„სახელმწიფომ თქვა, მოკეტე და შობეო!“ - პუტინის ბიოპოლიტიკა ომის სამსახურში

რუსეთის საავადმყოფოები, ჯანდაცვის სამინისტროს ზეწოლის გამო, უარს ამბობენ აბორტების გაკეთებაზე. ილუსტრირებული ფოტო

ბიოპოლიტიკა - პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს ადამიანის სხეულისა და, ზოგადად, სიცოცხლის მიმართ და, რომელიც მოსახლეობას ბიოლოგიურ მასად მიიჩნევს. პუტინის ბიოპოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალის სხეულისა და აბორტების თემას: აგრესიული ომის მწარმოებელ ქვეყანას საზარბაზნე ხორცი სჭირდება.

2025 წლის ოქტომბერში რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში თითქმის ყველა რაიონულმა საავადმყოფომ უარი თქვა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში აბორტის გაკეთების ლიცენზიაზე. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამიერბაიკალის მხარეში (რომლის ფართობი ექვსი საქართველოს ხელაა) აბორტის ლიცენზია 16 სამედიცინო ორგანიზაციას აქვს. აქედან მხოლოდ ექვსი მდებარეობს რაიონებში (სულ 31 რაიონია), დანარჩენი კლინიკები მხარის დედაქალაქ ჩიტაშია.

ადგილობრივი ექიმების თქმით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიზეზად ასახელებს აღჭურვილობისა და პერსონალის დეფიციტს, რაც აუცილებელია ლიცენზიის შესანარჩუნებლად.

„თუმცა რეალური მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს ზეწოლაა", - განუცხადა ამიერბაიკალის ქალაქ ხილოკის რაიონული საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომელმა რადიო თავისუფლების პროექტის Sibir.Realii-ს რედაქციას, - "შედეგად, ქალები იძულებულნი არიან აბორტის გასაკეთებლად რაიონულ ცენტრში კი არა, მხარის დედაქალაქ ჩიტაში წავიდნენ”.

ამიერბაიკალსკის მხარე რუსეთის მე-10 უდიდესი ფედერალური რეგიონია, რომელიც თითქმის 432 000 კვ. კმ-ს მოიცავს - ოდნავ უფრო პატარაა, ვიდრე შვედეთი. შორეული რაიონები ჩიტადან ასობით კილომეტრითაა დაშორებული. ამასობაში, რუსეთის რამდენიმე სხვა რეგიონის მაცხოვრებლებიც ამბობენ, რომ დიდი ხანია იძულებულნი არიან მეზობელ რეგიონებში გაემგზავრონ, რადგან თავიანთ რეგიონებში, თუნდაც საკუთარი ხარჯებით, არ შეუძლიათ აბორტის გაკეთება

„არ არის არც რეანიმატოლოგი და არც საოპერაციო ოთახი“

რუსეთში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ოფიციალურად აკრძალული არ არის. თუმცა, 2025 წლის ოქტომბრისთვის რუსეთის 25 რეგიონმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს “აბორტის გაკეთებაზე დაყოლიებას”. უახლოეს მომავალში ამ კანონის მიღება იგეგმება ტამბოვსა და ანექსირებულ დონეცკის ოლქებში. კანონპროექტის მიხედვით, დანაშაულად მიიჩნევა „დარწმუნება, თხოვნა, შეთავაზება, მოსყიდვა, მოტყუება, დარწმუნება და მოთხოვნის წაყენება“. როგორც ექსპერტები განმარტავენ, „აბორტისკენ წაქეზებად“ შეიძლება კლასიფიცირდეს თითქმის ყველაფერი.

სამშობიარო საავადმყოფო ბაიკალიის მხარის დედაქალაქში

ამიერბაიკალის მხარეში ეს კანონი 2024 წლის თებერვალში მიიღეს. თუმცა, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული აბორტის ლიცენზიების გაუქმება კიდევ უფრო ადრე დაიწყო. ახლა უბრალოდ გაუქმების პიკია.

