2023 წლის თებერვალში მორდვიჩევმა ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის თანამდებობაზე შეცვალა ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებდნენ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და ომის მომხრე რუსი ბლოგერები.
რუსეთის არმიის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის თანამდებობაზე დანიშვნიდან შვიდი თვის თავზე, 2023 წლის სექტემბერში, მორდვიჩევს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
2025 წლის 15 მაისს ვლადიმირ პუტინმა სახმელეთო ჯარების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალი ოლეგ სალიუკოვი, რომელიც ანდრეი მორდვიჩევმა შეცვალა.
არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი
ომში ახალგაზრდა გენერლის სწრაფი კარიერული ზრდის მთავარ ეტაპებად ითვლება მარიუპოლის აღება და „ხორცების იერიშის“ ტაქტიკის დახვეწა, რის შედეგადაც რუსმა სამხედროებმა 2024 წლის თებერვალში ჯერ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს პოკროვსკის მიმართულებით. ავდეევკის აღებისთვის პუტინმა პირადად შეაქო გენერალი მორდვიჩევი, მოგვიანებით კი ხელი მოაწერა გენერლის „რუსეთის გმირის“ ვარსკვლავით დაჯილდოების ბრძანებულებას.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ მორდვიჩევისთვის უცხო არაა არმიასა და ბრძოლის ველზე ისეთი ახალი ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენება, როგორიცაა დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები.
„სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის რანგში, მორდვიჩევი განიხილება ვალერი გერასიმოვის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ ან გენერალური შტაბის უფროსის, ან უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდლის თანამდებობაზე. გარდა ამისა, მორდვიჩევს, თავის წინამორბედებთან შედარებით, უკეთესად ესმის ომის მიმდინარეობა და ახალი ტექნოლოგიური მიღწევების მნიშვნელობა“, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე რობ ლი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute , FPRI) მკვლევარი.
ანდრეი მორდვიჩევი (დაბ. 1976 წ.) - 1997 წელს დაამთავრა ნოვოსიბირსკის უმაღლესი საერთო-სამეთაურო სასწავლებელი, 2006 წელს - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საერთო საჯარისო აკადემია, 2016 წელს - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. 2017 წელს იყო სამხრეთ-სახალინის გარნიზონის ხელმძღვანელი; 2018 წელს დაინიშნა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე საერთო საჯარისო არმიის სარდლის პირველ მოადგილედ და შტაბის უფროსად; 2019–2022 წლებში — სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-8 არმიის სარდლის პირველი მოადგილე, შემდეგ სარდალი; 2022 წლის გაზაფხულზე მეთაურობდა რუსეთის არმიის დაჯგუფებას მარიუპოლისათვის ბრძოლებში; 2022–2023 წლებში — რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, შემდეგ სარდალი; 2023 წლის 7 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება; 2025 წლის 15 მაისიდან — რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი. ჯილდოები: რუსეთის ფედერაციის გმირი (2024 წლის მარტი); ორდენი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხი; ალექსანდრე ნეველის ორდენი; ჟუკოვის ორდენი; მამაცობის ორდენი; ორდენი „სამხედრო დამსახურებისთვის“; ორდენი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ II ხარისხი; სუვოროვის მედალი.
„სხვა პრეტენდენტებს შორის, მორდვიჩევს ყველაზე მეტი საბრძოლო გამოცდილება და მზარდი გავლენა აქვს“, - მიაჩნია დარა მასიკოტს, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის უფროს მკვლევარს.
მარიუპოლი, ქუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, 2022 წლის 7 მარტი
2022 წლის 18 მარტს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაშინდელმა მრჩეველმა და ბლოგერმა ოლექსი არესტოვიჩმა, რომელიც ამჟამად უკრაინის სანქციების ქვეშაა, გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში მორდვიჩევის გარდაცვალების შესახებ, რომ თითქოსდა რუსი გენერალი ჩერნობაევკის აეროდრომის დაბომბვისას დაიღუპა. ამ ხმების გასაქარწყლებლად, მარტის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც გენერალი მორდვიჩევი მარიუპოლში იყო გადაღებული.
ასევე ნახეთ კადიროვი ჩეჩნეთის დატოვებას აპირებს?არადა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მორდვიჩევი მართლა შეიძლებოდა დაღუპულიყო, ოღონდ რამდენიმე კვირის შემდეგ. როგორც რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ 2025 წლის იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო -სამედიცინო სამმართველოს მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ჟურნალისტური გამოძიების დროს აღმოაჩინა, 2022 წლის 11 აპრილს მორდვიჩევი მარიუპოლის მახლობლად მართლაც დაიჭრა მარცხენა მუხლის სახსარში (მიიღო გამჭოლი ჭრილობა ჭურვის ე.წ. ბრმა ნამსხვრევით). დაჭრილი გენერალი გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, იქიდან კი დონის როსტოვის 1602-ე სამხედრო კლინიკურ საავადმყოფოში, საიდანაც გაწერეს ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 11 მაისს, „აზოვსტალის“ დაცემამდე და რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის სრულ აღებამდე სულ რაღაც ცხრა დღით ადრე.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გენერალი მორდვიჩევი პირადად ესწრებოდა მარიუპოლის დამცველების ტყვედ ჩაბარების პროცესს. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ის რეაბილიტაციისთვის გაემგზავრა ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ საკიში მდებარე პიროგოვის სახელობის სანატორიუმში.
