რუსეთში იქმნება „სწორი სათამაშოების“ რეესტრი

"Huggy Wuggy" და სხვა "მონსტრები" ვერ მოხვდებიან "სწორი სათამაშოების" ეროვნულ რეესტრში. მოსკოვი. 2022 წლის 29 დეკემბერი

რუსი ჩინოვნიკები და დეპუტატები „არატრადიციული“ სათამაშოების წინააღმდეგ ირაზმებიან - საბავშვო ბაღებში მხოლოდ „სწორი სათამაშოები“ უნდა მოხვდეს.

რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის, სერგეი კრავცოვის თქმით, სკოლამდელი ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ყველა ძირითადი ფსიქოლოგიური ფუნქციის ჩამოყალიბებაში.

"ამიტომ, - ამბობს მინისტრი, - ჩვენ გვჭირდება იმ სათამაშოების ჩამონათვალი, რომლებსაც საბავშვო ბაღებს ვაწვდით: ყოველი კონკრეტული ასაკისთვის - კონკრეტული ჩამონათვალი. სამწუხაროდ, მაღაზიების თაროებზე კვლავ ვხედავთ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვებში რუსეთისთვის უცხო ღირებულებებს ავითარებენ“.

რუსი ჩინოვნიკები და დეპუტატები „არატრადიციული“ სათამაშოების წინააღმდეგ

10 აპრილს სახელმწიფო დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტატიანა ბუცკაიამ, რუსულ გამოცემა „საპარლამენტო გაზეთთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საყოველთაო დაუდევრობის გამო, ამჟამად რუსეთის სამომხმარებლო ბაზარი სავსეა ბავშვების ფსიქიკისთვის საშიში სათამაშოებით. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, სათამაშოები უნდა აკმაყოფილებდეს ქიმურ და ბაქტერიოლოგიურ სტანდარტებს, მაგრამ კანონმდებლობით ბუნდოვანია ფსიქოლოგიური და სოციალური უსაფრთხოების საკითხები.

„ადრე წარმოებას სახელმწიფო აკონტროლებდა, ამიტომ მშობლებს შეეძლოთ, ეყიდათ სათამაშოები შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ფიქრის გარეშე. ახლა კი რეგულაციების არარსებობამ სათამაშოების თაროები საეჭვო პროდუქციით გაავსო. გამოჩნდა ლურჯი არსება (Huggy Wuggy), რომლისგანაც ბავშვებს ენურეზი ემართებათ, გამოჩნდნენ სათამაშოები უნიტაზის ფორმის თავებით, სათამაშო ტრანსფორმერები, რომლებიც სქესს იცვლიან და ა.შ.“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა, რომლის თქმითაც, უსაფრთხო სათამაშოების მკაფიო კრიტერიუმებია შემოსაღები.

სახელმწიფო დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტატიანა ბუცკაია

ბავშვთა სათამაშოების „ტრადიციულ ღირებულებებთან“ შესაბამისობას განიხილავენ რუსეთის განათლების სამინისტრო და ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო „როსკაჩესტვოც“. 18 მარტს რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი სათამაშოების სია დამტკიცდება განათლების ათწლიანი (2026-2036 წლამდე) სტრატეგიის ფარგლებში. დოკუმენტში, რომელიც 2026 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში, სათამაშოების სიის გარდა, გაწერილი იქნება ბავშვების პატრიოტული აღზრდის ერთიანი პროგრამაც.

2025 წლის აპრილში რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, რუსეთის ბავშვთა ყოფილმა ომბუდსმენმა ანა კუზნეცოვამაც დააანონსა, რომ სახელმწიფო აპირებს ბავშვთა სათამაშოების სავალდებულო სოციალურ-ფსიქოლოგიური შემოწმების დაწყებას და იმ სათამაშოების მარკირებას, რომლებიც ამ შემოწმებას ვერ გაივლიან.

დეპუტატმა კუზნეცოვამ განაცხადა, რომ კანონი განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს (წარმოადგენს) „პატრიოტული შინაარსის საქონელი“, „როსკაჩესტვოს“ კი მოუწევს, იზრუნოს სათამაშოების ეროვნული სტანდარტის შემუშავებაზე.

დეპუტატის თქმით, აიკრძალება:

  • სათამაშოები, რომლებიც „საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს;
  • სათამაშოები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების სურვილს აღვივებენ;
  • სათამაშოები, რომლებიც მიმართულია სექსუალური აქტივობისკენ, ოჯახური ღირებულებების უარყოფისკენ, ძალადობის დასაშვებობის გამართლებისკენ.


რუს დეპუტატებს ასეთი „მავნე სათამაშოების“ კონკრეტული ეგზემპლარები არ დაუსახელებიათ. თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, ბევრს გაახსენდა Huggy Wuggy-ის ხავერდის მონსტრების აკრძალვის მცდელობა. „მონსტრებს“ დიდი ხანი ამოწმებდნენ „ფსიქიკაზე დესტრუქციული ეფექტების“ დასადგენად, თუმცა ბოლოს ისინი რუსეთის მაღაზიებიდან „მასალის ტოქსიკურობის გამო“ ამოიღეს.

