ალექსიევიჩი ლუკაშენკასა და პუტინზე: ორი პატარა დიქტატორი, რომელთა წინაშე მსოფლიო უძლურია

სვიატლანა ალექსიევიჩი, ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

13 სექტემბერს ბერლინში გაიმართა საჯარო შეხვედრა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთან, ბელარუსელ მწერალ სვიატლანა ალექსიევიჩთან, რომელსაც უმასპინძლეს Berliner Festspiele-ის დიდ დარბაზში 25-ე ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში.

რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა თავი მოუყარა სახელოვანი მწერლის ციტატებს, რომლებიც შეეხება უკრაინის ომს, ლუკაშენკას მიერ პოლიტპატიმრების გამოშვებას, მომავლის ხედვას, შემოქმედებით გეგმებს და ა.შ.

სვიატლანა ალექსიევიჩის თქმით, მსოფლიოში დემოკრატიის საყოველთაო დაბნეულობა გამოიწვია იმან, რომ „თითოეული ჩვენგანი შეძრწუნდა და თქვა: მე უძლური ვარ, მე პატარა ადამიანი ვარ, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“.

„მაგრამ ადამიანის უფლებები დიდ როლს თამაშობს: ისინი გეუბნებიან, რომ შენ პატარა არ ხარ, რომ შენ დიდი და მნიშვნელოვანი ხარ შენს საკუთარ სახლში, შენი გარემოსთვის. ეს ეხმარება ადამიანებს წინააღმდეგობის გაწევაში“, - ამბობს მწერალი, რომელიც, როგორც აუდიტორიას გამოუტყდა, აპირებს მორიგი წიგნის დაწერას:

„იძულებული ვარ, ახალი წიგნი დავწერო, რადგან წიგნში „სექონდ-ჰენდის დრო“ ქვესათაური „წითელი კაცის დასასრული“ ნაადრევი და რომანტიკული იყო. „დასასრული“ სიმართლე არ გამოდგა: ყველა ეს მოვლენა შექცევადი იყო. ამ „წითელმა ადამიანმა“ ხელში ჩაიგდო ჩემი ქვეყანა და იძულებული გამხადა გავქცეულიყავი ისე, რომ სახლში დაბრუნება არ შემიძლია. <...> ყველაზე საშინელი ის არის, რომ მან [წითელმა ადამიანმა] ომი გააჩაღა უკრაინაში. მიწევს იმაზე წერა, რისი მოწმეც ვყოფილვარ: ჩვენი რევოლუციის შესახებ ბელარუსში, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ - სწორედ ამისთვის ვესაუბრები უკრაინელ ლტოლვილებს“.

ასევე ნახეთ „თითქოს არც ვყოფილვართ“ - ინტერვიუ ნობელიატ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩთან

სვიატლანა ალექსიევიჩის თქმით, მისი ახალი წიგნი - ეს იქნება ისტორია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა დაემართათ სხვებს, არამედ იმაზეც, თუ რა დაემართა თვითონ მას.

„ვცდილობ, არ გავება ჩვენი კულტურის - ტანჯვის კულტურის ხაფანგში. მინდა, რომ ჩემმა გმირებმა უპასუხონ კითხვას: რა გამოიტანეს ამ ჯოჯოხეთიდან? რა შინაარსი შეიძინეს? რათა ჩაფიქრდნენ იმაზე, თუ რა დაგვემართა, რა გველოდება. რადგან ძალიან ვიმედოვნებ, რომ ისინი, ვინც კრემლში არიან, დროს ვერ დაამარცხებენ“.

მწერლის თქმით, საბჭოთა კავშირის გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში დიდებული და მშვენიერი სახით იყო ნაჩვენები, მაგრამ სიტყვა არ თქმულა იმაზე, თუ რა ხდებოდა მანამდე და რა მოხდა შემდეგ.

„გულაგის თემაც დახურული იყო", - ამბობს ალექსიევიჩი, - "მაგრამ ის დაბრუნდა მრავალი ათწლეულის შემდეგ ისე, რომ ეს გამოცდილება სათანადოდ გამოუთქმელი აღმოჩნდა და ვფიქრობ, რომ ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პუტინმა რუსეთი ასე იოლად იყიდა. ჯერ სიღატაკემდე მიიყვანა, შემდეგ კი დაიწყო ფულის გადახდა იმაში, რომ ხალხმა იბრძოლოს ქვეყნის მომავლის მისეული ხედვისთვის“.

ასევე ნახეთ "ეს განსხვავებული ომია მისი მზაკვრული შინაარსის გამო" - სვეტლანა ალექსიევიჩი ომზე, რუსეთსა და ბელარუსზე

სვიატლანა ალექსიევიჩი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ბოლოდროინდელ „ტრანსფორმაციასაც“ შეეხო.

„მას [ლუკაშენკას - რ.თ.] სჭირდება სანქციების მოხსნა, ევროპაში მიმოსვლის შესაძლებლობის დაბრუნება. სწორედ ამიტომ მიმართავს ასეთ ხრიკებს: 50 ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ კიდევ 100-ს აპატიმრებს. სინამდვილეში ამ ადამიანებს არავინ ათავისუფლებს: ციხეებიდან გამოსვლისთანავე დეპორტაციას უკეთებენ მათ. რა არის ეს, გათავისუფლება თუ ახალი წამება? ვფიქრობ, ახალი წამებაა“.

ემიგრაციაში მყოფი ბელარუსი მწერლის თქმით, ყველა პოლიტპატიმარი ვერ იქნება ისეთი მტკიცე ნებისყოფის, როგორიც მიკოლა სტატკევიჩია.

69 წლის სტატკევიჩმა, რომელიც 2021 წლიდან იხდის 14-წლიან სასჯელს, უარი თქვა შეწყალებაზე და შესაბამისად, ციხისა და ქვეყნის დატოვებაზე.

„სტატკევიჩი ძალიან ძლიერი, სიმპათიური კაცია. მაგრამ ასეთი ძალის მოთხოვნა ყველასგან, ვინც ციხეშია, შეუძლებელია. შეწყალების თხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ფურცელია დიქტატორისთვის. მთავარია, რომ ისინი ცოცხლები გადარჩნენ თავიანთი შვილებისთვის, დედებისთვის, ცოლებისთვის და ქმრებისთვის. მაგრამ აქ ჩვენ კვლავ ვაწყდებით კულტურას: ერთი მხრივ, ძალადობის კულტურას, მეორე მხრივ, გმირობის კულტურას. მე კვლავ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროსა და მორალის წესები დიქტატორმა განსაზღვროს“, - თქვა სვიატლანა ალექსიევიჩმა, რომელმაც ბერლინში გამართული შეხვედრის ბოლოს გაიხსენა ბალტიის ქვეყნებში სტუმრობა და ის გარემოება, რომ ამ ქვეყნებშიც ხალხი სულ ომსა და უმწეობის განცდაზე საუბრობდა:

ასევე ნახეთ როგორი იყო მსოფლიო 1994 წელს, როცა ლუკაშენკა პირველად გახდა პრეზიდენტი

„ყველას შეუძლია უკრაინას იარაღი მისცეს, მაგრამ შემდეგ უთხრას, რომ შორს არ ისროლონ. უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები, მაგრამ არ აწვდიან. უნდა ითქვას, უკრაინელები არა მხოლოდ პუტინს ებრძვიან, არამედ ჩვენს უმწეობასაც იქნება ეს პოლიტიკაში თუ დიპლომატიაში. ყველაზე შოკისმომგვრელი სწორედ ჩვენი უმწეობაა. ორი პატარა დიქტატორია, მაგრამ მსოფლიო უძლურია მათ წინაშე“.