​​„თავმოჭრილი ქალი​“

ავტორი: ​​სამირა ბაირამოვა, აქტივისტი​ 

„თავმოჭრილი​ ​ქალი“ - ეს გამონათქვამი პირველად კახეთში​, ​აზერბაიჯანულ​ ​სოფელში​ ​მოვისმინე. ადგილობრივების სოციალური​ ​მდგომარეობის​ ​შესახებ ვიდეოს ვიღებდით და იქაურებს თავიანთ ყოფაზე ვეკითხებოდი.​

თავდაპირველად​ ​ამ​ ​სიტყვების​ ​აზრი​ ​სწორად​ ​ვერ​ ​გავიგე, თავში ტრაგიკულმა​ ​სურათმა​ ​გამიელვა​, ​მაგრამ,​ ​როცა​ ​ქალს​ ამ​ ​გამოთქმის​ ​მნიშვნელობა ვკითხე​, ​მოსმენილმა​ ​ღრმად​ ​შემძრა.

ჩვენი​ ​საუბარი​ ​ასე​ ​დაიწყო​:

– ​როგორც ქალმა, შეგიძლიათ გვესაუბროთ სოფელში​ ​მცხოვრები​ ​ქალების​ ​სოციალურ​ ​სირთულეებზე​?
– ​არა​, ​მე​ “​თავმოჭრილი ქალი" ვარ.​
– ​ეს რას​ ​ნიშნავს​?
– ​გაშორებული​ ​ვარ​, ​ორი​ ​შვილი​ ​მყავს​. ​საუბრის​ ​უფლება​ ​არ​ ​მაქვს​.

ეს​ ​მოკლე დიალოგი​ ​ქარიშხალივით​ ​დამეჯახა.​ ​ის​, ​რომ​ ​ქალმა​ ​საკუთარი​ ​თავი​ ​ასე​ ​წარმიდგინა, მიმანიშნებდა, რომ მას იმედი გადაწურვოდა და აღარავისთვის გრძნობდა თავს საჭიროდ. არც​ ​პროტესტი​, ​არც​ ​აჯანყება​ - მხოლოდ​ ​სიღრმიდან ამოსული ტკივილი. იქნებ​ ​ეს​ ​შეგრძნება​ ​ჩემი​ ​ქალობიდან​ ​გამომდინარეობდა​, ​ჩემი​ ​სურვილიდან​, ​რომ​ ​ქალის​ ​უფლებები დამეცვა. იქნებ​ ​ეს​ ​სინანულისა​ ​და​ ​შინაგანი​ ​დისკომფორტის​ ​გამოძახილი​ ​იყო​? ​არ​ ​ვიცი​. ​მაგრამ​ ეს​ ​ორი​ ​სიტყვა​ - „​თავმოჭრილი​ ​ქალი“ - ​დღეების​ ​განმავლობაში​ ​ყურში​ ​ჩამესმოდა​ ​და​ ​მანამდე ​უცნობ​, ​მწარე​ ​განცდებს​ ​მიღვივებდა.

შემდგომ​ ​საუბარში​ ​ქალს​ ​თავის ოცნებებზე​ ​ვკითხე​. ​პასუხი​ ​უბრალო​ ​და​ ​მტკივნეული​ ​იყო​: „​არ​ ​ვიცი​.“ ​მისი​ ​ცხოვრების​ ​ყველა​ ​გადაწყვეტილება​ ​კაც​ ​ნათესავებზე​ ​იყო​ ​დამოკიდებული​. ​მას​ ​მხოლოდ​ ​ერთი​ ​ოცნება​ ​ჰქონდა​: ​საკუთარი​ ​ღირსება ​არ​ ​შეელახა​ ​და ნათესავი კაცების​ ​სახელი​ ​არ​ ​გაეტეხა. მისი​ ​ერთადერთი​ ​სურვილი​ ​იყო​ ​"სუფთა​ ​სახელით​“ ​სიცოცხლის​ ​გაგრძელება​ - ​ოღონდ​ ​სიცოცხლე​ ​არ წაერთმიათ, უბრალოდ ეცოცხლა, არ​ ​მოეკლათ​.

მე​ ​ჩემს​ ​ცხოვრებაზე​ ​მოვუყევი​. ​ვუთხარი​, ​რომ​ ​არცერთი​ ​კაცი​ ​ნათესავი​ ​ჩემს​ ​არჩევანში​ ​არ​ ​ერეოდა​, ​ვერც ბედავდნენ​ ​და​ ​თუკი​ ​ეცდებოდნენ​, ​უშედეგოდ​. ​შემომხედა​ ​და​ ​გამიღიმა​: „​ჩვენ​ ​აქ​ ​მაინც​ ​ასე​ ​გავაგრძელებთ​. ​იქნებ​ ​ოდესმე​ ​რამე​ ​შეიცვალოს​, ​მაგრამ​ ​მე არაფრის​ ​შეცვლა​ ​არ​ ​შემიძლია​. ​მე​ ​ვერ​ ​გავაპროტესტებ“, - მიპასუხა მან​.

ენა​ ​კვლავ​ ​რჩება​ ​ერთ​-​ერთ​ ​მთავარ​ ​იარაღად​, ​რომელიც​ ​აყალიბებს ინდივიდის​ ​და​ ​საზოგადოების კოლექტიურ​ ​მსოფლმხედველობას​. ყველა​ ​გამოთქმა​ ​იმ​ ​ხალხის​ ​კულტურისა​ ​და​ ​სოციალური​ ​ყოფის​ ​სარკეა​, ​რომელიც ​მას​ ​იყენებს​.