"სწორი სათამაშოები"

როგორი უნდა იყოს რუსი ბავშვისთვის „სწორი“ სათამაშო? - ბოლო დროს თითქმის ყველა ამაზე ლაპარაკობს. თანაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს ინიციირებული საერთო ეროვნული კონკურსის, „რადნაია იგრუშკის“ („მშობლიური სათამაშოს“) ფონზე. კონკურსის ორგანიზატორი აღორძინებული საბჭოთა ბრენდია - საზოგადოება „ზნანიე“, რომელიც პარალელურად მასპინძლობს სამხედრო-პატრიოტული ლექციების ციკლს. ცოტა ხნის წინ, სკოლის მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, რომელმაც დიდხანს ისაუბრა დასავლეთზე, როგორც „ატლანტიკურ იმპოტენტებსა“ და „ზოოლოგიურ დეგენერატებზე“.

ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის

„მშობლიური სათამაშოს“ კონკურსის ჟიურის კიდევ ერთი წევრია საბჭოთა პიონერული ორგანიზაციის ანალოგის, „პირველების მოძრაობის“ ხელმძღვანელი არტურ ორლოვი, რუსეთის გმირი, რომელიც სატანკო ძალების შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

კონკურსის მიზანია, ისეთი ახალი სათამაშოების შერჩევა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბავშვებში „სულიერებისა“ და „პატრიოტიზმის“ ზრდას. საგანგებოდ კონკურსისთვის შექმნილი ვებგვერდის მიხედვით, „როდნაია იგრუშკის“ მთავარი თემებია:

  • ოჯახი, სულიერი და მორალური ღირებულებები - ბავშვში ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა პასუხისმგებლობა, მზრუნველობა, სიკეთე, გულისხმიერება და შრომისმოყვარეობა;
  • რუსეთის ისტორია და კულტურა - მშობლიური ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, დიდი მიღწევების, უნიკალური მრავალეროვნული კულტურისა და ბუნებრივი რესურსების გაცნობა;
  • 21-ე საუკუნის გმირები - ბავშვებისთვის მისაბაძი სამამულო სახეების შექმნა და ისეთი პროფესიების პოპულარიზაცია, რომელთა მიზანია სამშობლოს დაცვა და ადამიანების გადარჩენა;
  • ტექნოლოგიური გარღვევები - ბავშვებში სამეცნიერო, ტექნიკური და საინჟინრო აზროვნების განვითარება.


ამ ეტაპზე ნიმუშების დათვალიერება ჯერ შეუძლებელია. მიღებული განაცხადების შესაბამისად შექმნილი მოდელები 2025 წლის მაისის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად, ხოლო სამუშაო პროტოტიპები - აგვისტოს შუა რიცხვებისთვის. თუმცა როგორც რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ის თანამშრომლები წერენ, სათამაშოების ფორმისა და ფუნქციონალურობის შესახებ პროექტების სახელწოდებებითაც შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენის შექმნა:

„კნუტები ოსტატთა ქალაქიდან: ხოხლომიონოკი, გჟელკა, გოროდეცი“, „ფუმფულა მცველები“, „თავაზიანი დათუნიები“, „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეცრაზმი“, სამაგიდო თამაში „მენდელეევის სიზმრები“, „მიშუტკა ლომონოსოვის ბიზიბორდები“ (busy board), „თაობების მეხსიერება: 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის გმირი ბავშვები“.

გამარჯვებულებს დაეხმარებიან, თავიანთი პროდუქცია გამოფინონ „ბავშვთა სამყაროს“ სპეციალურ თაროებზე ან OZON-ის ონლაინ პლატფორმაზე. ჯერჯერობით ასევე უცნობია, შეიტანენ თუ არა გამარჯვებულ პროექტებს საბავშვო ბაღებისთვის დამტკიცებულ სათამაშოების რეესტრში, თუმცა რუსეთის განათლების მინისტრს, კრავცოვს, იმედი აქვს, რომ ასეც მოხდება.

საქმე ისაა, რომ რუსეთში წარმოებული სათამაშოები მაღაზიებსა და ბაზრობებზე გაყიდული სათამაშოების არაუმეტეს 10-15%-ს შეადგენს - დანარჩენი სხვა ქვეყნებიდან, ძირითადად ჩინეთიდანაა შეტანილი. კონკურსს გულშემატკივრობს და მხარს უჭერს მწერალი და პროდიუსერი ოლეგ როი:

„კონკურსი „მშობლიური სათამაშო“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ ისეთი სათამაშოს შექმნას, რომელიც ბავშვის ხელს მოეწონება, არამედ ისეთის, რომელიც მას ხვალინდელი და დღევანდელი დღის მნიშვნელობას მისცემს, გაუღვივებს სამშობლოს, სახელმწიფოს რწმენის სიყვარულის. მრავალეროვნულობა, ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულება - ეს ყველაფერი სათამაშოშია ჩადებული, ამიტომ სათამაშოები იმთავითვე ზუსტად ამ გზავნილებს უნდა ატარებდნენ. შემდეგ კი როგორც ანიმატორები, მხატვრები, დიზაინერები, დედები და მამები - ჩვენ სრულვყოფთ, შევავსებთ და დავასრულებთ მათ.“

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ჩამოერთვას თვითგამოხატვის უფლება.“

რუსეთში დღეისათვის საბავშვო ბაღებისთვის სათამაშოებს, როგორც წესი, დაწესებულების ადმინისტრაცია ყიდულობს. ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს მიღებულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებას მეთოდისტები და პედაგოგები აკვირდებიან.