„რეგიონის 31 რაიონიდან აბორტი მხოლოდ დედაქალაქსა და კიდევ ექვს საავადმყოფოშია შესაძლებელი. მათ ჯერ კიდევ აქვთ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული აბორტის ჩატარების ლიცენზიები", - ამბობს ანა, ქალაქ ხილოკის საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი (მისი სახელი შეცვლილია კონფიდენციალურობისთვის), - "ჩვენც ჩამოგვართვეს. ოფიციალურად მთავარი ექიმი ეუბნება მცხოვრებლებს, რომ რეანიმაციის სპეციალისტი არ ჰყავს. რეანიმატოლოგისა და სპეციალური საოპერაციო ბლოკის გარეშე ლიცენზიას მაინც ჩამოართმევენ. პერსონალის დეფიციტი მართლაც არსებობს, თუმცა ეს არ არის რეალური მიზეზი. ზემოთ იქნა მიღებული გადაწყვეტილება: „არ არის რეკომენდებული“. ამის შემდეგ გადაეწყნენ და გაათავისუფლეს არაპროფილური პერსონალი - მეანები, გინეკოლოგები.“

საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, ლიცენზიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებები ოფიციალურმა პირებმა მიიღეს და არა თავად საავადმყოფოებმა. ინტერნეტ-გამოცემა Zab.ru-ს ცნობით, ბრძანება გასცა ამიერბაიკალის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა, ოქსანა ნემაკინამ.

ასევე ნახეთ ფეხმძიმე მოსწავლეები, სტუდენტები, მათი დედები... - გამრავლება ყველაფრის ფასად

„დადის ხმები, რომ წელს ჩიტაში კიდევ ორ საავადმყოფოს ჩამოერთმევა ლიცენზია", - ამბობს წყარო, - "რა თქმა უნდა, ისინი ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს თავად „გადაწყვიტეს ლიცენზიის დაკარგვა“.

ამიერბაიკალის მხარის შორეული ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლები დიდი ხანია აღშფოთებულები არიან.

„ჩიტაც და ბორზიც ჩემთვის თანაბრად შორს მდებარეობენ - 1700 კმ-ზე მეტ მანძილზე. სად უნდა წავიდეთ მე და ჩემი მეზობლები კალარსკაიას საავადმყოფოს ნაცვლად?! ირკუტსკში?! რომელიც 500 კილომეტრით უფრო ახლოსაა ვიდრე ჩიტა", - ამბობს სვეტლანა ამიერბაიკალის სოფელ ჩარადან, - "სულ გაგიჟდნენ! უკვე ორი შვილი მყავს და თუ აბების მიღებისას მესამედ დავორსულდები, ვინ გამიზრდის ბავშვს?! სახელმწიფო? ჩემი ქმრის ხელფასი ისედაც არ ჰყოფნის ჩვენს ოთხსულიან ოჯახს. მუდმივად ცვლებში მუშაობს, შემწეობა კი მხოლოდ ყველაზე პატარას ეძლევა. ესეც ფული კი არა, ნამდვილი საცოდაობაა".

აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ აბორტები არ კეთდება

ანას მიერ ნახსენები ირკუტსკის მაცხოვრებლებიც ამბობენ, რომ აბორტის გასაკეთებლად მათთან ჩასვლაც არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონულ ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია კანონი „აბორტზე დაყოლიების აკრძალვის შესახებ“, პრაქტიკაში ქალები იმ ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, რომ მათ ფაქტობრივად არ შეუძლიათ დაუგეგმავი ან არასასურველი ორსულობის შეწყვეტა.