შემდგომში​ ​გავარკვიე​: ​ლიტერატურასა​ ​და​ ​ზღაპრებში​ "თავმოჭრილი ქალი​“ გმირობის​ ​განადგურების​, ​ქალის​ ​ბრძოლის​ ​ჩახშობის​ ​სიმბოლო​ ​ყოფილა​. ​ხალხურ​ ​საუბარში​ ​კი​ „თავმოჭრილს“ დაუფიქრებელ, ​არათანმიმდევრულ ადამიანს​ ​ეძახდნენ - ქალსაც და კაცსაც​. ​მაგრამ​ ​გაშორებული​ ​ქალისთვის​ "თავმოჭრილის“ დაძახება ​– ​თან​, ​როცა​ ​ამას​ ​თავად​ ​ამბობს​ - ​ყველაზე​ ​მძიმე​, ​დამამცირებელი​ ​შეფასებაა.

ეს​ ​გამოთქმა​ ​ქალს​ ​არა​ ​როგორც​ ​ინდივიდს​, ​არამედ​ ქმარზე​ ​დამოკიდებულ​ ​არსებად​ ​ხედავს​. ​თუ​ ​ქმარი​ ​არ​ ​ჰყავს​, ​ქალი​ „​უთავოა​“ – ​ანუ​ ​არასრული​. ​ეს​ ​სიტყვა​ ​ანგრევს​ ​ქალის ​თავდაჯერებულობას​, ​სირცხვილში​ ​და​ ​შინაგან​ ​იზოლაციაში​ ​აგდებს​. ​როგორ​ ​შეძლებს​ ​საზოგადოებისთვის​ ​ჯანსაღი​ ​თაობის​ ​აღზრდას​ ​ქალი​, ​რომელიც​ ​ასეთი მძიმე სტიგმის ტვირთის​ ​ქვეშ არის გატეხილი​?

ჩვენს​ ​ენაში​ ​არსებობს​ ​ათეულობით​ ​ნეიტრალური​ ​სიტყვა​ ​ქალისთვის​, ​რომელსაც​ ​ქმარი​ ​აღარ​ ​ჰყავს​. ​მაგრამ​ ​რატომღაც​ ​ყოველთვის​ ​ყველაზე​ ​მძიმე​, ​ყველაზე​ ​ბასრ ​სიტყვას​ - „თავმოჭრილს”​ ​- ​ირჩევენ​ ​და​ ​ეს​ ​სიტყვა​ ​ქალს​ ​აუქმებს​, ​საგნად​ ​აქცევს​. ​ჩვენი​ ​საზოგადოება ბევრნაირი​ ​კაცისა​ ​და​ ​ქალისგან​ ​შედგება​. ​ყველას ​თავისი​ ​ისტორია​ ​და​ ​ცხოვრების​ ​წესი​ ​აქვს​. ​კაცსაც​ ​შეიძლება​ ​დაეღუპოს​ ​მეუღლე​, ​შეიძლება​ ​გაშორდეს​, ​მაგრამ​ ​მას​ ​"თავმოჭრილ კაცად" არავინ​ ​ჩათვლის​, ​არასრულფასოვნად​ ​არავინ​ ​აღიქვამს​.

ამაზე ვფიქრობდი​ ​და​ ​კიდევ​ ​ერთი​ ​ამბავი​ ​გამახსენდა​, ​ერთ​-​ერთი​ ​განათლებული​, ​საზოგადოებაში​ ​პატივცემული​ ​კაცის​ ​სიტყვები​: „​შენ​ ​თავისუფალი​ ​ქალი​ ​ხარ​, ​რატომ​ ​ეწინააღმდეგები​ ​ჩემთან​ ​პირად​ ​ურთიერთობას?“ - მკითხა მან. რა გამოდის​, ​განათლებული​ ​კაცისთვის​ ​ქალის​ ​თავისუფლება​ - საკუთარი​ ​აზრის​ ​ქონა​, ​გაბედული​ ​ქცევა​ - ​ნიშნავს​ ​იმას​, ​რომ​ ​ქალი​ ​ნებისმიერ​ ​დროს​ ​მზად​ ​უნდა​ ​იყოს​ ​მამაკაცთან​ ​ურთიერთობისთვის​? ​მაშ, რა​ ​განსხვავებაა გაუნათლებელ​ ​კაცსა​ ​და​ ​განათლებულს​ ​შორის, თუკი ორივე​ ​ქალს​ ​არა​ ​როგორც​ ​პიროვნებას​, ​არამედ​ ​როგორც​ ​საგანს, რაღაცის საშუალებად აღიქვამს​.

“​თავმოჭრილი​ ​ქალი“​ ​მხოლოდ​ ​ენობრივი​ ​ერთეული​ ​კი​ ​არ არის​, ​ეს​ ​არის​ ​იმ​ ​ფარული​ ​ბორკილების​ ​სახელი​, ​რომლებსაც ქალებს ადებენ. ​ეს​ ​გამოთქმა​ ​აქრობს​ ​ქალს​, ​უარყოფს​ ​მის​ ​დამოუკიდებელ​ ​პიროვნებას​, ​მას​ ​ფასეულად მხოლოდ​ ​კაცის​ ​არსებობით​ ​მიიჩნევს​. ​არადა​ ​ქალი​ - ​ოჯახური​ ​სტატუსის​ ​მიუხედავად​ - ​სრულყოფილია​, ​მთლიანია​ ​და​ პატივსაცემი. სანამ საზოგადოება ასეთ გამოთქმებს გამოიყენებს, მანამ ის უარს იტყვის აღიაროს ქალი დამოუკიდებელ​, ​ძლიერ და​ ​ღირებულ ადამიანად.

ასევე ნახეთ ქალებს კვლავ კლავენ - რატომ არის დამნაშავე სახელმწიფოც?