„სწორი სათამაშოების“ რეესტრის შექმნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება აღარ ენდობა ამ ადამიანებს სათამაშოების არჩევაში?

ეს კითხვა The Current Time-ის (რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" ერთობლივი პროექტი) რედაქციამ დაუსვა მწერალს, მასწავლებელსა და არაფორმალური განათლების ინსტიტუტის, INO-ს დამფუძნებელს, დიმა ზიცერს.

„ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლება საერთოდ აღარავის აღარ ენდობა. ყველაფერი გააკეთეს ხალხის გამოსათაყვანებლად, მათში „მეობისა“ და პიროვნულობის ნიშნების ჩასაკლავად, აქტიური სამოქალაქო და ცხოვრებისეული პოზიციის გარეშე დასატოვებლად. ახლა ისინი იმყოფებიან იმ ეტაპზე, როდესაც ყველაფრის კონტროლი უწევთ, - ამბობს დიმა ზიცერი, - დღეს ისინი სათამაშოების სიას ადგენენ. არ ვიცი, აქამდე მართლა (დე ფაქტო ) მივა თუ არა საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმპტომურია საკითხის დე იურე მხარე - თავად საკითხის ფორმულირებაა სიმპტომური, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება პრაქტიკაში.“

მწერალი, მასწავლებელი და არაფორმალური განათლების ინსტიტუტის დამფუძნებელი დიმა ზიცერი

დიმა ზიცერის თქმით, ძნელი სათქმელია, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები რომელ სათამაშოებს ჩათვლიან შეუფერებლად და რომელს - არა.

„იტყვიან, გინახავთ ბარბი? შეგიძლიათ აუწიოთ ქვედაბოლო და გახადოთ ტრუსი. განა ეს საქმეა?! ან რომელიმე სხვა ამერიკული SpongeBob-ი მიიპყრობს მათ ყურადღებას. მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ „საბაბია“. საქმე სულ სხვა რამეშია. მათ უნდა ყველაფრის ერთიანად გადასწორება“.

მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივაში არანაირი „საგანმანათლებლო ლოგიკა“ არ არის: „თუმცა იმ პირობებში, როცა ყოველ მომდევნოს ეშინია წინასი, ყოველ ქვემდგომს კი ზემდგომისა, იოლად ხდება ადამიანების ამგვარ ინიციატივებზე პროვოცირება. ყველა ცდილობს, იყოს თვით პუტინზე უფრო აქტიური, ცდილობს გამოიცნოს, რას მოელიან მისგან, ამიტომაც მიდიან ამგვარი გზით“.

დიმა ზიცერი მიიჩნევს, რომ პროპაგანდა შემთხვევით არ ამახვილებს ყურადღებას საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებზე. მისი თქმით, ეს კარგად გააზრებული სტრატეგიაა:

„ამ საკითხზე ჩატარებული ყველა აკადემიური კვლევა აჩვენებს, თუ ადამიანი 7 წლის ასაკამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ინდოქტრინებული, ეს გავლენა მას სამუდამოდ დააჩნდება. ამიტომ, მეშინია, რომ იმ იდიოტებში, რომლებთანაც საქმე გვაქვს, არიან ისეთები, რომლებიც აბსოლუტურად ფაშისტურ რჩევებს იძლევიან.“

ასევე ნახეთ ყაზარმაში დაბადებულები. ავტომატი და დრონი რუსეთის სკოლებში

ზიცერი იხსენებს 2024 წლის ოქტომბერს, როცა სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა „მხარი დაუჭირა“ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის ინიციატივას, საბავშვო ბაღებშიც გაიმართოს პატრიოტული აღზრდის მეცადინეობები.

„ნოვაია გაზეტა. ევროპის“ მონაცემებით, იმავე 2024 წლის განმავლობაში რუსეთის საბავშვო ბაღებში 200 000-ზე მეტი „პატრიოტული ღონისძიება“ გაიმართა, მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც უკრაინის ომის ვეტერანები მონაწილეობდნენ.

„მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ზემოდან მოდის. არა მხოლოდ სათამაშოების აკრძალვა, არამედ მთლიანად ტენდენცია, - ამბობს პედაგოგი, - სწორედ ამიტომ იმართება აღლუმები, სწორედ ამიტომ დგებიან მუხლებზე, სწორედ ამიტომ ტარდება პატრიოტული გაკვეთილები „ყველაზე მნიშვნელოვანზე“ და სწორედ ამიტომ ინერგება პატრიოტული განათლება საბავშვო ბაღებში. ამის გამოსწორება ძალიან, ძალიან რთული იქნება.“