რუსეთის ფედერალური კანონის („მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“) 56-ე მუხლის თანახმად, აბორტი შეიძლება გაკეთდეს სოციალური მიზეზების გამო 22 კვირამდე (მეორე ტრიმესტრი). ლოგიკურად, საკმარისი შემოსავლის არარსებობა სრულიად გამართლებული სოციალური მიზეზია. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ არავინ უღრმავდებოდა ამ დეტალებს ან არგუმენტების დამაჯერებლობას - ქალს აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი სხეული. თუმცა, კანონში არის შენიშვნა, რომ „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სოციალურ მიზეზებს განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის მთავრობა“.

„ყველასთვის ცნობილია, როგორ განსაზღვრავს - სკოლის მოსწავლე გოგონებსაც კი უბიძგებენ ორსულობისა და მშობიარობისკენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სრულწლოვნებზე", - ამბობს თამარა, ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც სპეციალიზებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე (სახელი შეცვლილია მისი უსაფრთხოებისთვის), - "თუ არსებობს სამედიცინო ჩვენებები, იმავე კანონის თანახმად, აბორტი ტარდება ორსულობის ვადის მიუხედავად. პრაქტიკაში, ჩვენ ვხვდებით ექიმებს, რომლებიც პროცედურას 12 კვირამდე აჭიანურებენ, მათ შორის მოტყუებითაც. შემდეგ კი ისინი უარს ამბობენ. რადგან „აბორტის ხელშეწყობილი სამედიცინო ჩვენებების სიას განსაზღვრავს ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო“.

„გაჭიანურებას“ თავად დაზარალებული პაციენტები ადასტურებენ

„ახლა უკვე 24 კვირის ორსული ვარ! და შიშით ველოდები მორიგ სკრინინგს, რადგან თუ პათოლოგია კვლავ დადასტურდება, მაინც მომიწევს მშობიარობა“, - ამბობს ირინა ანგარსკიდან, ირკუტსკის ოლქიდან. მან პირველი სკრინინგი მხოლოდ ორსულობის მე-15 კვირაზე გაიკეთა კერძო, ფასიან კლინიკაში, რადგან მისმა ადგილობრივმა გინეკოლოგმა უარი უთხრა გამოკვლევაზე. ექოსკოპიაზე უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო, - „ნაყოფი ნორმალურად ვითარდება“. მაგრამ შემდეგ სამშობიაროს საავადმყოფოში მოვხვდი, სადაც მითხრეს, რომ დიდი ხანია მჭირდებოდა საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, რადგან ონკოციტოლოგიურმა ტესტმა აჩვენა cin3. ეს ტესტი უფრო ადრე კეთდება ხოლმე, მაგრამ მე მაშინ გავიკეთე, როდესაც აბორტის 12-კვირიანი ვადა უკვე გასული იყო!“

მოგვიანებით, ქალთა კონსულტაციის სახელმწიფო (უფასო) კლინიკის ექიმმა ამ დაგვიანების მიზეზად სკრინინგზე არსებული „გრძელი რიგი“ დაასახელა.

“ვიჩხუბე, რადგან 21-ე კვირაზე, როდესაც მეორე სკრინინგი მაინც გავიკეთე, დამიდგინეს ნაყოფის სახის თანდაყოლილი მანკი (დისპლაზია ან სახის ქსოვილებისა და ორგანოების განუვითარებლობა). შემდეგ კი, აბორტის ნაცვლად, რომლის გაკეთება მინდოდა, გამაგზავნეს განმეორებით ულტრაბგერით გამოკვლევაზე კლინიკაში, სადაც პირველივე ცდაზე მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო! იმავე ექიმმა ამჯერად ორსულობის შეწყვეტა მირჩია. შემეშინდა - ეს ჩემი პირველი ორსულობაა, იპოთეკური სესხი გვაქვს, ქმარი მარტო ვერ დაფარავს“, - ამბობს ირინა, - "ამ დროს კი ასეთ რამეს გვეუბნებიან. ორსულობის შეწყვეტა მინდა, მაგრამ ექიმები ისევ აჭიანურებენ - მათ უნდა შეკრიბონ კომისია, რათა დაადასტურონ, რომ შეუძლიათ საკეისრო კვეთის ჩატარება. საბოლოოდ, კომისიამ, რომელიც ფაქტობრივად ერთი ადამიანისგან, განყოფილების გამგისგან შედგებოდა, მითხრა, რომ ორსულობას არ შეწყვეტდნენ და, რომ 22 კვირაზე მეტის გასვლა ჩემი ბრალი იყო! აბორტის გაკეთების გადაწყვეტილება ისედაც რთული იყო ჩემთვის და ახლა კიდევ ეს. თითქოს საერთოდ არანაირი უფლება არ მაქვს, სახელმწიფო მეუბნება: მოკეტე და შობე“.

ექიმი გინეკოლოგიური განყოფილების საოპერაციო ოთახში, არქივის ფოტო

ირინამ უკვე გაიარა კონსულტაცია ადვოკატთან, რომელმაც ურჩია, რომ თავის სადაზღვევო კომპანიაში დაერეკა და ექიმების უმოქმედობაზე ეჩივლა.

„ადვოკატმა თქვა, რომ თუ სერიოზული გენეტიკური დარღვევაა, ორსულობის შეწყვეტა 22 კვირის შემდეგაც შეიძლება. მაგრამ როდესაც ვკითხე, ნამდვილად დაეხმარებოდა თუ არა საჩივარი, მან გარანტია ვერ მომცა. სასამართლო პროცესი? ძალიან ბევრ დროს დავკარგავ. ალბათ, სხვა რეგიონში უნდა წავიდე და იმედი ვიქონიო, რომ იქ ნორმალური კონსილიუმი იქნება და ექიმები სათანადოდ შეაფასებენ სერიოზული გენეტიკური პათოლოგიის ორ ზედიზედ დადასტურებას“, ამბობს ქალი.

გადარწმუნების ფასი - 20 000 რუბლი

აბორტის უკანონო „ჩუმი აკრძალვების“ მსგავსი შემთხვევები წელს დაადასტურა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, რომელსაც ვოლოგდის ოლქის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და პროკურატურის მიერ ქალების სასარგებლოდ მიღებული დადგენილებების მიუხედავად, რეგიონის კლინიკები კვლავ უარს ამბობენ აბორტის პროცედურებზე. სასამართლომ „სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უკანონო უარის“ სულ მცირე ექვსი საქმე განიხილა და დააჯარიმა რეგიონული სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. თუმცა, რეგიონული მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ქალებს აბორტზე არ უარს ეუბნებიან, არამედ უბრალოდ „აგზავნიან“ მათ სხვადასხვა პერინატალურ ცენტრში. თვითონ კლინიკების პერსონალმა კი სასამართლოში დაადასტურა, რომ მათ „მიიღეს მითითებები ასეთი ოპერაციების შეჩერების შესახებ“.

ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული, სულ მცირე, 33-მა სახელმწიფო და 13-მა კერძო კლინიკამ შეწყვიტა აბორტების კეთება. ამის შესახებ 28 ივნისს თავის Telegram არხზე განაცხადა ნიჟნი ნოვგოროდის სამედიცინო საინფორმაციო სააგენტო „სტატსიონარ-პრესის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ნიკონოვმა:

„ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ 13 კერძო კლინიკა დაარწმუნა, ნებაყოფლობით უარი ეთქვათ აბორტის ლიცენზიებზე. ჯანდაცვის რეგიონული სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა 33-მა კლინიკამ ასევე შეწყვიტა აბორტის ჩატარება“, - დაწერა ნიკონოვმა.

ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ ასევე მიიღო კანონი „აბორტზე დაყოლიების აკრძალვის შესახებ“, მაგრამ ამისთვის ჯარიმები არ დაუწესებიათ. თუმცა, სამაგიეროდ რეგიონის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც მეან-გინეკოლოგებს გადაუხდიან 20 000 რუბლს, თუკი პაციენტს აბორტის გაკეთებას გადააფიქრებინებენ.

ასევე ნახეთ რუსეთში ორსული ქალების რეესტრი იქმნება

იაკუტიამაც ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი აბორტზე „დაყოლიების“ აკრძალვის შესახებ. ადგილობრივ პარლამენტში განხილვისას, ერთ-ერთმა დეპუტატმა, მრავალშვილიანი მამამ, იკითხა, შეეძლო თუ არა მას ცოლისთვის ერჩია, მეექვსე შვილი არ გაეჩინა. აკრძალვის ინიციატორმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში მას დააჯარიმებდნენ, ამიტომ, თუ კატეგორიულად არ სურდა მეტი შვილის ყოლა, ურჩია კონტრაცეფცია გამოეყენებინა. ამ ფონზე, 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაკუტიის ერთ-ერთმა კერძო კლინიკამ უარი თქვა აბორტების ჩატარებაზე. ფაქტის კომენტირებისას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს იყო „კომპლექსური მუშაობის“ შედეგი“.

რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობენ გაზარდონ შობადობის რეკორდულად დაცემული მაჩვენებლები, მაგრამ ამისთვის მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც სპეციალისტების ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. მაგალითად, მოითხოვენ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას „ქმრის ნების საწინააღმდეგოდ“ გაკეთებული აბორტისთვის.

„ქალი, რომელიც ორსულობას ქმრის თანხმობის გარეშე შეწყვეტს, უნდა დაისაჯოს", - განაცხადა მღვდელმა პაველ ოსტროვსკიმ.

ამასობაში, 28 ოქტომბერს, პრიმორსკის მხარის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ მხარი დაუჭირა ვლადივოსტოკისა და პრიმორსკის მხარის მიტროპოლიტ პავლეს ინიციატივას, რომელმაც შესთავაზა კერძო კლინიკებს, ნებაყოფლობით ეთქვათ უარი აბორტების ჩატარებაზე.

კურგანის ოლქის ხელმძღვანელი, ვადიმ შუმკოვი კი მოითხოვს მეან-გინეკოლოგების გადამზადებასა და ტესტირებას, „რათა შეფასდეს სამედიცინო პერსონალის მზადყოფნა, ამშობიარონ ნებისმიერი პაციენტი სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში“. ჩინოვნიკმა, რომლის თქმითაც, ახლა ყალიბდება „ახალი ანტიაბორტული პოლიტიკა“, „სოროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ფონდები, ასევე ჯანმო“ დაადანაშაულა „მოსახლეობის კონტროლის“ პროგრამების დანერგვაში. ვადიმ შუმკოვის თქმით, სამედიცინო პროფესიონალები სწორედ ამ ორგანიზაციების „მავნე გავლენის“ ქვეშ მოექცნენ. გამოცემა UralInfoZavod-ის თანახმად, რეგიონული ჩინოვნიკი აპირებს, კურგუნის ოლქი აქციოს აბორტის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად.

ასევე ნახეთ „ქალები კიდევ დააჩენენ!“ - ბიოლოგიური კონტეინერები რუსეთში

ამასობაში, გამოცემა „ვიორსტკას“ ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ორგანიზაციის აქტივისტებმა დაიწყეს აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება რუსეთის სამხედრო ნაწილებში. ასეთი ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორია მოსკოვში დაფუძნებული ცენტრი „სიცოცხლე“, რომელმაც ლექციაზე სახელწოდებით „სიცოცხლის საჩუქარი“ 500 წვევამდელი შეკრიბა.

„თემამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიჭებზე, რომლებსაც აქამდე კარგად არ ესმოდათ აბორტის ჭეშმარიტი არსი ჩვილთა მკვლელობის სახით“, - ნათქვამია ღონისძიების შესახებ ანგარიშში. ცენტრის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელენა შალიბკოვამ, 24 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ფორუმზე „მამები სიცოცხლისთვის“ იმაზე ისაუბრა, როგორ რეგულარულად სტუმრობენ სამხედრო ნაწილებს მართლმადიდებელი აქტივისტები.