
- სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (ОСВ-1, SALT-1)
პირველი შეთანხმება შეეხებოდა 500-დან 5,500 კმ მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტებს, მეორე შეთანხმება კი ხელმომწერ ქვეყნებს უტოვებდა მაქსიმუმ 6 000 ქობინს, რომლებიც შეიძლებოდა განთავსებულიყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე, წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ აწარმოებდნენ და არ გამოცდიდნენ 500-დან 5,500 კმ-მდე მანძილზე მოქმედ სახმელეთო ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს. 1980-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ამერიკული Pershing-ის რაკეტები იყო განთავსებული, ხოლო საბჭოთა კავშირი, თავის მხრივ, დასავლეთ ევროპას საშუალო რადიუსის რაკეტებით ემუქრებოდა.
როდის და რატომ გავიდა აშშ შეთანხმებიდან
1973 წელს აშშ-ში მიიღეს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირის საზღვრებთან ახლოს განთავსებული საშუალო სიშორის რაკეტებს უნდა უზრუნველეყოთ სწრაფი და ეფექტური დარტყმა სსრკ-ს მართვის ცენტრებსა და სტრატეგიული ბირთვული იარაღის ბაზებზე მანამ, ვიდრე საბჭოთა კავშირი მოასწრებდა საპასუხო ბირთვული დარტყმის ინიციირებას.
მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერეს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას, 1987 წლის 8 დეკემბერს.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, საბჭოთა კავშირი სტრატეგიული ბალანსის ამ სერიოზულ საფრთხეს სერიოზულად მოეკიდა. დაიწყო სისტემის „პერიმეტრი“ (ასევე ცნობილი როგორც „მკვდარი ხელი“) შექმნა. ეს იყო მექანიზმი, რომელიც ავტომატურად დაიწყებდა ბირთვულ საპასუხო შეტევას, თუნდაც სარდლობის განადგურების შემდეგ. პარალელურად, საბჭოთა კავშირმა დასავლეთ საზღვრებთან განათავსა საკუთარი საშუალო სიშორის რაკეტები „პიონერი“. ამჯერად უკვე ნატოს მოუწია რეაგირება საბჭოთა მხრიდან განხორციელებულ რეალურ ესკალაციაზე. 1979 წელს ალიანსმა მიიღო ე.წ. ორმაგი გადაწყვეტილება: ევროპაში განეთავსებინა საშუალო სიშორის რაკეტები („პერშინგ-2“ და Tomahawk) და ერთდროულად ეწარმოებინა მოლაპარაკებები მოსკოვთან ამ რაკეტების ლიკვიდაციის თაობაზე. მოლაპარაკებები ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა 1987 წლამდე, ვიდრე რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა განადგურებულიყო ყველა სახმელეთო ბაზირების საშუალო და მცირე სიშორის რაკეტა და აკრძალულიყო მათი შემდგომი შექმნა, გამოცდა და განთავსება.
ექსპერტების თქმით, ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლამდე. 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული მხარეებს შორის ნდობა (შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით) თანდათან შესუსტდა. რუსეთის მხარე მიიჩნევდა, რომ ევროპაში განთავსებული ანტისარაკეტო სისტემები შესაძლოა გამოყენებულიყო საშუალო სიშორის რაკეტების გასაშვებად. ნატოს წარმომადგენლები კი მიუთითებდნენ, რომ რუსული რაკეტა 9М729 („ისკანდერის“ სისტემისთვის განკუთვნილი) რეალურად 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედებდა, რაც მას საშუალო სიშორის იარაღად აქცევდა და, შესაბამისად, ირღვეოდა ხელშეკრულება.
სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერ-მ". რუსეთი, ასტრახანი. 2020 წლის 20 სექტემბერი. აშშ მიიჩნევს, რომ „ისკანდერის“ კომპლექსის ერთ-ერთი მოდიფიკაცია (სურათზე) უკვე არღვევს მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების ხელშეკრულებას.
2018 წელს აშშ-მა განაცხადა, რომ დატოვებდა შეთანხმებას, თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში არ დაუბრუნდებოდა ბირთვული შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების ზომების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ვაშინგტონსა და ნატოში მიიჩნევდნენ, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება 500 კმ-ზე მეტ მანძილზე მოქმედი 9М729 რაკეტის (ნატოს კლასიფიკაციით SSC-8) შექმნით. მოსკოვი უარყოფდა ბრალდებას და აცხადებდა, რომ რაკეტა შეთანხმების პირობებს არ არღვევდა.
2019 წლის 2 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად შეწყვეტა მონაწილეობა 1987 წელს ხელმოწერილ საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში. ამის შესახებ აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. მანამდე 2 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ექვსი თვე მისცა შეთანხმების პირობების შესასრულებლად, თუმცა რუსეთმა არაფერი გააკეთა.
„შეერთებული შტატები არ დარჩება შეთანხმების მხარედ, თუ სხვები დაარღვევენ მას. მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - დაწერა მაშინ პომპეომ Twitter-ზე.
მაიც პომპეო
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებდნენ ხელშეკრულებით აკრძალული იარაღის შემუშავებაში. მაგალითად მათ მოიყვანეს 9M729 ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი აღემატება შეთანხმებით დადგენილ ლიმიტს - 500 კილომეტრს. მოსკოვმა უარყო ბრალდებები, მაგრამ ასევე გამოაცხადა შეთანხმების შეჩერების შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ შეთანხმება შეწყდა შეერთებული შტატების ინიციატივით.
ნატოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო იძულებულია დამატებითი თავდაცვითი ზომები მიიღოს. 2019 წლის 2 აგვისტოს სტოლტენბერგმა განაცხადა:
„დღეს მოქმედებას წყვეტს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შემცირების შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რადგან რუსეთმა განალაგა 9M729 სარაკეტო სისტემები. ეს ახალი რუსული რაკეტები, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ, მობილური და ძნელად აღმოსაჩენია. მათ შეუძლიათ ევროპის ქალაქებამდე წუთების განმავლობაში მიაღწიონ. ეს რაკეტები ზრდიან შეიარაღებულ კონფლიქტებში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ნატოს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ეს სარაკეტო სისტემები არღვევენ შეთანხმების პირობებს. ვწუხვართ, რომ რუსეთმა არ გამოავლინა ნება და არ გადადგა ნაბიჯი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. შედეგად, ახლა ძალაში შედის აშშ-ის გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ნატოს მოკავშირეები, რადგან საერთაშორისო შეთანხმება არ შეიძლება იყოს ეფექტური, თუ მას მხოლოდ ერთი მხარე ასრულებს. რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი ხელშეკრულების განადგურებაზე. ევროპაში არ არის ახალი ამერიკული რაკეტები, ევროპაში არის ახალი რუსული რაკეტები“.
იენს სტოლტენბერგი
სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ცდილობს შეიარაღების რბოლას და არ გაიმეორებს რუსეთის ქმედებებს, არამედ მიიღებს „დაბალანსებულ“ ზომებს, მათ შორის, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერების სახით.
2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადიოდა შეთანხმებიდან, ხოლო ერთი თვის შემდეგ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა რუსეთმაც.
ექსპერტთა ვარაუდით, აშშ-ის ამ გადაწყვეტილების ძირითადი მოტივაცია იყო ჩინეთის მიერ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებით შეიარაღების ზრდა. რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ არ განათავსებდა საკუთარ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებს იმ რეგიონებში, სადაც ამას ნატო არ გააკეთებდა. 2020 წელს კრემლმა მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს, შეერთებოდნენ ამ მორატორიუმს.
მოსკოვის ვითომ მორატორიუმი
2019 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აშშ-თან გაფორმებული შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ. 2024 წელს პუტინმა მოითხოვა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოების აღდგენა და მათი განთავსება „ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
2019 წლამდე 500 კმ-ზე და მეტ მანძილზე მოქმედი შეიარაღება შეზღუდული იყო ხელშეკრულებით, რომელიც 1987 წელს გაფორმდა. მოგვიანებით, აშშ-მ გამოაცხადა ამ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც რუსულ „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსს მიეკუთვნება, არღვევს შეთანხმების პირობებს.
თუმცა მოსკოვი ასევე განაცხადა, რომ ნებაყოფლობით იღებდა ვალდებულებას არ განეთავსებინა თავისი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები იმ რეგიონებში, სადაც ამას ნატო არ გააკეთებდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს შესთავაზა, შეერთებოდნენ მორატორიუმს.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ბოლოს გამუდმებით საუბრობდა მორატორიუმზე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მან განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო განელაგებინა თავისი საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც.
„როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ დამრტყმელი სისტემების წარმოება და შემდეგ, ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ სად განვათავსოთ ისინი“, - განაცხადა პუტინმა 2024 წლის 28 ივნისს უშიშროების საბჭოსთან შეხვედრაზე.
ვლადიმირ პუტინი, ვლადივოსტოკის სამხედრო პოლიგონი, 2022 წ. სექტემბერი
2024 წლის ივლისის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თუ აშშ განათავსებს გერმანიაში მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებს, მოსკოვი ჩათვლის, რომ შეუძლია გათავისუფლდეს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განლაგებაზე ცალმხრივად გამოცხადებული მორატორიუმისგან.
განცხადება იმის შესახებ, რომ 2026 წლიდან აშშ დაიწყებს გერმანიაში შორი დიაპაზონის საჰაერო სისტემების, მათ შორის ჰიპერბგერითი იარაღის განთავსებას, 2024 წლის 10 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტის მიმდინარეობისას გაკეთდა. აშშ-ისა და გერმანიის ამ განცხადებების საპასუხოდ, რუსეთი დაიმუქრა ანალოგიური შეიარაღების, მათ შორის შესაძლოა ბირთვული ქობინების მქონე რაკეტების, განთავსებით.
პუტინის თქმით, გერმანიაში შორი დიაპაზონის ამერიკული საჰაერო სისტემების განთავსების შემთხვევაში, ასეთი იარაღის მოქმედების რადიუსში მოხვდება რუსეთის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტები, რომლებამდეც ასეთი რაკეტების ფრენის დრო „დაახლოებით 10 წუთი იქნება“.
როგორც პუტინმა განაცხადა, საშუალო და მცირე რადიუსის სისტემების შემუშავება რუსეთში უკვე დასკვნით ეტაპზეა.
რისი ეშინია პუტინს?
ნატოს ამჟამადაც აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს არასტრატეგიული სარაკეტო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საუბარია საზღვაო ბაზირების რაკეტებზე (კერძოდ Tomahawk) და საჰაერო ბაზირების საშუალებებზე (Storm Shadow/SCALP, Taurus), რომელთა გამოყენებაც არ იკრძალებოდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, მოსალოდნელი სახმელეთო ბაზირების რაკეტების განთავსება გერმანიაში მნიშვნელოვნად გაზრდის დარტყმის პოტენციურ სიღრმეს: Dark Eagle-ის სისტემის სავარაუდო მოქმედების მანძილი დაახლოებით 3000 კილომეტრია, რაც გერმანიიდან თითქმის რუსეთის მთელი ევროპული ნაწილის მიზანში ამოღების საშუალებას იძლევა.
ჰამბურგის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (IFSH) წარმომადგენელი ალექსანდრ გრეფი აღნიშნავს, რომ ამერიკული რაკეტების გერმანიაში განთავსება არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ წარმოადგენს სტრატეგიული გეგმის ნაწილის განხორციელებას ე.წ. მრავალდომენიანი ოპერატიული ჯგუფების (Multi-Domain Task Force) აშშ-ის სახმელეთო ძალების განლაგების სახით. ამ ჯგუფების კონცეფცია გულისხმობს საომარი მოქმედებების ინტეგრირებულ მიდგომას, რათა მოხდეს მოწინააღმდეგის წვდომის შეზღუდვისა და კონკრეტული ტერიტორიების ბლოკირების (anti-access and area denial) ტექნოლოგიური შესაძლებლობების დათრგუნვა.
ამერიკელი სამხედრების ჩასვლა გერმანიაში ევროპაში ნატოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის გაძლიერების ფარგლებში.
სამი თვით ადრე, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა - 2021 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა ორჯერ განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპის ტერიტორიაზე „შეიარაღების ახალი სისტემების“ განთავსებას საფრთხედ აღიქვამდა. ცოტა ხნით ადრე იგივე ტერმინი გამოიყენა სერგეი ლავროვმაც. „ჩვენს წინაშე დგას კონკრეტული ამოცანა - არ დავუშვათ ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთისკენ და ჩვენი დასავლეთ საზღვრების მახლობლად შეიარაღების ახალი სისტემების განთავსება, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოში გამოსვლისას.
არ პუტინს და არც ლავროვს არ დაუზუსტებიათ, რას გულისხმობდნენ „შეიარაღების ახალ სისტემებში“, თუმცა ცხადი იყო, რომ უკრაინაში დიდი ომის დაწყებამდე კრემლი სერიოზულად ღელავდა ევროპაში ნატოს დარტყმითი შესაძლებლობების გაფართოების გამო.
„რუსეთის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც საბჭოთა ლიდერებს, ყოველთვის ჰქონდა შიში მოწინააღმდეგის ე.წ. „მომაკვდინებელი დარტყმის“, სისტემის თავის გარეშე დატოვების შესაძლებლობის მიმართ. გარდა ამისა, პუტინს სტრატეგიულ დისბალანსად მიაჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთს თითქმის არ აქვს საშუალება განათავსოს გარკვეული სისტემები აშშ-ის საზღვრებთან, მაშინ როცა აშშ-ს ეს შესაძლებლობა აქვს, რადგან ევროპის არაერთი ქვეყანა ნატოს წევრია“, – ამბობს ალექსანდრ გრეფი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში.
სპეციალისტების შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, როცა ორივე ქვეყანა გასულია მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან, რუსეთსა და აშშ-ს შეუძლიათ აწარმოონ და განალაგონ იმდენი სახისა და რაოდენობის ბირთვული ქობინი, რამდენსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ ან გასწვდებიან.