ქალაქი ავდეევკა. ანდრეი მორდვიჩევის მთავარ „მიღწევებს“ შორის ანალიტიკოსები ასახელებენ ავდეევკის აღებას, რასაც წინ უძღვოდა ქვეითი ჯარის მრავალრიცხოვანი იერიში.
სწორედ მარიუპოლის მოვლენებთან და „აზოვსტალის“ ალყასთან კავშირის გამოა მორდვიჩევი ეჭვმიტანილი ომის დანაშაულების ჩადენაში: როგორც უკრაინის პროკურატურა იუწყება, უშუალოდ გენერლის მითითებით გაანადგურეს რუსეთის ჯარებმა „სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა“. გარდა ამისა, როგორც პროკურატურის გამომძიებლები აცხადებდნენ, მორდვიჩევი მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელზეც პრორუს „ბოევიკებთან“ და ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვთან თათბირის შემდეგ დამტკიცდა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ იერიშით აღების გეგმა. ამის შესახებ საუბარია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის, 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც.
რამზან კადიროვი (მარცხნივ) და ანდრეი მორდვიჩევი
რუსეთის პროპაგანდისტული არხები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ გენერალ მორდვიჩევის მისამართით. „მორდვიჩევმა საზარბაზნე-სახორცე იერიშების ტაქტიკა მთავარ ტაქტიკად აქცია. სწორედ ქვეითი ჯარის დაუსრულებელი იერიშების წყალობით მოახერხეს რუსეთის ჯარებმა პოკროვსკამდე მიღწევა“, - დაწერა Telegram არხმა „ნეზიგარმა“.
„მორდვიჩევის, ომის ზონაში სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სარდლისა და სიტუაციის ფხიზელი შემფასებლის, დანიშვნა სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე ძველი სამხედრო სკოლის წარმომადგენლის, სალიუკოვის ნაცვლად, იმის ნიშანია, რომ სახმელეთო ჯარებში ახალმა სიომ დაუბერა და რომ ჯარებსაც მოუწევთ თანამედროვე სტანდარტებამდე ამაღლება“, - აღნიშნა Telegram არხმა „დვა მაიორამ“.
ასევე ნახეთ ვის მიიჩნევენ რუსები მთავარ მტრად: აშშ პირველ სამეულშიც კი აღარ არისივან ფილიპოვი, Telegram არხ „ნა Zzzzzაპადნომ ფრონტე ბეზ პერემენის" ავტორი, რომელიც თავს უყრის Z-ბლოგერების რეაქციებს სხვადასხვა მოვლენაზე, ასევე აღნიშნავს რუსი „ომის კორესპონდენტების“ აღფრთოვანებას მორდვიჩევის სახმელეთო ჯარების სარდლად დანიშვნის გამო, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ არც ისე დიდი ხნის წინ იგივე ადამიანები წყევლა-კრულვას არ იშურებდნენ იმ რუსი სამხედრო მეთაურების მისამართით, რომლებიც სწორედ ამ „საზარბაზნე ხორცების იერიშების“ ტაქტიკას მიმართავდნენ:
„იხსენებენ, როგორ აიღო გენერალმა ავდეევკა და როგორ მიიღო მან ამის გამო პრეზიდენტ პუტინისგან გმირის ვარსკვლავი. თუმცა, რატომღაც, სამხედრო არხები, მათდა სამარცხვინოდ, დღეს არ იხსენებენ იმ დანაკარგებს, რომლებიც ავდეევკისთვის ბრძოლებს ახლდა თან. უცნაური ის არის, რომ მაშინ მოურიდებლად წერდნენ სისხლისმღვრელ იერიშებსა და დამწვარი ტექნიკის კოლონებზე, ხოლო ვოლონტიორმა და z-ავტორმა ანდრეი „მურზ“ მოროზოვმა საერთოდ თავი მოიკლა სწორედ ავდეევკასთან დანაკარგების მასშტაბის შესახებ დაწერილი ტექსტის გამო, მაგრამ არა, დღეს z-არხები ამაზე ხმას არ იღებენ“, - დაწერა ივან ფილიპოვმა.
როგორც დასავლური მედია, ასევე რუსი „ომის კორესპონდენტები“ ვარაუდობენ, რომ რუსეთის სარდლობაში ცვლილებები გარკვეულ კავშირშია რუსეთ-უკრაინის განახლებულ მოლაპარაკებებთან, რომლის მორიგი ეტაპი დაიწყო სტამბოლში გამართული შეხვედრით.
ასევე ნახეთ სტამბოლში დაიწყო უკრაინა-აშშ-თურქეთის მოლაპარაკება„მორდვიჩევის ამ დანიშვნით, რომელიც დროში დაემთხვა სტამბოლის შეხვედრას, ვლადიმირ პუტინმა ოპონენტებს უთხრა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ომის გამარჯვებით დასრულება და რომ ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების ინტენსივობა და ეფექტიანობა გაიზრდება არა მხოლოდ პოკროვსკის მიმართულებით, არამედ მთელ ფრონტზე“, - დაწერა „ომის კორესპონდენტმა“ რომან ალიოხინმა.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით კი, შესაძლოა ვლადიმირ პუტინმა სარდლობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევისთვის მზადების ფარგლებში, რომელიც, სამხედრო ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყება.
ასევე ნახეთ ყირიმელი თათრების დეპორტაცია - გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება