უკრაინის გმირების ქუჩაზე გაიარეთ, ბორის ნემცოვის სკვერთან მარჯვნივ მოუხვიეთ და პრაღაში, რუსეთის საელჩოს შესასვლელთან მოხვდებით...
2020 წლიდან, მოსკოვსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, პრაღა რუსეთის საელჩოს გარშემო არსებულ ადგილებს სახელებს უცვლის. ქუჩის აბრებით ტროლინგი, როგორც ჩანს, დიპლომატიური დავის ნაწილიც იყო, რომლის დროსაც ჩეხეთმა გამოაცხადა, რომ არააკრედიტებულ რუს დიპლომატებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ქალი დარბის ანა პოლიტკოვსკაიას ხეივანში. რუსეთის საელჩოს ღობე, რომელიც სურათში არ ჩანს, ამ ბილიკს მარჯვნიდან აკრავს.
პრაღაში რუსეთის საელჩოს მიმდებარედ პირველი ადგილი, რომელსაც სახელი შეეცვალა, იყო პატარა სამკუთხა პარკი. მას მანამდე წაბლის ქვეშ მდებარე სკვერი ეწოდებოდა. ბაღს ოფიციალურად ბორის ნემცოვის სკვერი 2020 წლის 27 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობის მე-5 წლისთავზე დაარქვეს.
იმავე დღეს, საელჩოს ჩრდილოეთ ღობის გასწვრივ მდებარე ხეივანს, რომელშიც ადამიანები სავარჯიშოდ დარბიან, ან ძაღლებს ასეირნებენ, მოკლული რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.
პრაღაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ადგილების სახელები. ამ სურათის ქვედა ნაწილში საელჩოს საზღვარი რკინიგზის ხაზის უსახელო მონაკვეთზე გადის.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საელჩო გარშემორტყმულია კრემლის საწინააღმდეგო ტოპონიმებითა და საპროტესტო ინსტალაციებით. საკონსულოს შესასვლელთან მდებარე ხიდს დაარქვეს ვიტალი სკაკუნის სახელი, უკრაინელი ჯარისკაცისა, რომელმაც თავი გაწირა გადამწყვეტი ხიდის გასანადგურებლად სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, ხოლო გზის მცირე მონაკვეთს დაერქვა უკრაინელი გმირების ქუჩა.
მომიტინგეებმა პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან პუტინის მსგავსი თოჯინა დადგეს. 2021
პრაღის თვალწარმტაცი სტრომოვკას პარკს გადაჰყურებს გადმოსახედი, რომელსაც არაოფიციალურად ალექსეი ნავალნის გადმოსახედი დაერქვა 2021 წლის თებერვალში, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხსნა არასანქცირებული აბრა, და განმარტა, რომ პრაღაში ადგილებს ადამიანების პატივსაცემად სახელებს მათი გარდაცვალების შემდეგ მიანიჭებენ.
2024 წლის თებერვალში რუსულ ციხეში ნავალნის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების შემდეგ, პრაღის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ გადმოსახედს სახელი ოფიციალურად დარქმეოდა.
იან სლოვენჩიკის საპროტესტო ქანდაკება პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 2022 წლის 24 აგვისტოს დაიდგა
მოსკოვში, ჩეხეთის საელჩო, თავის მხრივ, პროტესტისა და ვანდალიზმის სამიზნე გახდა, თუმცა საელჩოს დამცველი რუსული პოლიცია, როგორც წესი, სწრაფად რეაგირებდა თავდასხმებზე. მაგრამ 2025 წლის 30 სექტემბერს, კითხვები გააჩინა პოლიციის რეაგირებამ საელჩოზე მასშტაბურ ვანდალიზმზე, მას შემდეგ, რაც შენობაზე რამდენიმე ადგილას ჩეხურ ენაზე ვულგარული სიტყვები და სურათები დახატეს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ თავდასხმა „მიუღებლად“ მოიხსენია და 29 სექტემბერს X-ზე დაწერა, რომ „ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დიპლომატების დაცვა და წარმომადგენლობითი ოფისების უსაფრთხოება“.
მომდევნო დღეს, ლიპავსკიმ განაცხადა, „ჩემი დღევანდელი წინადადებით, მთავრობამ ჩეხეთში შესვლა აუკრძალა რუს დიპლომატებს და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, რომლებსაც არ აქვთ ჩეხეთის ეროვნული აკრედიტაცია“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ნაბიჯის მიზეზად „დივერსიული ოპერაციები“ დაასახელა.
რუსეთის საელჩო პრაღაში. ზედა მარჯვენა კუთხეში პრაღის ციხე ჩანს
2 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი ლიპავსკის განცხადების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა დაამატა, რომ „ჩეხური მხრიდან ოფიციალური შეტყობინებები ჯერჯერობით არ მიუღიათ. მათ ამ არამეგობრული ქმედების დეტალები არ გაუზიარებიათ, შესაბამისად, ჩვენ ისინი არ გვაქვს“.
ასევე ნახეთ “ჩვენ ვართ, ვინც გააძევა რუსი დიპლომატები”- რას ელის “ქართული ოცნება” ბაბიშის პარტიის გამარჯვებიდან