„აღნიშნულის თაობაზე სომხეთში საქართველოს საელჩოს აცნობეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა, თუმცა, სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება საელჩოს დღემდე მიღებული არ აქვს“, - მისწერეს რადიო თავისუფლებას პრესცენტრიდან.
„საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე“, - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გიორგი კინოიანის ძმის, ვაკო კინოიანის ცნობით, იგი რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ერევანში საქართველოს საელჩოს, სადაც უთხრეს, რომ ინფორმაცია აქვთ და შესაბამისი სტრუქტურები ჩართული არიან ამ საკითხში.
სომხეთში ელჩის პოსტს გიორგი შარვაშიძე იკავებს. მან ამ საკითხზე "ტვ პირველის" სატელეფონო კითხვებს არ უპასუხა.
ასევე ნახეთ სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში იბრძოდასომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.
პრესსპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვრის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს შესაძლო ექსტრადიციის შესახებ კითხვებით.
„ექსტრადიციის შემთხვევაში, ყველამ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, არაადამიანური მოპყრობის რისკია. მე პირადად უფრო ცუდ ფიქრებში ვარ… საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას“, - ეუბნება ვაკო კინოიანი რადიო თავისუფლებას.
საგარეო უწყებას ასევე ვკითხეთ: გეგმავს თუ არა საქართველოს საელჩო, მოითხოვოს გიორგი კინოიანის საქართველოსთვის გადმოცემა. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ასევე ნახეთ სომხეთმა რუსეთს შეატყობინა, რომ უკრაინაში ბრძოლისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა